ახლა, ალბათ, ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ ჩვენს დროს კინოს დღე არსებობდა.
ფილმებს სხვა დღეებშიც ვუყურებდით – ხან რუსული არხი გამოიმეტებდა რამეს, ხან კინოში წავიდოდით, არდადეგები ხომ ლამის მხოლოდ “ცისკარას” ხათრით მიხაროდა… დილის ძილიც კი არ მენანებოდა – თერთმეტ საათზე პირდაბანილი და გამოწკეპილი ვიჯექი ეკრანთან (სად იყო მაშინ საძინებელში ტელევიზორის ფუფუნება).
კინოს დღედ მაინც შაბათი მიიჩნეოდა.
“ილუზიონის” დღე.
მოვილევდი სკოლას (ვსწავლობდით მაშინ შაბათობით), ჭადრაკს და ასე, რვის მერე იწყებოდა ნანატრი უსაქმურობა.
“ილუზიონს” ველოდით მთელი ოჯახი.
ალბათ ისე მოვკვდები, არასოდეს დამავიწყდება მუსიკალური ქუდი, “Le Tonnerre De Dieu”-ს აწ უკვე ლეგენდარული საუნდტრეკი. თუმცა მე უფრო ძველი დასაწყისიც მახსოვს, სტატიკური კადრით და გულბრყვილო, სასაცილო მუსიკით.
არც ის თმაჭაღარა კაცი დამავიწყდება, განუმეორებელი, საყვარელზე საყვარელი დიქციით კინოზე რომ ჰყვებოდა.
ოთარ სეფიაშვილი – “კაცი-ილუზიონი”.
ნეტავ იცოდეთ, როგორ მწყდება გული, გულისყურით რომ არ ვუსმენდი. პატარა ვიყავი მაშინ. ფილმის დაწყება მეჩქარებოდა. ახლაღა ვხვდები, რამდენი საინტერესო ამბავი გამოვტოვე.
მორჩებოდა ლაპარაკს, მადლობას გადაგვიხდიდა ყურადღებისთვის, ახლა კი ვნახოთ ფილმიო, დააყოლებდა საფირმო ფრაზას (ამ სიტყვებზე, თითქოს ვინმეს ჯადოსნური ჯოხი აექნიოს, სუნთქვაშეკრულს გული შემიფრთხიალდებოდა ხოლმე სასწაულის მოლოდინში) და იწყებოდა…
ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი შაბათი გამიტარებია და რამდენი ფილმი მინახავს. ფრანგული, იტალიური, ამერიკული, პოლონური, უნგრული; ფელინი, ვისკონტი, კოპოლა, დე სიკა, ფორმანი, კუბრიკი, ლუი დე ფიუნესი, ჟან მარე, პიერ რიშარი, ჟან გაბენი, მარლონ ბრანდო, სოფი ლორენი, ბრიჟიტ ბარდო, “ფანტომასი”, “სამი მუშკეტერი”, “რომაული არდადეგები”, “ქორწინება იტალიურად”, “როკო და მისი ძმები”, “გზა”, “კასკადიორები”, “ბადრაგი”, “შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო”… ყველას, ცხადია, ვერ ჩამოვთვლი. აი, ის ზეიმის მოლოდინი კი ისე მძაფრად მახსოვს, თითქოს ისევ პატარა ვიყო.
მერე რაღაცები შეიცვალა. ქვეყანა ჩამოგვექცა თავზე და ტელევიზიას რა მოუვიდოდა. დაიხურა “ილუზიონი” და იმ თმაჭაღარა კაცზე ამბობდნენ, ამერიკაში წავიდაო. ბევრზე ამბობდნენ მაშინ. ზოგი მართლა წავიდა, ზოგიც თვალს მიეფარა, ეკრანზე აღარ ჩანდა და წავიდოდაო, ეჭვობდნენ…
შარშან ინტერვიუ ჩაწერა გოგი გვახარიამ. ცხრაჯერ ვნახე ის ინტერვიუ. მობერებული ჩანდა ბატონი ოთარი, მაგრამ ხმა ისევ ისეთი ჰქონდა და თვალებიც ძველებურად უკიაფებდა კინოზე საუბრისას.
შაბათს (ისევ შაბათს!) სხვა სიკვდილით გულდამძიმებულმა, ყური მოვკარი – ოთარ სეფიაშვილი გარდაიცვალაო.
არადა, ორი კვირის წინ ვეუბნებოდი მეგობარს, რა მოხდება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოქროს ფონდი მოქექოს და “ილუზიონის” საუკეთესო გამოშვებები (ან თუნდაც ყველა) საკოლექციო დისკებზე გადაიტანოს-მეთქი.
ჯანდაბას, ფილმებს ნუ ჩაწერენ, ფილმებს სხვაგანაც მოვიძიებთ, ის ოცწუთიანი ტექსტები შეაგროვონ – ხომ წარმოგიდგენია, რა საინტერესო მოსასმენი იქნება-მეთქი.
ჩვენთვისაც და მათთვისაც, ვინც “ილუზიონს” ვერ მოესწრო.
ვინც არ იცის, რომ ოდესღაც ასეთი დღესასწაულიც არსებობდა – კარგი ფილმების დღე.
გმადლობთ, ბატონო ოთარ.
მე ბუნდოვნად მახსოვს ილუზიონი, იმ ფილმებისთვის კი საკმაოდ პატარა ვიყავი, მაგრამ ბევრი სწორედ ამ ადამიანის მადლიერია, რომ საუკეთესო ფილმები ნახა.
სასწაული საუნდტრეკია <3
ჩაპლინი მახსოვს თითქოს მეორე კადრში, გულუბრყვილომუსიკიანში. ვცდები?
LikeLike
კლასიკური “ქუდის” 1.32-ზე რომ ნახატი ჩნდება, ის ნახატი იდო თავიდანვე და მუსიკაც სხვა ჰქონდა. მოვკვდი ძებნით და ვერ მივაგენი ვერც იუთუბზე და ვერც სხვაგან.
ჩარლი სერგი გვარჯალაძის მეორე არხის კინოსეანსის ქუდში იყო ) გამახსენდა )
LikeLiked by 1 person
ჰო, ბოლოს კადრი პატარავდებოდა :))
LikeLike
ძიახ )
LikeLike
არადა საბჭოთა კავშირში ბევრს კი არადა არც ერთ ქვეყანას არ ქონდა ფუფუნება ეს ფილმები ენახა. მხოლოდ საქართველოში ახერხებდა ეს მადლიანი კაცი ასეთი შედევრების ჩვენამდე მოტანას. გმადლობ ბატონო ოთარ ბედნიერი ბავშვობისთვის.
LikeLiked by 1 person
ნამდვილად ასე იყო.
LikeLike
“ილუზიონის” შესახებ მხოლოდ გადმოცემით მსმენია და დაახლოებით ისეთი წარმომედგინა, როგორიც ჩემს ბავშვობაში “ფსიქო” – წამყვანის საინტერესო შესავლის გამო რომ ვუყურებდი (ფილმების ბევრი არაფერი მესმოდა და ახლაღა ვუყურებ “გვახარიას კინოს”). მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნებისმიერი ფილმი ხელმისაწვდომია, ასეთ გადაცემას მაინც სიამოვნებით ვნახავდი – ზუსტად შესავლის გამო. ტელესივრცეს აკლია ოთარ სეფიაშვილის და გოგი გვახარიას მსგავსი გემოვნებიანი და საინტერესო ადამიანები.
LikeLike
წითელ ზონას პრობლემები აქვსო, ყური მოვკარი. პრინციპში, არც მიკვირს. მე “სარკმელიც” მახსოვს, “ფსიქოც” და ამათაც ებრძოდნენ. “ილუზიონის” აკრძალვაც უნდოდათო, ინტერვიუში იხსენებდა, მაგრამ ძალიან პოპულარული იყო და ვერ გაბედესო.
LikeLike
რა ფილმები ჩამოგითვლია , მშვენიერია . მაგრამ ”ილუზიონი ” მე არ მახსოვს , ”ფსიქო” კი ბატონო . ისე, რაც მეტი ნიჭიერი და გემოვნებიანი ხალხი იქნება ტელე სივრცეში , მით უკეთესი .
LikeLike
“ფსიქომდე” “სარკმელი” მახსოვს პირველ არხზე. “ილუზიონი” ოთხმოციანების ბოლოს დაიხურა.
LikeLike
ჰოდა მაგიტომ არ მახსოვს , მე 90-იანების შვილი ვარ : ))
LikeLike
პატარა ^_^
LikeLike
ვაიმე მეც მახსოვს ისე მელოდია)))
წყალში რომ გარბოდა ქალი)))
როგორ მომწონდა და როგორ ველოდებოდით ხოლმე
LikeLike
საწყისი კადრები ტრიუკების ოსტატიდან… გუბეში რომ ტყაპუნობს
LikeLiked by 1 person
ისე, ილუზიონი და ქლიბაძის გადაცემა ფანჯარა იყო ევროპაში :)
LikeLiked by 1 person
ჟენია მაჭავარიანის “ეს ესტრადაა” კიდევ )
LikeLiked by 1 person
აუ ეგ როგორ დამავიწყდა :/
ჩაქ ბერის ცნობილი :იხვისფეხური: მანდ ვნახე პირველად.
LikeLiked by 1 person
და კიდევ ბევრი კარგი რამ )
LikeLike
პატარა ვარ მე და ვერ მოვესწარი “ილუზიონს” ეგ კი არა ჩამოქცეულ ქვეყანაშიც ცოტა ხანი მომიწია ცხოვრება. როგორც ჩანს ბევრი რამ დამაკლდა :((
LikeLike
ეჰ, რა ქვეყანა დაგვინგრიეს ამ ყურუმსაღებმა :/
LikeLiked by 1 person