Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ნოემბერი 16th, 2014

გამარჯობა, ჩარლი!

იცი, რომ შენი წერილები დამაკლდა? არადა, გეგონა, თავს მაბეზრებდი.

სიმართლე გითხრა, პირველი ბარათი რომ მივიღე, ცოტა ავფორიაქდი – როგორია, ადამიანი რომ გეუბნება, შენი მისამართი სატელეფონო წიგნიდან ავიღე და გადავწყვიტე, ჩემი ამბები მოგწეროო. ვიფიქრე, არიქა, ვიღაც გიჟს გადავეყარე-მეთქი. ისე, გულზე ხელი დაიდე და აღიარე, რომ მართლა უცნაური იყო ეს ყველაფერი და არც შენ ჰგავდი მაინცდამაინც თხუთმეტი წლის მოზარდს; იმის თქმა მინდა, რომ, რაღაც-რაღაცებში კი იყავი ტიპიური ამერიკელი თინეიჯერი, მაგრამ მაინც მეტისმეტად განსხვავდებოდი დანარჩენებისგან, პირველ რიგში შენი გულწრფელობით – ამას ახლა ხშირად ვერ შეხვდები.

თავს დავდებ, რომ ყველაფერი, რასაც მიამბობდი, სიმართლე იყო – შეულამაზებელი, გაურანდავი და გაუშალაშინებელი. თავიდან მართლა მთრგუნავდი – მეტისმეტად ჩაკეტილი და მარტოსული ჩანდი ასაკის კვალობაზე, აი, ინტროვერტებს რომ ეძახიან; თუმცა, რას გიხსნი, ფსიქიატრებთან ჩემზე ხშირად გქონია საქმე და უკეთ იცი.

სულ ვფიქრობ, რეალურად რომ შევხვედროდით ერთმანეთს, ვიმეგობრებდით თუ არა; რატომღაც მგონია, რომ კი. იცი, რამდენჯერ მინდოდა, პასუხი მომეწერა შენთვის?! წერილებს რომ ვკითხულობდი, ხანდახან მინდოდა, მაგრად ჩაგხუტებოდი, ძმაკაცურად და მეთქვა – ნუ დარდობ, ჩარლი, ყველაფერი გაივლის-მეთქი, ხანდახან ერთი სული მქონდა, მაგრად შემეჯანჯღარებინე და სისულელეები გამომებერტყა შენი თავიდან, მაგრამ მისამართი არ ვიცოდი და… ახლაც ხომ ვერ მოგწერდი ასე სახალხოდ, ვიღაც სტივენ ჩბოსკის ყველა შენი ბარათი რომ არ ჩაეგდო ხელში და წიგნად არ გამოეცა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: