ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ წიგნი შეცდომით როგორ უნდა იყიდოო, იკითხავთ.
ავტორი ჰყავს, სათაური აქვს, ანოტაცია, თაროზე დევს, შავი ყუთით ხომ არ მოაქვთო.
როგორ და… ახლავე მოგიყვებით.
ძველი ამბებია, უმთავრესად – ბავშვობისდროინდელი.
პირველი წიგნი, სიმართლე გითხრათ, არ მიყიდია. მშობლების უკიდეგანო ბიბლიოთეკის ქექვისას გადავაწყდი. წიგნებით გაძეძგილი რომელიღაც კარადის წინ მქონდა ფეხი მორთხმული მორიგი უსაქმურობის ჟამს და არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებდი (გამოყრილ წიგნებს მერე დედა ალაგებდა, მაგრამ ასეც ნუ დავწვრილმანდებით).
ჰოდა, ვჩხრეკ ამ კარადას და უცებ ახალ წიგნს გადავაწყდი. ჩემთვის ახალს, თორემ კაი ხნის იყო, ეტყობოდა. ფერადი ყდა ჰქონდა, საყვარლად მოხატული, სათაურიც ოკრობოკრო ასოებით ეწერა და რაღაც საბავშვოს მივაგენი-მეთქი, ვიფიქრე. თან ფორმატი ჰქონდა უცნაური, ჟურნალს უფრო ჰგავდა.
დავითრიე ეს ფერადყდიანი წიგნი, გავიშხლართე ფუმფულა სავარძელში და ვკითხულობ. ვკითხულობ და ველოდები, რომ ან ბოროტი მეფე გამოჩნდება სადმე, ან ჯადოქარი, ან მოლაპარაკე ცხოველი, ან რომელიმე ზღაპრული არსება, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ… არადა, აშკარად საბავშვოს ჰგავს და სათაურიც უცნაურად “არასაუფროსო” აქვს, მულტფილმისმაგვარი – “გარგანტუა და პანტაგრუელი”.
მოკლედ, ბევრი ვიკითხე თუ ცოტა, მომწყინდა, ამოვიჩარე იღლიაში ჩემი გარგანტუა და მივადექი დედას – ეს წიგნი რაზეა-მეთქი. ჯერ წიგნს დახედა, მერე მე ამათვალიერა, კარგია, მაგრამ ჯობია, რამე სხვა წაიკითხოო.
მეორეს ზაფხულის არდადეგებზე, ბათუმში, უსაქმოდ ბოდიალისას გადავეყარე. სტალინის ქუჩაზე წიგნების დიდი მაღაზია იყო და სტენდი გარეთ ჰქონდათ გამოტანილი. ვათვალიერებ ამ სტენდს და ვხედავ – რაღაც უცნაური წიგნია. პატარა სასაცილო ვირზე ამხედრებული სასაცილო კაცუნა ახატია გარეკანზე. სათაური და ავტორი, ცხადია, არ მეცნო, მაგრამ ჩინურს მივამსგავსე და არიქა, ჩინური ზღაპრები გამოუციათ-მეთქი (ზღაპრების დიდი გულშემატკივარი და მკითხველი ვიყავი იმ დროს). სამაგიეროდ, ფასი ედო არაზღაპრული და არასაბავშვო. რამდენი, ახლა არ მახსოვს, მაგრამ ჯიბიდან ამოკრეფილი ხურდა ნამდვილად არ ეყოფოდა. გავვარდი შინ, ფული მომეცით, ჩინური ზღაპრები უნდა ვიყიდო-მეთქი. მივქაქანდი სამმანეთიანმომარჯვებული, წამოვაცუცხუხე ის წიგნი და საღამოს სერიოზული სახით და კრუსუნ-კრუსუნით გადავშალე.
ვკითხულობ, ვკითხულობ და არაფერი მესმის. სულ არაფერი. “გარგანტუასთან” რაღაცები მაინც მესმოდა და ეს სულ მთლად ჩინურია. იხტიბარს მაინც არ ვიტეხ, თან გაგებას ვცდილობ, თან დროდადრო ყდას ვათვალიერებ – აშკარად საბავშვოა. ვირი და კაცუნა. სხვა რა უნდა იყოს… ამ წვალებაში დედამ შემომიღო კარი და თავად წარმოიდგინეთ, რას იფიქრებდა, ათი წლის პირმშო “დაო დე ძინით” ხელში რომ დაინახა.
მესამე უკვე თბილისში ვიყიდე, სტუდენტობისას. აი, იმ დროს, ქვეყანა რომ იქცეოდა და წიგნის მაღაზიებზე აქტუალური პურის მაღაზიები იყო. მეტროს რომელიღაც სადგურთან, სახელდახელოდ გამართულ სტენდზე სიმენონი შევამჩნიე. სქელი ტომი იყო, ძველი გამოცემა, ხარისხიანი, მშვენიერი ყდით. ფასიც მშვენიერი ედო, სხვათა შორის, მაგრამ დეტექტივის ეშხით ბევრი არ მიყოყმანია. არც ანოტაციას დავკვირვებივარ.
ვიყიდე ეს სიმენონი და როგორც კი დრო ვიხელთე, კომისარ მეგრეს ამბებს ჩავუჯექი ჩემი ჭკუით. ვფურცლავ და რა მეგრე, რის დეტექტივი… ვიკადრე ანოტაციის წაკითხვა და ესო, ცნობილი სერიააო, სიმენონი მეგრეს გარეშეო. შემრჩა ხელში რაღაც ფსიქოლოგიური დრამის მაგვარი. არა, ურიგო არ იყო, მაგრამ დეტექტივი მინდოდა და მაინც გული დამწყდა.
შეცდომით დიდი ხანია, აღარაფერი მიყიდია. ახლა სხვა იმედგაცრუება მხვდება – ელოდები გემრიელობას, ჩაიგდებ ხელში, წაიკითხავ და… რას იზამ, ხდება ხოლმე. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
წარმოვიდგინე პატარა საყვარელი მოლი სავარძელში, გარგანტუას როგორ კითხულობს ♥
LikeLike
ლაო-ძით უფრო სასაცილოა )))))
LikeLiked by 1 person
შეცდომით ნაყიდი არა, მაგრამ “შეცდომით წაკითხული” ბევრი მაგონდება იმ დროიდან, როცა განურჩევლად ყველაფერს ვკითხულობდი. მენატრება ის უდარდელი დრო :) თორემ ახლა “საგარანტიო” თუ არ მოყვება, წიგნს ხელს აღარ ვკიდებ :)
LikeLike
უჰ, შეცდომით წაკითხულები – ტონა )) კილომეტრიანი პოსტი მაქვს დაწერილი შეცდომით წაკითხულ წიგნებზე ) პარმენ ლორია და იაკინთე ლისაშვილი არ დამიტოვებია თავის დროზე )
LikeLiked by 1 person
ამასაც თავისი ხიბლი აქვს, წიგნს ასრულებ და მერე ხვდები, რა წაიკითხე. ან ვერც ხვდები :)
LikeLike
ჰო, აბა რა ) აბა, საგარანტიო ყველას კი არ მოჰყვება ))
LikeLiked by 1 person
რა საყვარელი და პოზიტიური პოსტია, მოლი ^_^
LikeLiked by 1 person
აქ მაინც იყოს დღეს პოზიტივი, ტაბუ )
LikeLiked by 1 person
ვაიჰ…
LikeLike
დიახ )
LikeLike
საყვარელი ამბავი იგივე სერიიდან: ბაბუამ (7 წლის იქნებოდა მაშინ) ომის დროს აბაშაში დიდხანს ნაგროვები ხურდით ნიკო კეცხოველის წიგნი იყიდა. გახარებული იყო: ცხოველებზე წიგნი ვიყიდეო. :)
შემთხვევით წაკითხულზე ხო ნუღა იტყვით… ნეტა შემეძლოს დაწყებული წიგნის მიტოვება. რამდენი დრო დამეზოგებოდა…
LikeLiked by 2 people
ბაბუა <3
აი, ნამდვილი საყვარელი ამბავი )
LikeLike
როგორც იქნა, გავიხსენე პაროლი :-)
LikeLike
რა დრო დადგა ( ჰიპერაქტიურ ბლოგერს პაროლი დაავიწყდა (
LikeLike
“გარგანტუა და პანტაგრუელის” წაკითხვა მეხუთე კლასში დამრიგებელმა დაგვავალა, არდადეგებზე. დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ…
LikeLike
დღეს რომ ტოლსტოის და დოსტოევსკის ავალებენ, იმავე მიზეზით. კლასიკაა და ვერ შეეწინააღმდეგები, რომ რამე.
LikeLike
ასაკი მაინც ხომ უნდა შეურჩიო :-) დაო დე ძინის ყიდვას მაინც არ ნანობ, დარწმუნებული ვარ :-)
LikeLike
არ ვნანობ, ცხადია ) ძველ ბიბლიოთეკაშია ახლა. მე ახალი მაქვს. + მშვენიერი რუსული გამოცემა.
LikeLike
შეცდომით ნაყიდი წიგნების რა გითხრა , მაგრამ შეცდომით წაკითხული რამდენია რო იცოდე . დაკარგული დრო .
LikeLike
რამდენიც გინდა )
LikeLike
[…] პატივცემულ ლაო ძისთან ბავშვობიდან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს) კიდევ – “დიოგენეს” […]
LikeLike