ამ პატარა წიგნში იმდენი რამაა თავმოყრილი, რომ ვზივარ და ვფიქრობ, საიდან დავიწყო და პოსტში როგორ ჩავატიო სათქმელი; როგორ გაგიზიაროთ ჩემი იმპრესიები, ნოემბრის ამ ცრიატ, მოღუშულ დღეს ვლადიმირ სოროკინის “ოპრიჩიკნის დღემ” რომ მომგვარა.
არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ზოგ ნაწარმოებს გაზიარება არ უხდება – შენთვის უნდა განიცადო, საკუთარ თავში ადუღო და ათუხთუხო, გადახარშო უსიტყვოდ… მერე ემოციებით გაძეძგილი მიუბრუნდე ზოგიერთ ადგილს და ბოლოს, ერთსა და იმავე დროს დათრგუნულმაც და აღფრთოვანებულმაც, განზე გადადო, შემოასკუპო რომელიმე თაროზე და ხანდახან მზერა გააპარო – მზად ხარ გადასაკითხად თუ არა…
აი, ასეთია “ოპრიჩნიკის დღეც”, მაგრამ მოლის ამბავი ხომ იცით – ვერ მოისვენებს, მოწონებულ წიგნზე ორიოდე სიტყვა მაინც რომ არ თქვას; მით უმეტეს, ის დუღილი და თუხთუხი, ზემოთ რომ ვახსენე, თქვენმა მასპინძელმა კარგა ხანია, მოითავა – დედანში წაიკითხა რამდენიმე წლის წინ და ახლა ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობის ქართულმა თარგმანმა ხელახლა გადააშლევინა ჩვენი ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და დაუნდობელი ანტიუტოპია.
ტყუილად როდი ეძღვნება ეს წიგნი მალიუტა სკურატოვს – ივანე მრისხანეს ფავორიტ ოპრიჩნიკს; პირველივე გვერდებიდან წარსულში ვბრუნდებით და, რომ არა ალაგ-ალაგ ნახსენები მობილური ტელეფონები, ავტომანქანები და უცხოური ჰაი-ტეკი, ფიქრადაც არ მოგვივიდოდა, რომ 2027 წლის რუსეთში ვართ – გარშემო ეროვნულ სამოსში გამოწყობილი შინაყმები დარბიან, ქვათეთრა ქალაქში ხელმწიფე ზეობს ავხორც დედოფალთან ერთად და მთავარ პერსონაჟს, ღირსეულ ოპრიჩნიკ ანდრეი კომიაგას, დილაობით ძიძა აცილებს შინიდან წმინდა გიორგის ხატით ხელში.
არადა, ეს წარსული როდია – მომავალია, თანაც არც თუ შორეული… მომავალი, სადაც დიდი რუსული კედლის მიღმა, გაპარტახებულ ევროპაში, კიბერპანკები დაძრწიან, კედლის გადმოღმა კი, ურა-პატრიოტიზმსა და ქსენოფობიასთან ერთად, ოპრიჩნინა ბატონობს, ნამდვილი ოპრიჩნინა – შეძლებულ აზნაურებს დაუნდობლად არბევენ, აწიოკებენ, სამზარეულოს მაგიდაზე დაბმული დიასახლისებით ტკბებიან, სანამ ქმარი ჯერ კიდევ კარიბჭეზე კონწიალობს… აბა, როგორ – ჯერ კიდევ ჩინგიზ ყაენს უთქვამს, ამქვეყნად ყველაზე დიდი სიამოვნება მტრების დამარცხება, მათი ქონების განიავება, მათი ცხენებით ჯირითი და მათი ცოლების სიყვარულიაო. და თუ ეს ყველაფერი სამშობლოს ერთგულ სამსახურშიც ჩაგეთვლება, ამას რა სჯობია, თავი ქუდში გქონია, ჯილდოდ მარტო ზარაფხანის დიდ წმენდაში მოყოლილი მოხელის კარმიდამო კი არა, ძლიერთა ამა ქვეყნისათა კეთილგანწყობაც გერგება – თავად დედოფალი დაგდებს პატივს და შენ თვალწინ მოისაქმებს. აი, ეს ოხერი ჩინური ხაფანგი რომ არა…
თუმცა, დამღლელი დღე მაინც აბანოში მთავრდება ოპრიჩნიკთა თანაყოფით და გამამახნევებელი შეძახილით: “ოჰოიდა–ოჰოიდა!” ესმის კი ვინმეს ამ ღრიანცელში ვლადიმირ სოროკინის გაფრთხილება? კაცმა არ იცის.
ეჰ, რამდენი რამე მაქვს კიდევ წასაკითხი :(
LikeLike
გეჩქარება სადმე? )
LikeLike
ერთი ცხოვრება მეყოფა? :-(
LikeLike
ძილის წინ კარგია კითხვა ^_^
LikeLiked by 1 person
რა შემზარავია. თუმცა რუსეთისთვის არცთუ უცხო. აუცილებლად წავიკითხავ. მადლობა მოლის.
LikeLike
შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო, რეი )
LikeLike
დიდი ხანია ასეთი შთამბეჭდავი წიგნი არ წამიკითხავს… და, სამწუხაროდ, აღწერილ მოვლენებამდე 13 წლით ადრეც კი, ზედმეტად რეალურად ჟღერს ყველაფერი…
LikeLike
არა მხოლოდ რუსეთში, სხვათა შორის.
LikeLike