დღეს ერთ ზღაპრულ გამომცემლობაზე უნდა მოგიყვეთ.
ჰო, ნამდვილად ზღაპრულია, იმიტომ რომ სხვებს არაფრით ჰგავს :)
jჯერ ერთი, მხოლოდ ვებ-სივრცეში არსებობს, ფრიად სიმპათიური ვებგვერდი აქვს და მკითხველებს ფეისბუქით ეკონტაქტება.
მეორე – ჭეშმარიტად ზღაპრული სახელი ჰქვია: – “ოჩო”, “ოჩოპინტრე”.
და ყველაზე საინტერესო – ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი წიგნი აქვს გამოცემული.
ბევრ გამომცემლობაზე გეთქმით, თვალ-ყურს პირველივე დღიდან ვადევნებო? ჰოდა, მეც მანდ ვარ! რა სჯობია იმას, საინტერესო პროექტი შენ თვალწინ რომ იდგამს ფეხს, შენ კი გულისფანცქალით აკვირდები და ქომაგობ.
მოკლედ, დღეს “ოჩოპინტრეზე” გიყვებით. “ოჩოზე” და “პინტრეზე”. ყველაზე ზღაპრულ ქართულ გამომცემლობაზე.
ახლა აღარ მახსოვს, ჯერ წიგნებს გადავაწყდი რომელიღაც მაღაზიის თაროზე და მერე – სტუმართმოყვარე გვერდს ფეისბუქზე თუ პირიქით. ან რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ “ოჩოს” წიგნებს გულგრილად ვერ ჩაუვლი. აუცილებლად გაგექცევა თვალი, უნებურად წაეტანები და გადაათვალიერებ – ეს რა საყვარლობა დაუბეჭდავთო.
პოკეტბუქები როგორ მიყვარს, კი გეცოდინებათ. კოხტაა და კომფორტული. ოღონდ, ერთი ნაკლი აქვს – თუ კარგად არ არის აკინძული, შეიძლება ხელებში ჩაგეფშვნას. ჰოდა, ამ ჩვენი “ოჩოს” წიგნებს რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება, სხვებმა მისგან ისწავლონ “პოკეტბუქური ტექნოლოგია” – ისე გემრიელადაა გამოცემული, მხოლოდ ხელის შევლებითაც ისიამოვნებ.
რაც შეეხება შინაარსს… შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ოჩო” და “პინტრე” მკითხველს თავიანთ საყვარელ წიგნებს სთავაზობენ. რა გითხრათ, აბა – გამომცემლობა რომ მქონოდა, თავიდან მეც ასე მოვიქცეოდი :)
დოსტოევსკისა იმდენი რამ არის თარგმნილი ქართულად, ერთ თავმოყვარე ოცტომეულს ეყოფოდა, მაგრამ “იატაკქვეშეთის ჩანაწერები” არსად შემხვედრია. ჰოდა, “ოჩოს” უთარგმნია აგერ. ვგონებ, პირველი წიგნი უნდა იყოს და ამაზე ღირსეული სტარტი რაღა გინდათ :)
სამაგიეროდ, “დიდი გეტსბი” მოიპოვება ორ ვარიანტად. მეორე “პალიტრასია”. თქვენი არ ვიცი, მე კი მიყვარს, ერთი რომანის რამდენიმე თარგმანი რომ მიდევს თაროზე – შედარება შეიძლება, დეტალებით ტკბობა, მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება…
“ოჩოს” მესამე წიგნს დიდი წარდგენა არ უნდა სჭირდებოდეს – გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებია. მისწრებაა ისტორიის და non fiction-ის მოყვარულთათვის და, როგორც ვხვდები, პირველად დაიბეჭდა. ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის მემუარების გამოცემა დღემდე არც ერთ გამომცემლობას არ მოსვლია აზრად – ყოჩაღ, “ოჩო”!
მეოთხემ აგვისტოში ჩამოაღწია თბილისამდე, თქვენ მაშინ ზღვაზე იქნებოდით და, ვინ იცით, არც კი შეგიმჩნევიათ. ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყება“, კლასიკა და კლასიკის საკადრისად თარგმნილ-გამოცემული.
მეხუთე სულ ახალია, ამ უიქენდზე ვიგდე ხელთ. კაფკას “პროცესია“, ფრიად ორიგინალური ქავერით და, საერთოდ, ოჩოს თან სატარებელ წიგნებს (ასე ეძახიან აქ პოკეტბუქებს) ათასიდან გამოარჩევ. სხვანაირია. მკითხველამდე სხვა სიყვარულით მოტანილი.
კიდევ რას აპირებენ, ოჩოს და პინტრეს ჰკითხეთ. მკითხველთან ურთიერთობა არ ეზარებათ და ამას ბარე ორ სახელმოხვეჭილ და ასწლოვანი ისტორიის მქონე გამომცემლობაზე უკეთ ახერხებენ.
დაბადების დღის მილოცვა არ დაგავიწყდეთ, ოღონდ. პირველ ნოემბერს ორი წლისანი ხდებიან და არა მგონია, მკითხველების მილოცვაზე მეტად რამემ გაახაროთ.
ჰო, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. ზღაპრული ფასი ადევს ამ “ოჩოს” წიგნებს. ჯერ ხომ ისედაც არ ღირს ძვირი და შანსს არ უშვებენ, კიდევ რომ არ დააკლონ. ფესტივალი იქნება, გამოფენა თუ რაიმე აქცია, “ოჩოს” ყოველთვის მსუყე დისქაუნთი აქვს.
მოკლედ, არ არის დასაკარგავი კაცი ეს “ოჩოპინტრე”, დაწყებით მშვენივრად დაიწყო და დანარჩენზე, ერთ თაროს რომ გავავსებ წიგნებით, მერე ვილაპარაკოთ.
ხუთი წიგნი აქვთ, მაგრამ რა წიგნები :) სხვა რომ არაფერი, ფიოდორის ეს წიგნი რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს, ამისთვის უნდა გადავუხადოთ მადლობა :)
LikeLiked by 2 people
ერთი ძველი ფილმის არ იყოს – ნამდვილად )
LikeLike
მართლა სიმპატიურები არიან და სახელიც “ზღაპრული” ქვიათ :) დოსტოევსკიზე და კაფკაზე მაქვს თვალი დადებული
LikeLike
მშვენიერი არჩევანია და მანამდე კიდევ გამოსცემენ რამეს :იმედია:
LikeLike
მაზნიაშვილის მოგონებები ადრე, 1990 წელს გამოსცა „საბჭოთა აჭარამ“ და ეგ მაქვს დღემდე.
LikeLike
ჰო, ფბ-ზეც მითხრეს და აგერ, ვეიდერიც იხსენებს. პრინციპში, ლოგიკურია, იმ დროს ამდაგვარი ლიტერატურა განსაკუთრებული ტემპებით გამოიცემოდა. უბრალოდ, მე არ შემხვედრია არსად.
LikeLike
კარგი წიგნებია, მაგრამ აღარ ეტევა :)
მაზნიაშვილის მოგონებები გამოცემულია ზვიადის დროს თუ მიახლოებით მაგ პერიოდში. ბევრი გამიცა მაშინ ეგ, კვინიტაძე, ავალიშვილი, გაბაშვილი, ჟორდანია და ა.შ.
ერთმანეთის საპირისპორო ამბებს რომ ყვება უმრავლესობა.
LikeLike
ის არის საინტერესო, საპირისპირო ამბებს რომ ყვებიან )
არ ეტევაო, არ მითხრა. ჩემი ტკივილია (((
LikeLike
[…] ამორჩევა გამიძნელდა. აქეთ ოჩოს საფირმო სტილი, ერთი შეხედვით რომ იცნობა, იქეთ ნინო […]
LikeLike