
“ნაღმი” კინოთეატრ”ამირანში“.
კინოში უქმეებზე დავდივარ.
სადაგ დღეებში, უბრალოდ, გამორიცხულია. კინო ერთგვარი რიტუალია, ცაიტნოტი და გადარბენა არ უხდება: ბილეთი უნდა დაჯავშნო, რომელიმე საყვარელ კაფეში ყავა დალიო, აუჩქარებლად მიტუსტუსდე “რუსთაველამდე” ან “ამირანამდე”, სეანსის შემდეგ ისევ რომელიმე კაფეში მოკალათდე და სტეიკის თანხლებით გაარჩიო ეს-ესაა ნანახი ფილმი…
სამსახურიდან რვაზე ან ცხრაზე გამოსულს კი მხოლოდ იმის თავი მაქვს, შინამდე მივლასლასდე.
მოკლედ, კინოსთვის უიქენდი შეუქმნია ღმერთს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები იცვლება ხოლმე…
მეგობარმა დაგვპატიჟა ხუთშაბათს. თერთმეტის ნახევრამდე ვერაფრით ვახერხებდით. წავედით თერთმეტისნახევრიან სეანსზე, შინ, მგონი, პირველზე დავბრუნდი და ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე: წესები იმისთვის არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიო.
“ნაღმზე” ვიყავით, ლევან ბახიას ახალ ფილმზე.
იქნებ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ასე მგონია, ბოლო დროს შედევრების გადაღება უფრო გამოგვდის, გასართობი კინოინდუსტრია კი, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებს. არადა, მე ერთი რიგითი კინომოყვარული ვარ და ფილმებს, როგორც წესი, გასართობად ვუყურებ.
თავიდანვე პატიოსნად გაგვაფრთხილეს პროდიუსერებმა – კომერციული პროექტიაო, ჰოდა, მაინცდამაინც “ცამეტის”, “სიმინდის კუნძულის” ან “მანდარინების” მოლოდინი არ მქონია. კარგად გაკეთებულ ქართულ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ველოდი და, როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ.
“ნაღმი” იწყება ისე, როგორც არაერთი ჰოლივუდური სურათი დაწყებულა: წარმტაცი ბუნება, გადასარევი ამინდი, ღია ოფფროუდერში – ტურისტები: ორი ბიჭი და ერთი გოგო. ტურისტები მშვენიერ გუნებაზე არიან, ლაზღანდარობენ, ხუმრობენ და ელი, რომ სიუჟეტი ამჯერადაც ისე განვითარდება, როგორც მრავალგზის გინახავს აქამდე, მაგრამ უცებ ბრახ და… ყველაფერი თავდაყირა დგება.

“ნაღმი” კინოთეატრ “ამირანში”.
ასეთ ფილმებს, ალბათ, ფსიქოლოგიური თრილერის კატეგორიას მიაკუთვნებენ. არ ვიცი, კლასიფიკაციაზე სხვებმა იდავონ, მაგრამ მე რომ უკანასკნელ კადრამდე თვალი არ მომიწყვეტია ეკრანისთვის, არც სიგარეტი გამხსენებია, არც შიმშილი და თერთმეტსაათიანი სამუშაო დღის დაღლილობაც უკვალოდ გაქრა, ფაქტია.
ხუთშაბათს ვნახე-მეთქი და ამ უიქენდზე თქვენც მოასწრებდით კინოში შევლას, მაგრამ მაინც ახალი ჰქვია და სპოილერებს მოვერიდები. არადა, კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა, მისხალ-მისხალ გავარჩიო. არა უშავს, კომენტარების სისტემა გადასარევად მუშაობს და იქ განვიხილოთ.
მძიმე ფილმია. მძიმე და დამთრგუნველი. საფინალო სცენის ჩათვლით (რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა). თუმცა ამ სიმძიმეში იუმორსაც მოეძებნა ადგილი (შავს, მაგრამ მაინც) და მშვენიერ მუსიკასაც. კოტე თოლორდავას გმირიც დამაჯერებელი მეჩვენა და არც სხვებს დაუკლიათ ხელი… სიყალბე არ მიგრძნია, რაც ყველაზე მეტად მჭრის ხოლმე ყურს და თვალს უკანასკნელი ოცწლეულის ქართულ კინოში… ჯანდაბას, ამ სპოილერების შიშის გადამკიდე, მეორე პოსტის დაწერა მომიწევს!
ფილმს, ცხადია, მინუსებიც აქვს და ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი ის იქნებოდა, პირდაპირ ჟანრის კლასიკა რომ დაედოთ. რამდენიმე კითხვა გამიჩნდა სცენარის თაობაზე (ნახავთ და თქვენც გაგიჩნდებათ, დარწმუნებული ვარ). რაღაცების გაკეთება უკეთაც შეიძლებოდა. რუსულ დუბლაჟსაც ქართული გახმოვანება მერჩივნა, მაგრამ ამ კინოს გაყიდვას აპირებენ და ალბათ რუსულიც – აქედან… მოკლედ, ეს ამბავი პროდიუსერებს ჰკითხეთ.
თუმცა, მთავარი სხვა რამ მგონია: ასე თუ გააგრძელეს, არის შანსი, ქართული გასართობი კინოინდუსტრია გამოცოცხლდეს. ოქროს პალმის რტოები, ოქროს გლობუსები და კონდორები, ფელიქსები და ცეზარები, იცოცხლე, კარგია, მაგრამ კინო მხოლოდ არტჰაუსი ხომ არ არის… თქვენი არ ვიცი და დიდი სიამოვნებით ვნახავდი წელიწადში სამ-ოთხ ხარისხიან სამამულო თრილერს ან დეტექტივს, რატომაც არა.
მე მინდა სპოილერები… ცოტა მაინც – თრეილერიდან ნახვა მომინდა, მაგრამ შინაარსზე ცოტა მეტი მინიშნება მინდოდა მქონოდა. და მოლის მოეწონაო, ნახვის სურვილი უფრო გამიძლიერდა :) მომდევნო შაბათს კიდევ იქნება კ/თ-ში, იმედია
LikeLike
სხვათა შორის, თრეილერი საკმაოდ ინფორმატიულია. შემეძლო კიდევ დამეწერა რაღაცები. ბევრი რამის გაგება შეიძლება, თუ დააკვირდები. უბრალოდ, არ ღირს. მე ფილმი ისე ვნახე, თრეილერი არ ჩამირთავს. სპეციალურად.
LikeLiked by 1 person
თრეილერი ძალიან მომეწონა. ფილმზე იმიტომ არ წავედი, რომ ჩანს, საკმაოდ მძიმე საყურებელია და უბრალოდ, თავი შევიკავე.
იმედია, ტელევიზიით აჩვენებენ.
LikeLike
ტელევიზორში ალაგ-ალაგ დააპაუზებ ან ხმას გაუთიშავ და ეგ იქნება ))
LikeLike
თრეილერმა დამაინტერესა. რაღაც ახალია ჩვენთვის და ჟანრიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა ვნახო :)
LikeLike
ნახეთ ) მეორე პოსტს მშვიდად დავწერ )
LikeLiked by 1 person
ვნახოთ რა იქნება, მეც ძალიან მაინტერესებს
LikeLike
უკიდეგანოდ ცუდი ფილმი იყო, საიდან დავიწყო არც ვიცი.
არაფერი არ ვარგოდა, ძაღლის გარდა.
LikeLike
თრეილერსაც ვუყურე, ყურმოკვრითაც გავიგე ფილმის სიმძიმის შესახებ და ახლა ვერ გადამიწყვეტია მიღირს ნახვა თუ არა. ზუსტად ისეთი ფილმი ჩანს ჩემი ნერვები რომ ვერ გაუძლებს. ერთი ფილმია “eden lake” მახსოვს ნერვებისგან ეკრანს ვკაწრავდი. თუმცა ვინაიდან აღნიშნე ბანალური სცენარი არააო, შესაძლოა სხვაგვარი განვითარება ქონდეს და ღირდეს. თუმცა მოვიცდი ალბათ და დიდ ეკრანზე ნახვისგან თავს შევიკავებ.
LikeLike
ვერ წარმომედგინა, რომ არსებობდა ფილმი, რომელსაც შენი ნერვები ვერ გაუძლებდა, ფინიკი )
LikeLike
:))) არის სიუჟეტები, რომლებიც ჭკუიდან მშლის. მორალურად უნდა მოვემზადო “ნაღმის” სანახავად.
LikeLike
ქართველი კაცი, მწყემსი ან მონადირე, სარგებლობს შემთხვევით და ძალადობს :) უკვე არ მომწონს
LikeLike
ქართველი მოძალადე არ არსებობს?
LikeLike
ვინც ამას შედევრი დაარქვას, ძაან უჭირს გემოვნებაში
LikeLike
ვინმემ თქვა, შედევრიაო? რაღაც არ შემხვედრია არსად.
LikeLike
ცუდია ძალიან…
LikeLike
მე მგონი, ეს არის მცდელობა იმაზე უკეთესის შექმნისა, რაც აქამდე იქმნებოდა და პირველი ნაბიჯის პირობაზე, თანაც ჟანრის გათვალისწინებით, ნამდვილად არ მომეჩვენა გადასაგდები.
LikeLiked by 1 person
ნამდვილად ასეა, მერი )
LikeLike
მოლი, ასეთ პოსტს არ ველოდი შენგან :(
P.S. ყველაზე დიდი სპოილერი სათაურშივე გიწერია
LikeLike
პოსტს რას ერჩი, ნინ? )
არადა, არ არის სპოილერი ) არ ფრჩხილებშია და ის ნაღმი აშკარად აფეთქდა.
LikeLike