
მისტერ მერსედესი ჯოილენდი
“დიოგენე“, 2014
ამ წიგნს მოუთმენლად ველოდი.
როგორც წესი, ახალ თარგმანებს ჯერ რუსულად ვკითხულობ ხოლმე – თუ მაინტერესებს, ვერ ვითმენ და რა ვქნა. თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა და სტივენ კინგის “მისტერ მერსედესი“ თავიდანვე ქართულად ვიგდე ხელთ – “დიოგენედან“ წამოვაცუნცულე ცინცხალი თარგმანი.
ავტორისადმი ჩემი დამოკიდებულება საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მითუმეტეს, ვისაც ძველი პოსტი აქვს წაკითხული; ამიტომ არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ მყიდველთა პირველ რიგებში ვიდექი, მაგრამ, ზაფხულიდან მოყოლებული, რეჟიმი მქონდა ისეთი, წასაკითხად აქამდე ვერ მოვიცალე.
სამაგიეროდ, შაბათ-კვირა დავგეგმე ჩინებულად – მოვკალათდი სავარძელში, გავეხვიე პლედში, მოვიდგი ყავის უზარმაზარი ფინჯანი და დავიწყე.
ახლა, რომ გითხრათ, სანამ ბოლოში არ გავედი, ხელიდან არ გამიგდია-მეთქი, არ ვიქნები მართალი; თუმცა, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ შედევრი არ არის – უბრალოდ, კარგი წიგნია.
როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც ფსიქოლოგიური ლაბირინთია და ყველაფერი იმ უბედურებიდან იწყება, სამუშაოს მომლოდინეთა გრძელ რიგში უეცრად შეჭრილი ნაცრისფერი მერსედესი რომ დაატრიალებს.
თხრობა პარალელურია და ერთი და იგივე ამბავს პოლიციელი და მანიაკი მკვლელი გვიამბობენ; შესაძლოა, დეტექტიური თავსატეხების მოყვარულებს ამან ცოტა იმედი გაუცრუოს, მაგრამ თუ თქვენი მასპინძლის ლიტერატურულ გემოვნებას ენდობით, აქ ნამდვილად ასე სჯობს, იმიტომ, რომ მთელი მარილი ზუსტად ამაშია, ამ პარალელურ სიუჟეტში, დეტალურად, მთელი მონდომებით შექმნილ ხასიათებში, მინოტავრისა და თეზევსის შეხვედრის მოლოდინში…
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მთლად ჩვეულებრივი კინგი არ გახლავთ – მისტიკისა და საშინელებათა თაყვანისმცემლები, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილონი დარჩებიან, სამაგიეროდ, ადამიანის გონების ბნელ წიაღში ხეტიალის მსურველებს ნამდვილად მოეწონებათ.
ცალ მხარეს ბილ ჰოჯიზია, მეორე მხარეს კი – მისტერ მერსედესი, მანიაკი და მკვლელი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, დუელში ყოფილი პოლიციელი გამოიწვიოს.
რით დამთავრდება ეს დუელი და რომელი გმირი დატოვებს ბარიერს საკუთარი ფეხით – ამას თავად ნახავთ. პროგნოზების იმედად ყოფნა, როცა საქმე ღრმად პატივცემულ სტივენს ეხება, ცოტა რთული საქმე გახლავთ.
მაშინაც კი, როცა ეს მთლად მისეული შედევრი არ არის.
მაშინაც, როცა ამბავი ოდნავ გადატვირთული და გაწელილი გეჩვენება – მაინც ისეთია, სანამ არ დაამთავრებ, გვერდზე არ გაგახედებს.
უსამართლობა იქნება, მუდმივად სრულყოფილებას ველოდეთ ერთი ავტორისგან.
თუნდაც „საშინელებათა მეფისგან“
თუნდაც სტივენ კინგისგან.
ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი წიგნია, რომელიც სხვა კარგ წიგნებზე ადრე უნდა წაიკითხო, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ კინგია.
და ამ ჟანრში ერთი ნაბიჯით მაინც სხვებზე წინაა.
კინგია და იმიტომ.
სულ ველოდები, რომ კინგი ამდენ კარგ წიგნში ერთ მოსაწყენს მაინც გამოურევს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ვერ ვნახე… ხვალ ჩემთვის რიგით მეთერთმეტეს მოვიტან და არც ამჯერად მგონია, რომ სხვებზე ნაკლები იქნება… ალბათ კინგია და იმიტომ :)))
LikeLiked by 3 people
ზუსტად )
მესამე ტომი გამოდის ხვალ )
LikeLike
ვერ ვიტყვი, რომ კინგზე ვგიჟდები, მაგრამ ვგიჟდები ავტორებისა და მკითხველების ცოცხალ ურთიერთობაზე, ამიტომ ჩემი მოწიწება ყველა თაყვანისმცემელს )
LikeLiked by 1 person
ჰო, არის ამაში სერიოზული შარმი )
LikeLike
უსერიოზულესი ) ვიტყოდი, რომ ფარული ინტიმიც.
LikeLiked by 1 person
უფრო ზუსტად, მოუხელთებელი.
LikeLike
მეც ასე მგონია )
LikeLike
ორივე მაქვს მეც და ველოდებოდი შესაფერის განწყობას წასაკითხად, გადარბენაზე არ მინდოდა წაკითხვა.
LikeLiked by 1 person
სწორი ტაქტიკაა )
LikeLike
კინგის მხოლოდ და მხოლოდ ორი წიგნი ვიგდე ხელთ. “უიმედოთა ქალაქი” და მოთხრობების კრებული – “ნისლი”. “უიმედოთა ქალაქმა” ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ “ნისლზე” იგივეს ვერ ვიტყოდი.
ჩემდა სამწუხაროდ კინგის სხვა ნაწარმოებებს ჯერ არ გავცნობივარ. თუმცა დრო და პირველად წაკითხვის სიამოვნება წინ მაქვს :)
LikeLike
მოსალოცად გქონია საქმე ) ველქამ )
LikeLike
არადა არ მაქვს წაკითხული
LikeLike
და არც წაიკითხავ, ქვეყანა თუ არ გადატრიალდა )
LikeLike
მე მიყვარს ქინგი. უბრალოდ ბევრი წავიკითხე ერთბაშად და მერე სხვებზე გადავერთე.
თან “კლასიკური” ქინგი რაცაა ის ყველაზე ნაკლებად მომწონს. კლასიკურ ქინგისეულ მისტიკას მირჩევნია კლასიკური დეტექტივი ან კლასიკური ფანტასტიკა. ამიტომ ქინგიდანაც ყველაზე ძალიან ისინი მომწონს,სადაც მისტიკა არაა. აი, მიზერი მომწონს ყველაზე ძალიან. ან შოუშენქი ან ფანჯარა და ეგეთები.
ვინც ჩემი გემოვნება იცის (თუნდაც პოსტებიდან) – ეს ქონან-დოილის გავლენაცაა. იმას უყვარდა ფსევდო-მისტიკა. აი უოთსონს რომ მისტიკა ჰგონია და ჰოლმსმა რომ იცის თავიდანვე, რომ ყველაფერს რეალური ახსნა მოეძებნება. :)
გამონაკლისია ედგარა, მაგრამ ეგ ხომ სულ სხვა განზომილებაა.
LikeLiked by 1 person
არატრადიციული კინგიც კინგია ) თუმცა მე მაინც მისტიკა მირჩევნია ) ჰუ, ახლა, შენ რაც მოგწონს, გასაკვირი იქნებოდა, არ მოგწონდეს. “ეშმაკის ფეხი” ან ” ყვითელი სახე”, ან “კორნუელის ვამპირი” – ამათი ხათრით და გავლენით.
LikeLike