კაცი არ მეგულება, ბავშვობაში დაბრუნება არ უნდოდეს. მეც ასე ვარ – დროდადრო მომეძალება ხოლმე ამის სურვილი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისეთ წიგნს წავაწყდები, ერნსტ გომბრიხის “მსოფლიოს მოკლე ისტორია მოზარდებისთვის” რომ არის.
არა, მოზრდილებმაც რომ წაიკითხონ, განა რამე დაშავდება, მაგრამ სულ იმას ვფიქრობ, ოციოდე წლით ადრე რომ ჩამვარდნოდა ხელში ასეთი სასუსნავი, რა ბედნიერი ვიქნებოდი.
აი, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ – კარგი წიგნები, მითუმეტეს – ამდენი საინტერესო და საჭირო ინფორმაციით გაძეძგილი, სანთლით კი არა, ჩირაღდნით რომ იყო საძებარი და საათობით რომ ვიქექებოდი ხან ბიბლიოთეკების მტვრიან საცავებში, ხან ნათესავ-მეზობლების თაროებზე და სადმე რამე მსგავსი დამხვედროდა, სადაც ყველაფერი, რის შესახებაც ნაწყვეტ–ნაწყვეტ ან ყურმოკვრით ვიცოდი, დალაგებულ–დავარცხნილი და კოხტად ჩამოწიკწიკებული იქნებოდა: ნეანდერტალელი ადამიანი გინდა თუ იულიუს კეისარი, სოლომონ ბრძენი თუ კლეოპატრა, ნაპოლეონი თუ ფრიდრიხ ბარბაროსა, პირამიდები თუ ბაბილონის გოდოლი, რაინდები თუ მეკობრეები, სპარტელები თუ ტროელები… რაზეც გნებავთ, იმაზე დაგენაძლევებით, რომ ჩემზე განათლებული და დელფოს ორაკულივით ყოვლისმცოდნე ბავშვი მეორე არ იქნებოდა იმ არემარეზე. სხვათა შორის, არც ჩემზე კმაყოფილი და ცოტა გაბღენძილიც :)
თან, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარდა, მეგობრები რომ მთხოვდნენ, რამე ახალი გექნება წაკითხული და მოგვიყევიო – მე თქვენ გეტყვით, დამეზარებოდა. ხანდახან მასწავლებლებიც შემასახელებდნენ ხოლმე – გაკვეთილზე თავისუფალი დრო გვრჩებოდა თუ როგორ იყო, ზუსტად ვერ გეტყვით :) მეც მოვაღებდი პირს და ჩამოვარაკრაკებდი თორმეტი დაფის კანონებს, ხიმინჯიანი ქოხების, ვიკინგების ლაშქრობების, ოპიუმის ომებისა და ეხნატონის რეფორმების ამბებს, გული კი მწყდება, მაგრამ… არა, რაღაც-რაღაცები ისტორიის სასკოლო კურსიდანაც კი ვიცოდი უკვე, მაგრამ მოჰენჯო–დაროზე, უფლისწულ გაუტამაზე, იონიელების აჯანყებაზე იქ არაფერი ეწერა. სხვათა შორის, არც ასეთი მშვენიერი ილუსტრაციები მახსოვს და არც პატარ–პატარა რუკები.
ეჰ… ცხონებული ბებიაჩემის თქმისა არ იყოს. ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო… სამაგიეროდ, გომბრიხის სხვა წიგნი მქონდა სახლში, დავწერე კიდეც ამაზე – “ხელოვნების ამბავი“. ჰოდა, დიდი საქმე, უკვე მოზრდილი თუ ვარ – მსოფლიო ისტორიაში ყოვლისმომცველი ცოდნითა და განსწავლულობით ვერც ახლა დავიტრაბახებ, ამიტომაც არც მეფე მენესის ამბების კითხვა მაწყენს, არც ჰამურაბის კანონებისა, ჩინეთის ავანჩავანიც მაინტერესებს, თანაც – ქრისტეს დაბადებამდე, არც კიმბერნები ვიცოდი, ვინ იყვნენ, რუდოლფ ჩხუბისთავის სახელიც პირველად გავიგე და არც დაი პინგის აჯანყებაზე მსმენოდა რამე.
აქამდეც მითქვამს – საბავშვო წიგნები იმისაა, რაც უფრო ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ მოწიფულობაში გაწყენს და არ გაეკაროო, კი არავის უთქვამს. ასე რომ, თქვენი არ ვიცი და მე ეს უიქენდი მშვენივრად გავატარე, პლედში გახვეულმა, ყავის ფინჯნით – ერთ და გომბრიხის ახალი წიგნით მეორე ხელში. დასვენებაც ჩინებული გამომივიდა, წარსულში მოგზაურობაც და, საბოლოოდ მოლი ბლუმის ბლოგს ახლა ბევრად უფრო განათლებული მასპინძელი ჰყავს.
აი, ასე.
ოჰოჰო,სკოლის პერიოდში ჩამვარდნოდა ხელში, გულზე გავხეთქავდი კლასელებს :)))
LikeLiked by 1 person
რომ გამახსენდა, როგორი წიგნებით ვსწავლობდით ისტორიას სკოლაში და როგორ ვიქექებოდი სანთლის შუქზე სიმწრით ნაშოვნ რუსულ ენციკლოპედიებში, გავსკდი შურით :D
LikeLiked by 2 people
რა სასუსნავი დაუსაკუთრებია , იქნება გაბღენძილი , აბა რა ^_^ უჰ , რა ხანია მე ”ხელოვნების ამბავზე ” მეოცნებება და ჯერ ვერ ჩავიგდე ხელში .
LikeLiked by 1 person
“ჩემზე განათლებული და დელფოს ორაკულივით ყოვლისმცოდნე ბავშვი მეორე არ იქნებოდა იმ არემარეზე” – ეჭვი მაქვს, უამწიგნოდაც არ იყო :)
LikeLike
ეს წიგნი რომ შემოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი ))) გადადებული მაქვს საჩემოდ.
LikeLike
ამ წიგნით რომ ვისწავლოთ სკოლაში რამე დაშავდება? :(
LikeLike
მე მელ ბრუქსის მსოფლიო ისტორიაზე ვარ გაზრდილი :) IYKWIM
ისე, ხამურაბის კანონები წაკითხული მაქვს. რატომ წავიკითხე არ მახსოვს, მაგრამ კი მაქვს წაკითხული.
LikeLike
მელ ბრუკსზე მეც ვარ გაზრდილი )
LikeLike