ჩემი ბავშვობის ბათუმიდან, სხვა საინტერესო რაღაცებთან ერთად, კიოსკებიც მახსოვს.
ჰო, ზუსტად ასე ვეძახდით – კიოსკები.
ახლა კი ვიცი, რომ ჯიხურია სწორი ფორმა, მაგრამ მაშინ ასე ვიყავით მიჩვეული და მეხსიერებასაც კიოსკებად შემორჩა. ჯიხური-მეთქი, რომ ვთქვა, ასე მგონია, რაღაც დააკლდება ჩემს ტკბილ და თბილ მოგონებებს.
ყველგან იყო, ყველა ქუჩაზე – კინო “თბილისთან”, ლენინზე, პიონერთა პარკთან, მეექვსე სკოლასთან, “ინტურისტის” ფოიეში… ყველგან.
განა რა იყიდებოდა? თითქოს განსაკუთრებული არაფერი – სამკერდე ნიშნები, უცნაური კალმები, ციცქნა ბლოკნოტები, პატარ-პატარა სუვენირები და, წარმოიდგინეთ, ბავშვისთვის ეს რამხელა განძი იყო…
და ჟურნალ-გაზეთები.
არა, ჟურნალ-გაზეთები (განსაკუთრებით – ჟურნალები) შინაც არ მაკლდა. ყველას რაღაც ჰქონდა გამოწერილი და მეც მომდიოდა “ნორჩი ლენინელი”, “დილა”, “მურზილკა” და “ვესიოლიე კარწინკი”, მოგვიანებით – “პიონერი”, ლატვიური საჭადრაკო პერიოდიკა. ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და არ მახსოვს, ოდესმე ერთი ნომერი მაინც დაკარგულიყოს. მოკლედ, თვიდან თვემდე საკითხავი არ მაკლდებოდა, მაგრამ კიოსკებში მაინც შევიხედავდი ხოლმე – სულ ჰქონდათ რაღაც უცხო და საინტერესო; არ მახსოვს, ხელცარიელი წამოვსულიყავი.