
“ჩემი რჩეული”. პალიტრა L
აი, ხომ არსებობს წიგნები, ზეპირად რომ იცი.
გადაშლი, მგონი, მეასედ, კითხულობ და ყველაფერი გახსოვს – სახელები, გვარები, ამბები, რეპლიკები, ვინ რა თქვა, ვის სად გაეცინა… ნიუანსები გახსოვს, დეტალები.
მათი პირველწაკითხვით მოგვრილი ემოციაც გახსოვს. ელდა და გაოგნება…
ძველი ამბავია.
მეექვსე კლასში ვარ. გურიაში ვისვენებ, დედულეთში. ზაფხულია. წვიმს, წვიმს, ცა ფეხად ჩამოდის. ვისაუზმეთ. საქმე არ მაქვს. გარეთ რა გავა… ადამისდროინდელ ტელევიზორში, ერთადერთ არხს რომ იჭერს წვალებით, საინტერესო არაფერია, ჰოდა, მივადექი წიგნების კარადას. ჩვენში დარჩეს და, უკეთესი ამინდიც რომ ყოფილიყო, მაინც იმავეს ვიზამდი :)
მე ახლაც ძალიან მიყვარს სოფლის ბიბლიოთეკებში ქექვა. ისეთ რამეს იპოვი, თბილისში, პრიალაყდიანი ბესტსელერებისა და თავბრუდამხვევი სიახლეების გადამკიდეს, სულ რომ არ მოგაგონდებოდა. ძველი წიგნებიო, რად ვარგაო, სასაცილო და გულუბრყვილო გამოცემებიაო; არადა, ზოგჯერ ისეთ სასუსნავს გადააწყდები, შენი მოწონებული…
მოკლედ, მივადექი წიგნებით გატენილ კარადას. ვათვალიერებ. ერთი გადმოვიღე, მეორე, მესამე და უცებ – ნოდარ დუმბაძე. “მარადისობის კანონი”.
დუმბაძე ვიცი. მეექვსეკლასელი ვარ, კითხვის მოყვარულად მომაქვს თავი, დედა მყავს გურული და რას ჰქვია, არ ვიცოდე?! საბავშვო ლექსები ხომ ვიცი და ვიცი (არ იშოვებოდა იმ დროს ლექსების კრებული, დედამ ითხოვა რამდენიმე დღით და ხელით გადაწერა თაბახის ფურცლებზე); ზურიკელაც ვიცი, ხატია და სოსოიაც, “კუკარაჩა” მომწონს, “Hellados”, კიდევ რაღაცები. “მარადისობის კანონი” არ წამიკითხავს.
დავჯექი აივანზე, გადავშალე და ვკითხულობ. ვკითხულობ და, მგონი, სუნთქვაც შევწყვიტე. თვალებგაფართოებული ვყლაპავ გვერდებს. წვიმამ გადაიღო, მაგრამ აღარც წვიმა მახსოვს, აღარც სადილი და ტელევიზორი. ვკითხულობ და ამ დროს ცხონებული ბიძაჩემი გამოდის აივანზე იღლიაში ამოჩრილი ხის დაფით – ჭადრაკი მეთამაშეო.
გავშალეთ იქვე. გვერდით წიგნი მიდევს და ცალი თვალით ვიჭყიტები – ვის ადარდებს შენი ჭადრაკი. ბიძაჩემი გამართული მეხუთე თანრიგის ძალით თამაშობს (თუკი ასეთი რამ არსებობს), ანუ სვლები იცის და შამათი ჩაუსვამს ერთი-ორჯერ. ჰოდა, არ მეშინია. თან სვლას ვაკეთებ, თან ვკითხულობ.
მესამე პარტია რომ წავაგე სამარცხვინოდ, გაბრაზდა, მომწყდი თავიდან შენი წიგნიანადო.
მერე, დიდი ხნის მერე, გავიხსენე, რომ “მარადისობის კანონი” ადრეც მენახა. ღრმა ბავშვობაში. დედას ედო სასთუმალთან და საღამოობით კითხულობდა. ერთხელ ჩავიჭყიტე, ეს რა არის-მეთქი და სანამ მიპასუხებდა, კოჭლი ავეტიკას, სტელას და მარია პავლოვნას დადგმულ “ოტელოს” მოვკარი თვალი.
მას შემდეგ ასჯერ მაინც გადავიკითხე და ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ ადამიანი სულით გახრწნილი თუ არ არის, ყველაფერს ეშველება.
დანარჩენზე ლიტერატურათმცოდნეებმა წერონ.
მე მხოლოდ ჩემს ამბავს მოგიყევით. კარგი წიგნისგან ნაცემი ელდის ამბავს. ესაა და ეს.
ეს პოსტი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის , რაც შენს ბლოგზე წამიკითხავს ^_^ მე იცი რა მახსოვს ? დუმბაძის დიიდი , მაგარყდიანი ლექსების კრებული , ბავშვობაში დედაჩემი რო მიკითხავდა და ლექსებს მასწავლიდა ხოლმე . მგონი , ამ წიგნზეც გაქვს ცალკე პოსტი დაწერილი :)
LikeLike
კი, მარი. “ლალი, ლალი, ჩემო ლალი! რაო, ჩემო მანანა?” ) აქვეა, პოსტის ქვეშ რომ სამი ბმულია თემატურად მიბმული, ერთი ეს არის )
LikeLike
“მარადისობის კანონი” სულ ბოლოს წავიკითხე… ცოტა დრო არ არის გასული, მაგრამ ისე მახსოვს, თითქოს ამ ზაფხულს წამეკითხოს და არა 7 თუ 8 წლის წინ… დაუვიწყარი წიგნები აქვს ნამდვილად…
LikeLike
ნამდვილად ) უბერებელი კლასიკა თუ რამეს ჰქვია, ამ რომანს.
LikeLike
” მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე ” …………
LikeLiked by 1 person
დუმბაძე <3
რა დამთხვევაა, მოლი… მეც არ მახსოვს, როდის, მაგრამ ტვინში კარგა ხნის ჩარჩენილი მქონდა ავეტიკა და მარია-დეზდემონა და არ ვიცოდი, საიდან… კარგა ხნის მერე აღმოვაჩინე, საიდანაც.
"ხელოვნური გულით თქვენ ვერ იცოცხლებთ".
და მახსოვს, რა შვებით ამოვისუნთქე, სულ ბოლო ხაზების წაკითხვისას.
LikeLike
მარგოს ეპიზოდია სულისშემძვრელი. პრინციპში, მანდ ყველაფერი სულისშემძვრელია.
LikeLike
ამ რიგითმა გამვლელმა რადგან თავზე ხელი ავიღე და აღარ ვერიდები კომენტარების დატოვებას:) ნოდარ დუმბაძეს ისე როგორ გავუშვებდი:) როგორ მიყვააარს, არც ვიცი ესე ძალიან რომელიე ავტორი თუ მიყვარს კიდე….სკოლის სპეკტაკლებში ვთამაშობდი ნუნუ ექიმს და ხატიას:)
LikeLike
მშვენიერი როლები შეგირჩევია )
LikeLike
ხანდახან რომ მეუბნებიან, დუმბაძე დიდი მწერალი რატომააო… პასუხის სურვილიც მეკარგება.
LikeLiked by 3 people
თუ ამას კითხულობს, პასუხიც ვერ უშველის, მერი )
LikeLike
დიდი არა, უდიდესი მწერალი და ადამიანია…. მიყვარს ძალიან.
LikeLike
Absolutely so )
LikeLike
რატომრაც გვიან წავიკითხე,ჩემდა სამარცხვინოდ,ეს ის ემოცია იყო,რომელიც არასდროს დამავიწყდება და მარგოს ეპიზოდი ალბათ ყველაზე სულისშემძვრელია.
ბავშვებთან მომიწია მუშაობა,მაშინ მეც გამოუცდელი ვიყავი,აღარ ვიცოდი როგორ დამეინტერესებინა,(ამქვეყნად ცუღლუტობის მეტი,რომ არ აინტერესებთ)მარგოს ეპიზოდი წავიკითხეთ და გავარჩიეთ.არასდროს დამავიწყდება 24 წყვილი “დაჭყეტილი”თვალი…. :)
LikeLike
მთელი წიგნი სულისშემძვრელია, მაგრამ მარგო მაინც განსაკუთრებულია.
LikeLike
ადამიანი სულით გახრწნილი თუ არ არის, ყველაფერს ეშველება- ყველაზე ზუსტი შეფასება!
LikeLike
რა გითხრათ აბა… მე მგონი ძალად დიდაქტიკური და უხეირო ნაწარმოებია. აი, ძალიან უხეირო.
მგონი ძალიან უნდოდა რამე “სერიოზული” დაეწერა. იმიტომ რომ იუმორისტული ჟანრი ჩვენში მიიჩნეოდა მაიმუნობად და ვითომ-ლიტერატურად.
ჰოდა რავი… მართლა მაიმუნობა გამოუვიდა მთლიანობაში. :)
LikeLike
დაწერა კიდეც. სერიოზულზე სერიოზული ტექსტი )
LikeLike
თქვენი პოზიცია მიღებულია, თუმცა არ გეთანხმებით,
LikeLike
როგორ თბილა და რა კარგი აურაა აქ. ^^
LikeLike
იმედია )
LikeLike
[…] წიგნს ეწოდოს, ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონია“ ასეთი. წაკითხული ყველას გექნებათ და […]
LikeLike
რა ღირს დუმბაძის ტომეული.ჩემი რჩეულიდან?
LikeLike
მგონი, აჯობებს, წიგნის მაღაზიაში იკითხოთ
LikeLike