ცოტა უცნაური ზღაპრებია ამ წიგნში. ერთი რა არის, ერთი კუდიანიც არ დაგხვდებათ წამლად, არც დევი, არც მფრინავი გველეშაპი, არც მოჯადოვებული პრინცი, ციხეკოშკში გამომწყვდეულ მზეთუნახავზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მთლად კუნჭულ-კუნჭულ რომ მოჩხრიკო, ვერც მფრინავ ხალიჩას გადააწყდები სადმე, ვერც ჯადოსნურ ლამპარს, ქათმისფეხებიან ქოხზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.
აბა, ეს რაღა ზღაპრებიაო, – მხრებს აიჩეჩავს იმედგაცრუებული მკითხველი.
რანაირი და… სხვანაირი. აი, „მზის პირველი დანახვისას, თუ მოისურვებ, აფრინდები აუცილებლად“ და ვარსკვლავები ცეკვას გასწავლიან. მერე რა, თუ მზესთან სიახლოვე ფერფლად გაქცევს – ზეცაში ხომ იყავი, ხომ ჩაები იმ საოცარ ფერხულში. განა ცოტაა?!
მსახიობს ნახავ ამ ზღაპრებში, რა თქმა უნდა, იმასაც უცნაურს და განსაკუთრებულს – ქალაქს ოცნებაახდენილი ბავშვებით რომ ავსებს და ბოლოს, ცისფერი ყვავილების თაიგულად გადაქცეული, ყველას საკუთარი ნატვრის ნაწილს უტოვებს სახლებში…
კიდევ ერთი კაცი ცხოვრობს ამ ქალაქში – კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა. მერე რა, თუ ეს მოთვინიერებული ქარი უკვე მის საყვარელ გოგონას კი არა, ამ გოგონას შვილიშვილს ურხევდა კულულებს… მაინც ხომ ღირდა?!
ჰო, მართლა, სანაძლეოს დავდებ, არც ის გეცოდინება, რა არის ამქვეყნად ყველასა და ყველაფერზე უფრო ნაზი და მსუბუქი. რაო, ბაბუაწვერაო? რას ამბობ! ყველაზე ნაზი და მსუბუქი სიზმარახდენილი ბეჰემოთია, დამიჯერე.
ცაზე ახლად გაჩენილი ვარსკვლავების საიდუმლოც ამ წიგნში წერია – მევიოლინესა და პატარა ჩიტის ზღაპარში. პიანინოზე დაკვრას კი პეპლები გასწავლიან, ფერად-ფერადი, ფარფატა პეპლები, ოღონდ ღმერთი არ გაგიწყრეს და მათი სურვილის გარეშე კლავიშებს არ შეეხო…
მხიარული მღებავიც დადის ამ ქალაქში – ბავშვების ოთახებს აყვავებული ხეებით, ჩანჩქერებით, ტბებით, მთვარის შუქით და ჩიტების გალობით ავსებს… რა გაგხდის ავად, ასეთ ოთახში რომ გძინავს? მარტო სერიოზული კაცი თუ გაგებლანდება უშნოდ ფეხებში, მაგრამ არაუშავს, იმასაც მიხედავენ მხიარული მღებავის დატოვებული ჩიტუნები.
ჰო, კიდევ რას ნახავ აქ, იცი? როგორ მიჰყვებიან თეატრის შუქები საყვარელ ბალერინას, რომელიც სცენას დაემშვიდობა; მესიზმრესაც გაიცნობ და ძალიან მოგინდება, გაიგო, შენს ქალაქშიც მიაგნო ამ ხელობის კაცს – როგორ არ უნდა იცოდე, ვინ გიგზავნის სიზმრებს?!
ძალიან, ძალიან ბევ რამეს გასწავლიან ეს ზღაპრები; ოღონდ თითის ქნევით და ფეხების ბაკუნით კი არა – თავადაც ვერ იგრძნობ, მაგრამ წიგნს რომ დახურავ, მიხვდები, რომ უფრო კეთილი და ალერსიანი ხარ, უფრო გულღია, უფრო იმედიანი, ერთი სიტყვით რომ ვთქვა – უკეთესი; გარშემოც ბევრად მეტი სითბო და სინათლეა, ვიდრე აქამდე გეგონა და აღარც იმაში შეგეპარება ეჭვი, რომ „სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია. ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის.“
სასწაულად კარგი ზღაპრები <3
თეთრსულელა და ის კაცი, ქარი რომ დაიმორჩილა ქუდით…
მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც გული ამიჩუყდა…
LikeLike
საოცარი ზღაპრებია, თბილი, კეთილი, რომანტიკული, ნაღვლიანი და უზომოდ რეალური ამბები.
LikeLike
აი , ამ პოსტში ხარ ბავშვი ^_^ რა გემრიელობები დაგიწერია ^_^ რა აღარ წარმომადენინე , რა აღარ გამახსენე . ჩაკვეტაძის ილუსტრაციები ძალიან უხდება ამ ტკბილზე ტკბილ წიგნს . კარგია ^_^
LikeLiked by 2 people
ილუსტრაციები ერთი წიგნის ფასია, მარი )
LikeLiked by 1 person
მართლა საოცარი ილუსტრაციებია, ზღაპრებზე აღარაფერს ვამბობ. საოცარი სინთეზია :) სამი დღის წინ ვიყიდე და ნელ ნელა ვეპარები, ვიზოგავ, ცოტ ცოტას ვკითხულობ და ვტკბები. უმაგრესი გამოცემაა. მოლი შენ რა თქმა უნდა შეუდარებელი ხარ. ამ ჰარმონიულ დუეტს, მწერლისა და მხატვრისას შენი თბილი პოსტი საოცრად მოუხდა და კიდევ უფრო საინტერესო გახადა მათვის ვისაც ჯერ არ შეუძენია და წაუკითხავს :)
LikeLike
თუ მოუხდა, ამას რა ჯობია, სოფი ) მადლობა და ველქამ )
LikeLike
შენც იმ ბაბუაწვერასავით დაგიწერია :) ბაბუაწვერასავით კი არა, იმ ბეჰემოთივით :)
LikeLike
მე მომწონს იმ ბეჰემოთივით წერა, რუსო )
LikeLiked by 1 person
მე ხომ მიყვარს შენი სტილი :) კომპლიმენტად გითხარი :)
LikeLike
ნამდვილი მწერალი რომ მაქებს, ბავშვივით ვწითლდები და მიხარია ^_^
LikeLike
ილუსტრაციები <3
ღუნღულა პოსტი <3
LikeLike
ღუნღულა <3
LikeLike
კეთილი, ღუნღულა, სევდიანი და ჰუმანური ზღაპრები <3 ჩაკვეტაძის ილუსტრაციებზე ზედგამოჭრილი იყო. ძალიან კარგი სინთეზია. ოქროს საბადოა ეს წიგნი
LikeLike
ნამდვილად ოქროს საბადოა, ტაბუ ) და ასაკს მიღმა წიგნი. ყველა რომ წაიკითხავს, ისეთი.
LikeLiked by 1 person
ჯერ არ მიყიდია, არადა ძველი რაც მქონდა კაცმა არ იცის ვინ მიითვისა :( თან ამას ილუსტრაციები აქვს მართლა ცალკე წიგნის ფასი <3
და პოსტია, როგორი თბილი, პლედი უნდა შემოიხვია , ჩაი მოიდგა ლიმონით და ისე წაიკითხო ^_^
LikeLike
თან როგორ უცებ გახდა აქტუალური თბილი პლედი )
თეო <3
LikeLike
რატომღაც წიგნი აღარ მაქვს. ან ჩემი არ იყო, ან დინდინელასი არ იყოს, სადრაც გაქრა… მაგრამ ასეთი ილუსტრაციების ხათრით მაინც მენდომებოდა ახალი. მსგავსი შესაფერისი გაფორმება იშვიათად თუ შემხვედრია :)
LikeLike
მე მეგონა გურამ პეტრიაშვილზე იყო პოსტი :)
იმას ჰქონდა უცნაური ზღაპრები.
LikeLike
აბა ვის ზღაპრებზეა, მილორდ. გაფიცებ )
LikeLiked by 1 person
ვაჰ :)) ავტტორი არ იყო ნახსენები და მეთქი რამე ახალია :)
კაია თუ გურამაა.
LikeLike
რა დონეზე დამვიწყნია :)) მართალი ვთქვა ბავშვობის მერე არ გადამიკითხავს. :))
LikeLiked by 1 person
[…] ავუწევდი, გურამ პეტრიაშვილის “პატარა ქალაქის ზღაპრები“ რომ გამომრჩენოდა – სითბოსა და […]
LikeLike