
Anika Meqanikuri-ს ფოტო
რა უნდა მიაყოლო ჩაის?
გემრიელი კექსი, ტკბილზე ტკბილი ბაქლავა, შეფიცხებული, ყველით გაძეძგილი ხაჭაპურის ნაჭერი… თონის პურიც არ არის ურიგო, სქლად გადასმული სოფლის კარაქით და ზემოდან შემოსკუპებული სულუგუნით…
წიგნის მიყოლება თუ გიცდიათ?
აი, რომ ზიხარ შენთვის, არსად გეჩქარება, ნეტარი უსაქმურობით ტკბები, ჟოლოსმურაბიან ჩაის სვამ ნება-ნება და გემრიელ წიგნს აყოლებ. დამიჯერეთ, არაფრით არის ტორტის ნაჭერზე ნაკლები )
ჰოდა, ერთ ასეთ წიგნზე უნდა მოგიყვეთ, პირის ჩასატკბარუნებელსა და ყელის ჩასაკოკლოზინებელზე.
თავიდანვე გეტყვით: სადებიუტო კრებულია და ერთიორად საინტერესოც – საუკუნეა, ახალი მწერალი არ შემხვედრია და ასე არ მომწონებია.
რუსუდან რუხაძე ბოლო “წეროზე” გავიცანი. მე ჩემი ფავორიტი მყავდა, რუსოს გადასარევი “Make My Demons Run“, მაგრამ კონკურსანტები მაინც გულდასმით გადავათვალიერე და ჩამონათვალში “ადა და ევას” მოვკარი თვალი.
სათაური იყო ისეთი, გულგრილად ვერ ჩაუვლიდი, დამაინტრიგებლად პიკანტური. ძალით წაგაკითხებდა თავს. წავიკითხე და… ძალიან მომეწონა.
სხვებსაც მოსწონებიათ, როგორც ჩანს – მესამე პრიზი ხვდა წილად.
მერე “სულაკაურის” “თხუთმეტ საუკეთესოში” გამოჩნდნენ გოგოები. ბედი გაეხსნათო, კი იხუმრა რუსიკომ, მაგრამ იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევია… ჰოდა, არც მთლად ხუმრობა გამოდგა.
ცოტა ხანში კუწკუწა კრებული მოაყოლა “ინტელექტმა” – უყვართ მაგათ ახალი ავტორების აღმოჩენა.
ჯერ მარტო ეპიგრაფი აქვს ამ “ჩაისთან მოსაყოლ ამბებს” ერთი წიგნის ფასი – “ვუძღვნი გამქრალ გოგოებს. საქართველოში სქესთა დარღვეული თანაფარდობის შესაძლო მიზეზი სელექციური აბორტია”. ჰოდა, დამეთანხმეთ, ასეთი დასაწყისის მერე ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ გულგრილად გადადოს გვერდზე.
“ადა და ევას” გარდა ცხრა მოთხრობაა ამ კრებულში, ყველა – განსხვავებული ტონით, სტილით, განწყობით დაწერილი. თითოეულზე კარგა ხანს ილაპარაკებდა პატიოსანი ბლოგერი, მაგრამ მირჩევნია, თავად წაიკითხოთ და მერე გამომიაროთ შთაბეჭდილებებით დამძიმებულებმა. ისეთი ცოცხალი ტექსტებია, იმდენად თანამედროვე, რომ, დარწმუნებული ვარ – სათქვენოს ყველა იპოვით და სათქმელი ყველას გამოგიჩნდებათ.
ჰო, ერთიც: ეს ჩვენი კრებული “საბას” შორტლისტშია, “საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში. “საბას” ნომინანტობა გამობრძმედილი მწერლებისთვისაც კი დიდი ამბავია და წარმოიდგინეთ, დებიუტანტისთვის რა იქნება. მშვენიერი სტარტია, ვერაფერს იტყვი. და “საბა” რომ ოცდაორშია, ოცდაორ საათზე, ხომ არ დაგავიწყდათ?
ჟოლოსმურაბიანი ჩაი რომ ზამთარში გემრიელდება, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ, შემოდგომაზეც გადასარევიაო, ამათ კი ნამდვილად დაეჯერებათ ) ჰოდა, ჩემო კარგებო, დაფაცურდით, საკუჭნაოს თვალი მოავლეთ, ყველაზე საყვარელი მურაბა შეარჩიეთ, ჩაი დააყენეთ, სავარძელში ნებივრად მოკალათდით და ეს წიგნი მოიდეთ გვერდით – ერთ უიქენდს მშვენივრად გაატარებთ, პასუხს ვაგებ.
წარმატებები ავტორს! :)
LikeLike
შემოდგომა , სუსხი , ღუნღულა ჟაკეტი , ცხელი ლიმონიანი ჩაი , საინტერესო მეგობარი და გემრიელი საკითხავი . რა ჯობია ამას ^_^ სიამოვნებით წავიკითხავდი ამ წიგნს . ავტორს წარმატებები და მადლობა შენ ^_^
LikeLike
“ადა და ევა” იმ სამ თუ ოთხ ნაწარმოებს შორის იყო, რომლებიც გავაპლიუსე და ჩემი მოწონებულებიდან ერთადერთი, რომელიც საპრიზო ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი არ დაუმსახურებია ნამდვილად – ჩემი გემოვნებით უფრო მაღლა უნდა ყოფილიყო :) მაგრამ სადაც გამარჯვებას ფბ მეგობრები და “თქვენი ჭირიმე, ნაწარმოები დამილაიქეთო” განსაზღვრავენ, ბევრს არ უნდა ელოდე. ამიტომ გამიხარდა გოგოების მესამე ადგილი.
იმედი მაქვს, სხვა მოთხრობებიც ასეთი კარგია :) წავიკითხავ.
LikeLiked by 2 people
ო. ის წერო სასწაული იყო. განსაკუთრებით ბოდიში მომითხოვია და მეორე ადგილი.
LikeLike
ბარემ იმასაც აღვნიშნავ, ჩემი მოთხრობაც რომ იყო იმ წეროს ფინალში. იმიტომ ვამბობ, კონკურენტის პლიუსი უფრო სასიამოვნო უნდა იყოს, წესით :) ( :) )
LikeLike
შენი მოთხრობა იყო ჩემი ფავორიტი. იყო რა, არის კიდეც. და იქნება.
LikeLike
შესაძენი წიგნების სიაში დაიკავა ადგილი)))
LikeLike
ვერი ნაის )
LikeLike
[…] « ჩაიზე მისაყოლებელი ამბები […]
LikeLike
ჩაიზე აქამდე ფამუქს ვაყოლებდი. ამ პოსტის შემდეგ ახალი დასაყოლებელი გამომიჩნდა :)
LikeLike
სხვათა შორის, ეგ შერჩევითი აბორტის თემა არ დასტურდებაო, ასე ამბობენ.
ყოველ შემთხვევაში კვლევა რომ ჩატარდა ახლახანს, იქ ეგ მიზეზი დადასტურდა მაგრამ იშვიათად, სხვა მომენტები იყო წინ წამოწეული.
თავისთავად აბორტი ველურობაა 21 საუკუნეში. რა თქმა უნდა
LikeLike
რუსა, ძალიან კარგი მოთხრობებია, მაგრამ ბევრისთვის მიუწვდომელია, დეფიციტურია, ამიტომ იქნებ ელექტრონული ვერსია გახადოთ მისაწვდომი ყველა მკითხველისთვის. მადლობა.
LikeLike