წიგნის ფესტივალის შემაჯამებელ პოსტში, ბოლო დღეს, ცხელ-ცხელი ემოციების კვალდაკვალ რომ დავწერე და ყველას მადლობა გადავუხადე, ქარჩხაძის გამომცემლობა არ მიხსენებია.
არადა, იმდენი სიახლე ჰქონდათ, წესით, გვარიანი აბზაცი უნდა დამეთმო, მაგრამ ის სიახლეები ფესტივალამდე მოვაცუხცუხე შინ, “ბუქ სითისაც” ხშირად ვსტუმრობ… მოკლედ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ბოდიალისას არც გამომცემლობა შემიწუხებია და არც ჩემი საყვარელი მაღაზია. გვერდით ჩავუარე და ხელი დავუქნიე :)
სამაგიეროდ, ახლა მოგიყვებით. ერთ წიგნზე კი არა, მთელს ბიბლიოსერიაზე.
ჩემი საბავშვო კოლექციის ამბავი გეცოდინებათ. იზრდება, ივსება, მრავლდება. ორ თაროზე თუ ეტეოდა, ახლა ხუთი აღარ ჰყოფნის. თუ გაჭირდა ერთ-ორ სკოლას ისე მოემსახურება, საკითხავის ნაკლებობას ვერავინ იგრძნობს.
ჰოდა, რა დიდი მტკიცება უნდა, რომ ფერად-ფერად “საბავშვო კლასიკას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.
მოლის ბიბლიომეხსიერებას თუ ენდობით, აშკარად ყველაზე სოლიდური, მდიდრული, სასაჩუქრე, საკოლექციო სერიაა. ფასიც შესაბამისია და ნამდვილად აქვს აზრი, ფასდაკლების აქციებს მიადევნოთ თვალი.
ჯერჯერობით ოთხი ტომია გამოსული და ოთხივე ისეთია, დამიჯერეთ, თითოზე თითო პოსტი დაიწერებოდა. “პიტერ პენი”, კიპლინგის ზღაპრები, ქენეთ გრემი და ედუარდ ლირი… კლასიკაა, აბა რა.
ჩემს ბავშვობაში პიტერ პენი მაინცდამაინც პოპულარული არ იყო. უფრო კარლსონის, პეპის, სალტკროკელებს, ვინი ფუუჰს, ნილსს, ბურატინოს, ჩიპოლინოს ვიცნობდით. სამაგიეროდ, ახლა თარგმნიან ხშირად და ხალისით. შინ რამდენიმე გამოცემა მიდევს, მაგრამ ეს “პიტერ პენი და ვენდი” სრული, არაადაპტირებული ვერსიაა, მშვენივრად თარგმნილი და დასურათებული, თუმცა ილუსტრაციებს მოგვიანებით დავუბრუნდები – ერთი წინადადებით სახსენებელი ნამდვილად არ არის.
კიპლინგს ჩვენი პატარა მკითხველები “ჯუნგლების წიგნით” იცნობენ, “დიოგენეს ბიბლიოთეკის” შარშან გადმოქართულებული “კიმიც” უფრო მოზარდებისთვისაა… ჰოდა, ამ ღრმად პატივიცემულ ნობელიანტს მაუგლის, ბალუს, ბაგირას, კაას ამბების გარდა ისეთი ზღაპრებიც აქვს დაწერილი, თითებს ჩაიკვნეტ.
როგორ შეიძინა აქლემმა კუზი, რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები, როგორ იშოვა მარტორქამ ასეთი ტყავი, როგორ შეიქმნა ანბანი და ლეგენდარული კატა, რომელიც თავისუფლად დაეხეტებოდა… ღრმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული, ადაპტირებული ინგლისური ტექსტი და, კატები, მგონი, მას მერე მიყვარს.
სხვათა შორის, მთარგმნელი ანი მოსულიშვილია, მიხო მოსულიშვილის ქალიშვილი, გადასარევი მოქართულე და გადასარევი გოგო და “აი ასეთი ამბებიც” წლევანდელი “საბას” ლონგლისტში მოხვდა. ცხვირი მიგრძნობს, ამას არ იკმარებს და უფრო შორსაც წავა.
ქენეთ გრემის, რომ არ მოგატყუოთ, ბევრი არაფერი წამიკითხავს. უფრო სწორად, საერთოდ არაფერი წამიკითხავს და, საერთოდაც, ქართულად პირველად თარგმნეს. არადა, თურმე “ქარი ტირიფებში” მისი Magnum Opus-ია. თხუნელას, წყლის ვირთხის, გომბეშოს და მაჩვის ამბებია. ოღონდ სასაცილოზე სასაცილო, შოტლანდიური იუმორით დაწერილი და შოტლანდია როგორ მიყვარს, კი გეცოდინებათ.
მეოთხე ედუარდ ლირის “ბუკნაჭო და ფისუნა და სხვა აბდაუბდა ლექსებია“. ახლა ჩემი ამბავი ხომ იცით, პოეზიას პროზა მირჩევნია და უფრო გამიხარდებოდა, რომელიმე უცნობი ან ნაცნობი მწერლის მოთხრობებით გაძეძგილი ბუთქუნა ტომი მიემატებინათ, მაგრამ სერიას მშვენიერი რედაქტორები ჰყავს და თავად უკეთ მოეხსენებათ, რა ჯობია.
ჰოდა, გაფორმება… ოთხივე წიგნი რობერტ ინგპენის ორიგინალი ილუსტრაციებით არის დასურათებული და დედას გეფიცებით, ისეთი ნახატებია, ერთ წიგნს რომ აიწონის. ისე არ გამიგოთ, ჩვენს ილუსტრატორებს ცხვირს ვუბზუებდე… მშვენივრად ხატავენ და აგერ, სამამულო “მიუნჰაუზენი” ბარე ორ გერმანულს აჯობებს, მაგრამ ორიგინალი მაინც სხვაა და როგორც ბლოგოსფეროს საბავშვო ლიტერატურის ექსპერტი ძია ვეიდერი ამბობს, ავტორს და მხატვარს ერთადერთი სქრინით რომ იცნობ, ის წიგნი კარგი წიგნია.
და ძვირფასო რედაქტორებო, ბარემ საქვეყნოდ გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ეს სერია, ეგებ ათ ტომამდე მაინც მიიყვანოთ “საბავშვო კლასიკა”, ერთი თარო საგანგებოდ თქვენთვის გავათავისუფლე და ცარიელს ნუ დამიტოვებთ.
რატომღაც პიტერით ბავშვობაში ვერ აღვფრთოვანდი.
ახლა ვცდი არაადაპტირებულ ვერსიას ;)
LikeLike
ჩემს ბავშვობაში კარლსონი და პეპი იყო და…
LikeLike
ვაი : ( ამ სერიაზე აქამდე არაფერი მსმენია , არც ”ბუქ სითიში ” ვყოფილვარ . ამ წიგნების კატალოგი სად შემიძლია ვნახო მოლ ? :*
LikeLike
ბმულებს გადაყევი, მარი. პირდაპირ გამომცემლობის გვერდზე გადაგიყვანს, შესაბამის წიგნებთან.
LikeLike
ვათვალიერებ უკვე . სენქიუ <3 : ) <3 <3 <3
LikeLike
კარგი რაღაცებია მანდ :)
LikeLike
კიპლინგის “აი, ასეთი ამბები” შევიძინე ქარჩხაძის გამომცემლობის დაბადების დღეზე – საინტერესოდ ილუსტრირებული, შესანიშნავი ხარისხის გამოცემაა. “პიტერ პენი და ვენდიც” მომეწონა, მაგრამ ფასი ხარისხის შესაბამისი აქვს ნამდვილად :) ჰოდა მორიგ ფასდაკლებას დაველოდები
LikeLike
აშკარად ყველაზე ძვირი სერიაა. სულაკაურის “მსოფლიო კლასიკაზე” ძვირიც კი. დისქაუნთ-აქციები გვჭირდება, თან ხშირად :)
LikeLike
ეჰ, სად იყო ჩემს ბავშვობაში ასეთი წიგნები :( ჯერ ილუსტრაციებია ისეთი, ბავშვებს კი არა, მეც მომწონს ^_^
LikeLike
შენ ეგა თქვი :) მარტო ილუსტრაციების ხათრით რომ წაიკითხავ, ისეთი წიგნებია :)
LikeLike
The Wind in the Willows ქართულად რომ გვაქვს უკვე მართლა ძალიან კარგი ამბავია.
LikeLike
იეს იეს )
LikeLike