წუხელ, მორიგი პოსტისთვის თემას რომ ვარჩევდი, ერთი აზრი დამებადა – წიგნების ფესტივალმა ჩაიარა და აურზაურით, ჟრიამულით, სირბილით დაქანცულებს, მგონი, არ გვაწყენდა მოლის ვერანდზე თავმოყრა… რას იტყვით? ოღონდ ერთი რამ უნდა გთხოვოთ – რაც არ უნდა იყოს, ლიტერატურის გარეშე მაინც ვერ ვძლებთ და ურიგო არ იქნება, ყველამ ფესტივალზე შეძენილი თითო წიგნი გამოაყოლოს ხელს – გადავხედავთ, ვინ რითი გაიმდიდრა ბიბლიოთეკა.
მართალია, ზაფხულმა უკვე შემოაღო კარი და თავმოყვარე ხალხი ამ დროს განსაკუთრებით ზრუნავს გარეგნობაზე, მაგრამ ხანდახან დიეტაც უნდა დაივიწყო, ზედმეტი კილოგრამებიც და მუხანათურად დავიწროებული ტანსაცმელიც – ბოლოს და ბოლოს, ტკბილეული ნაცრისფერ უჯრედებს ააქტიურებს თურმე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ მშვიდ და თბილ საღამოს ვერანდაზე გეპატიჟებით – ფახლავა დავაგემოვნოთ. უარი არ მიიღება – დილიდან ხელებდაკაპიწებული ვშრომობ და ასეთ თავდადებას დამნახავი და დამფასებელი ხომ უნდა?! ათასიოდე კალორია რა სათქმელია?!
სხვათა შორის, თურქეთის ზოგიერთ რეგიონში დღემდე შემორჩენილა ძველი ადათი – გასათხოვარმა ქალმა საქმროს მშობლებს ბაქლავით უნდა მოაწონოს თავი და დაარწმუნოს, რომ მათ ვაჟიშვილს არათუ შიმშილით სიკვდილი არ ემუქრება, გვარიანი ღიპიც გარანტირებული აქვს.
სხვათა შორის, აქამდე არ ვიცოდი და თურქულ-არაბული ძირი ჰქონია – “ბაქლავა“ კაკალს ნიშნავს თურმე. რა გასაკვირია – მოგეხსენებათ, უნიგვზოდ ამ ტკბილეულს ვერ მოამზადებ.
ჰო, ერთი პიკანტური დეტალიც შევიტყვე – ამ სასუსნავს “თურქულ ვიაგრასაც“ ეძახიან თურმე – ორიოდე ნაჭერი ასფურცელა ბაქლავა და ცეცხლოვან ღამეს წინ ვეღარაფერი დაუდგება.
ამბობენ, რომ პირველი ფახლავა 1453 წელს მოუმზადებიათ თავად სულთან ფატიჰისთვის – ასეა ჩამოწიკწიკებული უძველეს სამზარეულო წიგნში და რა ვიცი, ალბათ, მართალია. ჰოდა, ასწლეულების განმავლობაში ბაქლავით თურმე მხოლოდ სამეფო ოჯახი და ნაზირ-ვეზირები იტკბარუნებდნენ პირს; უბრალო მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამხდარა. თუმცა, ერთი ტრადიციაც ჰქონიათ: რამაზანის დღესასწაულზე, თვის მე-15 დღეს, სულთანი თავის იანიჩრებს იშვიათი ნუგბარით სავსე ლანგრებს უგზავნიდა და ამ რიტუალს “ბაქლავის დასარიგებელ მსვლელობას“ ეძახდნენ.
მას შემდეგ ტკბილეულის უამრავი რეცეპტი შეუქმნიათ და ყველა – ერთმანეთზე უკეთესი; ბაქლავა არა მარტო მუსლიმანურ სამყაროში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც გავრცელდა და მრავალი ინგრედიენტი დაემატა, თუმცა ორი მთავარი – თაფლი და ნიგოზი უცვლელია.
ენადაშაქრული თურქი მზარეულები სასუსნავის სხვადასხვა სახეობას აღმოსავლურ ჟღერად სახელებს არქმევენ: “სულთნის სასახლე“, “ბულბულის ბუდე“, “დახვეული ჩალმა“… თქვენ წარმოიდგინეთ, ბაქლავა “ქალის მუცელიც“ არსებობს. ის კი არა, ბაქლავის სახელობის საფეხბურთო მატჩებიც იმართება თურმე; პრიზი, ალბათ, ნუგბარის გიგანტური ულუფა იქნება და რაც ეს წავიკითხე, სერიოზულად ვფიქრობ ფეხბურთელის კარიერაზე, ოღონდ თურქეთში.
მგონი, გვარიანად გამიგრძელდა სიტყვა. ეგებ ახლა თქვენც გეთქვათ რამე – მოგეწონათ დღევანდელი “ვერანდობა“ თუ არა?! რაო, ჩაიო? არა, გეთაყვა, თურქეთში ბაქლავას მხოლოდ წყალს აყოლებენ და ტრადიციას ნურც ჩვენ ვუღალატებთ.
ჰო, მართლა, წიგნების წამოღება ხომ არ დაგვიწყებიათ? აი, დავიბანოთ გატკბილული ხელები და საფესტივალო შენაძენი ერთად გადავათვალიეროთ.
აუ, რა სასწაული ფოტოა, რა სასწაული პოსტი და რა სასწაულად მშია :(((
LikeLike
ისევ დიეტა? :(
LikeLike
ამჯერად ჯანსაღი კვება დავარქვი :)))
LikeLike
უჰ მე კიდე ტკბილეული მინდა ? გადავსანსლე ყველაფერი <3 '' ზარხუფი '' მომქონდა , მაგრამ ჩვენს ჟრიამულს და სიცილ – ხარხარს ეს წიგნი არა მგონია მოუხდეს . იყოს ჯივზი ! : ) ჯივზი და მისი მაცოცხლებელი სითხე : )
LikeLike
იყოს ჯივზი :) ზარხუფი აშკარად მძიმეა.
LikeLike
თურქების კიდევ ერთი წინასაქორწინო ტრადიცია – როდესაც ბიჭის ოჯახი გოგოს ხელის სათხოვნად მიდის, სარძლომ მათთვის ყავა უნდა მოადუღოს და იმ ფინჯანში, რომელსაც სასიძოს მიართმევს შაქრის მაგივრად მარილი ჩაყაროს :D
თუმცა ის კი დამავიწყდა, ამას რა ახსნა აქვს – ვითომ ჭკვიანად იყავი, თორემ ეს ოინი სანატრელი გაგიხდებაო? ))
LikeLike
ჭკვიანად იყავი, თორემ ფინჯანში კი არა, ყურში ჩაგაყრიო :))
სავარაუდოდ, ბიჭის ტაქტს ამოწმებენ – თუ ზრდილია, არ შეიმჩნევს.
LikeLiked by 1 person
ჰაჰა, პირველი ვარიანტი მომეწონა )))
LikeLiked by 1 person
იყოს პირველი :))
LikeLike
ვაჰ, რა გემრიელი პოსტია ^_^
თან ათასერთი ღამის ზღაპრები გამახსენა
LikeLike
შენი წიგნი, ოჩოპინტრე? რა წამოგვიღე?
LikeLike
უცნაურ-უხერხული ამბავი კია, მაგრამ მიზეზთა გამო ფესტივალის დღეებიდან მხოლოდ საკუთარი გამოცემულივე “გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებანი” მაქვს :) ოჩოპინტრემ აჩუქა ოჩოპინტრეს :) მოკლედ, რთული ქვეწყობილი სიტუაციაა
LikeLike
საქორწილო ტრადიციებს რაც შეეხება, ბაკჰლავაზე არ ვიცოდი, მაგრამ თაფლი მგონი ქართულ საქორწილო ტრადიციებშიც არის. დედამთილი უნდა გაუმასპინძლდეს პატარძალს, ვიდრე ზღურბლზე გადმოაბიჯებს. რაღაც ასე მახსოვს.
LikeLike
დედამთილზე, რძალზე და ზღურბლზე კატა მახსენდება :))))))
LikeLike
:)
LikeLike
რა კარგია იდეაა მოლი, სიამოვნებით გეწვეოდით და გაგიცნობდით ყველას))) შაბათს ჩემი მეგობარი თხოვდება და დღეს ე.წ “დევიშნიკი” გვაქვს))) ბევრი ფოტოები გადაიღეთ და ერთი პოსტი თქვენს “ვერანდობას” მიუძღვენი მოლი)))
LikeLike
ანო, ვერანდობები ბლოგზე ტარდება :)) ანუ, უკვე შენც მონაწილეობ :))
LikeLike
მშვენიერია)) ესე იგი დღეს 2 წვეულებას ვესწრები))) მე წამოვიღებ ვინი ფუუჰს, პეპის და ხაჭოს ნამცხვარს)))))
LikeLike
ხაჭოს ნამცხვარი <3
LikeLike
ბაქლავაზე (აი იმაზე ნამდვილ მუსულმანურ ქვეყნებში რომ შეიძლება დააგემოვნო) ჭკუა მეკეტება, ფეხები მეკვეთება და რავიცი კიდევ რა!
LikeLike
მე ჩვენი აზერბაიჯანელების გაკეთებულიც მიჭამია და უგემრიელესობაა ^_^
LikeLike
ძალიან გემრიელია ის პატარა ბაკჰლავებიც, პლეხანოვზე რომ იყიდება.
ასეთივეები (მაგრამ უფრო გემრიელი) საბერძნეთშიც მქონდა გასინჯული და ვიფიქრე, აქაც მცირეაზიულ-კონსტანტინეპოლური ამბავი ხომ არაა-მეთქი. ერთხელ თურქული ყავა რომ მოვითხოვე, ბერძნებმა ცხარე ცრემლით იტირეს, ბერძნული ყავააო ეგ.
მოკლედ, დავქექე ბერძნული წყაროები ბაკჰლავასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, თვითონაც დაფიქრებულან, ნეტავ ჩვენი ხომ არ იყოო და გამოუკვლევიათ და არაბერძენი სწავლულებიც ჩართულან ამ ამბავში.
ბევრი ქვეყანა ცდილობს მიიწეროს მისი შემქმნელობა, მაგრამ ფაქტები ადასტურებს რომ ცენტრალური აზიის თურქებმა შექმნესო და სულტან თოფქაფის სასახლის სამზარეულოებში დახვეწესო. აი, ბერძნებმაც რომ აღიარეს თურქების შექმნილიაო, ესეიგი უეჭველად ასეა.
მაგრამ ვინმე ვრიონიმ (1971) დაამტკიცა (ოღონდ სიტყვიერად თუ ფაქტებით, ეგ აღარ ვიცი), რომ ბერძნული ტკბილეული კოპტიდღევანდელი ბაკლავას ბიზანტიური ვერსიააო. კოპტი ცომის გარეშე მზადდებოდა. ზეთში, თაფლსა და წყალში ხარშავდნენ ხილს, წვრილად დაჭრილ თხილს, ნიგოზს და მსგავს გემრიელობებს შეურევდნენ და ასე აგემოვნებდნენ.
ვინმე Perry (ვინც არ ვიცი, რა ხელობის კაცია) ამტკიცებს, რომ მრავალშრიანი ცომით პურის მზადება პირველებმა ცენტრალური აზიის თურქებმა დაიწყესო.
აი მერე კი ზემოხსენებული ცომივით მრავალშრიანი დებულება მოდის: რომ ცენტრალურ აზიაში მცხოვრები თურქული ტომების ბაკლავასა და დღევანდელ თურქეთში მცხოვრები თურქების ბაკლავას შორის არის ტკბილეული სახელად pakhlavası, რომელსის აზერბაიჯანის მცხოვრებლებს შეუქმნიათ. დღევანდელი ბაკლავასაგან ერთადერთი იმით განსხვავდებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასაც მრავალშრიანი ცომი ჰქონდა, ეს არ იყო ფენოვანი ცომი. ჩვენთვის ასე საყვარელი ფენოვანი ცომი პირველად თოფქაფის სასახლის სამზარეულოში შექმნილა.
ოთომანურ იმპერიამდე არსად მოიხსენება ბაკლავა ძველბერძნულ, არაბულ და ბიზანტიურ წყაროებშიო.
სახელთან დაკავშირებითაც საინტერესო რაღაც ეწერა: სიტყვა ბაკლავა სარწმუნოა მომდინარეობდეს მონღოლური ფუძიდან baγla, რაც ნიშნავს „გადახვევა“, „შეხვევა“, „შეფუთვა“ და თურქული დაბოლოება -v მიემატაო.
უძველესი რეცეპტი, ასე ვთქვათ, პრე-ბაკლავისა შემონახულია 1330 წლით დათარიღებულ ჩინურ-მონგოლურ კულინარიულ წიგნში. ამ ტკბილეულის სახელია güllach. დღევანდელ თურქულ სამზარეულოში არსებობს მსგავსი ტკბილეული güllac. მის დასამზადებლად რძესა და შაქარში შებრაწავენ (არადა მგონი, რომ მოიხარშება) ცომის თხელ ფურცლებს და ნიგოზსა და ახალ ბროწეულთან ერთად აგემოვნებენ.
აი ის ინფორმაცა, რაც სახელდახელოდ მოვიპოვე ამ თემასთან დაკავშირებით.
LikeLike
კომენტარია, კომენტარის უნახავს გაგხდის. პოსტია ფაქტიურად <3
მადლობა, ოჩოპინტრე :)
LikeLike
:D კარგ კომენტარს კარგი პოსტი იწვევსო, არისტოტელე ამბობდა
LikeLike
ბაქლავა ♡ და ფოტო არის ისეთი, ბაქლავის მომზადებისგან თავს შეგაკავებინებს, ვაითუ ასეთი არ გამომივიდესო :(
LikeLike
შენ ეგა თქვი :)
LikeLike
ბათუმში ისეთი ბაქლავა იციან რომ…. აღარ გავაგრძელებ, ტკბილი არ მიყვარს დიდად, მაგრამ ამაზე მეკტება ჭკუა, ჰო და ბაქოშიც ძალიან გემრიელი იციან :) მე წამოვიღებ ვუდი ალენს და პირად კულინარიას
LikeLike
ბათუმურიც მიჭამია და აზერბაიჯანულიც :) ბაქოს ჯობია :))
ნუ, წიგნები მშვენიერია :)
LikeLike
დღევანდელი დღე ისეთი “არადიეტური” გამომივიდა, ბაქლავაზე აღარ უნდა ვფიქრობდე :( მაგრამ აკას ძველებურ ამბებს ისე უხდება… ნურადინ ფრიდონის ამბებს წავიკითხავ და ერთ ნაჭერს მივაყოლებ :)
LikeLike
ანუ, აკას მოთხრობებს აგემოვნებ ^_^
LikeLike
moli axla mivirtmev torts sheni wyalobit ufro gemrielad mivirtvmev
LikeLike
გემრიელად მიირთვი :)
LikeLike
მოლი რა მინდა იცი გკითხო, ფბ-ზე სულაკაურის გამომცმლობამ დაპოსტა ნაწყვეტი წიგნიდან საუბარია “შერეულსისხლიანზე” და ხომ არ იცი რომელი წიგნიდან არის? არ მაქვს აშკარად წაკითხული
LikeLike
როგორ არ ვიცი :) რიკ რიორდანის “მეხის ქურდი” (პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები) სულ ახალი გამოცემაა :) + ძალიან კარგი თარგმანი.
LikeLike