ყველაფერი კარგი მალე სრულდებაო, ნათქვამია და ეს წიგნის ფესტივალიც ხელში ჩაგვადნა. ჰოდა, სანამ გამომცემლობები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან, მკითხველები ნადავლს თაროებზე დააბინავებენ და პირველ რიგში წასაკითხ წიგნებს ცალკე გადააწყობენ, სანამ ქართული ბიბლიოსამყარო ჯერ ისევ საფესტივალო რიტმით ცხოვრობს, დროს ვიხელთებ და ჩემს იმპრესიებსაც გაგიზიარებთ.
ფესტივალი იყო სიახლემრავალი, ხალხმრავალი და ხმაურიანი. შიგადაშიგ – ზედმეტად ხმაურიანიც კი… ბუნებრივია, ასეთ თავყრილობაზე სალონურ გარემოს არავინ ითხოვს, მაგრამ პოპულარული გამომცემლობა რომ ხარ, წიგნების კალათა განსაკუთრებული საფესტივალო გამოცემებით გაქვს სავსე და მკითხველთა დიდ ნაკადსაც ელოდები, სულ მცირე, კომფორტულ სტენდსა და ყოჩაღ კონსულტანტებზე მაინც უნდა იზრუნო.
თუმცა ეს მხოლოდ სიცხითა და მოუწესრიგებელი რიგებით გულშეღონებული სტუმრის პოზიციაა, გამომცემლობებს საკუთარი სიმართლე აქვთ, კომფორტული გარემოს შექმნა, ყველაზე მეტად, ალბათ, მათვე აძლევთ ხელს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საჭიროა და უკეთესი.
მადლობა ორგანიზატორებს მშვენიერი საფესტივალო კატალოგისთვის. საკატალოგო რევიუებს კონკურსით არჩევენ და ვისაც დიდი თუ მცირე ფესტივალების კატალოგებში მოხვედრის ეშხი და მუღამი ესმის, დამეთანხმება, რომ დიდი პატივია და უზომოდ სასიამოვნო. მეორე წელია, რევიუს ვაგზავნი საკონკურსოდ და ძალიან მომწონს, ჩემი პოსტები Mariefille-ს, სტავროგინის, ბიოს რევიუების გვერდით რომ იბეჭდება.
მადლობა “დიოგენეს“, “არტანუჯს” და “ინტელექტს” მშვენიერი, ინფორმაციული და მოხერხებული ელექტრონული კატალოგისთვის. განა ის მაწუხებს, რამე არ გამომრჩეს-მეთქი – სანამ ოფიციალური ვებგვერდები და ფეისბუქფეიჯები არსებობს, მოლის (და მოლის მკითხველს) ერთი ახალი წიგნიც არ გამოეპარება, – მაგრამ ელექტრონული გზამკვლევი მაინც სხვაა…
მადლობა “დიოგენეს” ფანტასტიკური, ჭეშმარიტად სადღესასწაულო სეილისთვის. კოლეგა ბლოგერს დავესესხები და ვიტყვი, რომ “დიოგენე” ჭირშიც და ლხინშიც ჩემი “დიოგენეა”. ფასზე არასოდეს ვწუწუნებ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, თავად გამომცემლობა რომ ზრუნავს მკითხველზე, ერთგულებას უფასებს და სერიოზული დისქაუნთით ანებივრებს.
ჰო, ბარემ იმასაც გეტყვით, ძვირფასო “დიოგენე”, რომ “პრაღის სასაფლაოს” სოლიდური იერი და ჰარდქავერი მოუხდებოდა და მერე რა, თუ ფასი რამდენიმე ლარით მოიმატებს – ავიტანთ როგორმე.
მადლობა “სულაკაურს” მძიმე შრომისთვის. ეს გამომცემლობა არასოდეს ჩერდება, გამუდმებით გვაწვდის ახალ-ახალ თარგმანს და პალიტრაც ისეთი აქვს, საშენოს ყოველთვის იპოვი… ფანჯიკიძიდან გეიმანამდე, ახალი მურაკამი, წლის 15 საუკეთესო მოთხრობა, კინობიბლიოთეკა და მსოფლიო კლასიკა, ლემი და რუშდი, თანამედროვე ქართული პროზა და უცხოელი მეტრები – რაღაც აუცილებლად დაგაინტერესებს.
მადლობა “აგორას” ფრანგული “პატარა პრინცისთვის”. ჰო, გადავწყვიტე, “პატარა პრინცის” გამოცემები შევაგროვო და თუ მოლის გახარება გინდათ, ამაზე უკეთესს ვერაფერს აჩუქებთ. ენას, ფორმატს და გამოცემის დროს მნიშვნელობა არ აქვს :)
მადლობა “ბიბლუსის” უკრაინელ პარტნიორს. ფასმაც და ხარისხმაც სასიამოვნოდ გამაოცა. იმედია, “ბიბლუსის” ბუქსთორებში ერთი კუთხე ყოველთვის ექნებათ და ახალ-ახალი წიგნების ჩამოზიდვასაც არ დაიზარებენ.
მადლობა გამომცემლობებს ერლენდ რუს, სტიან ჰულეს, ნინო ხარატიშვილის, პატრიკ ვუდკოკის მოწვევისთვის, ყველა გაგებით გემრიელი პრეზენტაციებისა და ავტოგრაფსესიებისთვის. ზუსტად ასეთი რაღაცები ქმნის ფესტივალს, თორემ წიგნის ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება.
მეტი რა გითხრათ… მოლის ბიბლიოთეკის ახალ შენაძენს სურათებზეც ხედავთ. სადღაც მაქვს თავის დროზე წაკითხული, წიგნის ფესტივალზე ფულის დაზოგვა არაფრით გამოდის, მაინც იმაზე მეტს იყიდი, ვიდრე აპირებდიო და, მგონი, მართალია. “კორალაინი” და “პრაღის სასაფლაო”, “პუტინის რუსეთი” და “პატარა პრინცი”, ” ვუდი ალენი და ძია გაბო, ფენტეზი და დეტექტივი, კლასიკა და თანამედროვე პროზა… არა, ფულს სადმე სხვაგან დავზოგავ.
რამდენიმე გამომცემლობას კი მეგობრულად ვურჩევდი, გაეაზრებინათ, რომ სახელგამების, 22-კაპიკიანი უსახური წიგნების, გეგმური განაწილებისა და გეგმური შესყიდვის დრო წავიდა… ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ფეისბუქი, თუ არ სმენიათ, უკვე გამოგონილია და მკითხველთან უშულო კონტაქტიც შესაძლებელია. მეტიც – აუცილებელია. არ დაიზაროთ, ძვირფასებო, მკითხველს მოუსმინეთ და რიგები თქვენც დაგიდგებათ.
დასასრულ, ერთ ამბავსაც გეტყვით: ხმები დადის, წიგნის ფესტივალი საახალწლოდაც გაიმართებაო და წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერამდენე წელია, მაინტერესებს, როგორი შეგრძნებაა, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში რომ დაბოდიალობ და არ გცხელა.
ორჯერ ვიყავი მისული და ორივეჯერ ძალიან გავწვალდი, თუმცა ეს ჩემი ბრალიცაა, თვალი ხან საით გამირბოდა და ხან საით, ვერაფრით მოვახერხე ერთ ადგილზე დადგომა და ადამიანურად კონცენტრირება. თუმცა ჩემი გულიც და უნდა ითქვას რომ ჩემი ბიუჯეტიც (გადახარჯვაც შეიძლება ეწოდოს) ერთმა სრულიად დაუგეგმავმა წიგნმა დაიპყრო და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, რაც კი მქონდა და არ მქონდა ამ წიგნში გადავიხადე. დიდი მადლობა “წიგნებს ბათუმიდან” ^_^ (უფრო სწორი იქნებოდა “წიგნები ბათუმში”ს?! ჰმმ :)) ) მე ძალიან მაგარი, უძლიერესი, უმაგრესი წიგნი შევიძინე, თან არაჩვეულებრივი გამოცემა, ყველაზე მაგარი ხარისხი, ილუსტრაციები და არ ვიცი კიდევ რა ვთქვა. მე მაქვს “молот ведьм” (Malleus Maleficarum), ჰოდა თუ ახალ წელსაც წიგნების ფესტივალი იქნება ჩემზე ბედნიერი კაცი არ ივლის ქვეყანაზე. იმდენი წიგნი დამრჩა შესაძენი :)))
LikeLiked by 1 person
ვაი ეს რა კაი ამბავი გვახარე , საახალწლო ფესტივალიო . რაც მეტი , მით უკეთესი მკითხველებისთვის . სიცხეს და ჩახუთულობას თუ არ ჩავთვლით , წლევანდელ ფესტივალს არაფერი დაეწუნება . კარგი ფასდაკლებები იყო და ბიბლიოთეკაც გავიმდიდრეთ : )
LikeLike
მარკესი მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე, 10 ლარი მეძვირა ერთ დღეში წასაკითხ წიგნში, თან რაც არ უნდა იყოს ფესტივალზე, რომ მიდიხარ ფასდაკლებას ელოდები, თორე ჩვეულებრივ ფასად მაღაზიაში ნებისმიერ დროს იყიდი… ჰოდა ეს უნდა ესმოდეს გამომცემლობას, მითუმეტეს, როცა დღეს უკვე ციფრული რიდერი ბევრს გვაქვს… ყველაზე კმაყოფილი დიოგენესი ვარ, და სიმართლე გითხრა, რომ მცოდნოდა ასეთი ფასდაკლებები ექნებოდათ მოვითმენდი სხვა წიგნებზეც :)
სულაკაურმა სასიამოვნოდ გამაოცა სიახლეებით, თუმცა ფასდაკლება საკმაოდ მწირი ქონდათ…
მე მარტო დღეს მოვახერხე მისვლა, ისიც ბავშვთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ პარკების ტარებაში მეხმარებოდა, მაინც ცოტა დავიღალეთ :) თან მართლა აუტანელი სიცხე იყო.
სასურველი იქნება მომავალ ფესტივალზე ელექტრონული კატალოგის შედგენაზე თავად ფესტივალის ორგანიზატორები თუ იზრუნებენ, იმ წიგნებს რაც შეეხება წინასწარ რომ არ იციან ჩამოუსწრებს თუ არა, იყოს სიურპრიზად, მაგას რა სჯობს :)
მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, ძირითადად მაინც დიოგენეს და სულაკაურის გამო :)
LikeLike
“ინტელექტის” სტენდთან მხოლოდ ცოტახნით შევჩერდი და გავეცალე უცებ, აი “დიოგენე” მართლაც აღნიშვნის ღირსია. ძალიან მომეწონა ახალი წიგნებიც და ფასდაკლებაც :)))
LikeLike
პირველად იყო, წიგნის ფესტივალს რომ დავესწარი, ამიტომ ყოველივე ნეგატიური იმდენად მცირედ მეჩვენება სხვა ყველაფრის გვერდით, რომ ხმასაც არ ვიღებ მაგაზე.
დიდი ხნის ნანატრი წიგნები ჩავიგდე ხელში და უზომოდ გახარებული ვარ ჯერაც, მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, რომ არ დაიწუწუნოს და გაუმაძღრობა არ გამოიჩინოს: კიდევ ბევრი ტკბილი ლუკმა დამრჩა იქ: /
ფესტივალის ზამთარში გამართვა ყველაზე მაგარი ამბავი იქნება: სიცხესა და ჩახუთულობას თავი გავანებოთ, ბიბლიოფილებისთვის მართლა უდიდესი დღესასწაული იქნება წელიწადში ორი წიგნის ფესტივალი^_^
თუმცა მე შემდეგში რამდენად მოვახერხებ დასწრებას, ეგ უკვე აღარ ვიცი..:(
LikeLike
ბოლო წინადადება ჩემთან ძალიან ახლოსაა ;((
LikeLike
ძალიან მოხარული ვიქნები თუ ფესტივალი საახალწლოდაც გაიმართება :)კიდევ ბევრი რამ დამრჩა შესაძენი. “დიოგენეს” მადლობა მშვენიერი ფასდაკლებისათვის, “სულაკაურთან” მინდოდა რამოდენიმე წიგნის შეძანა, თუმცა ვერ მოვახერხე, კარგი იქნება თუ მომდევნო ფესტივალებზე ასეთი მწირი ფასდაკლება არ ექნებათ.
LikeLike
ისეთი სისწრაფით შევქანდი პავილიონში დიოგენეს სტენდთან ხალხი გვერდზე გაიწია არ დაგვეჯახოსო და მეც ეგ მინდოდა))) ვინი ფუუჰით რომ დავიწყე, ვეღარ მაჩერებდნენ))) მოლის რეკომენდაციით ვარდის სახელით და პრაღის სასაფლაო ვიყიდე, არც ერთი არ მაქვს წაკითხული. სტივენ კინგის მიზერი, მწვანე გზა და მსროლელი. ფამუქის სხვა ფერები. რომენ გარის თქვენი ბილეთი ამას იქით აღარ გამოდგება. კიდე რაღაც ვიყიდე და გინდა დაიჯერეთ გინდ არა ვეღარ ვიხსენებ(( პალიტრათი რაღა დაგიმალოთ და ცოტა უკმაყოფილო დავრჩი, მეტს მოველოდი ჩემი ფავორიტებისგან და სავარაუდოდ ფავორიტებში პალიტრას დიოგენე ჩაანაცვლებს. მარტო ფირმა ვიყიდე პალიტრაში. მერე სულაკაურამდე რომ მივედი მოწყენილმა ჩავიხედე საფულეში და მხოლოდ “ულისე” ვიყიდე. არადა იმდენი რამე მინდოდა((( პეპი, კარლსონი, ჩვენც სატკროკელები ვართ(( ბევრზე დამწყდა გული ძალიან
LikeLike
ხმაური და სიცხე, რომ არა, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. თან რა იციან ეს ორ-სამ ხმაში პრეზენტაციის ჩატარება. აქეთ დათო ყვებოდა აკას წიგნებზე და სადღაციდან რატის ხმა ისმოდა :))) მაგრამ წელს მაინც ყველაზე კარგი ფესტივალი გამოვიდა. ამდენი სიახლე და ფასდაკლება არ მახსოვს. განსაკუთრებით, “დიოგენემ” და “სულაკაურმა” “ივაჟკაცეს” :)) საახალწლოდაც თუ იქნება, მთლად უკეთესი. “გამოტოვებები” თითქმის სულ შევავსე ამ ფესტივალზე, მაგრამ ორი სიახლე უკვე მაქვს შეგულებული წლის ბოლოსთვის და ალბათ კიდევ უამრავი დაემატება :)
LikeLike
მომხრე ვააარ,ზამთარშიც იყოს წიგნის ფესტივალი! :)
LikeLike
ეს ფესტივალი გამოვტოვე :( ქვეყნიდან ვიყავი გასული… თუმცა საუკეთესო მეგობრის წყალობით 11 ახალი წიგნი მაინც დამხვდა და თან რა წიგნები :ხელების–ფშვნეტის–სმაილი:
LikeLike
მოლი, “პატარა პრინცის” თარგმანებს აუცილებლად გავითვალისწინებ :)
LikeLike
ზამთარშიც გვინდა ფესტივალი :)))) საახალწლოდ ბევრ გემრიელობებს შეიძენდა კაცი. იმედია გაითვალისწინებენ ორგანიზატორები
LikeLike
სპეციალურად არ ამომიღია ხმა, თქვენ გისმენდით. საერთო სულისკვეთება გასაგებია – ფესტივალი მოგვეწონა, სიცხე – არც ისე. “დიოგენესაც” ყველა ემადლიერება. ვერი ნაის. კონსტრუქციული კრიტიკა საჭიროა და აუცილებელიც კი. იმედია, შემდეგი ფესტი ამაზე უკეთესი იქნება ^_^
LikeLike
რადგან ეგზიუპერის გამოცემებს აგროვებთ, ესპანურენოვანი ვერსია ჩემზე იყოს :))) სიამოვნებით გაჩუქებთ
LikeLike
ბუენოს-აირესიდან <3 უღრმესი მადლობა <3
LikeLike