ქართულ საგამომცემლო სიახლეებს თვალს თუ ადევნებთ, აუცილებლად შეამჩნევდით “სულაკაურის” ცინცხალ პროექტს – ფერად-ფერად კინობიბლიოთეკას.
თუმცა, “შეამჩნევდით” აშკარად არაზუსტი სიტყვაა – მთელი თვეა, ჩემი ბიბლიოფილი მეგობრები აქტიურად განიხილავენ, ბმულებს იზიარებენ, შთაბეჭდილებებს ცვლიან… მოკლედ, ერთ ამბავში არიან.
ჯერ სამად სამი წიგნია გამოსული, სერია ახლაღა იდგამს ფეხს, მაგრამ დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება და რა ჯობია, საინტერესო წამოწყებას პირველივე წუთებიდან რომ ადევნებ თვალს.
ჰოდა, მოდი, ემოციები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ფინჯან ყავასთან ერთად მშვიდად გავარჩიოთ, რა გვაქვს, რას ველით უახლოეს მომავალში და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.
ამგვარი პროექტის განხორციელება სხვებსაც უცდიათ – ბიბლიოფილებისა და სინემანიაკების გულის მოგება ერთობ სარფიანი საქმეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი წარმატებით. კინობიბლიოთეკას კი კოჭებშივე ეტყობა, რომ ხარისხიანი სერიაა დაქოქილი და მკითხველი გაწბილებული არ დარჩება.
ჯერ – დიზაინი; სადა, ფუნქციური, თანამედროვე ბიბლიოსერიის შესაფერი. კაცმა რომ თქვას, ამ წიგნებიდან ნებისმიერს მოუხდებოდა მძიმე, სოლიდური, სასაჩუქრე იერსახე, მაგრამ ამ გამოცემისთვის, ვფიქრობ, ასე ჯობია – მინიმალისტური ელემენტები, არაფერი ზედმეტი.
თავად კონტენტის არჩევანი, ერთი შეხედვით, შეუზღუდავია – ჰიტად ქცეულ ფილმებს რა დალევს… ოღონდ – ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ზოგი ფილმის ლიტერატურული წინამორბედი არც ისე საინტერესოა და მორალურად მოძველებული, ზოგზე თარგმანის უფლება უკვე სხვისია, ზოგის გადმოქართულება დააგვიანებს და მკითხველს ხომ მუდამ ეჩქარება… არც ისე მარტივადაა საქმე და, მე თუ მკითხავ, საინტერესოც კია, როგორ დაკომპლექტდება კინობიბლიოთეკა.
ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გამომცემლები აქცენტს საკულტო, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ფილმებზე სვამენ. მავან კინომოყვარულს, შესაძლოა, “ცისფერი მთები“, “საუზმე ტიფანისთან” ან “ფორესტ გამპი” არც კი წაეკითხოს და ეს, მე თუ მკითხავთ, კინოსერიის კიდევ ერთი დიდი პლიუსია.
თარგმანის პრობლემა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია და იმასაც გეტყვით, რომ პროექტში ნიკა სამუშიას აქტიური მონაწილეობა გარანტიას იძლევა, რომ ხარისხიან საკითხავს უნდა ველოდოთ.
კინობიბლიოთეკის პირველი სამი წიგნი, დარწმუნებული ვარ, უკვე თაროებზე გიდევთ და ნება-ნება აგემოვნებთ. საქმე ის არის, რა იქნება შემდეგი…
ერთი უკვე დევს გამომცემლობის ვებგვერდზე – სტანისლავ ლემის “სოლარისი“, Sci Fi-ს უბერებელი შედევრი, ანდრეი ტარკოვსკის საკულტო ფილმის ლიტერატურული პირველწყარო. ბევრს ალბათ ტარკოვსკის მეორე ფილმიც გაგახსენდებათ… რა გითხრათ, თუ კინობიბლიოთეკაში ძმები სტრუგაცკების “პიკნიკი გზის პირას” მოხვდა, ბაკურ სულაკაურს ძეგლი უნდა დავუდგათ სადმე, მარჯანიშვილის გამზირზე.
მეორეზე ფეისბუქგვერდზე გადაგვიკრეს სიტყვა – ძმები კოენების “მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის” ხომ გინახავთ? ტომი ლი ჯონსი, ხავიერ ბარდემი და ვუდი ჰარელსონი… ჰოდა, ახლა კორმაკ მაკარტის რომანსაც წავიკითხავთ. ფილმი უმაგრესია და წიგნი რატომ იქნება ნაკლები?
აი, მესამე… შემთხვევით გავიგე და სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა. ოღონდ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თარგმნას ახლაღა იწყებენ, მაგრამ, დამიჯერეთ, ამ მშვენიერი წიგნების ფონზეც კი ფანტასტიკური ამბავია და წინ დიდი სიურპრიზი გველის.
რა ინტრიგაა. ახლა სულ იმაზე ვიფიქრებ, ეს მესამე ისაა, რაც მე მგონია, თუ კიდევ უკეთესი :D
გამოსულებიდან ფორესტის გარდა ყველა წაკითხული მაქვს, ამიტომ ბარემ კორმაკსაც დაველოდები და მერე დავიწყებ. მთლად სინემანიაკობასაც ვერ დავიბრალებ, მაგრამ “გავყვები” ამ სერიას. სხვა რომ არაფერი, ლემის გამო ეკუთვნით მადლობა. სტრუგაცკები რომ გამოსცენ, ხომ ძეგლიც ცოტა იქნება :D
LikeLike
ქართულს სხვა ეშხი აქვს :) ჭეიშვილი არ მქონია შინ. ჰოდა, ახლა მაქვს :)
სტრუგაცკები… “ფსიქო” და “პის ცხოვრებაც” იქნებაო, კომენტარებში დაწერეს.
LikeLike
როგორც მოსალოდნელი იყო, მშვენიერი იდეა!! :)
LikeLike
უდავოდ :)
LikeLike
ინტრიგამ უკვე ერთი სიცოცხლე დამასრულებინა:/ :D
ვერ მოვახერხე წიგნის მაღაზიამდე მიღწევა, თორე ფული უკვე საგულდაგულოდ მაქვს გადანახული. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ფილმი მაქვს ნანახი, სამაგიეროდ არც ერთი წიგნი არ მაქვს წაკითხული: ( თუმცა სამივეს ერთად მოვიხელთებ მალე. თან წინ თუ ასეთი სიურპრიზები გველოდება^_^
LikeLike
აი, სულაკაური რომ გამოაცხადებს, გამიხსენე :))
LikeLike
სამივე ფილმი მიყვარს და მეც აუცილებლად მივითვისებ ამ სერიას))) პ.ს. გუშინ დავიწყე მოსამსახურის კითხვა და ჩემმა შვილმა არ დამაცადა არადა ცალი თვალი იქ მრჩებოდა)))
LikeLike
ძალიან კარგ წიგნს კითხულობ, ანო :) ლამის შემეხარბა :)
LikeLike
თუ მაცალეს ბედნიერი ვიქნები))) ხვალე დასვენების დღე მაქვს სამსახურში და ძიძას არ ვუთხარი))) იქნებ წავიკითხო ცოტა)))
LikeLike
“პიკნიკი გზის პირას” თარგმნონ, რა! :(
პ.ს. “სოლარისს” ერთ-ერთი პირველი მე ვიყიდი.
LikeLike
სტრუგაცკები თარგმნონ :( ყველაფერი თუ არა, 4-5 წიგნი მაინც :(
LikeLike
კიდევ გამოვა ,,პის ცხოვრება” და ,,ფსიქო” :)))))
LikeLike
ჰო :) მიწერია კომენტარებში :) “ფსიქო” ძალიან მომწონს და “პის ცხოვრება” არ მინახავს.
LikeLike
P.S სამივე წავიკითხე და ძალიან მომეწონა :)
LikeLike
მე არ წამიკითხავს სხვათა შორის… მაგმა ამ სამიდან მარტო ცისფერი მთები მომწონს ფილმი
LikeLike
შენ ხომ ყოველთვის და ყველაფერში ექსკლუზიურად გამონაკლისი ხარ <3
LikeLike
არა ტიფანი არ მინახავს :) ან შეიძლება ნანახი მაქვს, მაგრამ არ მახსოვს. ბლეიქ ედვარდსის ფილმი ყოფილა და ალბათ კარგი იქნება :))
ფორესტა კი მართლა არ მომეწონა. და რა გადაირია ყველა არ მესმის.
ცისფერი მთები მაგრობაა.
LikeLike
ჰო, მოხუცები არ ვიცი წიგნი როგორია, მაგრამ ის შემთხვევა იქნება, როცა მწერალი ნაკლებია რეჟისორზე.
ნათლიის პონტი იქნება ეგეც.
LikeLike
კინო მხეცობაა და წიგნს იმეორებსო, რელიზში ეწერა.
LikeLike
ძმები კოენების “მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის” ხომ გინახავთ – მე ამაზე შემეკრა სუნთქვა ^_^ ფილმი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია და ძალიან მაინტერესებს წიგნად :)
LikeLike
ამ უიქენდზე ხელახლა ვნახე ფილმი – უმაგრესობაა. ამბობენ, წიგნს ზედმიწევნით მიყვებაო.
LikeLike
მეც აუცილებლად უნდა ვნახო კიდევ ერთხელ. რა მაგარია ^_^
LikeLike
ცისფერ მთებს ვეძებ წლებია წიგნად. :)
კარგია, მომწონს მაგრამე გრე იდეაში ბევრი სხვა გამომცემლობაც გამოცემს იგივე სერიას, უბრალოდ სერიას არ არქმევენ.
აგერ ბატონო “მოსამსახურე”, “საათები” და კიდევ ბევრი რამე.
LikeLike
პრადა, ფირმა და ა.შ.
თხელყდიანი გამოცემებიცაა, კინოლენტით გარეკანზე.
იდეა გავრცელებულია, შესრულებაა მთავარი. პრადა და მოსამსახურე კარგია, საათებს ემდურიან, თარგმანი მოიკოჭლებსო.
LikeLike
რა ინტრიგნული დასასრულია :))
სერიას არ ვადევნებ თვალს სამწუხაროდ :(
LikeLike
შევეცადე :))
LikeLike
არ გაირკვა რომელია? :) თუ ჯერ ადრეა…
LikeLike
ჯერ ადრეა :) ჯერ მხოლოდ “პის ცხოვრება” და “ფსიქოა” ცნობილი :)
LikeLike