ამ წიგნის ამბავი ასე იყო:
სულ ახლახან, თბილისში გამართულ წიგნის დღეზე, მოლის თავგანწირული მარათონი კი უნდა გახსოვდეთ, წესით. ჰოდა, გვიან საღამოს, ქანცგაწყვეტილი, მაგრამ საკუთარი თავით ფრიად კმაყოფილი, ნება-ნება რომ შევექცეოდი ქაფქაფა ყავას და მეგობარს წვრილად ვუყვებოდი ჩემი დიდი გადარბენის პერიპეტიებს, სიტყვამ მოიტანა და ერთი წიგნიც ვახსენე, გამომცემლობა “ინტელექტის“ სტენდზე რომ მოვკარი თვალი და რაკი არც სათაური და არც ავტორის სახელი არაფერს მეუბნებოდა, სინდისის ქენჯნის გარეშე ავუარე გვერდი.
ამის თქმა იყო და ჩემმა მეგობარმა ზუსტად ისე შეგვიცხადა მე და ჩემი ბიბლიოთეკა, როგორც დეიდა ნინამ – იანგული ალექსანდრიდი და მემწვანილე მამამისი: რასაა, რომ ამბობ, ამ წიგნს, მერამდენე წელია, დღისით-მზისით სანთლით დავეძებ; რას ჰქვია, შეგხვდა და არ იყიდე, სირცხვილი შენო.
“ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის“ უქონლობა თეთრი ლაქაა შენი ბიბლიოთეკისთვისო, – გამომიცხადა ბოლოს.
აბა, რომელი თავმოყვარე ბიბლიოფილი მოითმენდა ამას? ჰოდა, მეორე დღესვე გავვარდი და ის ჩემი ცოდვით სავსე სულ ციმციმ მოვარბენინე შინ.
გადავშალე და… ისე შემომეკითხა, ვერც კი გავიგე.
ბავშვობაში თავგადასავლების ტრფიალი რომ ვიყავი, კი იცით; რა გული გამიძლებდა, ჭაბუკას ცხრამთასიქითა ქვეყანაში სამოგზაუროდ არ წავყოლოდი? ჰოდა, იმისთანა ამბები გადაგვხდა თავს, თქვენი მოწონებული. მეფის კარზე ობერფლორმაისტერებადაც ვიმსახურეთ, ოქროს გალიაც ვხეხეთ, უბერებელი ჩიგიდ XVI-ის საიდუმლოც ამოვხსენით და დატყვევებული დროც გავათავისუფლეთ. რა თქმა უნდა, ახლომახლო ერთი იმათგანიც ტრიალებდა, მუდამ ავი რომ უნდათ და საბოლოოდ მაინც კარგი გამოსდით, თორემ შავ მაგიასთან ჩვენ ორი რას გავხდებოდით. არა, მთელი კატის ნახტომი კი გვეხმარებოდა, მაგრამ მაინც…
ახლა, ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით, დანარჩენი ადექით და თავად წაიკითხეთ.
აი, ისეთი წიგნია, საბავშვო რომაა და არც არის; სადიდოა და – არც მთლად სადიდო. სევდას და ღიმილს ერთად რომ მოგგვრის. გულს თან რომ დაგიმძიმებს და თან გაგითბობს. პოლიტიკური სატირაო, ლიტერატურათმცოდნეები იტყვიან. კი ბატონო, იყოს, მაგრამ მე სხვა რამეების გამო უფრო მეგემრიელა. გადავხედე ამ ჩვენს ქართულ ლიტერატურას, გადმოვხედე და ამ წიგნის ბადალი მარტო “სალამურას თავგადასავალი“ გამახსენდა, “სალამურაზე“ კიდევ, ისე ვიტყვი, წარბს არ შევიხრი – შედევრია.
წიგნს ამონარიდი ერთვის გიგა ზედანიას შესანიშნავი წერილიდან, რომელიც თავის დროზე “ანაბეჭდში“ გამოქვეყნებულა, მე კი ახლაღა ვიპოვე lib.ge-ზე და სულმოუთქმელად ჩავიკითხე. ჰოდა, იმ წერილში ძალიან მაგარ რამეს ამბობს გიგა:
ლიტერატურის სიმდიდრე იზომება არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი შედევრებით, რომლებიც ამ ენაზე დაწერილა, არამედ ასევე კარგი უცნობი წიგნებით, რომელთა შესახებაც მხოლოდ ნამდვილმა მკითხველებმა უწყიან.
ბიჭი ხარ და შეედავე.
ავტორის, ლევან ბოლქვაძის შესახებ მაკა ჯოხაძის ბოლოთქმაშიც წაიკითხავთ, მე კი, ჩემი მხრივ, ამასღა დავამატებ: “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ ბავშვობაში რომ ჩამვარდნოდა ხელში, ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი გახდებოდა, წყალი არ გაუვა ამ ამბავს. კარგი საბავშვო წიგნები კიდევ, გეცოდინებათ, მთლად სადიდო წიგნებივითაა, ოღონდ უფრო უკეთესი. ჰოდა, ბავშვობის წილი სიყვარულით ახლა რომ შემიყვარდეს, ვითომ რა უშავს?
არც არაფერი უშავს :))
რა ცუდია, რომ არ მსმენია ამ ავტორის და წიგნის შესახებ.
LikeLike
არც მე მსმენია :(
ჩავინიშნე და პირველივე თვალისმოკვრისთანავე ვყიდულობ. მადლობა მოლის ასეთი აუცილებელი ინფორმაციისთვის.
LikeLike
სალამურა შედევრია!გემრიელი, ტკბილი და ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ქართულ ენაზე დაწერილა!
LikeLiked by 1 person
არც მე ვიცოდი აქამდე :)
სალამურა შედევრია, გვანცა. უდავოდ :)
LikeLike
დატყვევებულ დროზე მომო გამახსენდა, ნეტა მაგის გავლენა ხომ არ არის? :) პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს. ენივეი, კარგია რომ ასეთი კარგი რამეები ხდება.
LikeLike
ცუდად რომ ვხედავ, ეს ძველი ამბავია, მაგრამ “ინტელექტის” სტენდთან მთლად დავბრმავდი – “ოქროს გალია” ვერ შევამჩნიე და “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი” რომ გამომრჩა, რა გასაკვირია :)) არადა საინტერესო ჩანს – სათაურმა “დაუსრულებელი ამბის” ასოციაცია გამოიწვია :)
LikeLike
მეც ენდეს შედევრი გამახსენა წიგნის სათაურმა და წაკითხვა ამადაც მომანდომა.
LikeLike
ხო, მეც ენდეს “მომო” ვიგულისხმე.
LikeLike
“მომო” არ ვიცი – კარგია? “დაუსრულებელმა ამბავმა” მომხიბლა ძალიან
LikeLike
კი, არაჩვეულებრივია. იქაც მოპარულ დროზეა, რომელიც პატარა გოგო მომომ უნდა დაუბრუნოს “პატრონებს” :)
LikeLike
ჩავინიშნე :)
მადლობა, მაგა
LikeLike
არაფრის.
LikeLike
რაც შეეხება “მომოს” და გავლენებს.
ავტორი 1924 წელს არის დაბადებული. 21 წლის დააპატიმრეს და გადაასახლეს. ცოცხალი კი დაბრუნდა (ოთხმოცდაექვსში გარდაიცვალა) მაგრამ არა მგონია, ისეთი დალხინებული ცხოვრება ჰქონოდა, ენდე და სხვა საბავშვო ფენტეზი ეკითხა.
დატყვევებული დროის გამოხსნა და ამუშავებული საათი, როგორც ახალი ეპოქის დაწყების სიმბოლო, გავრცელებული სიუჟეტური ხერხია და აი, ახლა, რამდენიმე საბჭოთა საბავშვო ფილმი მახსენდება, სადაც ზუსტად ეს ხდება. თუნდაც ბურატინო ან ელექტრონიკის თავგადასავალი.
LikeLiked by 1 person
მე არაფერი “დამიბრალებია”, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, ეჭვი :)
ფაქტები რომ მცოდნოდა ეს არც ვარაუდი იქნებოდა და შესაბამისად არც კითხვის ნიშანს დავსვამდი ..
LikeLike
არა, კაცო, რაის დაბრალება. ჩვეულებრივი დისკუსიაა, მეტი არაფერი. პლიუს, გავლენები სულ არ არის ცუდი რამ. გავლენები კარგია და მისასალმებელი და ახლა ბევრგან გვხვდება.
LikeLiked by 1 person
მოკლედ სამწუხაროდ მხოლოდ დღს აღმოვაჩინე ეს საიტი და საბედნიეროდ ჯერ წინ მაქვს ბევრი პოსტის წაკთხვის ბედნიერება))) თუმცა დღეს ისე მოვცდი სამსახურში რა მეშველება არ ვიცი))) 2013 წლის პოსტებიც გადავიკითხე. ველოდები შაბათ-კვირას, რომ გემრიელად ჩავუჯდე. დღეიდან თქვენი ერთგული მკითხველი და მეგობარი ანო :*
LikeLiked by 1 person
მადლობა და ველქამ, ანო :)
LikeLike
საინტერესო წიგნი ჩანს, შენი პოსტიც თავისებურ ხიბლს ჰმატებს..
LikeLike
წიგნი ძალიან საინტერესოა :) პოსტისთვის მადლობა :)
LikeLike
ძალიან ვისიამოვნე, მოლი. მადლობა ამ რეკომენდაციისთვის :)
LikeLike
[…] – ტყვეობის ორმოცდათოთხმეტი დღე“ წარდგენაა და მაკა ლდოკონენის საჯარო ლექცია […]
LikeLike