ცოტა უცნაური კია, ფავორიტი მწერლის გაცნობას ფილმით რომ იწყებ, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ტყუილს ხომ არ ვიტყვი.
დიდი ხნის წინ, სოფელში ვნახე, ადამისდროინდელ შავ–თეთრ ტელევიზორში. შონ კონერი, გულის ამაჩუყებლად ნორჩი კრისტიან სლეიტერი და ერთი გადასარევი გოგო, რომლის ვინაობა დღესაც არ ვიცი. ფილმს “ვარდის სახელი” ერქვა და, როგორც მერე გავარკვიე, უმბერტო ეკოს რომანის მიხედვით იყო გადაღებული.
იმ დროს რომანები კი არა, სახელმძღვანელოები ჭირდა და “ვარდის სახელს” სად ვიპოვიდი; ისევ საჯაროს საცავებში გულმოდგინე ქექვის შემდეგ მივაგენი ძველ რუსულ თარგმანს წითელი ყდითა და ურიცხვი კომენტარით; აკადემიური გამოცემა იყო, ეგრე კი ნუ უყურებთ.
მერე ბიბლიოფილმა მეგობარმა A4 ფორმატის ფურცლებზე მიკროსკოპული შრიფტით ამობეჭდილი “ფუკოს ქანქარა” მათხოვა და, მგონი, იმ “ქანქარას” გადაყვა კიდეც ჩემი მხედველობა, მაგრამ არ ვნანობ, დედას გეფიცებით – აშკარად ღირდა.
სამაგიეროდ, ახლა ეკოს წიგნები “ქინდლშიც” მაქვს და ყველაზე საპატიო თაროზეც მიწყვია.
ექვსი რომანის ავტორია (ჯერჯერობით). ცოტა არ ეთქმის, მაგრამ მკითხველის გული, ხომ იცით, უძირო ჭაა და დროდადრო ლიტერატურულ პორტალებს სასოებით ვსქროლავ, ეგებ რაიმე სანუგეშოს წავაწყდე-მეთქი.
სამაგიეროდ, ეკო–პუბლიცისტია ფრიად ნაყოფიერი და, მოლის ლიტერატურულ გემოვნებას თუ ენდობით, ეკო–რომანისტზე არანაკლებ გემრიელად იკითხება.
ჯერ – “მინერვას მუყაო” – იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებული; მერე -“არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა”, ეკოს დიალოგი ჟან პოლ კარიერთან, რომანისტსა და ისტორიკოსთან, ბუნიუელის, გოდარის, ვაიდას, ფორმანის ფილმების სცენარის ავტორთან (ერთი წიგნის ფასი მარტო გარეკანი აქვს, მე თუ მკითხავთ); “ჯოისის პოეტიკა“; “ახალგაზრდა რომანისტის აღსარება“; “სრული სვლით უკან“… იმსიგრძე ნუსხაა, ნახევარს ვერ დაიმახსოვრებ. ჰოდა, თარგმნიან ეს რუსული გამომცემლობები ნება–ნება და რაღაცები ჩვენამდეც აღწევს.
ზოგი მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში მოიპოვება და “ქინდლში” მიდევს პატიოსნად. “ბაბილონური საუბარი“, მაგალითად, ან “შიდა რეცენზიები“. ორივე შედევრია, ჩემი მოკრძალებული აზრით. გადახედეთ, არ ინანებთ.
ღრმად პატივცემული ეკოს შემოქმედება ჩვენს მშობლიურ ენაზეც მოგვეპოვება და ამაზე რომ არაფერი ვთქვა, თავი უმადური მეგონება.
პირველად იყო სიტყვა… კი არადა, პირველად “ვარდის სახელი” იყო და რამდენჯერაც იმ ბუთქუნა წიგნს გადავშლი, ხათუნა ცხადაძეს ვლოცავ. ისეთი თარგმანია, ისეთი, რომ რა გითხრათ… დედანში მე არ წამიკითხავს და დანარჩენს ყველას მირჩევნია, ინგლისურის ჩათვლით.
პრეზენტაციაზე ვერ მივედი (as always) და მეორე დილით თბილისის ლამის ყველა მაღაზია შემოვირბინე. ორი ეგზემპლარი მინდოდა. ერთი – საჩუქრად. ჰოდა, ყველგან მიმეორებდნენ – გვქონდა და ეს წუთია, გავყიდეთო.
სამაგიეროდ, ახლა ჰარდქავერიც მაქვს და რბილყდიანი რეპრინტიც. პოკეტბუქად რომ გამოუშვან, იმასაც ვიყიდი. აი, ასეთი ხარბი ვარ და არ დამიწყოთ ახლა, სიხარბე მანკიერი თვისებააო – მაინც ვერ მომაშლევინებთ.
მეორე გემრიელობა სინიორ ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერაა. “დიოგენეს ბიბლიოთეკის” მშვენება. ავტორები ხომ არიან და არიან; თემაც – საინტერესოზე საინტერესო, ყოვლისმომცველი და ინტიმური: რწმენა და რელიგია. წარმატებისთვის განწირულიო, ასეთ წიგნებზე ამბობენ.
ჰო, “პრაღის სასაფლაოს” თარგმანზე საუბრობენ საგამომცემლო კულუარებში. დიდი ხანია, საუბრობენ, ჯერ იმედის მომცემი არაფერი ისმის, მაგრამ კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეცო, ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ.
აი, “ფუკოს ქანქარის” ქართული თარგმანისთვის, მზად ვარ, გამომცემელს, მთარგმნელს, რედაქტორს და დიზაინერს ერთად მივყიდო სული…
ჰოდა, სანამ ქართულ ეკოს ველოდებით, ამ ბმულს გადახედეთ. სულ ცინცხალი თარგმანია, მორიგი Non fiction მალე გამოდისო და ერთი თავი დაუდვიათ დასაგემოვნებლად.
რა დამთხვევაა :)
ზუსტად ახლა შევუდექი ეკოს. რა თქმა უნდა, მაგნუმ ოპუსით – “ვარდის სახელით” დავიწყე :)
LikeLike
მე <3 ასეთი დამთხვევები.
ქართულად კითხულობ?
LikeLike
კი, ქართულად :)
და ვტკბები. მე რომ მიყვარს, ისე მიდის ზუსტად :)
LikeLike
იშვიათად გემრიელი თარგმანია.
LikeLike
ჰო, ასეთ საიუველირო ნამუშევარს ვეძახი. თითოეული სიტყვით რომ ტკბები:) თან ეს ლათინური ფრაზები <3
LikeLike
იეს :)
LikeLike
“ფუკოს ქანქარისა” და “პრაღის სასაფლაოს” ქართულ თარგმანს მეც ველოდები და დიდხანს თუ გაწელეს, მომიწევს, ალბათ, რუსულად წაკითხვა… “ვარდის სახელი” არანორმალურად მომეწონა – სიუჟეტზე მეტად თხრობის ტემპით, სტილით, ეპოქის ცოდნითა და აღწერით.
ხო, და პოსტიც მომეწონა, რასაკვირველია :)
LikeLike
ალბათ ძალიან არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თარგმანია. აბსოლუტურად პროფესიონალური შესრულება.
LikeLike
მოლი , ”ვარდის სახელის ” ეკრანიზაცია მოგეწონა ? მე იშვიათად ვინტერესდები ხოლმე წაკითხული წიგნების ეკრანიზაციით , რომ მერე შთაბეჭდილება არ შემეცვალოს ((( ამ ფილმზეც რამდენი ხანია თავს ვიკავებ .
LikeLike
მომეწონა, კი :) ძველი ფილმია და კარგი.
წიგნი, ცხადია, ბევრად მოცულობითია და ღრმა. მაგრამ ფილმს ეს არ აკნინებს.
LikeLike
ახლა ყველაზე ნაკლებად ეკო მადარდებს, მაგრამ მაინც უნდა დავაკომენტარო. ნოდარ ლადარია გვეუბნებოდა ერთ–ერთ ლექციაზე, “ფუკოს ქანქარა” შემომთავაზეს სათრგმნად, თან ისეთი მცირე ჰონორანით, რომ მე თვითონ შემრცხვაო. ხოდა, ამ კაცის თარგმანები რომ ვიცი, გული მიჩერდება.
პ.ს. ხოდა თქვე ოჯახქორებო, შეგეთავაზებინათ უფრო მეტი ამ ნიჭიერი კაცისთვის და ხომ გვექნებოდა ახლა ამ უმაგრესი რამის თარგმანი და იმ ფულსაც ამოიღებდით , რა იქნებოდა აბა. ჟმოტობითა ჩვენითა .
LikeLiked by 1 person
აფსუს. არადა, რა გემრიელად აქვს “ჩიპოლინო” ნათარგმნი.
LikeLike
ჩიპოლინოც და “ხელებიც” და კიდევ ბვრი რამ. აი ეგრე .
LikeLike
ვაი მე, შევაგროვებთ ჩვენ ფულს და ტარგმნოს ოღონდ. სული ვის მივყიდო თორემ კი, როგორც ვატყობა გადაიდო მაგის თარგმნა (
LikeLiked by 1 person
ეს პოსტი იყოს საწყისი ამ ორი წიგნის თარგმნის დაწყების პროცესისა. კოსმოსში ჩვენი ვედრება გავგზავნეთ და მალე დაგვიბრუნდება წიგნად გადაქცეული <3
LikeLike
:D
ვუერთდები კოსმოსში ვედრების გამგზავნელთა სიას :)
LikeLike
სინიორ უმბერტოს non-fiction-ზე აუგი როგორ წამომცდება, მაგრამ მე მაინც “რომანისტი” ვარ და დაგვიწეროს კიდევ რამე… კი ვიზოგავ, მაგრამ ორიღა დამრჩა და ეჭვი მაქვს, მალე “შემომეკითხება” :)
LikeLike
ჯერ ართარგმნილ წიგნებზე რაღა ვთქვა, ”ვარდის სახელამდეც” ვერ მიმიღწევია: ( არადა იმდენი მსმენია ეკოზე. მარტო ეს პოსტი რად ღირს. მოკლედ, ეს პოსტი იყოს მოწმე იმისა, რომ მალე მეც გავიცნობ ბატონ ეკოს.
LikeLike
ჩემდა სამარცხვინოდ ჯერ არ წამიკითხავს, ამ ზაფხულს ვაპირებ :)
LikeLike
მოსალოცად გქონია საქმე :) სადღაც შემშურდა კიდეც :)
LikeLike