23 აპრილი წიგნის დღეა.
კაცმა რომ თქვას, ბიბლიოფილებისთვის ყოველი დღე წიგნისა არ არის? და კალენდარში წითლად მონიშვნა სულაც არ სჭირდება, მაგრამ იუნესკოს ამბავი ხომ იცით – ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ, გამოფენები გავმართოთ, საჩუქრები დავარიგოთ, ლამაზი და მხიარული ტრადიციები დავნერგოთო…
შექსპირის და სერვანტესის გარდაცვალების დღეა და, სადაც სამართალია, ბიბლიოგურმანები ისედაც უნდა აღნიშნავდნენო.
ჰოდა, ზეიმობენ ასე, თითქმის ოცი წელია.
ყველგან, სადაც წიგნები უყვართ – რომშიც, პარიზშიც, მადაგასკარზეც და თბილისშიც.
ქართულ წიგნის დღეს პირველად სამი წლის წინ დავესწარი – ახალწამოჩიტული ბლოგერი გახლდით და ასეთ საკბილოს ხელიდან როგორ გავუშვებდი; დედაენის ბაღში ვიბოდიალე, კარგ მუსიკას მოვუსმინე, კარგი ხალხი ვნახე და მოწონებული წიგნებიც წამოვაყოლე ხელს.
ჰოდა, ტრადიციაც დამკვიდრდა. მადლობა ღმერთს და კრეატიულ ხალხს – 23 აპრილს ყოველთვის რაღაც ხდება. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მკითხველებს რომელიმე ბაღში ან სკვერში უყრის თავს; მაღაზიები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გეგმავენ, გამომცემლობებს საგანგებოდ მომზადებული სიახლეები გამოაქვთ – ერთი ამბავია, მოკლედ.
თან ჩვენი წიგნის დღე თბილისის წიგნის ფესტივალის ერთგვარი რეპეტიციაა, აპერტაიზერივით რომ მოგვართმევენ ხოლმე – აპრილის ბოლოს მცირე “ფესტი” ეწყობა, მაისის მიწურულს კი – ოთხდღიანი ბიბლიოორგია.
არც წელს დაგვწყვიტეს გული – იმდენი რამაა ოცდასამში დაგეგმილი, ერთ პოსტში როგორ ჩავატიო, არ ვიცი. პოსტს ვინ ჩივის, ის დროა, ოთხშაბათისთვის ჰერმიონის დროის მდევარს ვეძებდე.
“წიგნები ბათუმში” ხომ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ბავშვებს (და უფროსებს) ზეიმი მოუწყოს. წიგნის დღეს პატარა მკითხველებსაც უმასპინძლებენ, მსუყე ფასდაკლებებიც ექნებათ და უსაჩუქროდ არც ერთ სტუმარს არ გავუშვებთო, ამასაც გვპირდებიან.
“დიოგენეს” კოხტა საფირმო ბუქსთორში ოცპროცენტიანი დისქაუნთია – თუ ახლომახლო მოხვდით, შეიარეთ, არ ინანებთ.
ქარჩხაძის გამომცემლობაში გადასარევი ამბებია – იუბილე აქვთ, 10 წლისანი ხდებიან და ყველა მკითხველს და გულშემატკივარს “Book City“-ში ეპატიჟებიან – მრგვალ თარიღს განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღვნიშნავთ და ჩვენს წიგნებზეც არნახული ფასდაკლება გვექნებაო.
ბიბლიოაურზაურის ეპიცენტრი, ტრადიციისამებრ, პუშკინის სკვერშია. ოცდასამში, დილიდან საღამომდე, გამომცემლობები სტენდებს გამოფენენ. უამრავი წიგნი შემოგვემატა ამ ბოლო დროს და გემრიელი დისქაუნთი ნამდვილად არ გვაწყენს.
“ბიბლუსი” ბუშტებით და ყვავილებით მორთული ველოსიპედებით მოედება ქალაქს და ბევრზე ბევრ წიგნს დაარიგებს საჩუქრად, მაღაზიებში კი თხუთმეტპროცენტიანი ფასდაკლება დახვდება მკითხველს. ფრიად გონებამახვილური გასართობიც მოუფიქრებიათ – დარტსს დადგამენ და განსაკუთრებით ხელმარჯვეებს 80 პროცენტამდე ფასდაკლების მოგების შანსს მისცემენ. კიდევ მოიფიქრებენ რაღაცებს, ოცდასამამდე ჯერ დროა…
“აჩუქე წიგნი!”-ა წლევანდელი წიგნის დღის დევიზი და მართლაც, რა მოხდება, 23 აპრილს ერთმანეთს წიგნები რომ ვაჩუქოთ?
არც განსაკუთრებულ ორგანიზებას მოითხოვს, არც კატასტროფულ ხარჯს… წინასწარ შეიგულებ სასურველ გამოცემას, იყიდი, საყვარლად შეაფუთვინებ და ოცდასამში ადრესატს მიართმევ. სანაცვლოდ შენც წიგნს მიიღებ – მე თუ მკითხავთ, რიტუალის საუკეთესო მხარე სწორედ ეს არის :)
წიგნები ისედაც არ გვაკლია, მაგრამ ხომ იცით, ნაჩუქარს სულ სხვა ეშხი აქვს.
ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება და ვინ იცის, იქნებ წელს საუკუნოვან ტრადიციას ვუყრით საფუძველს…
ერთი სიტყვით, მე მითქვამს და გამგონემ გაიგონოს – ოცდასამში საჩუქრად წიგნს ველოდები :)
რატომღაც ფესტივალს უფრო “ვაფასებ” ხოლმე – ალბათ სახლთან რომ მაქვს, იმიტომ :) მაგრამ წლევანდელი იდეა მომწონს – სიამოვნებით ვაჩუქებ და ვიჩუქებ წიგნს :) რამდენიმე სიახლე მაინც “შესამატებელი” მაქვს :)
LikeLike
მე ორივე მომწონს. თან, ერთი აპრილშია და მეორე – მაისში. ერთმანეთს ხელს არ უშლიან.
LikeLike
სად ვარ მე ამ დროს, სად: (
LikeLike
ბათუმში ჩადი, ვამპირ.
LikeLike
ჩვენი გამომცემლობები და ბუქსთორები არ გვაწყენენ, რა სჯობს ამას!
მით უმეტეს, ჩემნაირებისთვის, ხანდახან წიგნების მაღალ ფასს რომ მოიმიზეზებენ ხოლმე :)
LikeLike
ფასდაკლება ჩემთვისაც მშვენიერი მოტივატორია :)
LikeLike
უჰ, რა კარგი დღეები გველის მოლი <3
LikeLike
უმაგრესი <3
LikeLike
უუჰჰ რა სიამოვნება იქნება . ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ ჩანთით ახალ წიგნებს რომ სახლში მივაცუხცუხებ ხოლმე . თან წიგნების სტენდებთან ბოდიალს არაფერი მირჩევნია . ყველა ბიბლიოფილისთვის ხელსაყრელი და სასიამოვნო ფასდაკლებებია და აწი ჩვენ ვიცით : )))))) მიხარია .
LikeLike
შენ ნამდვილი ბიბლიოფილი ყოფილხარ, ლიზბეთ :)
LikeLike
ძალიან კარგი, წიგნიც და ადრესატიც ამორჩეული მყავს :))))
LikeLike
მაგრობაა :)
LikeLike