მოლის ბლოგზე, ამ ბოლო დროს, ერთი სასიამოვნო და სასარგებლო ტრადიცია დამკვიდრდა – თქვენი მასპინძელი დროდადრო გამომცემლობებს ეხმიანება და მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სიახლეების გრძელზე გრძელი სია მოაქვს.
დღეს იმ წიგნებზე ვაპირებ მოყოლას, აპრილის თვეში რომ გამოჩნდება მაღაზიებში და, ბიბლიოფილებო ამა ქვეყნისა, ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.
“პალიტრა L“-ს გონკურის პრემიის ახალი მფლობელის – მიშელ როსტენის “შვილი” გადმოუქართულებია; 21 წლის გარდაცვლილი ბიჭის ამბავი, თავად რომ ყვება სიკვდილის შემდეგ, ამო საკითხავი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინ თქვა, რომ წიგნები მხოლოდ გასართობად იწერება? თემაა ისეთი, გულგრილად გვერდს ვერ აუვლი; ავტორსაც უვარგია – საუკეთესო დებიუტისთვის გონკურს ასე ჰაიჰარად არავის აძლევენ; ჰოდა, ვნახოთ და განვსაჯოთ.
“პალიტრას” მეორე სიახლეზე ბევრი ლაპარაკი, მგონი, ზედმეტიც კია; ჯონ გრიშემის “ფირმაც” ძალიან კარგად გეცოდინებათ და ამ გადასარევი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიც, ტომ კრუზით მთავარ როლში. “ფირმის” რუსული თარგმანი “ქინდლში” მიდევს და აგერ გადმოქართულებულსაც ვეღირსეთ. ჯერ ყდაა ისეთი, მარტო ამის ხათრით იყიდი… თან პალიტრას ეს სერია მომწონს. “მოსამსახურეო”, “სტამბოლელი ნაბიჭვარიო”, ფილიპ როთის “ადამიანური ლაქაო”, ეშმაკის და პრადას ამბავიო… ახლა იურიდიული თრილერიც. მოკლედ, რაც კარგია, კარგია – ვერაფერს იტყვი; თაროზე ჩაწიკწიკებულებს რომ გავხედავ, მალამოდ მეცხება გულზე.
“დიოგენეს” ოთხი ისეთი წიგნი ჩაუფიქრებია სააპრილოდ, არც კი ვიცი, რომელით დავიწყო. ჯულიან ბარნსის “ფლობერის თუთიყუში” ხომ იცით? “დიოგენეს ბიბლიოთეკას” რომ დაემატა შარშან. ჰოდა, ბარნსის კიდევ ერთი, 2011 წელს დაწერილი რომანი გადმოუქართულებია ზაზა ჭილაძეს; “დასასრულის განცდას” ფრიად დამაინტრიგებელი ანოტაცია აქვს და ბუკერის პრემიაც დაუმსახურებია – არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი.
კიდევ ნობელიანტ სოლ ბელოუს “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” – კონექტიკუტელი მილიონერის აფრიკული დაუნშიფტინგის ისტორია და აბო იაშაღაშვილის “ოსმალური მარში” – საფათერაკო რომანი, მე-19 საუკუნის ტფილისის ამბებით და ძალიან საინტერესო პერსონაჟებით.
მთავარი ნიუსი კი მაინც “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილია – სტივენ კინგის თითების ჩასაკვნეტ ქართულ სერიას ლეგენდარული რვატომეული ემატება. “მსროლელს” წუთისწუთზე ველოდებით მაღაზიებში. ნიკა სამუშიას თარგმანია, არ დაგავიწყდეთ და ყდაზე ნიკას გვარი რომ უკვე ხარისხის ნიშანია, კი გეცოდინებათ.
“სიესტას” ერთი პრეზენტაცია ახლახანს ჰქონდა – მკითხველს გიორგი კეკელიძის ახალი პოეტური კრებული წარუდგინა. პოეზია ჩემთვის დელიკატესია და ვცდილობ, მხოლოდ საუკეთესო შევარჩიო. ჰოდა, ეს ” პოეზია 2008-2103″-ც ზუსტად ასეთია – დახვეწილზე დახვეწილი და უგემრიელესი.
მეორეს – დავით ზურაბიშვილის ესეებს – სულ მალე გამოამზეურებენ.. ავტორის წინათქმა გადავიკითხე და სიტყვაზე მენდეთ – თუ შიგთავსიც ასეთია, ძალიან საინტერესო non fiction ჩაგვიგდია ხელთ და ეგ არის.
“წიგნები მთელი ოჯახისთვისო”, ტყუილად კი არ აწერია “სულაკაურის” საფირმო ჩანთებს; ამ გამომცემლობაში უმცროსებიც ახსოვთ და უფროსებიც; ყველაზე პატარების ისედაც ტევად თაროს აპრილიდან ფერად-ფერადი, უხვად ილუსტრირებული და ფრიად სახალისო ზღაპრები შეემატება; მთავარი სიურპრიზი კი სინემანიაკებს გაახარებს – ამ გაზაფხულზე კინოსერია დაიქოქა, თან ხმაურიანად და საინტერესოდ – “ცისფერი მთებით”, “ფორესტ გამპით” და ტიფანისთანაც მიგვიპატიჟეს საუზმეზე; ახლა, სამ წიგნზე რომ არ შეჩერდება ეს ამბავი, ცხადზე ცხადია და ბიბლიოფილ სინემანიაკებს, მგონი, ახალი გასართობი გამოგვიჩნდა – იმის გამოცნობა, შემდეგი ტომები რომელ კინოშედევრს დაეთმობა.
ლოგოს პრესი “პრინცესების საყვარელი ზღაპრების” გამოცემას აპირებს; მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო და ყველასთვის საყვარელ ზღაპრებს ერთი ყდის ქვეშ მოაქცევენ. აქეთ ჰენზელი და გრეტელიო, იქით თოვლის დედოფალიო, წითელქუდაო, კონკიაო… პრინციპი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუმცა, სულო ცოდვილო, და რატომღაც მგონია, რომ ამ პრინცესების ზღაპრებში ჩაჭყეტვაზე პრინცებიც არ იტყვიან უარს.
“ინტელექტი” თამაზ ჭილაძის “უკვდავების ათინათს” გამოსცემს. ამ კოხტა წიგნში ჩვენი ყველა მწერალია გვერდიგვერდ – იაკობ ხუცესიდან ოთარ ჭილაძემდე. “ინტელექტი სკოლას” კი ჰქვია სერიას, მაგრამ, ვფიქრობ, ზრდასრული მკითხველიც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს.
“არტანუჯი” სპორტულ სერიას აგრძელებს და მერე როგორ აგრძელებს… თვიდ სერ ალექს ფერგიუსონის “ჩემი ავტობიოგრაფიით”. ახლა სპორტულ გემოვნებაზე, კი იცით, არ დავობენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, აშკარად ყველაზე საინტერესოა, რაფა ნადალთან ერთად.
აი, ასეთი გეგმები აქვთ ჩვენს გამომცემლობებს სააპრილოდ და მე თუ მკითხავ, – არც ისე ცოტაა, მკითხველს არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს და არც ისე ბევრი, დაიბნე და რამე გამოგრჩეს. თან, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნაწილია – მთელი თვეა წინ და ვინ რა სიურპრიზს გვიმზადებს, კაცმა არ იცის. აგერ, სულაკაური ორი იმისთანა თარგმანის გამოცემას გეგმავს, ლამის არის, კალენდარზე დღეების გადახაზვა დავიწყო…
ვაუ, აი, მესმის!!!
პირველ წიგნს რა დასამახსოვრებელი ყდა აქვს <3
LikeLike
ფირმას აქვს სუპერ ქავერი :)
LikeLike
”ფორესტ გამპსა” და ”ბნელ კოშკს” რამდენი ხანია ველოდები^_^ ყველაზე მეტადაც ეგენი გამიხარდა. თუმცა კინოსერიით სრულად დაინტერესებული ვარ და ყველას შევიძნებ დროდადრო. ”ფირმის” შესახებ კი მხოლოდ ახლა გავიგე და ამასაც დავიმახსოვრებ. პალიტრამ როგორ გამოასწორა გარეკნების საქმე: )
LikeLike
შენ ეგა თქვი :)
LikeLike
ნეტავ, ‘არტემაც’ მიხედოს გარეკნებს – Game of Thronesს ასეთი ქავერი ეკადრება?!
LikeLike
ან ასეთი თარგმანი….
თუმცა, თავად “არეტეს” და “არეტეს” გულშემატკივრებს რომ ჰკითხო, იდეალური თარგმანია. იდეალური დიზაინი, და, საერთოდ, ასეთი ხარისხიანი პროექტი იშვიათობაა. უბრალოდ, ჩვენ ვერ ვაფასებთ :)
LikeLike
მოლი, როგორ მიყვარს ეს რუბრიკა შენს ბლოგზე <3 კინგის 'ბნელი კოშკის' სერიამ განსაკუთრებით გამახარა. შევიძენ გამოსვლისთანავე და ჩავუსაფრდები შემდეგ ტომებს.
შენ კი დიდზე დიდი მადლობა პოსტების ამ სერიისათვის.
LikeLike
ანუ, ტყუილად არ ვწერ ^_^
კინგს მეც განსაკუთრებით ველოდები. თან, სავარაუდოდ, უკვე მალე იქნება.
მადლობა, ტაბუ :)
LikeLike
გადასარევი, ჩავინიშნავ ახლა დობს დარწმუნებული ახალ წიგნებსაც ^_^ შაბათს სულაკაურის გამომცემლობას დავესხი თავს და აკას ბოლო 3 წიგნი გამოვაყოლე ხელს :)
LikeLike
მორიდებული ზურმუხტი, წიგნებზე მწერლებზე და, ალბათ, ქართულის რვეულები :)
LikeLike
სტივენ კინგი <3 ვაჰ, რა მაგარი ამბავია ^^
LikeLike
დზალიან :))
LikeLike
ჩემს სახლშიც უნდა დაგითმო ერთი-ორი კედელი შენი თაროებისთვის.
LikeLike
რა მაგრობაა ^_^ დასაწყისისთვის მეყოფა ორი კედელი :)
LikeLike
მომწონს ეს ყოველთვიური ტრადიცია. პოსტის გახსნამდე goodreads-ს ვხსნი, რამე რომ არ გამომრჩეს ^_^
ბარნსი არ ვიცოდი და დამაინტერესა.ბარემ ბელოუ და კინგიც გამოვიდეს და სამივეს ერთად “მივხედავ”. მაინც ვერ მოვაბი “ბნელ კოშკს” თავი და ასე ნაწილ-ნაწილ უფრო წავიკითხავ :)
“პალიტრამ” რაც ახალი კურსი აიღო, ბევრად საინტერესო გახდა. 49-50-ეულები უკვე ყველას მობეზრდა…
სულაკაურის ახალი სერია იმედისმომცემად გამოიყურება. ისეთ წიგნებსაც თუ მიაყოლებენ, ფილმი რომ არ მაქვს ნანახი, მთლად უკეთესი იქნება :))
LikeLike
დიოგენეს ძალიან საინტერესო ოთხეული აქვს სააპრილოდ. ნუ, კინგი კინგია, მაგრამ არც ის სამია გასატარებელი, იმჰო.
კინოსერიას “ნათილიას” და “კუკუშკას” თუ დაუმატებენ, გადასარევი იქნება. ოღონდ, რამდენად მოახერხებენ ამას, არ ვიცი. სხვა გამომცემლობებისაა.
პალიტრას ახალი ხაზი აქვს იმ ორმოცდაათიანების პარალელურად და ძალიან მომწონს. აშკარად რაღაცები შეცვალეს.
LikeLike
მაგრად მომწონს ეს რუბრიკა..respect:)
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
<3
LikeLike
შენ რომ არ გვყავდე !!!
მართლა …
ვოცნებობ როდის მექნება ცოტა მეტი თავისუფალი დრო რომ 1 წიგნის წაკითხვას 2–3 თვე კიარა 2–3 დღე მოვანდომო.
მაგრამ არადა არ დადგა ეს დრო :(
და ამიტომ შენი პოსტებით ვივსებ სიცარიელეს
LikeLike
სადაც კი რამე ხდება, ყველაფერი შენი გასაშუქებელია და რას მოიცლი, თაა :)))
LikeLike
:*
სხვათა შორის შენი ბოლო პოსტი ვნახე და აღმოვაჩინე რომ კინგის არაფერი წამიკითხავს :)
LikeLike
მოსალოცად გქონია საქმე :) ოთხი ბუთქუნა წიგნია ნათარგმნი უკვე და ახლა “ბნელი კოშკი” დაიწყეს. დიდი სიამოვნება გელის წინ :)
LikeLike
ჯინ ჰექმანითაც თან…
თუმცა, რაღა “ც” :)
LikeLike
იეს :)
LikeLike