ორიოდე თვის წინ, თუ გახსოვთ, “პალიტრა L“-მა ამერიკული “თაიმის” საუკეთესო პუბლიკაციების გამოცემა დააანონსა.
ამაზე პოსტშიც მოგიყევით. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატსა და ხარისხზე წარმოდგენა არ მქონდა, მაინც რაღაც საინტერესოს მოლოდინში ვიყავი – ჩემს მგრძნობიარე ცხვირს მიხვედრილობა მართლაც რომ არ დაეწუნება.
მერე ჩაფიქრებული გამოცემის გარეკანის ფოტოც გამოაქვეყნეს, ამას დამაინტრიგებელი ვიდეოანონსიც მოჰყვა და ერთი კვირის წინ ფერადი მოსაწვევიც მომივიდა – პრეზენტაციაზე გეპატიჟებითო.
ასეთ ღონისძიებებზე მოხვედრას, სამსახურის გადამკიდე, იშვიათად ვახერხებ, მაგრამ ამჯერად ვიყოჩაღე და დათქმულ დროს “მარიოტის” შესასვლელთან ვიდექი.
არც მინანია – საქსოფონს მოვუსმინე, ღვინო დავაგემოვნე და ხელს ქართული “TIME”-ის პირველი წიგნიც გამოვაყოლე – “დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე”.
ჰოდა, აგერ მიდევს, მაგიდაზე. მშვენიერი ხარისხის. რა, რა და პოლიგრაფიის ამბავი ასეთ პროექტებში “პალიტრას” არ ეშლება.
პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ძალიან ბევრი ფოტოა. მერე როგორი ფოტოები – შტეფან ცვაიგი და მისი მეუღლე post mortem, ავსტრიის ერცჰერცოგი ფერდინანდი და ჰერცოგინია სოფია სარაევოში, სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფრანკლინ დელანო რუზველტის არაპროტოკოლური, შინაურული ფოტო, ორსონ უელსი CBS-ის ლეგენდარული რადიოეთერის დროს… არ მიყვარს ბანალური გამოთქმები, მაგრამ მართლა გადაინაცვლებ ერთი საუკუნით უკან..
ახლა, მხოლოდ იმდროინდელი სელებრითებით რომ ვერ ააწყობდნენ ალბომს, გასაგებია – ჩვეულებრივი, ყოფითი კადრიც ბევრია და ეპოქის სულიც მშვენივრადაა გადმოცემული. მილიტარისტული თემა ჭარბობს, მართალია, მაგრამ რას იზამ – დრო იყო ასეთი. ოღონდ საუკუნის დასაწყისის ტანკების, აირწინაღიანი ჯარისკაცებისა და სასაცილოქუდიანი გენერლების გვერდით საოჯახო ტექნიკის ფოტოკატალოგიცაა, “კრაისლერის” დეტროიტის ქარხანაში გადაღებული სურათიც, რადიოც, სვინგიც და მოცეკვავე გოგონებიც.
ეს ყველაფერი როდია – “თაიმის” ძველი ნომრების ქავერები, კარიკატურები და ვინიეტებიც უხვადაა; თუ vintage ნახატები, კინოაფიშები და კარიკატურები, სარეკლამო პოსტერები და სააგიტაციო პლაკატები ჩემსავით მოგწონთ, დიდი სიამოვნება გელით.
კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დრამატული ასწლეულის ამ მონაკვეთის ქრონიკა ცვაიგის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის, ჯონ მორგან-უმცროსის, ელეონორ რუზველტის და სხვა თანამედროვეთა “ჩვენებებით” შეუდგენიათ – კაცმა რომ თქვას, უკეთეს მოწმეებს ვერც ინატრებ. ჰო, ყველაზე საინტერესო ალ კაპონეს ვრცელი ინტერვიუა, მილიარდელთა შთამომავლის კორნელიუს ვანდერბილტ-უმცროსისთვის რომ მიუცია თავის დროზე.
ნიუ-იორკის ბირჟის კრახის ამბებსა და “დიდი დეპრესიის” ეპოქას ცალკე ნაწილი ეთმობა და იქვეა “მიგრანტთა დედის” – დოროთეა ლანჟის სულისშემძვრელი ფოტოსურათის ისტორიაც.
ბოლოში ეპოქის ფილმოგრაფია და ბიბლიოგრაფიაა – თუ მეტის გაგებას მოინდომებთ, ესენი ნახეთ და წაიკითხეთო.
მოკლედ, ასეთია ეს ჩვენი გადმოქართულებული “TIME”-ის პირველი წიგნი. მეორე ფაშიზმზეა (ასეც ჰქვია) და იოლი წარმოსადგენია, როგორი ინტერესით ველოდები; ისიც ვიცი, ეს ნაწილი წინაზე მძიმე რომ იქნება, მაგრამ მაინც… და ერთსაც ვიტყვი ბარემ – მე ვინ მეკითხება, მაგრამ “ფლეიბოის” ასეთი პროექტიც ძალიან მაგარი იქნებოდა.
ეეჰ, მეც ვიყავი პრეზენტაციაზე :)
LikeLike
მშვენიერი პრეზენტაცია იყო :) მოკლე და კომპაქტური.
LikeLike
პოსტის კითხვა ბოლოში არ მქონდა გაყვანილი, “ელვა.ჯი”-ში რომ დავრეკე და 3 თვიანი გამოწერა შევუკვეთე :)
LikeLike
რა მაგრობაა :)
შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო :)
ჰო, დღეს უკვე მეორე წიგნი გამოვიდა – ფაშიზმი. ჯერ არ დამითვალიერებია, მხოლოდ ქავერი ვნახე და შთამბეჭდავია ფრიად.
LikeLike
ძალიან კარგი პროექტია
LikeLike
დეტალებს დახვეწენ და, საბოლოო ჯამში, მართლაც ძალიან კარგია.
LikeLike
უთავბოლოობის გამო ერთად უნდა ვიყიდო ორივე გამოსული ნომერი. არ მინდა მაგის გამაზვა
LikeLike
მესამე ნომრიდან ჩაჯექი რიტმში :) 8 ლარი ღირს პირველ კვირას. ნამდვილად არ არის გასამაზი გამოცემა.
LikeLike
ვაჰ ფაშიზმზე?
ალბათ ნეოზე.
ძველზე მე ვწერ პოსტს ახლა. :)
LikeLike
ძველზე, მილორდ. ძველი ნომრების რეტროსპექტივაა. 33-45 წლის ამბებზეა.
პ.ს. მანდ ვერ დაგიწერე, კომენტარები გათიშული გაქვს და ასე არც ერთი შენი შაბათის პოსტი არ მომწონებია. უმაგრესობა იყო ^_^
LikeLike
ჩემი მოგონილი რომ იყოს, კიდე უკეთესი იქნებოდა :)
LikeLike
ნუ მაინც :)
LikeLike