უავტოგრაფო წიგნებს თითქოს რაღაც აკლიათ, თითქოს ავტორს პირველი ფურცლის დაწერა დაავიწყდაო.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა – ორიოდე თვის წინ ქართული “ფეისბუქი” ერთი ბიჭის ამბავმა წალეკა – სოფელში ვცხოვრობო, წიგნები მიყვარსო, ყველა პრეზენტაციას ვესწრებიო, შვიდი ათასი წიგნი უნდა შევაგროვო და ყველა – ავტოგრაფითო.
თუ არ ვცდები, სოფლის ბიბლიოთეკისთვის ჩუქებას აპირებდა.
ავტოგრაფებით დამშვენებული ტომეულები ბიბლიოთეკას ალბათ მოუხდება კიდეც, მაგრამ კერძო კოლექციისთვის ამდენი სამახსოვრო ხელმოწერა ნამეტანი მგონია.
გასაგებია, თანამედროვე ტრენდია – ცინცხალი გამოცემები პრეზენტაციებზე განსაკუთრებული ფასდაკლებით იყიდება და ერთგული მკითხველი ფავორიტი ავტორის ავტოგრაფსაც იღებს საჩუქრად. ასეა მთელ მსოფლიოში და გასაკვირიც არაფერია, მაგრამ შვიდი ათასი?! ავტოგრაფი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ან საყვარელ მწერალს უნდა გამოართვა, ან განსაკუთრებით გულში ჩავარდნილ წიგნზე მოაწერინო ხელი და ასეთი კრიტერიუმებით რომ მიუდგები, ათასობით ფაქსიმილეზე ლაპარაკი, მგონი, ზედმეტია.
შინ, თაროებზე, წიგნები მაკლია-მეთქი, ვერ ვიტყვი; მაკლია კი არა, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, ოჯახის წევრების დეპორტაცია და ახალი თაროების მიჭედება რომელი ოთახიდან დავიწყო; მაგრამ სულ რამდენიმეა ხელმოწერილი და ყველას განსაკუთრებული ისტორია აქვს.
ნატო დავითაშვილის წიგნები მაქვს ჩაწიკწიკებული ავტოგრაფებით. მახსოვს, ერთ-ერთზე მაკლდა და დახმარება ყოვლისშემძლე ლიბიკას ვთხოვე. იმანაც არ დაიზარა, ბუთქუნა ტომი ჩანთით ატარა და ავტოგრაფით დამშვენებული დამიბრუნა. ჰოდა, ახლა, იმ წარწერას რომ დავხედავ, ნატოსთან ერთად მადლობას ლიბიკასაც ვუთვლი.
ნინო თარხნიშვილის ძველი მკითხველი ვარ და გასაკვირი ის იქნებოდა, “სათაური 37-ე გვერდზე” სამახსოვრო წარწერის გარეშე მქონოდა. კრებულის პრეზენტაციაზე სამსახურიდან მივქანდი; ნაცნობებიც ვნახე, მშვენიერ ღვინოსაც გავუსინჯე გემო. ნინოს იმხელა რიგი ედგა, ძველი კავშირები რომ არა, მიღწევა ნამდვილად გამიჭირდებოდა… ქევანას ავტოგრაფიც მინდოდა, მაგრამ მომერიდა…
კიდევ მიხო მოსულიშვილის “ვაჟა-ფშაველა” – სრულიად არაორდინარული ილუსტრირებული ბიოგრაფია, ავტორის მოთხოვნით მაგარ ყდაში რომ ჩასვეს – მთებში, იალაღზე წასულ მწყემსებს აბგაში არ გაუფუჭდეთო. პრეზენტაციაზეც გახლდით შარშანწინ, მართალია, კინაღამ დავიკარგე, სანამ მივაგნებდი, საეჭვოდ დაბურულ-დაჩრდილულ კიბეებზეც ვიბოდიალე შებინდებულზე, თან შეშინებული ვაცეცებდი თვალებს. სამაგიეროდ მშვენიერი წიგნი წამოვიღე კოხტა მინაწერით.
“ინსომნიას” სადებიუტო კრებულზე ცხრაჯერ მაინც მოვყევი, მაგრამ აქაც ვიტყვი – ისეთი ავტოგრაფებით დამშვენებული ეგზემპლარი მერგო, ისეთი გემრიელი რაღაცები დამიწერეს ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, გახსენებაზე ახლაც ცხვირს ვაქსუტუნებ.
ჰო, ზუსტად “ინსომნიაზე” ვიფიქრე, მოდი, სურათებს გადავუღებ და საქვეყნოდ მოვიწონებ-მეთქი თავს, მაგრამ მერე გადავიფიქრე – ავტოგრაფი უაღრესად პირადი, უაღრესად ინტიმური ტექსტი მგონია, მხოლოდ შენთვის რომ შეთხზეს და გამომზეურებით ხიბლი ეკარგება.
და რუსო… იმ დროიდან ვკითხულობ, ოქროს კალამს მხოლოდ ბლოგს რომ ახარჯავდა. მერე, ახალ “წეროზე” გააგზავნა ტექსტი და 248 კონკურსანტიდან თხუთმეტ საუკეთესოს შორის მოხვდა; მშვენიერი კრებულიც გამოსცეს და ზუსტად ის კრებული მაჩუქა ხელმოწერით. შინაარსს არც ამჯერად გავახმაურებ, მაგრამ უამისოდაც გასაგებია, რომ ყველაზე მეტად ეს ავტოგრაფი მეამაყება.
კიდევ რამდენიმე მწერლისა და პოეტის ავტოგრაფს ვიქონიებდი დიდი სიამოვნებით და თუ ქვეყანა არ დაიქცა, ამასაც მოვახერხებ. ახლა, შვიდი ათასზე მე ვერ ავალ და, მგონი, არც არის საჭირო…
მშვენიერი თაიგულია, მოლი :)
LikeLike
[…] წიგნი სასიამოვნო ექსკლუზივით […]
LikeLike
ნატოს ავტოგრაფი არ მაქვს მე. არც ყველა წიგნი, მაგრამ გამოვასწრებ :)
LikeLike
მე მარტო დიანა იანსეს ავტოგრაფიანი წიგნი მაქვს, ისიც სხვამ სთხოვა და მერე ჩემი წიგნიც მიაყოლა ზედ. ასე მგონია, ავტოფრაფს უფრო მაშინ აქვს აზრი, როცა მწერალი ცოტათი მაინც გიცნობს. სხვა შემთხვევაში რაღაც ფაქსიმილიასავითაა და ყველა მსურველს შეუძლია მოიპოვოს.
LikeLike
მეც ასე მგონია :) კიარადა, ასეა :)
LikeLike
არა მგონია, შვიდი ათასი წიგნი სტანდარტულ ბინაში დაეტიოს :))) ავტოგრაფი უკვე “გამოცდილი” მწერლის წიგნს “უხდება” – რომ ყიდულობ და უკვე იცი, რა სიამოვნება გელოდება. თუნდაც ლილეს ამბებს :))
LikeLike
:))
“წეროზე” შენ წამაქეზე. საერთოდაც, ხშირად მაძლევ სტიმულს საწერად და მადლობა კიდევ ერთხელ, მოლი ბლუმ :)
LikeLike
იმიტომაც მეამაყება ეს კრებული :)
LikeLike
მე კიდევ ეგ ამბავი არც კი ვიცოდი და სულ ახლახანს გავიგე :) ჩამოვრჩი ცხოვრებას :/
LikeLiked by 1 person
ეგ იმის ბრალია, მე რომ არ ჩამოგირეკეთ მეგობრებს, არიქა, წეროს ფინალში გავედი და ხმა მომეცით-მეთქი :))
LikeLike
ხომ უნდა მცოდნოდა მაინც? :(
LikeLike
:)
სამაგიეროდ, არც გული მიფანცქალებდა ლოდინით დაჯილდოვებაზე, არც სიტყვის მომზადება დამჭირვებია და არც იმედი გამცრუებია, ზუსტად რომ ვიცოდი, არავისთვის მითხოვია ხმა მომეცით-მეთქი :) ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ და ხმა არ მოუციათ :))
ეგეთი რაღაცებისადმი ჩემი დამოკიდებულება ხომ იცი :) სამაგიეროდ, გამიხარდება ახლა თუ წაიკითხავ :)
LikeLike
ვიცი, ვიცი შენი დამოკიდებულება :) მე ის ვიგულისხმე როგორ გამომრჩა, ყველაფერს ჩამოვრჩი მეთქი :)
LikeLike
არც ერთი წიგნი არ მაქვს ავტორის ავტოგრაფით. არადა ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ, აი ახლა დავფიქრდი და სპეციალურად ჩემთვის გაკეთებული წარწერით მაქვს ზუსტა 0 წიგნი.
LikeLike
აი, ოდესმე თუ ნამუსზე ხელი ავიღე და ერთი პატარა, თხელტანიანი კრებული მაინც გამოვეცი, გექნება :)))
LikeLike
მაგას ნამუსზე ხელის აღება არ სჭირდება რუსა და პირობა, პირობაა :))) ველოდები ^^
LikeLike