კვირას ძალიან მაგარ გადაცემას ვუყურე.
საღამოს ცხრაზე, გაგანია პრაიმტაიმში, არც კინო გამხსენებია, არც ფეხბურთი, არც ჩემი საყვარელი მულტფილმები; ვიჯექი და პირველ არხს თვალს ვერ ვაცილებდი.
არ გეგონოთ, პულტს ვაწვალებდი და მოულოდნელად გადავაწყდი რამე საინტერესოს – წინასწარ მქონდა დაგეგმილი; ყველა სხვა გასართობი გადავდე და კარიც საიმედოდ მოვიხურე – ხელი არავინ შემიშალოთ-მეთქი.
“ჩემი წიგნის” პირველი ნაწილი იყო და აბა, როგორ გამოვტოვებდი.
უჩემოდაც მშვენივრად გეცოდინებათ, მაგრამ ვაითუ გამორჩა ვინმეს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – BBC-ს ტელეპროექტია – ყველა ქვეყანა თითო წიგნს ირჩევს და საქართველომაც თავისი ფავორიტი უნდა წარადგინოს.
ეს არაჩვეულებრივი ბიბლიოაურზაური 2 მარტს დაიწყო პრეზენტაციით და პირველი ეტაპი ოთხ თვეს გაგრძელდება; ფორმულა მარტივზე მარტივია – სრულიად საქართველო სამოც ყველაზე საყვარელ წიგნს შეარჩევს, მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩება და სწორედ ისინი იბრძოლებენ რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულისთვის.
ლიტერატურულ გადაცემას, გინდა ტელევიზიაში და გინდა რადიოში, ხელის წაკვრა რომ სჭირდება, ძველი და სამწუხარო ჭეშმარიტებაა, ოღონდ “ჩემი წიგნი” ისე დაიქოქა, აშკარად ბარე ორს აჯობებს; საუკეთესო სატელევიზიო დრო, ქართული გამომცემლობების სრული ჩართულობა და, რაც მთავარია, მკითხველ-მაყურებლის აქტიურობა იმედის მომცემია და დანარჩენს ჩვენი თვალით ვნახავთ…
ჰოდა, იმას გეუბნებოდით – ყველა საქმე განზე გადავდე-მეთქი, დავჯექი, მოვიდგი გვერდით ფინჯანი ყავა და ვუყურე.
პრეზენტაცია მშვენიერი გამოდგა – რატი ამაღლობელმა ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ლამის ყველა ქართული გამომცემლობა შეკრიბა; “დიოგენემ” სელინჯერის “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში” წარადგინა, “სულაკაურმა” – “მე წითელი მქვია”, “არტანუჯმა” – ახლად გადმოქართულებული “მცველნი გრაალისა”, “პალიტრა L-მა” – “დიდი გეტსბი”… “ინტელექტმა” ჯილად ბეკეტის “გოდოს მოლოდინში” აირჩია, “სიესტამ” – ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში”, ქარჩხაძის გამომცემლობამ – საბავშვო “ვეფხისტყაოსანი“, “ლიტერამ” – აკას “მელიქსეთბაშის თბილისი”, “ზებრა გრუპმა” – “საბას” ნომინანტი – ცოტნე ჩიქოვანის “ცხოვრების გზაზე”, ელექტრონულმა “საბამ” – ზურაბ ქარუმიძის გახმაურებული “ბაში-აჩუკი ანუ მობი-დიკი”…
კაცმა რომ თქვას, მარტო ეს წიგნები შეინახავდა ერთ თავმოყვარე პროექტს, მაგრამ სხვებიც იქნება და ერთიმეორეზე უკეთესებიც – აქეთ – “პატარა პრინციო”, იქით – პოტერიადაო, ნატო დავითაშვილის მკითხველები “ლურჯი სუფრის მოცეკვავის” წარდგენას გეგმავენ, “პალიტრა L-საც” აქვს სიურპრიზები… ამას მკითხველთა შერჩეული წიგნებიც დაუმატეთ. ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დავივლით და ყველას ხმას მოვაგროვებთო, რატიმ.
მოკლედ, ცხვირი მიგრძნობს, რაღაც ძალიან საინტერესო ხდება. ჩვენი გამომცემლობები კრეატივის სიმცირეს ისედაც არ უჩივიან, ასეთი მეგაპროექტისთვის კი ალბათ განსაკუთრებულად გამოიდებენ თავს. აგერ, “სულაკაურს” ფავორიტი წიგნის მხარდასაჭერად ორჰან ფამუქი მოუწვევია (არ მითხრათ, უბრალო დამთხვევააო), სხვებიც მოიფიქრებენ რამეს და რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია, რომ მოგებული ისევ ჩვენ დავრჩებით.
ჰო, მოგებაზე გამახსენდა – ახლა, შენი წიგნი ასეთ მასშტაბურ პროექტში რომ გაიმარჯვებს, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ საკითხავად იქცევა და ამ ქვეყანას მსოფლიო ბიბლიოფორუმზე წარადგენს, ძალიან მაგარი შეგრძნება უნდა იყოს და არა მგონია, რომელიმე გამომცემლობამ ამაზე უარი თქვას. კონკურსი კონკურსია, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და საპატიო, ოღონდ მთავარი მაინც სხვა რამეა.
დალოცვილო, წამოწყებაა იმისთანა, თვალში რომ ჩაგივარდეს, თითს არ ამოისვამ და მთლად კოკა-კოლას მსგავს თუ არა, რამენაირ რეკლამას და პიარს მაინც არ იმსახურებს?! წიგნებზე კატასტროფულად ცოტას ვლაპარაკობთ – რადიო “შოკოლადის”, ლევან ბერძენიშვილის და მარი ბექაურის პროექტების გარდა სხვა ლიტერატურული გადაცემა არც მახსენდება. არადა, წიგნებზე საუბარს, უდიდესი სიამოვნების გარდა, სარგებელობაც დიდი მოაქვს – ვიღაც დაინტერესდება, ვიღაც წიგნის მაღაზიას მიაკითხავს, ვიღაც ხელახლა გადაშლის უკვე წაკითხულ რომანს, ასეთი რა ნახეს, მე რომ გამომრჩაო… ტელევიზორს ბავშვებიც უყურებენ და იმაზე კარგი რა უნდა იყოს, პატარა მკითხველს ახალ წიგნს რომ აღმოაჩენინებ… ერთი გაცვეთილი ფრაზის არ იყოს, ამ კონკურსს დამარცხებული არ ეყოლება, გამარჯვებით კი მკითხველები გავიმარჯვებთ.
ხმას, ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ ვაძლევთ. დღეიდან უკვე კლუბებში გაწევრიანებაც შეიძლება. ახალი პროექტი ნელ-ნელა გახურდება. კვირა საღამოს, ცხრა საათზეა, არ გამოტოვოთ დ არც თქვენი წიგნების არჩევა დაგავიწყდეთ – აშკარად ყველაზე სასიამოვნო არჩევნებია :)
როგორ მთრგუნავს კონკურსში გამარჯვებული “ერთი წიგნის” წარმოდგენაც კი….მე არ მინახავს.
LikeLike
ძალიან მომეწონა იდეა :)
თანაც დიზაინი ერთი ჩემი კარგი ნაცნობის გაკეთებულია <3
ჩემი აზრით, ძალიან გემოვნებიანი, დახვეწილი და სასარგებლო ჩანაფიქრია :)
ჰოდა, შენიშვნაც მართებულია, წიგნებზე ცოტას ვწერთ და ვლაპარაკობთ!
LikeLike
მსგავსი შეჯიბრებები არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვნებდები :)) ოსტაპ ბენდერისა არ იყოს, ყინული დაიძრა და ხმას როგორ ამოვიღებ. ოთხი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელაც რომ ვისაუბროთ ლიტერატურაზე, უკვე კარგია. აქეთ გამომცემლობები წამოგვაშველებენ ახალ წიგნებს, იქეთ ლევან ბერძენიშვილს და მარი ბექაურს “დაგვაწევს” რადიო “შოკოლადი” და “წიგნიერების წელიც” გამოგვივა :)
LikeLike
ვუყურე და ძალიან მომეწონა,აი ძაალიან)) რა წიგნებიც გამომცემლობებმა წარმოადგინეს 5 უკვე წაკითხული მაქვს,ამიტომ ვენდე საბას და გუშინ ვიყიდე ზურაბ ქარუმიძის – “ბაში-აჩუკი ანუ მობი-დიკი” და მართლაც ძალიან კარგია… სულმოუთქმელად ველოდები კვირა დღეს)
LikeLike
მე ვერ მოვახერხე ნახვა. ისე ძალიან მაინტერესებს.
მართლა დიდი სიმცირეა გადაცემებზე, სადაც წიგნებზე საუბრობენ :(
რადიო “ცხელი შოკოლადის” გადაცემა წიგნების გარდა არც არაფერი მახსენდება.
ისე თავად ლევან ბერძენიშვილს სიამოვნებით მოვუსმენდი ამ პროექტში.
LikeLike
არ მინახავს, მაგრამ რეკლამა ვნახე, :) კარგია ზოგადად ყველაფერი, რაც წიგნის კითხვას მოდურს გახდის. პალიტრასპროექტიც კი კარგი იყო ამ თვალსაზრისით.
ფეხბურთის არგახსენებაზე არაფერს დავწერ :)
LikeLike
ისე, ნთქვამია ერთი – რუსებმა რისი აწყობაც არ უნდა დაიწყონ, ბოლოს კალაშნიკოვის ავტომატი გამოსდითო.
ასეა ჩვენი საქმეც – რა წიგნებიც არ უნდა დავასახელოთ, ბოლოს ვეფხისტყაოსანს ავირჩევთ მაინც :)
LikeLike
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგრე არ მოხდება :(
LikeLike
ძალიან მომეწონა გადაცემა, მეორეს და პირველს ერთად ვუყურე. ბავშვები დასვა უნდა და აყურებინო. თან რატი ძალიან მიყვარს
LikeLike
მეც მაგას ვამბობ :)
LikeLike