მოლის წიგნებზე წერა ყველაფერს რომ ურჩევნია, ბლოგოსფეროს საზღვრებს მიღმაც კი იციან, მაგრამ დგება ხოლმე ისეთი დროც, როცა ყველა სხვა თემა განზე უნდა გადადო – მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და არა მთვარიდან ჩამოვარდნილი ადამიანი.
უკრაინის ამბებმა გვარიანად კი გაგვამწარა, მაგრამ გაკვირვებით არც არავის გაგვკვირვებია – რუსის ბუნება ასეთია, შიმშილით მოკვდება და მეზობელს არ გაახარებს; არც ველიკოდერჟავული მადა შემცირებია და თვალიც სხვისი მიწისკენ ძველებურად უჭირავს.
“ორი რუსეთის” მითის არ მჯერა და არც ის მგონია, კულტურა რამეს შველოდეს – დოსტოევსკის და პუშკინს რომ შესძლებოდათ, ეს ქვეყანა აქამდე უნდა გაკეთილშობილებულიყო; ამათ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე არ ადარდებთ და სხვისი რა სათქმელია.
სიკვდილი ისეთი აქლემია, ყველას კართან დაიჩოქებსო, ნათქვამია. ჰოდა, სანამ ჩვენ, ყოვლად მშვიდობიანი პროფესიის ხალხს, ჟანგმოდებული თოფების მხარზე გადაკიდება და ტალახიან სანგარში ჩაწოლა მოგვიწევს, მოქალაქეობრივი პოზიციიდანაც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა – ესეც თავისებური იარაღია და ნუ დაგვავიწყდება, რომ ევრომაიდანზე სწორედ სამოქალაქო ერთობამ გაიმარჯვა.
ხვალ, თერთმეტ საათზე, სპორტის სასახლესთან შეკრებაა დაგეგმილი – ატოცში ლამის ჭიშკართან აკრული მავთულხლართები უნდა გავაპროტესტოთ. მე მივდივარ და თქვენც თუ წამოხვალთ, ძალიან გამიხარდება.
ოღონდ მთავრობისკენ ქვების სროლას ახლა მაინც ნუ დავიწყებთ – ყველას თავისი მოეკითხება, ძველსაც და ახალსაც. ეს ქვეყანა მოქალაქეებისაა და მოქალაქეებმა უნდა მოვუაროთ.
ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო. გმირულ თავდადებას და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას ჯერ არავინ გვთხოვს. უბრალოდ, ხვალ არ უნდა დავიზაროთ, სხვა საქმემ არ უნდა შეგვიყოლიოს, სიცივემ და გზამ არ შეგვაშინოს, წავიდეთ და ერთად დავდგეთ იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა.
“მთავრობისკენ ქვების სროლას ახლა მაინც ნუ დავიწყებთ – ყველას თავისი მოეკითხება, ძველსაც და ახალსაც. ეს ქვეყანა მოქალაქეებისაა და მოქალაქეებმა უნდა მოვუაროთ.”-ზუსტად! მთავრობები მოდიან და მიდიან, რჩებიან მხოლოდ მათი შეცდომები და მოქალაქეები, რომლებიც ებრძვიან მათ დატოვებულ შეცომებს.
LikeLike
ნეტა სადმე ახლოს ვიყო, ჩემს წვლილს მცირედით მაინც შევიტანდი: / თუმცა იმედი მაქვს ბევრი იქნება ისეთი, ვინც არ დაიზარებს მოსვლას.
LikeLike
[…] იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა […]
LikeLike
ქვების სროლა უფრო ადვილია. არადა, საუკეთესო ნაბიჯი ის იქნებოდა, “მთავრობები” და სხვა პოლიტიკური პარტიები ერთად რომ გაგზავნიდნენ წარმომადგენლებს უკრაინაში და დააფიქსირებდნენ, რომ მათ გვერდით კონკრეტული მთავრობა კი არა, მთელი ერია და ვინც არ უნდა გახდეს ხვალ “მთავრობა”, მაინც ასე იქნება… ასევე მავთულხლართებსა და ზოგადად ოკუპაციის თემაზე… მთავარი ერთობა რომაა, უკვე მერამდენედ დავრწმუნდით…
LikeLike
<3 <3 <3
LikeLike
მადლობა, ბავშვებო ^_^
LikeLike