ექიმმა, სერიოზული არაფერიო. ბრონქიტია და თავს მიხედეო.
მეც დავუჯერე, ცოდვა გამხელილი ჯობია და არცთუ უწადინოდ – ბოლოს ავადმყოფობის და ლოგინში კოტრიალის უფლება როდის მივეცი თავს, აღარც მახსოვს. სამსახურს დავეთხოვე, ფუმფულა ბალიშები შემოვიწყვე; ვწევარ ჩემთვის, წამლებს მორჩილად ვყლაპავ, გვერდით ტელევიზორის პულტი მიდევს, რის სანახავადაც აქამდე დრო არ მრჩებოდა, ყველაფერს ერთად ვუყურებ და ვერაგ დაავადებას ასე ვებრძვი.
აქვე ვაღიარებ, მთლად უსიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის, ოღონდ, ბულიონით და გრეიპფრუტის წვენით თავმობეზრებულს, გემრიელი სასუსნავი მენატრება. თან ისე, რომ სხვა რაღაცებზე ფიქრის თავიც არ მაქვს, წერის ხომ – მით უმეტეს… ჰოდა, დღეს თქვენც ამაზე მოგიყვებით – აჭარულ ხაჭაპურზე.
თავიდანვე გეტყვით – ხაჭაპური ყველანაირი მიყვარს: იმერული – ჟანრის კლასიკა; მშობლიური მეგრული, კვერცხგადასმული და ყველმოფხვნილი; ლაზური – ზემოდან შემოწყობილი სულგუნის ვეებერთელა ნაჭრებით; ფენოვანი, ლაღიძის წყლებს რომ ვაყოლებდით ბავშვობაში; დეიდაჩემის საფირმო, მაწვნით მოზელილი… ასე განსაჯეთ, სკოლის სასადილოს “ყველიანი ხელით” გაკეთებული მინიატურული ხაჭაპურებიც კი გემრიელად მაგონდება. მაგრამ აჭარული სულ სხვაა…
ზუსტად ვერ გეტყვით, როდის გაჩნდა ეს გემრიელობა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, სულ იყო, ბავშვობის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა – ვანილის ნაყინთან, რძის კოქტეილსა და მულტფილმებთან ერთად. “ინტურისტის” კაფე “ექსპრესში” აცხობდნენ დილაობით და შაბათ-კვირას და იმ ბედნიერ დღეებში, სკოლაში რომ არ მიხდებოდა წასვლა, სწორედ იქიდან საგანგებოდ მომარჯვებული ლანგრით მოვაცუხცუხებდი შინ უზარმაზარ აჭარულს.
ისე, სხვაგანაც კი ცხვებოდა ბათუმში – “ცეროდენაშიც” მიჭამია, პიონერთა პარკთან, სასტუმრო “აჭარას” რესტორანშიც და გორკის ქუჩაზეც, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც “ექსპრესი” იყო, გული იქით უფრო მიმიწევდა.
აჭარულის წარმოშობის კვლევა-ძიების ამბები არც ბავშვობაში გამიგონია და არც მერე მომიკრავს სადმე ყური. ერთი ის არის, ნავის ფორმა აქვს და, შესაძლოა, ზღვას უკავშირდებოდესო და კოტე მახარაძე იხსენებდა ერთგან, ინტერვიუში – აჭარულს თავად აჭარლები ფენერლის ეძახოდნენო.
ჩემი საყვარელი სასუსნავი თბილისშიც გამისინჯავს, ქუთაისშიც და საერთოდ, მასზე უარს არსად ვამბობ, მაგრამ ბათუმური სულ სხვაა. სნობობაში ნუ ჩამომართმევთ (ან, თუ გინდათ, ჩამომართვით) მაგრამ აჭარული აჭარაში უნდა ჭამო.
ყოველ ზაფხულს, საშვებულებო სამზადისის პარალელურად, იმას ვარკვევ, ამჯერად რომელი აჭარულია საუკეთესო, სად აჯობებს ჩასვლისთანავე გაცუხცუხება და ყელის ჩაკოკლოზინება; ადრე, მახსოვს, სამველას აჭარული იყო პოპულარული, მერე – “ბერეგზე” გამომცხვარი, ერთ სეზონზე “ოქროს გასაღები” მიქეს; შარშან “ლაგუნასა” და “რეტროში” გეახელით; დარწმუნებული ვარ, წელსაც იქნება რამე ახალი მისამართი და არც იმას გამოვტოვებ.
ეს – აჭარაში თუ ვარ, თორემ თბილისში საუკეთესო აჭარულს დედაჩემი აცხობს საგანგებოდ შერჩეული ორი ყველით – სახაჭაპურე იმერულით და სულგუნით. მთელი კვირის მუშაობით დაღლილი, შაბათს თორმეტი საათისთვის რომ იკადრებ გაღვიძებას, უგემურად რომ აიზლაზნები და მაგიდაზე საგანგებოდ შენთვის გამომცხვარი, დაბრაწული აჭარული დაგხვდება, ქაფქაფა ლიმონიან-მურაბიან ჩაისთან ერთად, ხელიდან წასული უმადური უნდა იყო, რომ არ აღიარო – ცხოვრება მშვენიერიაო.
ეს ხაჭაპურიც, პოსტს რომ გამხსნელ სურათად ამშვენებს, დედას გამომცხვარია. დილით დავაგემოვნე :) სურათით შემიფასეთ-მეთქი, რომ გითხრათ, ნამეტანი უსინდისობა გამოვა. სიტყვაზე მენდეთ, რომ უგემრიელესი იყო და ბარემ პირობასაც დავდებ: თუ ბრონქიტს გადავურჩი, ერთი ხაჭაპური-ფართი ჩემზეა :)
რა გემრიელად ჩამოარაკრაკებ ხოლმე..თითებს,რომ ჩააყოლებ ისეთი პოსტია..<3
LikeLike
მადლობა, ნატალია :) ხაჭაპური უგემრიელესი იყო და პოსტის შექებით მე გამახარე ახლა :)
LikeLike
ეღო აღაპო ი მანა სუ :)))
LikeLike
დედამ, გაიხარეო :))
LikeLike
აუჰ <3 ამ დროს ასეთი გემრიელობის გახსენება იქნებოდა? :(
გამოჯანმრთელდიი რაა და რამე ნაკლებ კალორიულზეც დაწერე მერე :*
LikeLike
ფენოვანი ლობიანის დიეტაზე, მაგალითად :)
LikeLike
ბევრგან გავსინჯე აჭარული ხაჭაპური და ბოლო რამდენიმე წელია ვამტკიცებ, რომ არ მიყვარს.
მაგრამ შარშან “რეტრო”-ში გავსინჯე და მაშინ მივხვდი, თურმე რაში ყოფილა საქმე!
უგემრიელესია <3
LikeLike
სწორი ხაჭაპურისთვის მიგიგნია და რა იქნებოდა :)
LikeLike
აჭარული ხაჭაპური არ მიყვარს, საერთოდაც, ხაჭაპურს ლობიანი მირჩევნია. ასე რომ ხაჭაპურის არა და შენი ავადმყოფობის კი მშურს, მოლი :))))) იმ დღესაც გითხარი, ისე ვარ გადაღლილი, ახლა შენნაირი ერთკვირიანი, თუნდაც ბრონქიტიანი ნებივრობა დამხატავდა-მეთქი :))
LikeLike
ლობიანზე დაგეთანხმები. ონიაშვილის ლობიანი არც ერთ ხაჭაპურს არ ჩამოუვარდება და ჩემს მეგობარ ნუკის ჩამოაქვს ხოლმე რაჭიდან იქაური ორიგინალი – თითებს ჩაატან.
შენ თუ დახატვა გაკლია და…
LikeLike
:)))) კი, ზოგს ჰგონია, რომ დახატვა მაკლია, სამაგიეროდ წლები მაქვს ბევრი :)) მაგრამ ეს სხვა თემაა :)
გამოჯანმრთელდი მალე და წავიდეთ სადმე სასუსნაოდ.
LikeLike
ზოგის გემოვნება მოიკოჭლებს და რა ვთქვა მეტი…
წავიდეთ :)
LikeLike
კომპლიმენტისთვის მადლობის გადახდა დამავიწყდა :(
LikeLike
კიდევ კარგი, გუშინ არ წავიკითხე პოსტი. უნდა ვაღიარო, რომ შუაღამისას სოლჟენიცინის ტანჯულ ყოფაზე მეტად “გემრიელობებზე” ვფიქრობდი :))) ზოგადად ისეთი უსინდისო ვარ, რომ ლობიანი უფრო მიყვარს, მაგრამ აჭარული ხაჭაპური კი არა, ხელოვნების ნიმუშია :)) …ამ გახსენებაზე შევუკვეთე ოჯახის “მთავარ მეხაჭაპურეს” :)))
LikeLike
ბათუმში, ცეროდენაში ძალიან გემრიელს აკეთებდნენ, მაგრამ რაღაც გაფუჭდასავით. მერე “აჭარულ სახლში” (ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან ახლოს) დავდიოდი ხაჭაპურისთვის. ძალიან მაგარია ლაგუნაში და რეტროშიც, “გიას ხაჭაპურები”. უბრალოდ ამ უკანასკნელში საშინელი მომსახურება აქვთ. ორჯერ ვიყავი და ერთხელ ლიმონათი დამასხეს, მეორედ კეტჩუპი :/
მე ახლა ბებია მიცხობს -მინიატურულებს და ძალიან, ძალიან გემრიელს ^^ თან სახლში, მითუმეტეს შეშის ღუმელში გამომცხვარს არაფერი სჯობს.
მართლაც, აჭარული და საერთოდ, ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო კერძია. ორიგინალურიც და აი, ხელებით, გემრიელად საჭმელი :3
LikeLike
მართლაც გემრიელი პოსტი გამოვიდა :) მე “ოქროს გასაღებში” დაგემოვნებული აჭარული არ მავიწყდება, “ტიტანიკს” ეძახდნენ, მგონი :))
LikeLike
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ქართველებს ხაჭაპურის ნავი გვაქვს და ნაოსნობა – არა.
LikeLike
ისე საბურთალოზე იხსნება რეტრო. და წესით კაი აჭარულები დაცხვება მანდ.
LikeLike