აი, ახლა რომ ვინმემ თქვას, მოლი პურადძვირი მასპინძელიაო, ხმასაც ვერ ამოვიღებ, იმიტომ, რომ უკვე თვეზე მეტია, ზამთრის ბაღში ხმაურიანი წვეულება არ გამართულა; ამას მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება და, სიმართლე გითხრათ, შემრცხვა.
ბევრი ვიფიქრე, ამჯერად რით უნდა გავახარო სტუმრები, ალბათ, ისედაც გულნაკლულად რომ არიან ჩემზე-მეთქი და გადავწყვიტე, გამოჩენილი უყურადღებობის გამო, უფრო რთულ მისიას შევჭიდებოდი – არც მეტი, არც ნაკლები, სახელგანთქმული კიევური კატლეტები დამეხვედრებინა თქვენთვის.
ისე, უნდა გამოვტყდე, რომ კარგად ვიწვალე – აქამდე არასოდეს მომიმზადებია და რას ვიფიქრებდი, ასე თუ გამიჭირდებოდა; თუმცა, მგონი, ურიგო არ გამოვიდა – ვაღიარებ, რომ, სანამ მოხვიდოდით, ერთი ცალი სრულიად შემთხვევით შემომეჭამა.
ახლა, რომ აღარ გალოდინოთ, მოშინაურდით – უცხო ისედაც არავინ გვირევია; რუსო და ბიბი სუფრის გაშლაში მომეხმარებიან, ვინმემ ბუხარსაც მიხედოს, სასმელსაც გამოვიტანთ და სხვა რაღა გვინდა…
თავადაც ხვდებით, რომ გასტრონომიული ორგია მოლისთან ისტორიული ექსკურსიის გარეშე არ ჩაივლის; ამიტომ, სანამ თქვენ მიირთმევთ, მე ორიოდე სიტყვით ამ გემრიელი სასუსნავის ისტორიას გიამბობთ.
კიევური კატლეტის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს და, რა გასაკვირია, რომ ერთერთი მათგანი ფრანგულია – კულინარული შედევრების უმეტესობას ხომ რეალობა თუ არა, მითი მაინც აკავშირებს გურმანების ქვეყანასთან.
ამბობენ, რომ რუსეთის იმპერატორი ელისაბედი, ნოვატორი მამის – პეტრე დიდის მსგავსად, ხშირად აგზავნიდა საზღვარგარეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს – ზოგი რას სწავლობდა და ზოგი – რას; ჰოდა, ბრუნდებოდნენ სამშობლოში ცოდნით თავგამოტენილები და სიახლეებიც ჩამოჰქონდათ ხანდახან.
კაცმა არ იცის, რომელმა მათგანმა გამოაყოლა ხელს პარიზიდან ცნობილი მზარეულისა და მეღვინის – ნიკოლა აპერტის გამოგონება – Côtelettes de volaille, რომლებიც ახლაც არსებობს და კიევურისგან იმით განსხვავდება, რომ მეტი სანელებლებითაა შეკმაზული და გულსართად გამდნარი კარაქის ნაცვლად რაიმე სოუსს იყენებენ.
ფრანგული ლეგენდას არ ეთანხმებიან რუსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზემოხსენებული გემრიელობა მეოცე საუკუნის დასაწყისში, პეტერბურგის ვაჭართა კლუბში გამოიგონეს და ნოვო-მიხაილოვისას ეძახდნენ იქვე ახლოს მდებარე მიხეილის სასახლის პატივსაცემადო; რა ვიცი, რა ვიცი…
ამერიკელები, რომლებსაც სპაზმი ემართებათ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე პირველობის პალმის რტოს ცხვირწინ ააწაპნის, თავგამოდებით ირწმუნებიან – ეგაო, უხსოვარი დროიდან ჩვენებურ რესტორნებში მზადდებოდა და სახელი კიეველი ემიგრანტების გამო დაერქვა, ძალიან რომ მოეწონათ და ხშირად უკვეთდნენო.
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ უკრაინული ვერიაც ხომ უნდა მოვისმინოთ, ბოლოს და ბოლოს, ამ კულინარიულ საოცრებას კიევური ჰქვია, უნდათ ეს ზოგიერთებს თუ არა.
ჰოდა, უკრაინელები ამბობენ, ეს კატლეტები, კაცმა არ იცის, საიდან, მაგრამ გეტმან სკოროპადსკის დროს, ასიოდე წლის წინ მოხვდა ჩვენს ქვეყანაშიო; დრო ყოფილა ისეთი არეულ-დარეული, დიდად არავის ეცალა თურმე მათთვის და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძლივს მოუპოვებიათ პოპულარობა – ერთმა იქაურმა რესტორატორმა მოუმზადა პარიზიდან დაბრუნებულ სამთავრობო დელეგაციას და აქედან დაიწყო, რაც დაიწყოო…
ახლა რომ გითხრათ, ჩემთვის სიმართლის დადგენას პრინციპული მნიშვნელობა აქვს-მეთქი, არ ვიქნები მთლად გულწრფელი – მე თუ მკითხავთ, აქ წარმოშობა კი არა, გემოა მთავარი, გემოს კი კაციშვილი ვერ დაუწუნებს, ასე არ არის?!
ისედაც მოშიებული ვიყავი და ავწრიალდი :)
რა გემრიელი ფოტოა <3
LikeLike
სხვები პარიზში რომანტიკულ ვოიაჟზე რომ ოცნებობენ, მე კიევში კიევური კატლეტის გასინჯვა მაქვს პრიორიტეტად :))) ჯერ ბორშჩი, მერე კატლეტი და ბოლოს კიევური ტორტი… წარმოშობა სულ არ მადარდებს, გემრიელი კი იქნება და… :)))
LikeLike
cool :)
LikeLike
ეს მინდოდა ახლა მეე? :ს არასოდეს მიჭამია, მაგრამ ძალიან გემრიელი ჩანს <3
LikeLike
იფ იფ იფფფფფ
“ბიფსტროგანოვი” უხდება ისე :) შემდეგში იცოდე ;) :)))
LikeLike
ჯერ არასდროს გამისანჯავს, მაგრამ ფოტოს თვალს ვერ ვწყვეტ:/ აქამდეც ხომ ბევრი მსმენოდა ამ კატლეტებზე, თუმცა ამის შემდეგ აუცილებლად შევეცდები სადმე მაინც წამოვკრა კბილი : )
LikeLike
გემრიელი, გემრიელი, გემრიელი პოსტი. სუნიც კი მეცა ^^ იშვიათად რომ რამე ისე ძალიან მიყვარდეს როგორც კიევური კატლეტი. ბოლო პერიოდში ამის გამო Хуторок–ის ძალიან ხშირი სტუმარი გავხდი და მგონი ეს ჩემ წონაზეც აისახა :) თუ გეგულებათ ადგილი სადაც უკეთესს აკეთებენ სიამოვნებით ვესტუმრები და დავაგემოვნებ ^^
LikeLike
“კიევსკი” კატლეტი და ტორტი ვიცი მე :)))
LikeLike
ხელსახოცების ახლებურად დაკეცვა უნდა ვისწავლო, თორემ მობეზრდა ხალხს უკვე :)))
LikeLike
მე ძველიც ძალიან მომწონს ^_^
LikeLike
ისედაც მშიოდა და კიდევ ეს მინდოდა? :( კინაღამ კომპიუტერში გადმოვძვერი :დ
LikeLike