ლაშა ბუღაძეს ნოვაციები და საზოგადოების ნერვებზე ღიტინი რომ უყვარს, ახალი ამბავი არ გახლავთ. კი, ბატონო, გვსმენიაო, თავს დამიკანტურებს გათვითცნობიერებული მკითხველი. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, ეჭვი მაქვს, ჯერ ბევრი არაფერი გეცოდინებთ პიკანტურ, ცხარე სანელებლებით შეზავებულ რომანზე, “LUCRECIA515“ რომ ჰქვია; მთლად ცინცხალია და იმიტომ.
მოლიმ კი, როგორც ჭეშმარიტ წიგნის ჭიას შეეფერება, უკვე მოასწრო ცნობისმოყვარე ცხვირის შიგნით ჩაყოფა და ახლა ხელების ფშვნეტით ემზადება შთაბეჭდილებების თქვენთვის გასაზიარებლად.
ერთი ეგ არის, რატომღაც მგონია, რომ რომანტიკულ სიყვარულზე მეოცნებე გოგონებს მაინცდამაინც არ მოეწონებათ – მთლად გაუცამტვერდებათ ოცნებები და რეალობასთან ასეთი უხეში შეჯახება დიდი ხნით აუფორიაქებთ გულუბრყვილო სიზმრებს.
ისე, ჩვენში დარჩეს და ეს ეჭვიანი ცოლების წასაკითხი წიგნიც არ არის; ასე რომ, თუ თქვენი მეორე ნახევარი ხასიათით ოტელოს თუ არა, მუმინტროლის სატრფოს – ფრეკენ სნორკს მაინც ენათესავება, გირჩევთ, ბუღაძის ახალი ქმნილება საგულდაგულოდ დაუმალოთ; თუ არ გამოგივიდათ და მაინც ჩაიგდო ხელში, მერე რა გითხრათ… ისღა დაგრჩენიათ, ყურადღებით იყოთ და სახლში პროფესიონალი ჰაკერის სტუმრობა არ გამოგეპაროთ, თორემ სწორედ ისეთ დღეში აღმოჩნდებით, როგორშიც – საბრალო სანდრო.
რაო? საბრალოო?! – აი, უკვე მესმის იმ ქალბატონების აღშფოთებული შეძახილები, ვინც წიგნის წაკითხვა უკვე მოასწრო და იმასაც ვხედავ, როგორ მაყრიან ქოქოლას – ეგ ზნედაცემული, გარყვნილ-გათახსირებული კაცი რამ შეგაცოდაო; არადა, მართლა ძალიან საწყალი ვინმეა… თქვენ წარმოიდგინეთ ცოლიანი მამრი, კომპიუტერში ჩაწიკწიკებული სიით:
შეცნობილნი;
შეუცნობელნი;
მეხსიერებაში ჩარჩენილები;
გათხოვებაზე ორიენტირებულები;
ფატალურად ჯიუტები;
აფერისტები და ა.შ.
ახლა ამ ყველაფერს სახლში ერთგულად მომლოდინე ცოლიც დაუმატეთ, ნაღვლიანი თვალებით რომ ელის მორიგ დამაჯერებელ ან დაუჯერებელ ისტორიას და… შეგეცოდებათ ეს კაცი, ამდენ ფრონტზე რომ იბრძვის ხან ცივ და ხან ცხელ ოფლში გაწურული, აბა, რა იქნება.
მერე ერთი ისეთი ქალიც გამოჩნდება, ვერც ერთ სიაში რომ ვერ ჩაამატებ ხელაღებით და ატყდება ორომტრიალიიი… თვალო, ნუ დაინახავ და ყურო, ნუ გაიგონებ.
იმ ქართული ფილმისა არ იყოს, ქე რომ კარგად გვახსოვს: “სინსილა, სინსილა უნდა გადაწყდეს ყველა მამაკაცის“ და ეს კომპიუტერებიც უნდა მიაყოლო ზედ თავისი გამომგონებლებიანად! მობილურებიც!
აბა, ძველ დროში, ჩვენს ცხენოსან-ხმლოსან-ჩოხოსან წინაპრებს სად ეცალათ ერთდროულად ამდენი ქალისთვის – ათასში ერთხელ თუ წაიცუღლუტებდნენ სადღაც და, მე შენ გეტყვი, სკაიპი შეინახავდა მამხილებელ მასალას ან პირწიგნაკი.
ახლა კი… მოიშველიებ ამგვარი საქმეების უბადლო მცოდნეს და სულ ცოტა ხანში ინტერნეტმისამართიც ხელთ გექნება და შესაბამისი პაროლიც… მარტივია, არა? თანაც, ჯერ ყველაზე მთავარი არ მითქვამს – ეს ხომ პირველი მულტიმედიური რომანია და ცნობისმოყვარე მკითხველს თავად შეუძლია, სანდროს ფოსტაში წაგრძელებული ცხვირი შეყოს და იქაურობა კარგად მიათვალიერ-მოათვალიეროს; ჩვენღა ვაკლდით ამ მართლა საცოდავს, ქალებმა ხომ დააყარეს ხეირი.
ეჰ… რაღაცა მეტისმეტად მხიარული პოსტი გამოვიდა, მგონი… არადა, აშკარად ვერ დამაყენა კარგ გუნებაზე. ერთი ამოსუნთქვით კი წავიკითხე, ვერც ოსტატობა დავუწუნე ლაშას, ვერც სტილი, ვერ იუმორთან შეზავებული ცინიზმი და ვერც სუფთა მამაკაცურ გულახდილობას დავუკარგავ, მაგრამ… მე კარგი შხაპის მიღების სურვილი გამიჩნდა და თქვენი არ ვიცი…
შენ ისეთი კარგი ხარ, ყოველთვის მინდება იმ წიგნების წაკითხვა, რომელსაც “პროპაგანდას” უწევ :დ ^_^
LikeLike
მადლობა, ალუბალო ^_^
LikeLike
ცხვირი კი ჩავრგე წიგნში, მაგრამ დიდად არ ავღფრთოვანდი და დავანებე თავი. არც ეჭვიანი ცოლი ვარ და არც მეოცნებე. უბრალოდ ზოგიერთმა სცენამ თან გამაცინა დაა თან გამაღიზიანა.
LikeLike
ასეც იყო, ალბათ, ჩაფიქრებული. სარკაზმით დაწერილი წიგნია.
LikeLike
ისეთი პოსტია, წიგნის მაღაზიაში რომ გაგაქცუნებს :) წავიკითხავ აუცილებლად!
LikeLike
წიგნია კარგი და პოსტიც შესაბამისი გამოვიდა :იმედია: :)
LikeLike
პოტენციური ეჭვიანი ცოლი ვარ, ასე რომ ჯერჯერობით მოვერიდები ამ წიგნს :))
LikeLike
გამაცინე :))
LikeLike
LUCRECIA515 – წაკითხვისთანავე მიიღეთ შხაპი
ooooooooo Damaintrige mashin roca gaxsnilic ar mqonda posti :)
LikeLike
მიხარია, რომ დაგაინტერესა :)
LikeLike
დაუსწრია ლაშას :))))
LikeLike
დაგასწრო? :( შენ სხვა თემით დაასწრე და ბარი ბარში იქნებით :)
LikeLike
ჰო, კარგი მასალა მქონდა :( :)))
LikeLike
უხ… კი კაცო, მასალის მეტი რა არის.
დააგროვე შენც და დაწერე.
LikeLike
[…] თუ ჯილდო ლაშა ბუღაძის ეპატაჟურ “Lucrecia515“-ს ერგება. აქ საფიქრალი მეტი […]
LikeLike
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია . მე მომეწონა ..
LikeLike
მეც მომეწონა, მარი. კარგია უდავოდ.
LikeLike