იანვარმა, შეამჩნევდით, საძილე და საკითხავი ამინდებით გაგვანებივრა. სინოპტიკოსებს მტერი ენდო, მაგრამ თებერვალიც ასეთი იქნებაო, ამტკიცებენ. მგონი, ის დროა, თადარიგი დავიჭიროთ და უკვე გადადებულ წიგნებთან ერთად ახალი სასუსნავიც მოვიმარაგოთ.
ჰოდა, ჩემო კარგებო, მოლიმ რკინის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა და ისევ დაიარა გამომცემლობები; აბა, თქვენთვის იმ წიგნების ჩამონათვალი ხომ უნდა გაეხერხებინა, სულ მალე რომ გამოჩნდება ბუქსთორების თაროებზე. ისედაც არ გამოგრჩებოდათ, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ჩემი ბლოგის მკითხველები ნიუსებს რომ პირველნი შეიტყობენ, მეც მიხარია და თქვენთვისაც ღრმად კომფორტული და მოსახერხებელი მგონია.
ბევრი რომ არ მოგაცდინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
სულ მაინტერესებდა, რას შეარჩევდა “დიოგენე” საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკის” საიუბილეო, მეოცე ტომად და ა, ბატონო – ისეთი ტექსტია, ყველაზე წუნია მკითხველიც კი კმაყოფილი დარჩება – სემუელ ბეკეტის “მოლოი” – თავის დროზე ფრანგულად რომ დაიწერა და ინგლისურად თავად ავტორმა თარგმნა. ირლანდიული და მსოფლიო ლიტერატურის კორიფეზე, უკანასკნელ მოდერნისტსა და პირველ პოსტმოდერნისტზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, აქაური მკითხველისთვის აშკარად ზედმეტია; დასაწყისისთვის იმას გეტყვით, რომ “მოლოის” – ბეკეტის ერთერთ ყველაზე წარმატებულ რომანს უაღრესად საინტერესო სტრუქტურა აქვს და დანარჩენს უკვე თავად ნახავთ.
დათო გაბუნიას აქამდე მხოლოდ თარმანებით ვიცნობდი; რა ვქნა, თეატრალი მე არ ვარ და სპექტაკლებზე სიარულს მულტფილმების ყურება მირჩევნია. სამაგიეროდ, გემრიელად დაწერილ პიესებს ვკითხულობ დიდი სიამოვნებით. ჰოდა, “დიოგენეს” კიდევ ერთი ახალი სასუსნავი დათოს პიესების კრებულია – “რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება”, ”HOLLAND HOLLAND”, ”ლავინიას ყურები”, და ”თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული” – სათაურები დამაინტრიგებლად გამოიყურება და მეტი რა გითხრათ, მივიდეთ, ვნახოთ და დავამარცხ… კი არა და განვსაჯოთ.
“დიოგენეს” მესამე სიახლე რომენ გარის ახლად გადმოქართულებული რომანია. აი, იმ რომენ გარის – დიდი მისტიფიკატორი რომ ბრძანდება, გონკურის პრემიის მეორედ აღება რომ მოახერხა მოგონილი გვარ-სახელით. “ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება” ერთი შეხედვით, სტანდარტულ სიუჟეტზეა აგებული – ხანშიშესული ბიზნესმენისა და 22 წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავზე. ამისთანა სანტიმენტალურ, გულისამაჩუყებელ თემაზე აქამდეც ბევრჯერ დაუწერიათ, მაგრამ რომენ გარისგან აშკარად მეტს ველით და ეშმაკი რომ დეტალებშია, კი გეცოდინებათ.
“სულაკაურმა“, გამეორება ცოდნის დედააო და თებერვალში ის წიგნები მოამრავლა, განსაკუთრებული მოწონება რომ დაიმსახურა და ტირაჟიც ამოეწურა. ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ დათო ტურაშვილის “ტყეების მეფე”, “იყო და არა იყო რა” ან ინგლისური “ჯინსების თაობა”, ფამუქის “მდუმარე სახლი”, გიორგი მაისურაძის “მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული”, პოტერიადას ტომები ან სულაც პაოლო კოელიო გჭირდებათ, თებერვლიდან მაღაზიებში შეიარეთ – ცინცხალი რეპრინტები დაგხვდებათ.
სიახლეებიც აქვთ – ლუდვიგ ფონ მიზესის “ბიუროკრატია”, ეკატერინე ტოგონიძის “ასინქრონი” და ჰალდურ თანერის “სანჩოს გასეირნება“. სულაკაურს ახალი ლიტსასუსნავი არ მოეძებნებოდეს, ასეთი გაუგონარი ამბავი მე არ მახსენდება…
“პალიტრა L“-მა – ჩვენთან სულ სიახლეებია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ორი წიგნი გვეამაყებაო. ერთი, უილიამ ჯოისის და ლორა გერინგერის ,,სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან” – ვეჭვობ, განსაკუთრებით ბავშვებს გაახარებს; მე ჯერ ვერაფერს გეტყვით – პრემიებით და ჯილდოებით დახუნძლული ავტორები კი ჰყავს, მაგრამ ვაღიარებ, მათი არაფერი წამიკითხავს. ჯადოსნური ფენტეზი რომ არის, გარეკანსაც ეტყობა; სანტა-კლაუსის უჩვეულო, განსხვავებული ისტორიააო, ანოტაციას მოვკარი სადღაც თვალი და აღარც გამიგრძელებია – სჯობს, სიურპრიზად დავიტოვო. ეს პირველი ტომია, მეორეც იქნებაო, დაგვაიმედეს და წინასწარ ვიფშვნეტ ხელებს.
მეორეს რაც შეეხება – სრულიად ახალი პროექტია; სტარტს 10 მარტიდან აიღებს, მაგრამ იმდენად საინტერესო მეჩვენა, რომ ახლავე უნდა მოგიყვეთ. “პალიტრა ელი”, არც მეტი, არც ნაკლები, TIME-ის – ამერიკული და მსოფლიო მედიის ფლაგმანის რჩეული მასალების გამოქვეყნებას იწყებს. მთელს მე-20 საუკუნეს თექვსმეტ ტომში მოაქცევენ; პირველს “დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე” ჰქვია, მეორეს – „ფაშიზმი“; საუკეთესო სტატიები, ექსკლუზიური ფოტომასალა, ანალიტიკა, ინტერვიუები – რა ვიცი, რა აღარ გველოდება; პროექტი მარტო ამბიციური კი არა, მეტად რთულია, რედაქტორებს მძიმე სამუშაო ელით და ძალიან მაინტერესებს, რა პროდუქტს შემოგვთავაზებენ.
ქარჩხაძის გამომცემლობა სიახლეებს და სიურპრიზებს მარტისთვის გეგმავს და ცოტა ხანს ლოდინი მოგვიწევს, მაგრამ ბარემ ვისარგებლებ და გეტყვით – “საბავშვო კლასიკას” გადახედეთ. ორი ტომია ჯერ, მაგრამ ისეთი, თითებს ჩაიკვნეტთ – “პიტერ პენი და ვენდი” და კიპლინგის “აი ასეთი ამბები“; მშვენიერი თარგმანი, ფანტასტიური, ორიგინალი ილუსტრაციები. საკოლექციო გამოცემებია და ეს სერია რომ არ გაგრძელდეს, გულიც გამისკდება.
“არტანუჯის” სპორტული სერია ხომ გახსოვთ? ბექჰემს, კანს და რუნის რაფაელ ნადალის ბიოგრაფიაც დაემატება – ჩოგბურთის მოყვარულები არ დაგვეჩაგრონო. კიდევ – “სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე” – საინტერესოზე საინტერესო წიგნი. სიახლეები “ინტელექტსაც” აქვს – ნინო ნადირაძის “ჩემო ცვილის ქვეყანავ” და ლელა სამნიაშვილის “ლოცვა აბსტრაქციად” – ცინცხალი ლექსების კრებული – გურმანებისათვის.
მე კი, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად ირანელი ნობელიანტი ქალის – შირინ ებადის “ოქროს გალიას” ველოდები. იმ ოჯახის ისტორიაა, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ რომ გაანადგურა – ერთი ძმა კომუნისტი იყო, მეორე – შაჰის გენერალი და მესამე – ჰომეინის მომხრე… სულო ცოდვილო და ნამეტანი აქტუალურია ჩვენთვის. თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ბენიძის თარგმანია, ანუ კიდევ ერთი უგემრიელესობა გველის წინ.
ვათვალიერებ ახლა ჩამონათვალს და ყველაზე მეტად მრავალფეროვნება მომწონს – საკბილოს ყველანაირი გემოვნების და ასაკის მკითხველი იპოვის. ასე რომ, ჩემო კარგებო, შეთვალიერებული წიგნები მოინიშნეთ და გამომცემლობების ფბ-გვერდებს დაუდარაჯდით. თებერვალი მოკლე თვეა, სიახლეებს ლამის ყოველდღე უნდა ველოდოთ და რამე არ გამოგრჩეთ.
არა მგონია, დამავიწყდეს, მაგრამ მაინც ჩავინიშნე ბეკეტი, გარი და სანტას ამბები :) შირინ ებადის ძებნაში გადავქექე ონლაინ-ბიბლიოთეკები და ვერ მივაგენი. მიხარია, რომ გვექნება :)
LikeLike
ეს ებადი მეც განსაკუთრებით მაინტერესებს.
LikeLike
გამომცემლობები აშკარად არ გვინდობენ (არადა საყვედურსაც რომ ვერ გამოთქვამ) :/
ბეკეტიზე ბევრი მსმენია და მიხარია, მალე მეც რომ შევძლებ გაცნობას “მოლოითი”: )
მაგრამ რა ვქნა, მე მაინც ყველაზე მეტად დიდი ხნის ნანატრ მარტინის მეორე წიგნსა და კინგის “Dark Tower”_ს ველოდები : (^
LikeLike
ესეც იქნება, ვამპირ :)
LikeLike
““პალიტრა ელი”, არც მეტი, არც ნაკლები, TIME-ის – ამერიკული და მსოფლიო მედიის ფლაგმანის რჩეული მასალების გამოქვეყნებას იწყებს” – ვაჰ, აი ეს განსაკუთრებით და ძალიან, ძალიან, ძალიან მაინტერესებს. არ ვიცოდი ამ პროექტის შესახებ. მოკლედ აქ შემოსვლა და იმაზე ფიქრი როგორ დავგეგმო ცხოვრება რომ ყველაფერი მოვასწრო, ერთია ხოლმე :)
LikeLike
რემარკის რაიმე ახალ რომანს არ შემოგვთავაზებთ უახლოეს მომავალში? ^-^
LikeLike
ახალ თარგმანს, ალბათ :) ვერ გეტყვით. თებერვლის გეგმებში (ან გეგმების იმ ნაწილში, რაც მე ვიცი) რემარკი არ ფიგურირებს და მარტიდან რა იქნება, ვნახოთ…
LikeLike
მე ელფის გამომცემლობის კლასიკოსებს ველოდები ნეტა როდის იქნება ახალი ტომებიიიი???
LikeLike
არ ვიცი, რომ არ მოგატყუოთ…
LikeLike
ახლა რომ დავწერო, ბექეთზე მეტად იონესკუ მიყვარს-თქო არ გაგიკვირდებათ, იმედია. :)
შავი იუმორი და სარკაზმი აქვს ჭარბად.
ისე, ქართულად თარგმნილი რაღაცები. თუ მოიძიებთ – მე რეკომენდაციას ვუწევ. :)
LikeLike
არ გამიკვირდება :)
LikeLike
[…] პოსტშიც მოგიყევით. თანაც, მიუხედავად იმისა, […]
LikeLike