ამ პოსტის დაწერისას ძალიან ვინერვიულე. ჯერ ერთი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ – მე ხომ მოლი ბლუმის ბლოგზე ვწერ სტუმრის სტატუსით! ეს კი, დამეთანხმებით, სულაც არაა სახუმარო საქმე. მეორე კიდევ ის მანერვიულებდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიყვარულზე უნდა ვწერო, ასეთ რამეებზე წერის დროს კი ცოტა ძნელია, ზომიერება დაიცვა და ნაწერი მეტისმეტად პათეტიკური არ გამოვიდეს. ბოლოს გადავწყვიტე, სიმართლე დავწერო, ზუსტად ისე, როგორც მე ვგრძნობ, ზუსტად ისე, როგორც მე განვიცდი, ზუსტად ისე, როგორც მიყვარს და როგორც ვხედავ.
მე და ირაკლი სულ ვამბობთ, რომ ორი შვილი გვყავს – ლეა და “წიგნები ბათუმში“. შეიძლება, ამის მოსმენისას ბევრს ჰგონია, რომ ცოტას ვაჭარბებთ, რომ არ შეიძლება, რაღაც ასე გიყვარდეს, მაგრამ ეს ფაქტია. “წიგნები ბათუმში” უხილავი ჭიპლარითაა ჩვენთან დაკავშირებული და ცოცხალი ორგანიზმივითაა -იკვებება ჩვენი ენერგიით, სიყვარულით, ემოციებით და იმედებით.
ზოგჯერ მართლა ძალიან ვიღლებით. იმდენად ვიღლებით, რომ გვგონია, ადამიანებისთვის ღიმილის დასაბრუნებლად ძალა აღარ გვყოფა. მართლა მხოლოდ წიგნების კითხვა და სასიამოვნო საუბრები არ არის ის, რაზეც წიგნების მაღაზია დგას. ნეტავ იცოდეთ, რამდენჯერ მომისმენია “თქვენ რა გიჭირთ, მთელი დღე კითხულობთ, სულ მეგობრები მოდიან, საღამოობით ღვინოს წრუპავთ, როცა გინდა, მიდიხართ-მოდიხართ”… ამ დროს ყველაფრის უკან ექსელის ფაილები, ბუღალტერთან ვიზიტები, ბალანსის გამოყვანები, ასიათასობით წიგნიდან შეკვეთის გაცხრილვები და სხვა რუტინული საქმეები დგას. ზოგჯერ იმდენი რამ დგას ამ ყველაფრის უკან, რომ გვგონია, ლოგინამდე მისაღწევად ენერგია არ გვეყოფა, სადღაც შუა გზაში ჩავიკეცებით და დავიძინებთ. მაგრამ ყოველთვის, როცა ვფიქრობთ, რომ ძალა აღარ გვეყოფა, შემოდის 13 წლის გოგო და გვეუბნება, რომ წიგნების კითხვა ჩვენ დავაწყებინეთ, ან ათი წლის ბიჭი და გვეუბნება, რომ შეყვარებულია და გოგოს წიგნი უნდა აჩუქოს, ან ჩვენს დაჟანგებულ საფოსტო ყუთში ჩავიხედავთ რომელიმე და იქ ისეთი წერილი გვხვდება, რომ თავისით იხსნება მეორე სუნთქვა და ზუსტად ვიცი, სანამ ერთი ადამიანი მაინც შემოდის, სანამ ერთს მაინც ემეტება ღიმილი და კეთილი სიტყვა, ჩვენც ყოველთვის გვექნება ძალა შემხვედრი ღიმილისთვის.
ზოგჯერ, როცა დილით, მაღაზიაში მივდივარ, არც კი მჯერა, რომ ეს ამბავი მართლა მოხდა ჩემი და ირაკლის ცხოვრებაში. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ყველა დაგვერწმუნებინა ჩვენს სიმართლეში – ხალხს მართლა გიჟები ვეგონეთ. ალბათ მართლა სიგიჟეს ჰგავდა სხვა თვალით დანახული ეს ამბავი – გამოუცდელი წყვილი აპირებს, ერთი ბეწო ქალაქში მრავალ წიგნის მაღაზიას კიდევ ერთი მიამატოს, თანაც, წიგნები ხომ აღარავის ჭირდება! მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ არსებობენ ის ცამეტი წლის გოგოები და ათი წლის ბიჭები . ვიცოდით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მართალია არ ვიცნობთ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთმ,ანეთისთვის მოსაყოლი. ვიცოდით, რომ სადღაც იყვნენ შორიდან ჩამოსული, ულამაზესი გოგოები, რომლებიც გასვლისას მაგიდაზე დაგვიტოვებდნენ ბარათებს, სადაც ეწერებოდა, რომ დღეს მათი დაბადების დღეა და საუკეთესო საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიუღიათ, არის ეს ქუჩა, ეს მაღაზია , ეს საღამო, როცა აქ შემთხვევით შემოეხეტნენ…
კიდევ არსებობენ ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ზღაპრების მოსასმენად დადიან. არ მინდა, სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ ახლა ერთ ამბავს დავწერ, რაც არც დამიწერია და არც მითქვამს. ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემა მქონდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მნიშვნელოვანს. და სანამ გავიგებდი, რომ პრობლემა უმნიშვნელო იყო, სულ იმას ვფიქრობდი, სიკვდილის მოლოდინთან ერთად ნეტა რამ უნდა გამაძლებინოს მეთქი და უცებ მივხვდი, რომ ზღაპრის საათები გამაძლებინებდა. როგორ შეიძლება, ამან არ გაგაძლებინოს – ბალიშებზე ბავშვები სხედან და როცა მე რომელიმე ჩემი საყვარელი მომენტის კითხვისას ცრემლებს ვერ ვიკავებ, მშობლები იცინიან, მაგრამ ბავშვები არასდროს. ბავშვებმი ყოველთვის ზუსტად ხვდებიან, რაზე ფიქრობს პეპი, როცა ძილმორეული თვალებით უყურებს სანთლის ალს, ან სად მიდის ზღაპრის ბოლოს ასანთის გამყიდველი გოგონა…
როცა ბევრი რუტინული საქმე ერთად გვაწყდება, როცა კრიტიკული მომენტები დგება, სულ ვფიქრობ ხოლმე, განვითარება არ შევწყვიტოთ, რუტინაში არ გადავიდეს ყველაფერი. რამდენი რამ ყოფილა, რაც დიდი ემოციებით დაწყებულა და მერე მორჩა, აღარც წინ წასულა და აღარც უკან. მაგრამ თუ ჩემსავით ერთხელ მაინც ნახავთ, როგორ უღიმის ირაკლი ყველა შემომსვლელს, როგორი სიყვარულით ალაგებს წიგნებს, როგორ უციმციმებს თვალები, თუ ვინმე დოსტოევსკის ყიდვას მოისურვებს, როგორ უხარია, როცა ადამიანები ეუბნებიან , რომ საუკეთესო კონსულტანტია მსოფლიოში, მიხვდებით, რომ მე შეიძლება გავჩერდე. მე კიდევ შეიძლება, ერთ ადგილას გავიყინო, მაგრამ ირაკლის არაფერი ემუქრება.
ზოგჯერ, როცა ისე ძალიან ვიღლები, რომ აღარც კი მეძინება, ვწევარ, ჭერს ავყურებ და ვფიქრობ, მეტისმეტად მძიმე ტვირთი ხომ არ ავიკიდეთ მეთქი, მეტისმეტად ბევრი ხომ არ ავიღეთ ჩვენ ორმა საკუთარ თავზე. მაგრამ მერე თენდება, მაღაზიაში მივდივართ, გადასახვევიდანვე ვხედავ იმას, რაც ჩემთვის უძვირფასესია, რასაც მთელი ჩვენი რესურსები შევალიეთ, რაც გვაძლევს ბედნიერების ძალას და ვიცი, რომ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ამას წყალი არ გაუვა. და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
“წიგნები ბათუმში” უკვე ერთგვარი ღირშესანიშნაობაა :) თბილისშიც რომ გვქონდეს მსგავსი “სამოთხე”, არ იქნებოდა ურიგო… და საერთოდაც ყველა ქალაქში…ან სულაც ყველა ქუჩაზე :))
LikeLike
დიდი მადლობა :)
ვეცდებით, ოდესმე თბილისამდეც ჩამოვიდეთ :)
LikeLike
მასპინძელი მე ვარ და პირველი კომენტარის უფლებაც მე მეკუთვნის :) ჰოდა, სანამ ვინმეს დაუსწრია, ორიოდე სიტყვას მოლიც გეტყვით.
მარის ყველა იცნობთ და გადასარევი გოგო რომ არის, ამას ჩემი დადასტურება არ სჭირდება. ირაკლი რომ უმაგრესი მეუღლეა და მამა და უმაგრესი ტიპი, ესეც გეცოდინებათ :) ბათუმის საუკეთესო ბუქსთორში, მგონი, მთელი ბლოგოსფეროა ერთხელ მაინც ნამყოფი და თუ ვინმეს ეს ბედნიერება წინ აქვს, მთელი გულით შევნატრი და მშურს :)
პოსტი არაჩვეულებრივია, გემრიელი და მარის საფირმო სტილით დაწერილი.
ჰოდა, ძალიან ძალიან ძალიან მიხარია, ასეთი სტუმარი რომ მყავს დღეს <3
LikeLike
მოლი <3
"წიგნები ბათუმში" ასე რომ შეუყვარდა ბლოგოსფეროს, ამაში შენი და შენი საოცარი პოსტების უზარმაზარი წვლილია :) ძალიან, ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს. უდიდესი მადლობა მასპინძლობისთვის <3
LikeLike
ყველაზე მეტად მიყვარს “წიგნები ბათუმში”
იმიტომ, რომ ვიცი როცა მივალ იქ უჭკვიანესი მრჩეველები დამხვდებიან და არა წარბებშეკრული ადამიანები რომელთაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, წიგნი გაყიდონ და კლიენტი გაისტუმრონ, თქვენთან სხვანაირი სიტუაციაა, სხვა ელფერი აქვს ყველაფერს და ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ გარემო საოცრად თბილი და მყუდროა :3 მადლობთ <3
LikeLike
სალო, რა კარგია, ასე რომ ფიქრობ, დიდი მადლობა, ძალიან გამაცხარა შენმა სიტყვებმა, მადლობა, რომ ასე გიყვარს “წიგნები ბათუმში” <3
LikeLike
მადლობა თქვენ ასეთები რომ ხართ
LikeLike
დიდი მადლობა, მარი.
ყოველი შენი პოსტის წაკითხვისას პირველი რეაქცია ყოველთვის ერთნაირი მაქვს: გმადლობ. გმადლობ გულწრფელობისთვის. გმადლობ, რომ ასე უყოყმანოდ გვიღებ შენი სამყაროს კარს და ასე უშურველად გვიზიარებ შენს შინას. გმადლობ იმ განცდისთვისაც, რომ სადღაც არსებობენ ნამდვილი, არაყალბი ადამიანები ნამდვილი, არამოჩვენებითი გრძნობებით. ადამიანები, რომლებსაც ბედნიერებისთვის ჰყოფნით საკუთარი თავი და ერთმანეთი, შეუძლიათ, თავგანწირვით უყვარდეთ, რასაც აკეთებენ და თავგანწირვით აკეთონ ის, რაც უყვართ. ჟანგბადის ყლუპივითაა ეს ყველაფერი.
უწრფესი სურვილები ჩემგან.
LikeLike
ტერა, უღრმესი მადლობა შენ. ძალიან გამახარე, უზომოდ ვაფასებ შენს სიტყვებს. დიდი მადლობა :*
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ მარიც და ირაკლიც მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და მათ მაღაზიაშიც ორჯერ თუ ვარ ნამყოფი, სადღაც გონების რომელიღაც კუნჭულში მათი არსებობით ანთებულ ლამპარს ვგრძობ, რომელიც მუდამ ამოუცნობი სიყვარულით, სიწრფელითა და სიმამაცით მავსებს. არ ვიცი, ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდევაც ამაზე, რადგან მეც კი ვერ გამირკვევია რატომ ხდება ასე, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ გუშინ წინ ბათუმში ძლივს ჩაღწეულმა “წიგნები ბათუმში” გალუმპულმა რომ შევაბიჯე, და უკან “ტრამალის მგელითა” და “კოლექცინერით” გამოვბრუნდი, თითქოს გულში მაინც რაღაც ჩამწყდა, რადგან არც მარი და არც ირაკლი არ დამხვდა იქ….
LikeLike
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და ასეთი სიყვარულისთვის
მეც ძალიან მწყდება გული, იქ რომ არ ვიყავით (
LikeLike
იმედი მაქვს შემდეგში როცა მოვახერხებ ბათუმში ჩამოსვლას, მაშინ მაინც გამიმართლებს და რომელიმეს მაინც შეგხვდებით “წიგნები ბათუმში.”
P.S. და კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ ზემოთ ხსნებეულის გამართლების შემთხევაში, ენა მუცელში არ ჩამივარდება და მხოლოდ ქვითრის გამორთმევისას არ ამოვილუღლუღებ მადლობას…))
LikeLike
არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგივარდეს ენა! პირიქით, ბევრი ვისაუბროთ :)
LikeLike
რაღაც ჯანდაბად გუშინ ინტერნეტი გამეთიშა, მერე ჩამეძინა და დროზე ვერ ვნახე :(
ძალიან კარგია, რომ ადამიანებს თავიანთი საქმე უყვართ და გულით აკეთებენ. ეს აუცილებლად აისახება სხვებზეც და ფაქტები, ეგერ, ზემოთაა <3
წარმატებებს გისურვებთ და იმასაც, რომ ასეთი მაღაზიები კიდევ ბევრგან გქონდეთ :)
LikeLike
დაულეველი გულრფელობა და სიყცვარული ხარ მარი, მე ასე მგონია… :) წარმატებები და სიძლიერე თქვენ :*
LikeLike
დიდი ხანია ასეთი პოზიტიური არაფერი წამიკითხავს. ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ის შეგრძნებაა რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო და იმას აკეთებ რისი კეთებაც გინდა და რასაც უნდა აკეთებდე, მიუხედავად უკიდურესი დაღლილობისა და შექმნილი პრობლემებისა. წარმატებებს გისურვებთ!!!
LikeLike
ძალიან მიყვარს ეს წყვილი და ვგულშემატკივრობ მათ <3, ჩვენი ქალაქის გალამაზებისა და დამშვენებისთვის მე მათ უფრო მეტ სივრცეს დავუთმობდი, რომ ეს სითბო და სიყვარული გაემრავლებინათ.
LikeLike
დამბურძგლა. ავცრემლიანდი…
“ერთხელ მაინც ნახავთ, როგორ უღიმის ირაკლი ყველა შემომსვლელს” – მე მინხავს, “სასაფლაოს ამბები” როც ვიყიდე – ჩემი და მეუღლის საყვარელი აკუნინაო, ასე მითხრა :)
ძალიან მყუდრო სახლი გაქვთ – თბილი, სასიამოვნო. მიხარია თქვენი წარმატებები :)
LikeLike
ზღაპრის კითვის საათი! ეს ალბათ ძალიან საინტერესოა და ეჭვი მაქვს რომ თუ ჩემს შვილს მოგიყვანთ ამ „საათებში“ სახლში წასვლა აღარ მოუნდება :) ძძალიან მაგარი იდეაა, და კარგა ხანია მზგავს „თავშესაფარს“ვეძებ ჩემი ვილებისთვის, დიდი მადლობა
LikeLike
მოგვიყვანეთ, გელოდებით <3
LikeLike
ბათუმში რომ ჩავალ, მარისთან უნდა მივიდე.
LikeLike
როდე <3
LikeLike
მიხარია,რომ არსებობს ასეთი კარგი მაღაზია(თუმცა ძნელია,მას მაღაზია უწოდო,უფრო დიდია ,ვიდრე ყიდვა–გაყიდვის ე.წ. ,,ობიექტი”).
LikeLike
დიდი მადლობა :) მე კიდევ, მიხარია, ასე რომ ფიქრობ :)
LikeLike
am postis shemdeg sheudzlebelia batumshi movxvde da tkven gverdi agiarot :) :)
LikeLike
მიყვარხარ და მიყვარხართ ♥♥
LikeLike
გულით გისურვებთ, სულ გყოლოდეთ ბევრი, კარგი მყიდველი :)
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომენტარი ჩემგან გაუკვირდეთ ეგება ჩემგან :)
LikeLike
გუშინწინ ბათუმში ქორწილში ჩასულმა ჯვრისწერასა და ხელმოწერას შორის დრო ვიხელთე და თქვენს მაღაზიაში შემოვიპარე. მარი და ირაკლი თბილისიდან მოდიანო, ასე მამცნეს მაღაზიაში :(
იროელთა ქრონიკების ახალი წიგნი გამოვაყოლე ხელს – “წიგნები ბათუმშის” სახელზე წავიკითხავ.
LikeLike