Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 15th, 2014

მარი და ირაკლი - "წიგნები ბათუმში"ამ პოსტის დაწერისას ძალიან ვინერვიულე. ჯერ ერთი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ – მე ხომ მოლი ბლუმის ბლოგზე ვწერ სტუმრის სტატუსით! ეს კი, დამეთანხმებით, სულაც არაა სახუმარო საქმე. მეორე კიდევ ის მანერვიულებდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიყვარულზე უნდა ვწერო, ასეთ რამეებზე წერის დროს კი ცოტა ძნელია, ზომიერება დაიცვა და ნაწერი მეტისმეტად პათეტიკური არ გამოვიდეს. ბოლოს გადავწყვიტე, სიმართლე დავწერო, ზუსტად ისე, როგორც მე ვგრძნობ, ზუსტად ისე, როგორც მე განვიცდი, ზუსტად ისე, როგორც მიყვარს და როგორც ვხედავ.

მე და ირაკლი სულ ვამბობთ, რომ ორი შვილი გვყავს – ლეა და “წიგნები ბათუმში“. შეიძლება, ამის მოსმენისას ბევრს ჰგონია, რომ ცოტას ვაჭარბებთ, რომ არ შეიძლება, რაღაც ასე გიყვარდეს, მაგრამ ეს ფაქტია. “წიგნები ბათუმში” უხილავი ჭიპლარითაა ჩვენთან დაკავშირებული და ცოცხალი ორგანიზმივითაა -იკვებება ჩვენი ენერგიით, სიყვარულით, ემოციებით და იმედებით.

ზოგჯერ მართლა ძალიან ვიღლებით. იმდენად ვიღლებით, რომ გვგონია, ადამიანებისთვის ღიმილის დასაბრუნებლად ძალა აღარ გვყოფა. მართლა მხოლოდ წიგნების კითხვა და  სასიამოვნო საუბრები არ არის ის, რაზეც წიგნების მაღაზია დგას. ნეტავ იცოდეთ, რამდენჯერ მომისმენია “თქვენ რა გიჭირთ, მთელი დღე კითხულობთ, სულ მეგობრები მოდიან, საღამოობით ღვინოს წრუპავთ, როცა გინდა, მიდიხართ-მოდიხართ”… ამ დროს ყველაფრის უკან ექსელის ფაილები, ბუღალტერთან ვიზიტები, ბალანსის გამოყვანები, ასიათასობით წიგნიდან შეკვეთის გაცხრილვები და სხვა რუტინული საქმეები დგას. ზოგჯერ იმდენი რამ დგას ამ ყველაფრის უკან, რომ გვგონია, ლოგინამდე მისაღწევად ენერგია არ გვეყოფა, სადღაც შუა გზაში ჩავიკეცებით და დავიძინებთ.  მაგრამ ყოველთვის, როცა ვფიქრობთ, რომ ძალა აღარ გვეყოფა, შემოდის 13 წლის გოგო და გვეუბნება, რომ წიგნების კითხვა ჩვენ დავაწყებინეთ, ან ათი წლის ბიჭი და გვეუბნება, რომ შეყვარებულია და გოგოს წიგნი უნდა აჩუქოს, ან ჩვენს დაჟანგებულ საფოსტო ყუთში ჩავიხედავთ რომელიმე და იქ ისეთი წერილი გვხვდება, რომ თავისით იხსნება მეორე სუნთქვა და ზუსტად ვიცი, სანამ ერთი ადამიანი მაინც შემოდის, სანამ ერთს მაინც ემეტება ღიმილი და კეთილი სიტყვა, ჩვენც ყოველთვის გვექნება ძალა შემხვედრი ღიმილისთვის.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: