Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for January, 2014

წიგნები, რომლებსაც თებერვალში ველოდებით

უილიამ ჯოისი, ლორა გერინგერი. ,"სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან" . გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი, 2014
იანვარმა, შეამჩნევდით, საძილე და საკითხავი ამინდებით გაგვანებივრა. სინოპტიკოსებს მტერი ენდო, მაგრამ თებერვალიც ასეთი იქნებაო, ამტკიცებენ. მგონი, ის დროა, თადარიგი დავიჭიროთ და უკვე გადადებულ წიგნებთან ერთად ახალი სასუსნავიც მოვიმარაგოთ.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოლიმ რკინის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა და ისევ დაიარა გამომცემლობები; აბა, თქვენთვის იმ წიგნების ჩამონათვალი ხომ უნდა გაეხერხებინა, სულ მალე რომ გამოჩნდება ბუქსთორების თაროებზე. ისედაც არ გამოგრჩებოდათ, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ჩემი ბლოგის მკითხველები ნიუსებს რომ პირველნი შეიტყობენ, მეც მიხარია და თქვენთვისაც ღრმად კომფორტული და მოსახერხებელი მგონია.

ბევრი რომ არ მოგაცდინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

(more…)

Read Full Post »

philip roth. human stain coverგაცვეთილ თემებზე წერა სარისკო საქმეა. წიგნებისაც და პოსტებისაც – ახალს ვერაფერს იტყვი და იმიტომ.

თუმცა, მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ეს საქმე კარგად გამოსდით და ჩემს გულწრფელ პატივისცემას იმსახურებენ.

სწორედ ამ ავტორთაგანია ფილიპ როთი  – როგორღაც მოახერხა და სრულიად ახალი წიგნი დაწერა ისეთ ათასზგის გადაღეჭილ თემაზე, რასიზმი რომ ჰქვია. ოღონდ ისე შეატრიალა, თავისუფლებისკენ სწრაფვად, საკუთარი თავის ძიების პროცესად აქცია.

ჰოდა, ამის წყალობით მოხვდა ჩემი ბლოგის ფურცლებზე მეორედ. რა თქმა უნდა, პულიტცერის პრემიის ლაურეატისა და საპატიო ორდენის ლეგიონის კომანდორისთვის ეს დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც…

სიმართლე გითხრათ, ჩაფიქრებული არაფერი მქონია, მაგრამ წიგნის მესამედიც არ წამეკითხა, რომ უკვე ვიცოდი – “ადამიანურ ლაქას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.

(more…)

Read Full Post »

აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე ჩემი საყვარელი მწერალი რომ არის, ბლოგსაც ეტყობა, ბიბლიოთეკასაც და ერთი კვირის წინ გაკეთებულ “Goodreads”-ის პროფილსაც.

აკას, დათო ტურაშვილის და ზაზა ბურჭულაძის წიგნები ერთად მიწყვია ყველაზე საპატიო თაროზე, მაგრამ, ვფიქრობ, მალე მომიწევს ადგილის შეცვლა  – აღარ ეტევა და იმიტომ.

სამი ეგზემპლარი მარტო “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” მაქვს; კიდევ – მეგობრის ნაჩუქარი, ღია ბარათებით, გაზეთის ამონაჭრებით, სურათებითა და წიგნაკებით სავსე “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, “მადათოვის” სასაჩუქრე გამოცემაც, სადღაც, რომელიღაც არაკომერციულ გამომცემლობაში დაბეჭდილი ციცქნა “კაგდატა ინ ჯორჯიაც”… კიდევ – “თეთრი სერია”. ასე, მგონი, არც უნდა ერქვას – მე ვეძახი და გამორჩეულად მომწონს. ამდენ ფერად გარეკანში თეთრად ანათებს და თვალსა და გულს ერთად ახარებს.

მოკლედ, აკას წიგნებზე ერთ პოსტს კი არა, მთელ ბლოგს ავაწყობდი, მაგრამ ხომ ვიცი, ახლა არ იქნებით სანტიმენტალური მოგონებების გუნებაზე; ახალი წიგნია გამოსული და რევიუს ელოდებით.

სათაური კი აქვს უცნაური, ეს რა უბედურებააო, რომ გაფიქრებინებს, მაგრამ წაიკითხავ “მორიდებული ზურმუხტის” პირველ გვერდებს და ეჭვის ნასახიც არ დაგრჩება – ნამდვილი აკაა. კლასიკური. ოქროს სტანდარტი.

(more…)

Read Full Post »

George Orwellგულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით, ხომ გქონიათ შემთხვევა, საუკუნის წიგნს რომ კითხულობ, კითხულობ და უცებ ხვდები – დღევანდელობაზეა დაწერილი?

ზუსტად მიგნებულ სიუჟეტთან ერთად, მწერლის გენიალურობის ბრალიცაა. ისეთი რამ დაუწერია, საუკუნის მერეც რომ აფორიაქებს მკითხველს.

სწორედ ასეთი მწერალია ჯორჯ ორუელი, უაღრესად თანამედროვე, და, ალბათ, ამიტომაც თარგმნიან ხშირად და სიამოვნებით ჩვენი გამომცემლობები.

ოღონდ,  აქ არც სიმართლის სამინისტროზე ვაპირებ თხრობას, არც “უფროს ძმასა” და ლეგენდარულ ფორმულაზე: “2+2=5”,  არც იმ უკვდავ ფრაზაზე, ახლა რომ გაგახსენდათ –  “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები “. ესენი სხვა დროისთვის იყოს…

დღეს ახალგადმოქართულებულ წიგნზე გიამბობთ და ბარემ აქვე ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ ვიცოდი, ორუელს სამხედრო კორესპონდენტის ჩანაწერებიც თუ ჰქონდა აკინძული.

პატივი კატალონიას”  ესპანეთშია დაწერილი, გაგანია სამოქალაქო ომის დროს.

(more…)

Read Full Post »

მარი და ირაკლი - "წიგნები ბათუმში"ამ პოსტის დაწერისას ძალიან ვინერვიულე. ჯერ ერთი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ – მე ხომ მოლი ბლუმის ბლოგზე ვწერ სტუმრის სტატუსით! ეს კი, დამეთანხმებით, სულაც არაა სახუმარო საქმე. მეორე კიდევ ის მანერვიულებდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიყვარულზე უნდა ვწერო, ასეთ რამეებზე წერის დროს კი ცოტა ძნელია, ზომიერება დაიცვა და ნაწერი მეტისმეტად პათეტიკური არ გამოვიდეს. ბოლოს გადავწყვიტე, სიმართლე დავწერო, ზუსტად ისე, როგორც მე ვგრძნობ, ზუსტად ისე, როგორც მე განვიცდი, ზუსტად ისე, როგორც მიყვარს და როგორც ვხედავ.

მე და ირაკლი სულ ვამბობთ, რომ ორი შვილი გვყავს – ლეა და “წიგნები ბათუმში“. შეიძლება, ამის მოსმენისას ბევრს ჰგონია, რომ ცოტას ვაჭარბებთ, რომ არ შეიძლება, რაღაც ასე გიყვარდეს, მაგრამ ეს ფაქტია. “წიგნები ბათუმში” უხილავი ჭიპლარითაა ჩვენთან დაკავშირებული და ცოცხალი ორგანიზმივითაა -იკვებება ჩვენი ენერგიით, სიყვარულით, ემოციებით და იმედებით.

ზოგჯერ მართლა ძალიან ვიღლებით. იმდენად ვიღლებით, რომ გვგონია, ადამიანებისთვის ღიმილის დასაბრუნებლად ძალა აღარ გვყოფა. მართლა მხოლოდ წიგნების კითხვა და  სასიამოვნო საუბრები არ არის ის, რაზეც წიგნების მაღაზია დგას. ნეტავ იცოდეთ, რამდენჯერ მომისმენია “თქვენ რა გიჭირთ, მთელი დღე კითხულობთ, სულ მეგობრები მოდიან, საღამოობით ღვინოს წრუპავთ, როცა გინდა, მიდიხართ-მოდიხართ”… ამ დროს ყველაფრის უკან ექსელის ფაილები, ბუღალტერთან ვიზიტები, ბალანსის გამოყვანები, ასიათასობით წიგნიდან შეკვეთის გაცხრილვები და სხვა რუტინული საქმეები დგას. ზოგჯერ იმდენი რამ დგას ამ ყველაფრის უკან, რომ გვგონია, ლოგინამდე მისაღწევად ენერგია არ გვეყოფა, სადღაც შუა გზაში ჩავიკეცებით და დავიძინებთ.  მაგრამ ყოველთვის, როცა ვფიქრობთ, რომ ძალა აღარ გვეყოფა, შემოდის 13 წლის გოგო და გვეუბნება, რომ წიგნების კითხვა ჩვენ დავაწყებინეთ, ან ათი წლის ბიჭი და გვეუბნება, რომ შეყვარებულია და გოგოს წიგნი უნდა აჩუქოს, ან ჩვენს დაჟანგებულ საფოსტო ყუთში ჩავიხედავთ რომელიმე და იქ ისეთი წერილი გვხვდება, რომ თავისით იხსნება მეორე სუნთქვა და ზუსტად ვიცი, სანამ ერთი ადამიანი მაინც შემოდის, სანამ ერთს მაინც ემეტება ღიმილი და კეთილი სიტყვა, ჩვენც ყოველთვის გვექნება ძალა შემხვედრი ღიმილისთვის.

(more…)

Read Full Post »

20140112_202158ხანდახან, წიგნებით გაძეძგილ ჩემს ოთახს თვალს რომ მოვავლებ, საკუთარ თავს შევუძახებ ხოლმე – გეყოფა, მოლი, დასაძინებელი ადგილი მაინც დაიტოვე, ბოლოს და ბოლოს, “ქინდლი” გაქვს, სადაც ათასამდე წიგნი ეტევა-მეთქი, მაგრამ გავა ცოტა ხანი და ისეთ რამეს წავაწყდები რომელიმე ბუქსთორში, სულ კბილების კაწკაწით და ხელების ფშვნეტით მივარბენინებ შინისკენ.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ დამიბნელდებოდა თვალთ, “დიოგენემ“ “ვინი ფუუჰის“ ახალი, ორიგინალიდან თარგმნილი გამოცემა რომ დააანონსა. ალბათ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მოწინავე მყიდველთა რიგებში ვიყავი გამოჭიმული და ნადავლით დამძიმებული ჩანთით ისეთი ყელმოღერებული დავბრუნდი შინ, გახსენებაზე თავად მეცინება.

ძლივს მივიტანე სული შაბათამდე – დილის ყავა მომართვეს თუ არა, გულისფანცქალით გადავშალე კვასკვასა ყვითელ სუპერში გამოპრანჭული წიგნი  და…

ყველანი იქ დამხვდნენ – ბავშვობისდროინდელ ყველა ბედნიერ მოგონებას, რაც კი ნახერხის დათუნიას უკავშირდებოდა, პრიალა ფურცლებზე მოეყარა თავი და საყვარელი პერსონაჟები, ოდნავ შეცვლილი, ქართულ ენას მორგებული სახელებით, გახარებულები მიქნევდნენ ხელს – მოლიმ ჩვენთვის მოიცალა და დაგვიბრუნდაო.

(more…)

Read Full Post »

Sherlock Series 3სინემანიაკი არ ვარ-მეთქი, ათასჯერ მითქვამს.

ფილმებს მოცალეობის ჟამს თუ ვუყურებ, სერიალებს გულს ვერ ვუდებ, მულტფილმებით უფრო ვიქცევ თავს და ცხადია, კინოთემატიკას ბლოგზეც იშვიათად გადააწყდებით – კაცმა იმაზე უნდა წეროს, რაც უყვარს და იცის.

ოღონდ, წესი რა წესია, გამონაკლისი არ ჰქონდეს და დროდადრო ისეთი ფილმი გამოერევა, ამქვეყნად ლამის ყველა წიგნს რომ მირჩევნია და საღამოსთვის გამზადებულ სქელ-სქელ ტომს გვერდზე გადამადებინებს.

წიგნის გვერდზე გადადებას ვინ ჩივის – წელს, პირველ იანვარს,  არც ხაჭაპური გამხსენებია და არც შემწვარი გოჭის ყურები, არც ის, რომ ძილი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია; იმის მაგივრად, საახალწლო სუფრასთან უთანასწორო ჭიდილში მიღებული იარები მომეშუშებინა და გემრიელად გამომეძინა, ღამის პირველ საათზე, რომელიღაც საეჭვო რეპუტაციის საიტზე ერთი ბომბივით გამსკდარი სერიალის ახალი სეზონის პირველ სერიას ვუყურებდი ჰექსესა და ჭიქა ყავასთან ერთად (ახლა, მთლად ისე ნუ დავწვრილმანდებით, იმაზე ვილაპარაკოთ, სეანსის მერე სამზარეულოში ქარიშხალ “კატრინასავით” რომ შევიჭერი).

პოსტის სათაურიც ჰექსემ მიკარნახა, სხვათა შორის, და მიხვდებოდით კიდეც, შერლოკზე რომ ვწერ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: