სიმართლე გითხრათ, ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები წიგნებს, რომლებსაც გამომცემლები ხმაურიან სახელს – “ბესთსელერებს” უწოდებენ; როგორც წესი, არ მომწონს და ხშირად ყოფილა, მათზე დახარჯული დროც დამნანებია.
ალბათ, ლორენ ვაისბერგერის ამ რომანსაც ალმაცერად შევხედავდი, მით უმეტეს, მოდის სამყაროზე დაწერილი წიგნები ჩემი ლიტერატურული პრიორიტეტების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ამავე სახელწოდების არაჩვეულებრივი ფილმი მქონდა ნანახი საყვარელი მსახიობის – მერილ სტრიპის მონაწილეობით. ყურმოკვრით ისიც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი მთავარ პერსონაჟის, მირანდა პრისტლის, პროტოტიპი ჟურნალ „ვოგის“ მთავარი რედაქტორი ანა ვინტური იყო, რომელთანაც ავტორი ოდესღაც მუშაობდა.
ასე იყო თუ ისე, ამ უქმეებზე მოვიცალე და “ეშმაკს აცვია პრადა“ დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ მაინც ინტერესით გადავშალე.
აუ, გოგოებოოო! არ წაიკითხოთ ეს წიგნი, რა! მართლა არ წაიკითხოთ, თორემ “გუჩის“ შარვლების, “მანოლოსა“ და “ჯიმი ჩუს“ ფეხსაცმელების, საგანგებო შეკვეთით შეკერილი “შანელის“ სპორტული შორტების, “რალფ ლორენის“ ქვედაბოლოების, “ჰერმესის“ შარფების, “მაიკლ კორსის“ ჟაკეტიანი ბლუზების, “ჯ. მენდელის“ ბეწვის ქურქების და ათასი ამგვარი საოცრების გადამკიდეს თავბრუ დაგეხვევათ, თვალები აგიჭრელდებათ და ერთ უსიამოვნო რამესაც აღმოაჩენთ – თურმე ისეთი შურიანი ყოფილხართ, ვერც კი წარმოიდგენდით!
ოღონდ, ცხონებული შექსპირის არ იყოს, “ჯერ შეიცადეთ! მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა!“ – სანამ ამ ყველაფრის წარმოდგენაზე სუნთქვა შეგეკვრებათ, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი უფროსი მირანდა პრისტლია – „ყველაზე დიდი ძუკნა, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ“; ახლა თქვენი ბლოკნოტი გადაშალეთ და სასწრაფოდ შესასრულებელი დავალებების ნუსხაში ჩაიხედეთ: “კესიდს ახალი ნეილონის ჩანთა უნდა, აი, ისეთი, მისი ასაკის გოგონები რომ ატარებენ“ ან “სამოცდაათიანების ქუჩაზე ანტიკვარულ მაღაზიაში ძველი კომოდი ვნახე, სასწრაფოდ მჭირდება მაღაზიის ზუსტი მისამართი და ტელეფონის ნომერი“; და ვის აინტერესებს, რომ აზრზეც არ ხართ, როგორი ჩანთებით დადიან ცხრა-ათი წლის გოგონები ან ამ ოხერ სამოცდაათიანების ქუჩაზე ასამდე ანტიკვარული მაღაზია გაუხსნიათ?! იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ის ბედნავსი კომოდი სულაც აღმოსავლეთის 86-ე ქუჩაზე იყიდება!
არადა, როგორ გინდა, იწუწუნო – ეს ხომ ჟურნალი „პოდიუმია“, მაღალი მოდის მექა და მედინა, შენ კი თავად მირანდა პრისტლის უმცროსი თანაშემწე ხარ და იცი – ამ სამუშაოსთვის „მილიონობით გოგონა ეშმაკსაც კი მიჰყიდიდა სულს.“
ისე, დიდად სარფიანი გარიგების იმედი ნუ გექნება – ეშმაკი უკვე აქ არის, მთავარი რედაქტორის კაბინეტში, სავარძელში მოხდენილად ჩაბრძანებულა, მაგიდის მარცხენა კუთხეში (და არავითარ შემთხვევაში მარჯვენაში, ღმერთი არ გაგიწყრეს და არ შეგეშალოს!) ლიმონიანი „პელეგრინო“ უდგას ზოლიან ხელსახოცზე და ნელ-ნელა გნუსხავს, გყლაპავს და გშთანთქავს ისე, რომ არც ნებართვას ითხოვს და არც რაიმე კონტრაქტზე გაწერინებს ხელს – უბრალოდ, საკუთარ თავს გაკარგვინებს და ისეთ რამეებზე გათქმევინებს უარს, იქამდე ცხოვრების აზრად რომ მიგაჩნდა.
თვალდახუჭული ყვინთავ ამ თვალისმომჭრელი ფუფუნების, ჭორების, ღვარძლის, ცდუნების მორევში და თანდათან გავიწყდება, რომ უბრალოდ უმცროსი თანაშემწე კი არა, ანდრეა საქსი ხარ, ჭკვიანი და მიზანდასახული გოგო; რომ სადღაც, გაღმა ნაპირზე, მშობლები გელოდებიან, ერთგული ალექსი, ლილი, რომლსაც შენი თანადგომა ჰაერივით სჭირდება…
მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს მაინც ფხიზლდები და ხედავ – ხელი თუ არ გაიქნიე და დროზე არ გამოცურე ამ დაწყევლილი მორევიდან, აღარც ოჯახი შეგრჩება, აღარც საყვარელი ადამიანი და აღარც სიყრმის მეგობარი; დარჩები მირანდას ანაბარა. ერთი ეგაა – გეყოფა კი ძალა ხელის გასაქნევად?! მეტისმეტად სწრაფი და ღრმაა დინება, მოდის სამყაროს რომ ეძახიან.
უნდა გეყოს.
აუცილებლად უნდა გეყოს, თორემ ცუდადაა საქმე.
წიგნი არ წამიკითხავს და არც ვიცი, როგორია, მაგრამ ფილმში არაჩვეულებრივმა მსახიობებმა ისე კარგად ითამაშეს, რომ პირველი ნახვისთანავე შემიყვარდა …
ჰოდა, ანოტაციაც სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ველოდი და მე მგონი, არც წიგნი უნდა იყოს ცოდი :)
LikeLike
ჰმ… თავიდან რატომღაც ეშმაკს აცვია პრადა ამელი ნოტომის კრძალვით და ცახცახით-ს მივამსგავსე, მაგრამ მგონი ვცდები. პოსტი როგორც ყოველთვის კარგია
LikeLike
მერილ სტრიპის ხათრით მირანდა პრისტლიც მომეწონა :)) წიგნს სულ ეჭვის თვალით ვუყურებ, მაგრამ ახლა მგონია, რომ წავიკითხავ :)
LikeLike
ძალიან კარგი თარგმანია,ერთი ამოსუნთქვით იკითხება. სტარბაქსის ყავა შემშურდა მარტო-მათხოვრებს რომ ურიგებდა ანდრეა და მე ნერწყვებს ვყლაპავდი. სამოსი კი რა ვთქვა-მავანს ეგეც შეშურდება,ხალხი ჭრელია.
წიგნმა მართლაც მომხიბლა.შენმა პოსტმაც♥
LikeLike
sad vnaxo es wigniii?:(
an online ar aris ??
LikeLike
ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში :) ყველგან ექნებათ.
ონლაინ არა მგონია.
LikeLike
მიუხედავად იმისა რომ მერილ სტრიპი ძალიან მიყვარს და მისი ხათრით ნებისმიერ ფილმს ვუყურებ, ეს ფილმი ძალიან არ მომეწონა. შეიძლება ითქვას ძალით ვუყურე, წიგნი რომ დავლანდე მაღაზიებში, ეჭვის თვალით გავხედე, ერთი პირობა ვიფიქრე წავიკითხავ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. თუმცა გასართობად ალბათ არ იქნება ცუდი და იმედია წიგნი ფილმზე მეტად მომეწონება (თუ მივაღწიე ამ წიგნამდე და ჩავუჯექი) :)
LikeLike
სახელდობრ, რატომ არ მოგეწონათ?
მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე.
LikeLike
ქვეტესქტი რატომ უნდა ქონოდა?! :)
1. არ მიყვარს “ფილმი დეფილეები”;
2. არ მიყვარს ფილმები სადაც არ მიყვარს მთავარი გმირი/გმირები, ამ ფილმში კი განსაკუთრებულად არავინ მომწონს (ასეთი ფილმებისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია გმირს გულშემატკივრობდე, აღფრთოვანებული იყო ან რაიმე საერთოს ხედავდე (გქონდეს ამის სურვილი));
3. არ მომწონს მთავარი გმირი, არც მანამდე, არც “ეშმაკთან” მუშაობის დაწყების შემდეგ და არც იქიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში ეს გმირი ჩემთვის არანაირი კუთხით არაა არც საინტერესო და არც მომხიბვლელი;
4. ჰო, კიდევ ძალიან ბევრი რამ ძალიან მებანალურება და არც იმდენად ამჩუყებია გული, რომ ეს ბანალური და გაცვეთილი იდეები ამ ემოციას გადაეწონა (ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად უკიდურესად ბანალური სცენარის მქონე ფილმები მიყვარდება ხოლმე).
საბოლოო ჯამში ემოციურად არ მომეწონა და შემთხვევით თუ თვალს მოვკრავ არ გამიჩნდება მისი თავიდან ყურების სურვილი.
მგონი სულ ესაა :)
LikeLike
ქვეტექსტში, უფრო სწორად, მის უქონლობაში, ის ვიგულისხმე, რომ მართლა მაინტერესებდა არმოწონების მიზეზი და მხოლოდ იმისთვის არ მიკითხავს, რომ ჩასაფრებული შეგკამათებოდით ))
გმადლობთ , რომ პასუხი არ დაიზარეთ.
თავად ფილმს რაც შეეხება, მე ოდნავ განსხვავებული აზრი მაქვს და მოგვიანებით დავწერ. ახლა მაღაზიაში უნდა ჩავიდე კარტოფილის ამოსატანად..
LikeLike
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ენ ჰეთეუეი (თუ ჰეთუეი – ვინმე მადლიანმა მითხარით, როგორ წარმოითქმის ეს გვარი) ასრულებს, ისე მომეწონებოდა, საჯაროდ დავიცავდი )
ფაქტია, მომეწონა. და ფაქტია, ეს ენ ჰეთეუეის დამსახურება ნამდვილად არ არის )
დავიწყებ იმით, რომ, ჩემი აზრით, ფილმის „ეშმაკი იცვამს პრადას“ „ფილმ-დეფილეს“ კატეგორიაში მოქცევა მეტისმეტია. აი, დეფილე წიგნშია, თუა. მხოლოდ იქ მოხსენიებული დიზაინერებისა და სავაჭრო მარკების გლოსარიუმი რომ შეადგინოს ვინმემ, ერთი მოზრდილი წიგნი კიდევ გამოვა.
ფილმი, ჩემდა გასაოცრად, ამ მხრივ ნაკლებად სცოდავს. ის კი არა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამბავი სულაც მოდების ჟურნალში ხდება, შეიძლება ითქვას, ყრმასავით უმანკოა ) წიგნისგან განსხვავებით, სადაც მოდის სამყარო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ფილმში ის მხოლოდ ფონია მთავარი ამბებისთვის. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ლორენ ვაისბერგერის რომანის ეკრანულ ვერსიაში მომეწონა. სცენარის ავტორებმა დედნისეული აქცენტები საგრძნობლად შეცვალეს და ამით ნაწარმოებმა უდავოდ მოიგო.
ის, რომ ვინმეს მთავარი გმირი არ მოსწონს, მხატვრული პროდუქციის ხარისხზე მსჯელობისას ჩემთვის საერთოდ არ არის არგუმენტი, მაგრამ ვინაიდან ხელოვნების აღქმის კუთხით, საზოგადოდ, ემოციური განწყობა და სუბიექტური გამოცდილება ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია, აღარ შეგეკამათებით )
რა შეიძლება ითქვას ბანალურობაზე… მახინჯი იხვის ჭუკის მშვენიერ გედად ქცევის ამბავი (რასაკვირველია, ანდრეას სასწაულებრივ გარდასახვას ვგულისხმობ), ერთი შეხედვით, ნამდვილად ბანალურია. საზოგადოდ, ჰოლივუდში უყვართ ამ ილეთის გამოყენება – „ამერიკული ოცნების“ ალეგორიად თუ მოიაზრებენ )) ასე რომ, ხერხი მართლა გაცვეთილია. შეიძლებოდა ამ სვლის უფრო საინტერესოდ გათამაშება, თუნდაც იმის ჩვენებით, რა გავლენა მოახდინა ამ გარეგნულმა ფერისცვალებამ მთავარი გმირის სულიერ სამყაროზე, მსოფლაღქმაზე, ღირებულებათა სისტემაზე. ან, თუ ვერ მოახდინა, რატომ. მაგრამ, როგორც ჩანს, სცენარის ავტორები ხასიათის ზედმეტი შტრიხებით გადატვირთვას მოერიდნენ (თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოხსენებულ მთავარ გმირს ენ ჰეთეუეი განასახიერებს, მცდელობაც კი იმთავითვე კრახისთვის იქნებოდა განწირული) და ფინალს დაგვაჯერეს, სადაც ანდრეა უარყოფს მოდის სამყაროს „უშინაარსო ბრწყინვალებას“ და „ნამდვილ“ ფასეულობებს და „სერიოზულ“ ჟურნალისტიკას უბრუნდება ) ბოლოს და ბოლოს, მისი ოცნებაც ხომ ეს იყო.
არ ვიცი, კიდევ რა მოგეჩვენათ „ბანალური და გაცვეთილი“. ფაბულა? მთლიანად სიუჟეტი? პერსონაჟების ურთიერთდამოკიდებულება? ხასიათები? ამ ყველაფერზე კამათი შეიძლება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენგან პასუხს მივიღებ (თუ, რასაკვირველია, მივიღე). მე კი მაინც მგონია, რომ ფილმის სათქმელი გაცილებით ღრმა და საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მაგალითად, ფილმი სულაც არ არის ბოსისა და ხელქვეითის ურთიერთობაზე – ის ამქვეყნად თავის დამკვიდრებაზეა. გიგანტურ, მრავალმილიარდიან ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებაზე, რომელიც, მოლოქივით, გამუდმებით მოითხოვს ახალ-ახალ მსხვერპლს; და სათაურში გამოტანილი „ეშმაკიც“ სულაც არ გულისხმობს მირანდა პრისტლის – სინამდვილეში ეს სწორედ ის ოქროს კერპია, რომელსაც წარმატების სანაცვლოდ ყველაფერი უნდა შესწირო – თავისუფალი დრო, პირადი ცხოვრება, ინტერესები, საყვარელი ადამიანები და, რაც მთავარია, შესწირო საკუთარი სული.
მირანდა პრისტლი ამ ყველაფრის ცოცხალი მაგალითია. ეს არის ქალი, რომელმაც შეგნებულად აირჩია ოქროს კერპის მსახურება და მიიღო კიდეც ის, რასაც ელტვოდა, ოღონდ უდიდესი საზღაურის ფასად – მისი ეშინიათ, მას აღიარებენ, ეთაყვანებიან, ანგარიშს უწევენ, ბრმად ემორჩილებიან, მაგრამ… არ უყვართ. არადა, წარმატებული, გავლენიანი, მდიდარი ქალის ფასადის მიღმა ის ერთი ჩვეულებრივი, შუახანს მიტანებული მარტოსული არსებაა, რომელსაც ისევე ეშინია მარტოობის და ისევე სჭირდება უბრალო ადამიანური თანაგრძნობა, როგორც ყველას.
ოღონდ, სხვებისგან განსხვავებით, ის ამას ცოცხალი თავით არ გამოამჟღავნებს, რადგან ოქროს კერპი სისუსტეს არ პატიობს.
და ის ცივი გამოხედვა, რომლითაც ქუჩის გადაღმა მდგომ ანდრეას აცილებს, მერე კი, მანქანაში, სადაც ვერავინ ხედავს – საოცრად თბილი, თითქმის მშობლიური ღიმილი, ერთბაშად მიგახვედრებს, რომ , მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქალს არ დაუკარგავს მთავარი: ღირსება. ღირსება და სხვისი ღირსების დანახვის ნიჭი.
არ ვიცი, სწორედ ეს ჰქონდათ თუ არა ჩაფიქრებული ფილმის ავტორებს, მაგრამ ფაქტია, მერილ სტრიპმა ასეთი პერსონაჟი შექმნა თავისი როლისგან და, ვიტყოდი, ბრწყინვალედ მოახერხა ეს.
ჭეშმარიტად, არ არსებობს დიდი და პატარა როლები – არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები.
და თუ ბისმარკს შეეძლო ეთქვა, იმპერია – ეს მე ვარო, მერილ სტრიპსაც თამამად შეუძლია თქვას, რომ „ეშმაკი იცვამს პრადას“ – ეს თვითონ არის )
მერილი კი დიდი, უდავოდ დიდი მსახიობია.
LikeLike
ის ფაქტი რომ წიგნი კიდევ უფრო დიდი დეფილეა ვიდრე ფილმი (წიგნი არ წამიკითხავს როგორც აღვნიშნე, შესაბამისად ამაზე არაფერს ვიტყვი) ჩემთვის სულაც არ არის არგუმენტი ფილმის სასარგებლოდ, ვინაიდან მე არაფერი მითქვამს იმაზე, ეს წიგნის კარგი ეკრანიზაციაა თუ ცუდი, მე უბრალოდ ვთქვი რომ განცალკევებულად ფილმი ჩემთვის მოსაწონი არ იყო და არც რაიმე სახის ემოცია დაუტოვებია, შესაძლოა წიგნიდან გამომდინარე კიდევ უფრო ნაკლებ მოსაწონი ფილმის გადაღება შეეძლოთ, ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ შემიძლია უბრალოდ მოვიწონო მათი საქციელი :)
გარდა ამისა, მე მხატვრული პროდუქტის ხარისხიანობასა თუ უხარისხობაზე არაფერი მითქვამს, მე ვთქვი რომ ფილმი არ მომეწონა, შესაძლოა ისეც მოხდეს რომ უაღრესად ხარისხიანი ნაწარმი ჩემთვის ემოციურად სულაც არ იყოს მოსაწონი, ამის მიხედვით ბუნებრივია ჩემ პიროვნებაზე გარკვეული დასკვნების გამოტანის უფლება სხვებს ექნებათ და შესაძლოა სავსებით სამართლიანადაც, თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ რომელიმე ნაწარმი, საზოგადოების უმრავლესობის მიერ ხარისხიანად იქნა მიჩნეული, ჩემ ემოციურ განწყობაზე ნაკლებ ასახვას ჰპოვებს, ცხოვრებაში ყველაფერი მარტივადაა ან მოგწონს ან არა. რატომ ეს უკვე სხვა საკითხია. მე არ მითქვამს რომ ფილმის კრიტიკის სურვილი მქონდა, არც ის მიხსენებია რომ გაუგებარია რატომ მოსწონთ ეს ფილმი სხვებს :)
რაც შეეხება ბანალურობას, ბანალურია თავად ის იდეაც, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, კერპებსა თუ მათთვის გაღებულ მსხვერპლზე, ცხოვრებაში არსებულ ღირებულებებსა თუ იმ ადამიანებზე, რომლებისაც ეშინიათ, რომლებსაც პატივს სცემენ, თუმცა არ უყვართ. ამ ადამიანების ემოციურ განწყობებზე და იმაზე, რომ სინამდვილეში ყველა ეს რკინისა და ფოლადის ადამიანი უბრალოდ ადამიანია, რომელსაც გააჩნია ემოციები, რომელსაც ისევე სჭირდება ადამიანური სითბო როგორც დანარჩენებს და ა.შ. მე ვფიქრობ რომ ამ იდეის გადმოცემა ჩემთვის უფრო მოსაწონი გზითაც შეიძლებოდა :)
გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე გაცილებით ბანალური ფილმებიც მომწონს, ისეთი სასაცილოდ რომ არ ეყოფა ვიღაცას, თუმცა მე მომწონს და უფრო მეტ ემოციასაც მიტოვებს ვიდრე ეს ფილმი.
თუ ჩვენი დიალოგის მთავარი იდეაა ვიმსჯელოთ ამ პროდუქტის ხარისხზე, მაშინ ეს არაფრამდე მიგვიყვანს :) თუ თქვენ თვლით რომ ყველაფერი რაც საზოგადოებამ “ხარისხიანად” აღიარა, აუცილებლად უნდა იქნას აღიარებული თითოეული ადამიანის მიერ და მეტიც მოწონებულიც კი, მაშინ ეს მსჯელობა არაფრამდე მიგვიყვანს :)
თუმცა აქვე დავამატებ, რომ მთავარი გმირის მოწონება/არ მოწონება, შეიძლება იქცეს პროდუქტის ხარისხზე მსჯელობის მიზეზად, მოწონება აუცილებლად დადებით განწყობას არ ნიშნავს, პერსონაჟი შეიძლება იყოს უკიდურესად დადებითი ან უკიდურესად უარყოფითი, თუმცა მოგწონდეს ან იმიტომ რომ განსხვავებულია, ან იმიტომ რომ გგავს, ან იმიტომ რომ ძალიან არ გგავს, ან იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია და ა.შ.
LikeLike
ფინიკ, სულ ტყუილად მედავებით. აზრადაც არ მომსვლია თქვენთან კამათი და , მით უმეტეს, თქვენი გადარწმუნება. როგორც მე მაქვს საკუთარი აზრი ამ ფილმის თაობაზე, ისევე , ბუნებრივია, თქვენც გიტოვებთ უფლებას, ჩემგან განსხვავებული აზრი გქონდეთ. უბრალოდ, ჩემი აზრი თქვენსას არ დაემთხვა და ვიდრე ფილმისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდი, მინდოდა, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანის არგუმენტები მომესმინა, ეს არის და ეს.
LikeLike
მგონი ვერ გამიგეთ სწორად :) იგივე აზრის მატარებელი იყო ჩემი წინა კომენტარიც :)
LikeLike
რა აზრის? მგონი, სადღაც მართლა ავცდით ერთმანეთს ))
LikeLike
იმის რომ ჩვენ კი არ ვდაობთ ჩვენი განსხვავებული პოზიციებიდან რომელია სწორი (ამ შემთხვევაში მცდარი არ არსებობს), არამედ ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ პირად დამოკიდებულებას და განვმარტავთ ამ დამოკიდებულების საფუძველს :) აზრადაც არ მომსვლია დამემტკიცებინა რომ მე “მართალი ვარ” :) პირიქით, განსხვავებული აზრის მოსმენა ყოველთვის საინტერესოა :)
თუ მეშლება რამე, ან არასწორად გავიგე, ვწუხვარ :)
LikeLike
შესაძლოა ) მომეჩვენა, რომ ჩემი პოსტი თქვენი არგუმენტების გაბათილების მცდელობად მიიღეთ, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე ამეხსნა, რომ ვინ მართალია და ვინ – მტყუანი, ამის გარკვევა ჩემი მიზანი არ ყოფილა )
ჰო, და კიდევ ერთი – “საზოგადოების მიერ მოწონებული და ხარისხიანად აღიარებული პროდუქტი რომ აუცილებლად თითოეულმა უნდა აღიაროს”, ნამდვილად მახსოვს, არსად მითქვამს. პირიქით – თუ გახსოვთ, ხაზი გავუსვი, ხელოვნების ნაწარმოების აღქმა-შეფასება დიდწილად სუბიექტურ გამოცდილებებს და განწყობებს ემყარება-მეთქი. დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით, რომ ეს ისეთი ცხადი და თავისთავად საგულისხმო რამ არის, ამაზე კამათიც კი, 21-ე საუკუნეში, დროის ამაო კარგვა იქნება.
LikeLike
აი ისევ დავის სახე მიეცა ჩვენ საუბარს :)
მგონი უბრალოდ არ გვესმის ერთმანეთის. თუმცა ვაღიარებ, რატომღაც უმეტესად ჩემი მხრიდან საკუთარი შეხედულების/პოზიციის გამოხატვა, ხშირად კამათად ირაცხება ხოლმე და მცდარად აღიქმება :) ამიტომ სავარაუდოდ მაინც ჩემი ბრალია :) :)
LikeLike
ვაიმე, მართლა არ ვიცი, ამაზე კეთილგანწყობილი ტონით როგორღა უნდა გამოვთქვა, რომ, თუმცაღა რაღაცებში არ გეთანხმებით, მაინც – არათუ დავა, კამათიც კი საერთოდ (!) არ მინდა )))
მომეჩვენა, თითქოს თქვენ აღიქვით ჩემი პოსტი კამათის მცდელობად და აგიხსენით, ასე არ ყოფილა-მეთქი.
მაგრამ თქვენ წერთ: “თუ თქვენ თვლით რომ ყველაფერი რაც საზოგადოებამ “ხარისხიანად” აღიარა, აუცილებლად უნდა იქნას აღიარებული თითოეული ადამიანის მიერ და მეტიც მოწონებულიც კი”, — არ ვთვლი! ))) ასეთი რამ არც მითქვამს, არც აზრად მომსვლია და საერთოდ, პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩემს მსოფლმხედველობას )))
ეს არის და ეს, რაც მინდოდა მეთქვა.
LikeLike
ყველაფერი გასაგებია, ცხადია და მისაღები :) არავითარი უარყოფითი ემოცია ჩემ არც ერთ კომენტარში არ ყოფილა :) პირიქით დიდი ხანია ასეთი აზრთა გაცლა–გამოცვლა არავისთან მქონია :) დიდი ინტერესით წავიკითხე თქვენი კომენტარები :) დიდი მადლობა :)
LikeLike
ჩემთვის ეგ წიგნი უნდა აიკრძალოს :დ
LikeLike
ჰო :) შენ შაპოკლიაკი კი არა, შოპოჰოლიკი უნდა გერქვას :)
LikeLike
დიდი ხანია ველოდი ამ წიგნის გამოცემას და იმედი მაქვს მალე წავიკითხავ. ამ ანოტაციის წაკითხვის შემდეგ მით უფრო ))
LikeLike
ეს წიგნი იმას არ მოეწონება ვისაც არუყვარს მოდა იმიტომ რო თვლის მოდურიი ბრენდები მისთვის არქმნიან სამოს რადგან არცისე უხდება მას :) (საერთოდ არუხდება ) არმოეწონება მას ვინც არ იცის იმ ფრაზის მნიშვნელობა “შენ თუ ჩაიცვი ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი ესეიგი ეშმაკს მიჰყიდე სული” არმოეწონება იმიტომ რო ვერ უგებს Meril Strip გმირის მსგავს ადამიანებს ! :)))
LikeLike
მოდური ბრენდების მიერ შექმნილი სამოსი არ უხდება ადამიანს და მეორადი, დაბალი ხარისხის სამოსი შვენის? :) მოდური ბრენდები როგორ სამოსს ქმნიან? პირველ რიგში ხარისხიანს, ხარისხიანი სამოსი ყველა ვარიანტში უხარისხოზე მეტად უნდა უხდებოდეს ადამიანს: ა)იმიტომ რომ წესით მეტად გემოვნებიანი უნდა იყოს; ბ) იმიტომ რომ ხარისხი ყოველთვის ეტყობა სამოსს; მეორე საკითხია ხელმისაწვდომობა, აი, ამის გამო შეიძლება იყოს ადამიანი დათრგუნული :) თუმცა არ მგონია ბევრი ისეთი ადამიანის მოძიება შეძლოთ, რომელიც შევიდა მაღაზიაში, პრადას კაბა ან ქურქი მოისინჯა, თქვა ოჰ, ეს მე არ მიხდებაო, გამოვიდა, წავიდა იქ სადაც დაბალი ხარისხის, უსახელო და შეუხედავი ტანსაცმელი ეგულებოდა, მოისინჯა და თქვა “ეს სულ სხვა საქმეაო”, მივიდა სალაროსთან და გასხივოსნებულმა შეიძინა არჩეული ქურქი (თუმცა რა თქმა უნდა პრადას ქურქის შეძენის საშუალებაც ქონდა). საქმე მხოლოდ მოხდენაშია ხომ ასეა :) თქვენ ალბათ აქ სულ სხვა რამ იგულისხმეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თვითშეფასებასთან აქვთ პრობლემა (ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების გამო), რომლებსაც ამის გამო არ უყვართ “შოპინგი” (ზოგადად და არა მხოლოდ “პრადასა” და “შანელის” მაღზიებში), ვერ პოულობენ მოსახდენ ტანსაცმელს, ვერ პოულობენ შესაფერის ზომას და ა.შ. შესაბამისად მათთვის ეს პროცესი დამთრგუნველია და ალბათ არც ამ ტიპის ფილმებსა თუ წიგნებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ადამიანების ამგვარ პრობლემებზე, ასეთი სათნო სმაილიკებით საუბარი, როგორც მინიმუმ არ არის სწორი.
რაც შეეხება მერილ სტრიპის გმირის მსგავსი ადამიანების გაგებას, დამიჯერეთ ძალიან ბევრი იქნება, ვისაც მისი არ ესმის, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი გესმოდეს პერსონაჟის, ვინაიდან მთავარია გაინტერესებდეს.
LikeLike
ნუ პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ მე ანა ვინტურის ფანი ვარ ამიტომ ფილმის სახელი (წიგნისაც) დიდად არ მომწონს.მაგრამ თვითონ ფილმს არაუშავს.თანაც ფაქტია რომ ფილმა რომელსაც ბიუჯეტად მხოლოდ 36 მილიონი ქონდა 360 მილიონზე მეტი გამომიმუშავა.ეს დასაფასებელია.(ჩემი აზრით ამხელა შემოსავალი მხოლოდ ანა ვინტურის და მერილ სტრიპის დამსახურებაა)
LikeLike