თავიდან ვიფიქრე, დიდი არაფერი-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ მოვშორდი. შემიყოლია და ორიოდე დღეში ჩავამთავრე.
არა, სამაგიდო წიგნად მექცა და თვეში ერთხელ მაინც გადავიკითხავ-მეთქი, ახლაც ვერ ვიტყვი; პირიქით, ისეთი წიგნია, იშვიათად უნდა გადაავლო თვალი, რომ მეტისმეტად არ გაიჟღინთო იქ დატრიალებული სევდით. ცოტა უცნაური სევდა კია, იმის ნაცვლად, რომ დაგადარდიანოს, სინათლით და სიმშვიდით გავსებს, კიდევ იმედით და იმის რწმენით, რომ არასოდეს არაფერია გვიან…
თავიდან ორი პარალელური სიუჟეტური ხაზი მომეწონა, თუმცა ასეთ ლიტერატურულ ხრიკს სხვაგანაც შევხვედრივარ და ძალიან ორიგინალურს ვერ დავარქმევდი; თუმცა რომანის ბოლოსკენ ორივე სიუჟეტი უცნაურად გადაეხლართა ერთმანეთს და მთლად პარალელი არ ყოფილა-მეთქი, მაფიქრებინა.
თურქი მწერლის – ელიფ შაფაქის რომანზე მოგახსენებთ – “სიყვარულის ორმოცი წესი“.
რად უნდა სიყვარულს წესებიო, შემედავება ვინმე.
მეც ასე მეგონა და, თურმე, ვცდებოდი. აი, ამ წიგნში გაბნეულ წესებს ჩემსავით რომ ამოკენკავთ, მერე, ვიცი, თქვენც დამეთანხმებით – იმასაც ცოდნა სჭირდება, როგორ გიყვარდეს და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ან რა გიყვარს – ქალი, კაცი, შვილი, დედა, მზე, ბალახი თუ მთელი სამყარო…
აღმოსავლეთის დიდი პოეტი – ჯალალ-ედ-დინ რუმი უბრალო დავრიშმა – შამს თებრიზმა აზიარა სიყვარულის სიბრძნეს… დიდი მსხვერპლი კი მოსთხოვა, მაგრამ რუმი ყველაფერს დათმობდა მასთან სიახლოვის სანაცვლოდ – შვილზეც უარს იტყოდა, შვილობილსაც გაიმეტებდა და იმ პატივსაც, აქამდე რომ იყო გარემოსილი.
მანვე ასწავლა მშვენიერ მეძავს, რომ “სიბინძურის ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელსაც სუფთა წყლით ვერ ჩამოირეცხავ. ეს არის სიძულვილი და შეუწყნარებლობა, რომელიც სულს ანაგვიანებს.“
მერე კი, თითქმის რვა საუკუნის შემდეგ, ამ ორი უჩვეულო ადამიანის მეგობრობის, ტკივილის, აღმოჩენების, მსხვერპლშეწირვის და უფაქიზესი სულიერი კავშირის საოცარმა ისტორიამ უკვე ერთ ჩვეულებრივ დიასახლისს – ელა რუბინშტეინს გაუკვალა გზა დიდი სიყვარულისკენ, აზიზ ზაჰარა რომ ერქვა. გაუკვალა და ისიც ასწავლა, რომ “თუ გსურს, ხელახლა იშვა, სიკვდილამდე უნდა მოკვდე“.
თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამ რომანში არ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ტყვეობაში ვარ და პოსტიც, მგონი, ცოტა არეულ-დარეული გამომივიდა; ჯერ იმპრესიები არ დალექილა და არ დაწმენდილა ჩემში, მაგრამ დატევითაც ვეღარ დავიტიე და ორიოდე სიტყვის თქმა მაინც გადავწყვიტე – მივხვდი, ისე ვერ მოვისვენებდი. თავიდანვე ვთქვი, რაღაცნაირი წიგნია-მეთქი…
და აჰა, დასასრულს ერთად ვისმინოთ წესი მეორმეოცე: “სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს, იგი ის არის, რაც არის, სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი – ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება“.
ეხლახანს შევიძინე და თავისუფალ დროს ველი რომ დავიწყო… ალბათ საშობაოდ შევახრამუნებ :))
LikeLike
საახალწლო დასვენების დღეების იმედი მაქვს. მოვასწრებ რაღაცების წაკითხვას.
LikeLike
მოლი,როგორ მიყვარხარ…ველოდი,მიკვირდა…აქამდე რატომ არ წერდი ამ წიგნზე…მთელი ცხოვრებაა ეს წიგნი…ძალიან შემიყვარდა…
LikeLike
მოვიდა ამ წიგნის დროც :) წიგნებს რა დალევს და პოსტებს კვირაში სულ ორჯერ ვწერ :)
LikeLike
მართლა რაღაცნაირი წიგნია, თითქოს განსაკუთრებული არაფერი, ალაგ-ალაგ მოგწყინდება კიდეც, მაგრამ მაინც ვერ ეშვები, გიზიდავს და გნუსხავს.
LikeLike
ზუსტად :)
LikeLike
ზოგადად რომანტიკული წიგნები დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ეს რაღაცნაირი იყო… თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მაინც ისეთი, რომ არა მგონია დამავიწყდეს :)
LikeLike
დროდადრო მაინც საჭიროა :)
LikeLike
“გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი.
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი”.
თხუთმეტი წლის წინ წაკითხული მახსოვს :)
LikeLike
რუსოს რობაები უყვარს :)
LikeLike
ძალიან კარგი ლექსი აქვს ეგ, მიყვარდა რუმი ბავშვობაში ძალიან :)
“რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი” :) რობაებიც მიყვარს, კი :)
LikeLike
მე რობაები უფრო მომწონს :) თუმცა, რუმის ეშხსაც ვხვდები :)
LikeLike
ზუსტად ასე ქვია? დამაინტერესა და სად შევიძინო? :)))
LikeLike
ასე ჰქვია და ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდება
LikeLike
ლამაზი ქალია.
LikeLike
თურქების ამბავში დაგეჯერება შენ. ნუ, სხვებთანაც :)
LikeLike
ძალიან ვისიამოვნე
LikeLike
Sadsbeidzleba wigni shevidzino?
LikeLike
ყველა წიგნის მაღაზიაში. უბრალოდ, ცოტა ადრე გამოცემულია და ტირაჟის ამოწურვის საფრთხეა. გამომცემლობაში იკითხეთ.
LikeLike