ზამთარი რომ საუკეთესო დროა კითხვისთვის, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. არა, კარგი წიგნი ზაფხულშიც კარგია, მაგრამ გარეთ არყისფრად რომ თენდება, საქმე არ გაქვს და არც არსად გეჩქარება, სავარძელში რომ მოკალათდები, საყვარელ პლედში გაეხვევი, მაგარზე მაგარ და ტკბილზე ტკბილ ჩაის მოიდგამ გვერდით და ცინცხალ საკითხავს გადაშლი – სულ სხვაა…
ჰოდა, თქვენი მოლიც დატრიალდა, მიდგა-მოდგა, ხალხი შეაწუხა და ბლოგისთვის იმ წიგნების ჩამონათვალი გაახერხა, სადეკემბროდ რომ გამოჩნდება მაღაზიებში. აქედანვე გეტყვით, ისეთ გემრიელობებს გვპირდებიან გამომცემლობები, სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტ და ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ.
ლეგენდარული “ვინი პუჰით” დავიწყებ :) მსოფლიო საბავშვო (და არამხოლოდ) ლიტერატურის უბერებელ შედევრზე ბევრის თქმა ზედმეტი მგონია; “კარლსონში” არ გამომერჩევა, თანაც ჩემს შთამბეჭდავ საბავშვო-საყმაწვილო კოლექციას სწორედ ეს მარგალიტი აკლდა; ინგლისურადაც მაქვს შინ, რუსულადაც, ძველი ქართული გამოცემაც მომეძევებოდა ოდესღაც… ახალი ფერადია, სრული – ორნაწილიანი, და, წინამორბედისგან განსხვავებით, ორიგინალიდან არის გადმოქართულებული. ტექსტზე ვრცლად მერე მოგიყვებით – ჯერ ხელთ ვიგდო და ყელი ჩავიკოკლოზინო. ისე კი, ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძისგან ყოველთვის საუკეთესოს ველით – ხარისხიანი თარგმანი “დიოგენეს” სავიზიტო ბარათია.
“დიოგენეს ბიბლიოთეკა” ბიბლიოფილების საყვარელი ნუგბარი რომ არის, ძველი ამბავია. პირად დაკვირვებას გაგიზიარებთ – დიდსა და პატარას ყველაზე მეტად ვუდჰაუსის “დაიკიდე, ჯივზ!” მოეწონა. ჰოდა, მალე ამ მშვენიერი სერიის მეორე ნაწილიც გვექნება: “ვუსტერთა გვარის ღირსება” – ბერტი ვუსტერის ახალი ამბები. უფრო მეტი სიცილი, აურზაური, დავიდარაბა და გემრიელი ინგლისური იუმორი – მშვენიერი სასუსნავია, ღმერთმანი.
დღემდე თაროებზე კიპლინგის მხოლოდ “მაუგლი” და ბალადები მომეპოვებოდა. “დიოგენემ” აქაც იყოჩაღა – “კიმს” გამოსცემს, ფრიად სახალისო რომანს; ბავშვობაში რუსულად წაკითხული, შთამბეჭდავი ეპიზოდებით მახსოვს; ჯაშუშური რომანია – ლაჰორში გაზრდილ ირლანდიელ ბიჭსა და მის მეგობარ ტიბეტელ ლამაზე, ბრიტანელ და რუს მზვერავთა “დიდ თამაშად” მონათლულ ისტორიულ ჯახზე. მოკლედ, მშვენივრად შეიქცევთ თავს, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ადრეულ სიყმაწვილეში ჩემსავით უკაწკაწებდა კბილები.
მეოთხე სიახლეზე – მიხაელ ენდეს “დაუსრულებელ ამბავზე” ბევრს ვერაფერს გეტყვით – თავადაც არ წამიკითხავს. ავტორი კი ვიცი – საბავშვო პროზის კლასიკოსად ითვლება. ფენტეზის ჟანრის შედევრიაო, უამრავ ენაზე ითარგმნაო… მოკლედ, მაცდუნებლად გამოიყურება; ვნახოთ და ერთად განვსაჯოთ.
“სულაკაურის გამომცემლობამ” – დეკემბერს ბავშვების თვედ ვაცხადებთო. ჯერ მარტო “მოსწავლის ბიბლიოთეკა” რად ღირს – სულ კნაწუნა წიგნები და ავტორები: ბერძნულ-რომაული მითებიო, “ჩექმებიანი კატაო”, “ჩიპოლინოო”, “პიტერ პენიო”, “სალამურაო”, “პინოკიოო”, “კალე ბლუმკვისტიო”… “მუმინებიც” იქნება, “თოვლის დედოფალიც”, ჯერალდ დარელის უსაყვარლესი “ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველებიც”, “ტომ სოიერიც” – დასაწყისისთვის თხუთმეტი ტომია ჩაფიქრებული.
ეს ყველაფერი არ გეგონოთ – “შვლის ნუკრის ნაამბობი” და რობინ ჰუდის ამბები ფერადი ილუსტრაციებით, “ფერადი ანბანი და ფერადი რიცხვები” ყველაზე პატარებისთვის და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, სვენ ნურდკვისტის ორი წიგნი ცინცხალი სერიიდან “პეტსონი და ფინდუსი”. სკანდინავია ისედაც ზღაპარია და იქაური მწერლები ყველაზე კარგად პატარა მკითხველისთვის რომ წერენ, ლინდგრენის, ტუვე იანსონის, ანე კატარინე ვესტლის და სელმა ლაგერლოფის წყალობით, ბავშვობიდან ვიცით. ახლა ისე ნუ გამიგებთ, დიდებმა ხელი არ უნდა დააკარონო – “მაჭკატების ტორტი” და “ნადირობა მელაზე” ყველა პატარაზე მეტად მაინტერესებს :)
ჰო, უფროსები არ დაგვეჩაგრონო და “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” მორიგ ხუთ ტომსაც მოაყოლებენ, თანაც რა ტომებს – “ენეიდა”, “მეტამორფოზები”, “რომაული პოეზია” და პლუტარქეს “რჩეული ბიოგრაფიები” ორ ნაწილად. კიდევ – “Be My guest”, ცნობილი ქართველების ექსკლუზიური რეცეპტები ინგლისურად პოლიგლოტი გურმანებისთვის.
ეშმაკი რომ მხოლოდ “პრადას” ატარებს, სინემანიაკებმა უკვე იციან. ახლა ბიბლიოფილების ჯერია. ლორენ ვაისბერგერის მეტწილად ავტოგრაფიული რომანი ქართულად “პალიტრა L-მა” თარგმნა. ენ ჰეთეუეის და მერილ სტრიპს კი არ ვიწუნებ – ღმერთმა დამიფაროს, ასეთი უგემოვნოც არ ვარ, მაგრამ ვიდეოთეკაში ფილმი რომ გიდევს და თაროზე – წიგნი, დამეთანხმეთ, ორმაგად სასიამოვნოა.
კომედიური დრამები იქით იყოს და ამ ჩვენს “პალიტრა L-ს” სიახლეებში ორი ისეთი ავტორი ჰყავს, ხინჯს ყველაზე წუნია მკითხველიც კი ვერ მოუძებნის. ერთი ფილიპ როთია – “ადამიანური ლაქა” (სხვათა შორის, ფილმადაც არსებობს, ნიქოლ ქიდმანი და ენტონი ჰოპკინსი თამაშობენ); მეორე – მუდამ აქტუალური ჯორჯ ორუელი, ამჯერად – პოლიტიკური პროზა, “პატივი კატალონიას” – სამოქალაქო ომის ეპიცენტრიდან დაწერილი საგაზეთო სტატიები.
ყველაზე საინტერესო კი “პალიტრას” სრულიად არაორდინარული პროექტი მგონია – Toresa Mossy-ს “სიბრძნე სიცრუისა”, ქართველი ავტორის ფსევდონიმით დაწერილი სადებიუტო რომანი. დამეთანხმეთ, დამაინტრიგებლად ჟღერს. თან რომანს ფრიად ორიგინალური – “მუსიკალური” კონცეფცია ჰქონია: ქალაქი – სანოტო რვეული, გმირები – ნოტები და ცხოვრება – ოქტავა… რაღაც ახალია. ცხვირი მიგრძნობს, გემრიელ დისკუსიას გავაჩაღებთ.
ქარჩხაძის გამომცემლობას ერთი ნიუსი დავტყუე, მაგრამ როგორი… ნატო დავითაშვილის მეხუთე წიგნი ახალ წლამდე უსიკვდილოდ გამოვაო. “ლურჯი სუფრის მოცეკვავე” ძალიან საინტერესო რომ იქნება, აქედანვე შემიძლია გითხრათ. წინა ოთხი ასეთი იყო და, დარწმუნებული ვარ, ქართული ფენტეზის მოყვარულთ კარგა ხნის ნანატრი ნუგბარი ელით. გარეკანი კი მართლაც ფანტასტიურია. თავად ნახეთ და დარწმუნდით.
თავადაც შეატყობდით, ისეთი არჩევანია, საკბილოს, გემოვნების მიხედვით, ყველა იპოვის და ეს განსაკუთრებით მახარებს – მრავალფეროვნება კომფორტულიც არის და სასიამოვნოც. ჩემს არჩევანს თუ იკითხავთ, რაც ჩამოგიწიკწიკეთ, ყველას მოხელთებას ვაპირებ, კულინარიული წიგნის ჩათვლით. ჰო, “ფერადი ანბანისთვის” ოდნავ დიდი ვარ… ზეპირად ვიცი, თორემ ყიდვას ჭკუა კი არ დამიშლის :)
ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ რომელიმე წიგნი მოგეწონათ, გამომცემლობების ფეისბუქ-გვერდებისთვის თვალის დევნება არ დაგავიწყდეთ – სულ მალე ოფიციალური პრესრელიზებიც გამოჩნდება. ახალ წელს ახალი წიგნებით შეხვდიო – კართაგენელი ბლოგერების დევიზი ყოფილა და ტრადიციას ნურც ჩვენ დავარღვევთ.
ვუსტერზე როგორ გამიხარდა <3
LikeLike
მოკლედ, ეს საგამომცემლო საქმიანობა დუღს და გადადუღს <3
მშვენიერი ამბებია!
LikeLike
პრადა და ვინი :*
LikeLike
ჰაიმეე, რა მაგარი სიახლეებია! მუმინებისა, იმედია, ახალი თავგადასავლები იგულისხმება; პრადა ხო ისე გამიხარდა, მზად ვარ, ხტუნაობა დავიწყო; ზოგადად, სკანდინავიელების წიგნები ყველა მეინტერესება და საერთოდ, სულმოუთქმელად ველოდები დეკემბერს!
მოლი, დიიიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის!
LikeLike
ერთი სული მაქვს “პრადასა” და “ადამიანურ ლაქას” როდის მოვიხელთებ^^
ეს ყველაფერი ხომ კარგი, მაგრამ ამ ჩამოთვლილთაგან ყველას რომ ვერ გავსწვდები? არადა ერთ-მეორეზე უკეთესები…
თუმცა, მე მაინც ყველაზე მეტად “დიოგენეს” დაპირებულ კინგის “Dark Tower”_სა და “არეტეს” დაიმედებულ მარტინის შემდეგ “თამაშებს” ველოდები<3
LikeLike
ყველაზე მეტად ნუგბარად მოტოვებული “ბოლო ლუკმა” – ნატოს ახალი წიგნი გამიხარდა :) და შემდეგ ვუდჰაუსი.
გული მიგრძნობს, დეკემბრიდან ბევრი საკითხავი მელოდება და ხელებს ვიფშვნეტ :)
LikeLike
კბილები მეც ამიკაწკაწდა…საახალწლო პრემია ჩემს წიგნის თაროებსაც გაახარებს. მე და ჩემი ბიბლიოთეკა სულმოუთქმელად ველით ახალ მეგობრებს…შთაბეჭდილებები მათი გაცნობის მერე იყოს
LikeLike
კიპლინგის, ენდეს და ვუდჰაუსის ამბავი არ ვიცოდი :) პალიტრის წიგნები მაშინვე ჩავინიშნე “წასაკითხებში”, მაგრამ “ლურჯი სუფრის მოცეკვავესავით” არც ერთი გამხარებია :)
LikeLike
ძალიან მომწონს მოლი თქვენი ბლოგი, ყოველთვის საინტერესო სტატიებს აქვეყნებთ. მეც ახალი ბლოგერი ვარ და თუ დრო გექნებათ და შეაფასებთ ჩემს ბლოგსაც დიდად გამიხარდება…
LikeLike
უჰ, უჰ, რამდენი რამეა, მადლობა მოლი სიახლეების განდობისთვის. :)
LikeLike
რამდენიმე ვიცოდი და ველოდები კიდეც, მაგრამ … ვაიმე ენდეს თარგმნიანო ^_^ უგახარებულესი ვარ, ბავშვობაში ნანახი ფილმი http://www.imdb.com/title/tt0088323/ მერე ინგლისურად წავიკითხე სტუდენტობისას და ახლა რა მაგარია, ჩემს შვილს წავუკითხავ ქართულად :) მადლობა მოლი <3
LikeLike
მადლობა მოლი ^_^ როგორ გამახარე არ იცი :) გუშინ წავიკითხე პოსტი და პრადა უკვე შეემატა ჩემს მცირე ბიბლიოთეკას და ეხლა დანარჩენ წიგნებს დავადგი თვალი ^_^
LikeLike
მადლობა შენ, ნინი :) მშვიდობაში პრადა და გემრიელად წაკითხვაში :)
LikeLike
☺ კი, ნამდვილად გემრიელად წასაკითხი იყო ^_^
LikeLike
გავიქეცი ახლა და პირველ რიგში “პატივი კატალონიას” უნდა მივაგო პატივი, მერე დანარჩენებს, როცა ფინანსები იქნება :))
LikeLike
მე მომეწონა. ორუელზე ცოტა უხერხულიც კია, ამის აღნიშვნა, მომეწონაო, მაგრამ მაინც… :)
LikeLike
“ის ორი” წაკითხული მაქვს, და არც ეს არ იქნება ურიგო :)
LikeLike
კარგია და საინტერესო :)
LikeLike