ლიტერატურული კერძო მაძებრების ჩამოთვლა არასოდეს გიცდიათ?
პირველად, ალბათ, შერლოკ ჰოლმსი მოგაგონდებათ – Икона жанра; მერე – ერკიულ პუარო და მის მარპლი; ნირო ვულფი განუყრელ არჩი გუდვინთან ერთად; ჯონ დიქსონ კარის სქელ-სქელი გიდეონ ფელი; თანამედროვე რუსულ დეტექტივს თუ ადევნებთ თვალს, ერასტ ფანდორინს გაიხსენებთ, საბავშვო წიგნების სიყვარული ჩემსავით თუ არ გაგნელებიათ – კალე ბლუმკვისტს…
თითქმის დარწმუნებული ვარ, მამა ბრაუნი ამ სიის ბოლოში მოხვდება. ისიც – თუ მოხვდა საერთოდ.
არც მიკვირს – ყოვლად არაორდინალური კათოლიკე პატერის ამბები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართულად აქამდე, მგონი, არც უთარგმნიათ. მე არ მახსენდება და სადმე, რომელიმე ბიბლიოთეკის მტვრიან საცავში, იქნებ ელოდოს კიდეც მკითხველს…
სამაგიეროდ, ცინცხალი კრებული მიდევს მაგიდაზე და, თავადაც მიხვდებოდით, დღეს სწორედ ამაზე ვაპირებ თქვენთან საუბარს.
თარგმანი, რა თქმა უნდა, “დიოგენეს” ეკუთვნის – იშვიათი სასუსნავის გადმოქართულება მისი საფირმო სტილია; თანაც იმ სერიიდან არის, ყველაზე მეტად რომ მოგვწონს – “დიოგენეს ბიბლიოთეკა“.
ავტორი გილბერტ კიიტ ჩესტერტონია – ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი, ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი და, რა გასაკვირია, რომ თხრობის სტილიც დაწურული კლასიკის შესაფერი აქვს – დინჯი, ღრმა, სოლიდური. ჟარგონისა და უწმაწური ლექსიკისაგან ღმერთმა დაგვიფაროს.
ამთავითვე გაგაფრთხილებთ, დედუქციის ფეიერვერკს ან ზღაპრად გაუგონარ დანაშაულს ნუ ელით – ეს არც “ბასკერვილების ძაღლია” და არც “როჯერ ეკროიდის მკვლელობა”. თუმცა, ალბიონელებს ჰოლმსსა და მის მარპლში არ გამოერჩევათო, ამბობენ.
მამა ბრაუნი, ტანმორჩილი, თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ საშინლად სიმპათიური პატერი, დანაშაულს ისე ხსნის , თვალს არ ახამხამებს და, რაც მთავარია, მაინცდამაინც არც ეამაყება, მორიგ ავაზაკს რომ ჩააფრინდა ყურებში. დაიფერთხავს ხელებს, თითქოს მტვერი მოიცილაო და მორჩა.
მთავარი არამზადა ფლამბოა, აყლაყუდა გასკონელი.დიდად მოხერხებული გაიძვერა, მაგრამ მამა ბრაუნს სად წაუვა… სხვათაშორის, სახელოვანი პროტოტიპი ჰყავს ამ ჩვენს ფლამბოს…ყველაფერს ნუ მომაყოლებთ. წიგნს გადახედეთ და თავადაც მშვენივრად მიხვდებით, დიდხანს ფიქრი არ დაგჭირდებათ.
აქ სხვა რამ მეჩვენება საინტერესო: მე თუ მკითხავთ, დეტექტიური სიუჟეტი მხოლოდ ფონია, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის სათქმელად. ღრმად მორწმუნე მწერალი მკითხველს მხოლოდ კრიმინალური თავსატეხისთვის არ მოაცდენდა. ჩესტერტონი ღმერთსა და ადამიანებზე მსჯელობს, სამყაროს ავ-კარგზე, სიკეთესა და ბოროტებაზე – მარადიულ თემებზე.
ისე ნუ გამიგებთ, თითქოს crime fiction-ის არაფერი ეცხოს ამ ისტორიებს. ჟანრის უდავო კლასიკაა და ერთი აუცილებელი ელემენტიც კი არ აკლია. ოღონდ, დამნაშავის ამოცნობის იმედი ნუ გექნებათ – პირადი გამოცდილებით ვიცი. დაფიქრებას ვერ მოასწრებთ. თან, არც არის- მეთქი მთავარი, კი გითხარით.
ახალგამოსულ წიგნზე დიდხანს ქაქანი და ყველაფრის გამხელა მომაკვდინებელი ცოდვააო, ამბობენ შუმერი ბლოგერები და მეც რა მრჯის, პირველი წაკითხვის სიამოვნება ჩაგიშხამოთ. იმას კი გეტყვით, რომ “მოთხრობები მამა ბრაუნზე” ლიტგურმანებისთვის სანუკვარი სასუსნავი მგონია – ზამთრის მოსაწყენ, გაცრეცილ უიქენდზე, სავარძელში მოკალათებულმა, საყვარელ პლედში გახვეულმა, სურნელოვან ინგლისურ ჩაისთან ერთად რომ უნდა დააგემოვნო, ზუსტად ისეთი.
გასკონელი პროტოტიპი?
საინტერესოა :)
LikeLike
ფრანგი :)
LikeLike
მაშინ არ ვიცი :)
ეჭვი მაქვს, ეს მამა ბრაუნი ძალიან კარგი ტიპი იქნება.
ინგლისელი ანაფორიანებიდან მხოლოდ უილიამ ბასკერვილი გამახსენდა და ალბათ, შეემატება სიას მეორეც :)
LikeLike
ო, ბასკერვილი სულ სხვაა. თან, ის ბერია, ეს – პატერი :)
LikeLike
მთლად ჰოლმსივით ვერ შემაყვარა თავი და ვერც ერასტ პეტროვიჩივით მომხიბლა, მაგრამ გამორჩეული დეტექტივი კია :) ბოლო-ბოლო ანაფორიანი ბრაუნი ვერც დედუქციას “მოიხდენდა” და ვერც ნეფრიტის კრიალოსანს :)
LikeLike
მრავალფეროვნება “დიოგენეს ბიბლიოთეკის” საფირმო ნიშანია. იმიტომაც მოგვწონს :) ანაფორიან მამა ბრაუნს სულ სხვა რამ აქვს სათქმელი და ჰოლმსისეულ ფეიერვერკულ დედუქციას, ცხადია, ვერ მოიხდენდა.
LikeLike
ხვალ დედაჩემმა ბათუმიდან რაც უნდა წამომიღოს, იმ სიიდან პოსტის წაკითხვის შემდეგ ერთ წიგნი გადაიხაზა(მნიშვნელობა არ აქვს რომელი, მაგის ყიდვის დროც მოვა, ოღონდ მოგვიანებით) და მის ნაცვლად “მამა ბრაუნის მოთხრობებს” ვხედავ ეხლა: ) ისედაც გული მიმიწევდა ამ წიგნზე და ახლა უბრალოდ არ შემიძლია უარი ვთქვა, რადგან ვინ იცის კიდევ როდის ვიყიდი რამე ახალს:/
LikeLike
უჰ :) თან, “წიგნებს ბათუმში” დიოგენეს მშვენიერი კოლექცია აქვს და “დიოგენეს ბიბლიოთეკას” მანდ დიდ პატივს სცემენ.
შენი ნადავლის გამომზეურება არ დაგავიწყდეს, ვამპირ.
LikeLike
იმედია, დედაჩემი იპოვის ჩემი ჟესტიკულაციის დახმარებით ნასწავლ მარისა და ირაკლის სამყოფელს, თუ არადა მე ხომ ოდესმე მაინც ჩავალ ბათუმში: )
ნადავლმა მშვიდობით მოაღწიოს ჩემამდე და სხვა დარჩენი რაღა საპრობლემოა^^
LikeLike
ჩემმა შვილმა იცის ხოლმე თქმა: “უნდა ვიტირო”! ჰოდა ასეთი ლიტერატურული ანოტაციების წაკითხვისა და ნეწყვის ყლაპვისას ისღა დამრჩენია, დავესესხო…
არა უშავს – სამიოდე კვირა და ძველებურად ჩავუდგები შენს რეკომენდაციებს კვალში :)
LikeLike
ჯერ საქმე, ტაბუ და წიგნები სულ აქ არ იქნება? :)
LikeLike
პირველად წაკითხვის ბედნიერება :)
ბევრი ბედნიერება დამიგროვდა ამ 7 თვეში :D
LikeLike
მეც მინდა ასე :)
LikeLike
“ზამთრის მოსაწყენ, გაცრეცილ უიქენდზე, სავარძელში მოკალათებულმა, საყვარელ პლედში გახვეულმა, სურნელოვან ინგლისურ ჩაისთან ერთად რომ უნდა დააგემოვნო, ზუსტად ისეთი.” გადაწყვეტილია! უკვე ვიცი ამ უიქენდზე რას გავაკეთებ და კბილები მიკაწკაწებს :)
LikeLike
very nice :) მერე შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარე, ფინიკი :)
LikeLike
ხანდახან ძალიან მეშლება ნერვები, ასე დაკავებული რომ ვარ და მენატრება ის დრო მთელი დღე პლედში გახვეული უსაქმურობაში და წიგნების კითხვაში გამყავდა. ერთი-ორი მოთხრობა გადავიკითხე და მართლა ძალიან-ძალიან საყვარელი პერსონაჟია, შუა გზაზე გაწყვეტილი ახალი წიგნების გახსენებაც არ მინდა. კამოდზე ტევა აღარ არის უკვე :((
LikeLike
არც დრო მაქვს და არც ადგილი. რა მეშველება :(
LikeLike
არის შუაში, თუ არ არის, მაინც უნდა ვთქვა, რომ ყველაზე, ყველაზე მაგარი სერიაა “დიოგენეს ბიბლიოთეკა”… მებრძოლთა კლუბის აღმოჩენამ გამახარა და მერე გავეცანი ბიბლიოთეკის სხვა წიგნებს :))))
LikeLike
ხეებს უკან ტყე უნდა დაინახო და ტყეში კი ხეები.
LikeLike
ეგ ჰო :)
LikeLike