Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for November, 2013

წიგნები, რომლებსაც დეკემბერში ველოდებით

ახალი წიგნები. გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2013

ზამთარი რომ საუკეთესო დროა კითხვისთვის,  ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. არა, კარგი წიგნი ზაფხულშიც კარგია, მაგრამ გარეთ არყისფრად რომ თენდება, საქმე არ გაქვს და არც არსად გეჩქარება, სავარძელში რომ მოკალათდები,  საყვარელ პლედში გაეხვევი, მაგარზე მაგარ და ტკბილზე ტკბილ ჩაის მოიდგამ გვერდით და ცინცხალ საკითხავს გადაშლი – სულ სხვაა…

ჰოდა, თქვენი მოლიც დატრიალდა, მიდგა-მოდგა, ხალხი შეაწუხა და ბლოგისთვის იმ წიგნების ჩამონათვალი გაახერხა, სადეკემბროდ რომ გამოჩნდება მაღაზიებში. აქედანვე გეტყვით, ისეთ გემრიელობებს გვპირდებიან გამომცემლობები, სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტ და ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ.

(more…)

Read Full Post »

a song of ice and fire wallpaper

ლიზა არენს ქარაფიდან
ხელი ჰკრეს და გადაფრინდა.

ხალხური

“სატახტოთა თამაშებზე” პირველი პოსტი რვა თვის წინ დავწერე და დავიქადნე, ამ ფანტასტიკურ საგას კიდევ ერთხელ მივუბრუნდები-მეთქი. ნეტავ რაზე ვფიქრობდი?! “კიდევ ერთხელ” კი არა, სათქმელი იმდენია, თავმოყვარე ბლოგსაც ააწყობდა კაცი.

ჯერ მარტო გვარებს რომ ჩამოვყვე, მერე – საყვარელ პერსონაჟებს, მერე – იმათ, მხოლოდ ავტორის ხათრით რომ ვიტან…

ჰო, ავტორზე გამახსენდა – ისე როგორ დავხურავ ბლოგს, ერთი წერილი არ მივწერო და ამდენი ხნის ნაგროვები საყვედური ცხვირ-პირში არ მივახალო! მადლობებთან ერთად, ცხადია. რა უბედურებაა ამდენი ზოზინი, ვინ მუშაობს ასე, ბატონო მარტინ?! ხალხი კონვეიერივით უშვებს წიგნებს, თქვენ რა დაგემართათ?!

მოკლედ, სამომავლო გეგმები გვერდზე გადავდოთ, ახლა კი უნდა გეწუწუნოთ და ვინც მხარი არ ამიბას, ის იყოს უოლდერ ფრეი.

(more…)

Read Full Post »

გ. კ. ჩესტერტონი. "მოთხრობები მამა ბრაუნზე". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013

ლიტერატურული კერძო მაძებრების ჩამოთვლა არასოდეს გიცდიათ?

პირველად, ალბათ, შერლოკ ჰოლმსი მოგაგონდებათ – Икона жанра; მერე – ერკიულ პუარო და მის მარპლი; ნირო ვულფი განუყრელ არჩი გუდვინთან ერთად;  ჯონ დიქსონ კარის სქელ-სქელი გიდეონ ფელი; თანამედროვე რუსულ დეტექტივს თუ ადევნებთ თვალს, ერასტ ფანდორინს გაიხსენებთ, საბავშვო წიგნების სიყვარული ჩემსავით თუ არ გაგნელებიათ – კალე ბლუმკვისტს…

თითქმის დარწმუნებული ვარ, მამა ბრაუნი ამ სიის ბოლოში მოხვდება. ისიც – თუ მოხვდა საერთოდ.

არც მიკვირს – ყოვლად არაორდინალური კათოლიკე პატერის ამბები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართულად აქამდე, მგონი, არც უთარგმნიათ. მე არ მახსენდება და სადმე, რომელიმე ბიბლიოთეკის მტვრიან საცავში, იქნებ ელოდოს კიდეც მკითხველს…

სამაგიეროდ, ცინცხალი კრებული მიდევს მაგიდაზე და, თავადაც მიხვდებოდით, დღეს სწორედ ამაზე ვაპირებ თქვენთან საუბარს.

(more…)

Read Full Post »

ერიკ-ემანუელ შმიტი. "ოსტენდელი მეოცნებე". გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2013გუშინწინ მეგობარმა ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსტენდელი მეოცნებე” მისახსოვრა. კაფეში ვისხედით, პიტნის ჩაის სურნელს ვისუნთქავდით და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალნაყიდ წიგნებს ვათვალიერებინებდით ერთმანეთს. არ წამიკითხავს და მაინტერესებს-მეთქი, ვთქვი და ჩემკენ გამოაჩოჩა მაშინვე, გქონდესო. თავპატიჟი არ გამომიდვია – ასეთ ამბებში მოკრძალებით არ გამოვირჩევი.

კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის-მეთქი. რაღაცნაირად ძველმოდური და ჩრჩილშეპარული მომეჩვენა, თითქოს ბებიის სკივრიდან ძველი, მაქმანებიანი კაბა ამოვიღე გასამზეურებლად.

კარგა ხანს გამყვა ეს შეგრძნება. პირველ ნოველაში მაინც ყველაფერი მეტისმეტად ჰგავდა ზღაპარს – იდუმალი პრინცი, ხეიბარი გოგონა, სამახსოვროდ დარჩენილი თეთრი ხელთათმანი… ფინალიც თითქო ისეთი უნდა ყოფილიყო, თხრობის დასაწყისიდან თუ არა, შუაში მაინც აუცილებლად რომ მიხვდება მკითხველი, მაგრამ…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი თავბრუდამხვევი ფინტი ჩამიტარა ავტორმა, კარგა ხანს ვიჯექი პირდაფჩენილი, როგორც მზის წნულში დარტყმის შემდეგ ემართებათ ხოლმე, და სულის მოთქმას ვცდილობდი. ავდექი კიდეც, გავიარ-გამოვიარე და მეორე მოთხრობა უკვე მეტი სიფრთხილით და მოლოდინით გადავფურცლე.

(more…)

Read Full Post »

Tbilisi State puppet theatre

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. დავით ჩაჩანიძის ფოტო

ძველი ამბით დავიწყებ.

ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელ მოგონებებს თუ იკითხავთ, ბულვართან, ატრაქციონებსა და პლომბირთან ერთად აუცილებლად დაგისახელებთ კინოთეატრ “პიონერს”, დელფინარიუმს და თოჯინების თეატრს სტალინის ქუჩაზე.

კვირაობით დავყავდით დედას მე და ჩემი და-ძმა, საგანგებოდ გამოწყობილები, თმადავარცხნილები და კმაყოფილებისგან გაბღენძილები. მერე იქვე, პატარა კაფეში, ნება-ნება მივირთმევდით კაკაოს და ნანახს ვიხსენებდით. მაგრამ  განსაკუთრებული ეშხი თანაკლასელებთან ერთად წასვლას ჰქონდა. ჩამოდგებოდნენ  დიდი, უცნაური ავტობუსები სკოლასთან, წაგვასხამდნენ ყველას ერთად, ავავსებდით პატარა დარბაზს, ჩაქრებოდა შუქი და იწყებოდა საოცრება…

სპექტაკლებს ახლაც ზეპირად მოგიყვებით-მეთქი, ვერ დავიჩემებ. “წითელქუდა“ მახსოვს, “სამი გოჭი“, “კომბლე“ და ქართული ზღაპრები. კიდევ – საახალწლო წარმოდგენები: ფერადი შუქი, სცენას რომ ანათებდა, და დღესასწაულის უკიდეგანო შეგრძნება, აი, ისეთი, ფეიერვერკებიანი დღესასწაულის.

ერთი სიტყვით, ამ სიბერეშიც ტკბილად ვიგონებ თოჯინებს და დღემდე მწყდება გული, ბათუმში მოზარდ მაყურებელთა თეატრი რომ არ იყო – ეგებ ახლა უკეთესი თეატრალი ვყოფილიყავი. ბავშვობის შთაბეჭდილებების ძალა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ…

ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ  ფეისბუქზე შეშფოთებულმა სტატუსებმა იმატა, თბილისის თოჯინების თეატრს შენობა თავზე დაენგრა და პატრონი არ ჩანსო.

(more…)

Read Full Post »

 Édouard Manet. The Luncheon on the Grass. 1863

მიყვარს ადამიანები, ყალბ მორალისტებს და ფსევდოპურიტანელებს ხელთათმანს დაუნდობლად რომ უტკაცუნებენ სახეში.

მართალია, მე თავად ვერ დავიკვეხნი, ოდესმე საზოგადოება შოკში ჩამიგდია-მეთქი, მაგრამ მომწონს, სხვა თუ აკეთებს ამას.

ამას წინათ ჩემს “ვერნისაჟს” გადავხედე და გული მომიკვდა, ისეთი მიტოვებული მეჩვენა იქაურობა. თან ბოლო დროს რაღაც მეამბოხე განწყობა მეძალება და ბევრი აღარ მიფიქრია, წერა დავიწყე.

თავიდანვე უნდა ვაღიარო – ეს ტილო ჩემი საყვარელი შედევრების რიცხვს არ მიეკუთვნება.

საერთოდ, შედევრად არც კი მიმაჩნია.

ძალიან კარგი მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რომ არის, ამას არც უარვყოფ; ფუნჯის ენერგიულ მონასმებსაც ვხედავ, ავტორმა თითქოს განგებ რომ დატოვა დაუსრულებლობის ეფექტის შესაქმნელად; სინათლის მძლავრ, თვალისმომჭრელ ნაკადსაც, იმდროინდელი ფერწერისთვის უცხო და უჩვეულო რომ იყო; განზრახ დარღვეულ სიმეტრიასაც. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში თავად სიუჟეტი მხვდება – სწორედ ის შოკისმომგვრელი სიუჟეტი, რის გამოც ფერმწერი ნატიფი ხელოვნების სალონიდან უბოდიშოდ გამოაპანღურეს; სამაგიეროდ, “განკიცხულთა სალონში” ჯერ გამოფენილიც არ იყო, რომ უკვე უამრავი ხალხი ეხვეოდა.

(more…)

Read Full Post »

at night

ჭამა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება.

გავკადნიერდები და დავამატებ – სხვა რამ ძნელად რომ შეედრება, ისეთი.

ახლა მთლად თათქარიძეობის აპოლოგიას ნუ დამწამებთ, იმ სხვა რაღაცების გემოც კარგად ვიცი, მაგრამ კულინარიული ორგია მაინც სულ სხვაა.

ყველგან და ყოველთვის. წყალი არ გაუვაო, სწორედ ამისთანა ჭეშმარიტებებზეა ნათქვამი.

დილით საწოლში რომ მოგართმევენ ქაფქაფა ყავას და თბილ-თბილ კრუასანს, შაბათ დღეს თორმეტი საათისთვის რომ აიზლაზნები საწოლიდან და მაგიდაზე ახალგამომცხვარი აჭარული ხაჭაპური დაგხვდება,  ლანჩზე საყვარელ კაფეში რომ გავარდები სამსახურიდან, პარასკევ საღამოს სტეიკის თანხლებით რომ ატარებ, პირველ თოვლს “შუბით”, რუსული ბლინებით და სტროგანინით აღნიშნავ და ახალ ბლოგპოსტს მექსიკური კარტოფილისა და Lungo Leggero-ს თანხლებით წერ, საღამოს კი კომპიუტერს უზიხარ ჩაის გამჭვირვალე ფინჯნითა და ქიშმიშიანი კექსის ბარაქიანი ულუფით ხელში…

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: