ადათები ცხოვრებას გვიმსუბუქებენო, წერია ამ წიგნში.
გვიმსუბუქებენ და თანაც როგორ – მოკალათდი საკუთარ ნაჭუჭში, მოიქეცი ისე, როგორც უხსოვარი დროიდან იქცეოდნენ შენი წინაპრები, ღმერთი არ გაგიწყრეს, გატკეპნილი ბილიკიდან არ გადაუხვიო და ყველაფერი რიგზე იქნება; რეპუტაცია შეუბღალავი დარჩება, კარიერა შეუფერხებლად აუყვება აღმართს, პატივისცემა და მოწიწება არ მოგაკლდება. არც შური და ბოღმა, სხვათა შორის.
ოღონდ, ჯვარი გწერია და, თუ ამ ნიჟარაში სული შეგეხუთა, თუ ჩარჩო მხრებით გამოანგრიე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, ისეთ ქვათაცვენაში მოჰყვები, მტრისას და ავისას.
მერე რა, თუ ამ ჰაერს მელანი ისააქსის ნორჩი სხეულის თავბრუდამხვევი სურნელი აქვს.
მერე რა, თუ “მასში რაღაც აფროდიტეს, ქაფიანი ქალღმერთის, თრთოლის მსგავსი იგრძნობა?!”
არ გაბედო და არ დაივიწყო, რომ შენ პროფესორი დევიდ ლური ხარ, რესპექტაბელური პიროვნება, საზოგადოების გამორჩეული წევრი, და ზნეობრივი ნორმების დაცვაც განსაკუთრებული სიმკაცრით მოგეთხოვება.
შენ რა, შექსპირის სონეტებით და დანტეს ციტატებით იმისთვის ლაპარაკობ, რომ ოცდაათი წლით უმცროს გოგოს დაახვიო თავბრუ?!
დავიჯერო, მაღალზნეობრივი მოქალაქეების აღშფოთებული შეძახილები არ გესმის?!
არ გაბედო-მეთქი!
და თუ მაინც გაბედავ…
ვაი, შენი ბრალი!
ვინ გაპატიებს, ვინ შეგარჩენს, რომ ასეთი სხვანაირი ხარ, ასეთი თავხედი და უტიფარი?!
ვინ მოგითმენს, ჭუპრივით რომ გამოძვერი პარკიდან, ყველა წესი და კანონი ფეხებზე დაიკიდე, მორალური პრინციპები და ფასეულობები ხუხულასავით მიანგრ-მოანგრიე და, საერთოდ, ვინ მოგცა უფლება, სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყავი?!
ამას როგორ გადაყლაპავს ღირსეული და თავმოყვარე საზოგადოება?!
ხომ გაგიგონია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო; ჰოდა, კეთილი ინებე, მიიღე, რაც დაიმსახურე.
ვირზე შეგსვამენ, სოფელ-სოფელ ჩამოგატარებენ და არც ლაფს დაიშურებენ. მადლობა თქვი, ქვებით თუ არ ამოგხადეს სული.
გადაიკარგე მერე სადღაც, ფერმაში, შენს ლესბოსელ ქალიშვილთან, და ილოკე იქ იარები მაწანწალა ძაღლივით, ახია შენზე!
შენს ამბავს კი ჯონ კუტზეე მოგვიყვება – ნობელის პრემიის სამხრეთაფრიკელი ლაურეატი, პროზაიკოსი, ესეისტი და ლინგვისტი.
ეს სასოწარკვეთილებით, ნდომით, სირცხვილითა და შავი კონტინენტის სურნელით გაჯერებული ამბავი იქნება.
ამბავი იმისა, როგორ უსწორდება საზოგადოება მათ, ვისაც გამბედაობა ეყო, სხვანაირი ყოფილიყო.
ვინც დოგმები განზე გასწია და სიცოცხლით ტკბობა მოინდომა.
ვისაც არ უნდოდა, მაღალზნეობრივი და სპეტაკი დარჩენილიყო. არ უნდოდა ან უბრალოდ არ შეეძლო.
კარგი წიგნი გამოვა.
წიგნი, რომელიც ყველა ნამდვილი ბიბლიოფილის თაროზე დაიდებს ბინას.
თაროზეც და გულშიც.
ჩემს თაროზეც და გულშიც მშვენივრად ბინადრობს,მერე რა თუ ბიბლიოფილობას ვერ დავიკვეხნი.
LikeLike
ამ წიგნმა დამანგრია. სულ ცოტა, ერთი კვირა ვცდილობდი, გამომესორებინა მოჟამული ხასიათი.
რევიუც შესაბამისი იყო.
რა მკითხველი ხარ, მოლი ბლუმ.
LikeLike
მახსოვს შენი განცდები, რუსო :) უმძიმესი წიგნია.
LikeLike
დევიდ ლურზე მეტად მისი ქალიშვილის ისტორია არ ამომდის თავიდან. და კიდევ ძაღლები… “ჰო, ხელი ჩავიქნიე.”
მახსოვს, კითხვის დასრულებისას სულში საშინელი სიცარიელე ვიგრძენი და როცა ეს წიგნი და მასში მოთხრობილი ამბავი მახსენდება, ინერციით ისევ მიბრუნდება ის გრძობა.
LikeLike
დაუვიწყარი წიგნია… ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა დიოგენეს ბიბლიოთეკაში…
LikeLike
ძალიან მომეწონა პოსტი,ეს თემა კი ჩემთვის ყველაზე საინტერესოა შემიძლია შეუწყვეტლივ ვილაპარაკო და ვილაპარაკო,წიგნმაც მიმიზიდა ,მაგრამ რამდენად საჩემოა არ ვიცი.
LikeLike
მოლი, როგორც ყოველთვის მადა აღმიძრა შენმა რევიუმ :)) მაგრამ თუ ართლაც ასეთი მძიმეა, უმჯობესია ახლა არ გავეკარო :)
LikeLike
მოლი, ძალიან კარგი ფორმა აგირჩევია ამ წიგნზე წერის, დეკლარაციული, დაწყვეტილი წინადადებებით. სხვანაირაირი ვერც წარმომედგინა.
LikeLike
მოუხდა, არა? :ამჰეფი:
LikeLike
ეს იყო საუკეთესო რევიუ რაც კი წამიკითხავს
LikeLike
მოლის ყოველი ასეთი რევიუ ჩემს საფულეს 1 წიგნის საფასურით ამსუბუქებს.
ერთ-ერთი საუკეთესო რევიუა, რაც ბლოგოსფეროში ოდესმე წამიკითხავს. უზუსტესად მოძებნილი ფორმით მოწოდებული.
LikeLike
არ იცი, როგორ მიხარია, ტაბუ, ეს რომ მესმის :)
მადლობა ^_^
LikeLike