Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for October, 2013

წიგნები, რომლებიც მაჩუქეს <3შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.

ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ.  ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.

აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.

ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.

(more…)

Read Full Post »

ინსომნია 2013. ქარჩხაძის გამომცემლობა. თბილისი, 2013

ამ წიგნზე წერა ჩემთვის ერთსა და იმავე დროს იოლიც არის და ძნელიც.

იოლი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ დაბეჭდვამდე წავიკითხე – ცინცხალ ტექსტებს პირდაპირ ფოსტით ვიღებდი; რთული კი იმიტომ, რომ კრებულის აკინძვაში მცირე წვლილი მეც მაქვს შეტანილი და რიგითი მკითხველის პოზიციიდან საუბარი გამიჭირდება.

მიხვდებოდით – “ინსომნიაზე“ გიყვებით. ჟანრული პროზის პირველი ფესტივალის პერიპეტიები ისედაც არ გამოგეპარებოდათ – არც ანონსი დაკლებია, არც ხმაური და არც ყურადღება; შესარჩევი ტურის ამბებიც გეცოდინებათ და, ალბათ, იმასაც ადევნებდით თვალს, როგორ წერდნენ მოთხრობებს “Book City“-ში გამომწყვდეული ინსომნიაკები, – ამიტომ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ; პირდაპირ იმით დავიწყებ, რომ ეს ყველაფერი უკვე წიგნად აქცია ქარჩხაძის გამომცემლობამ და “ბუქ სითიმ” პრეზენტაციასაც უმასპინძლა წინა კვირას.

ჰოდა, აგერ მიდევს კიდეც ჩემი ეგზემპლარი – ჟიურის წევრებისა და ავტორების ისეთი სამახსოვრო წარწერებით დამშვენებული, რომ კითხვისას რამდენჯერმე ცხვირიც დავაქსუტუნე.

შვიდ რჩეულს შორის საუკეთესოს გამოვლენა ჟიურიმ არ ჩათვალა საჭიროდ და მე ვინ მეკითხება; ოღონდ იმას კი გეტყვით, რომ ერთიმეორეზე გემრიელი ტექსტებია და თუ ჟანრის მოყვარული ბრძანდებით, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

(more…)

Read Full Post »

ალხაზ ხარბედია. "პირადი ბიბლიოთეკა"; "მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან".სამიოდე წლის წინ “პარნასში” ერთი გემრიელი წიგნი ვიგდე ხელთ.

“პირადი ბიბლიოთეკა” ერქვა. მალხაზ ხარბედიას სვეტები იყო, “24 საათისთვის” დაწერილი და ერთად აკინძული. ავტორის თქმით, “რაღაც საშუალო სალაღობო რეცენზიებსა და მოკლე წინასიტყვაობებს შორის”.

დიდი ტირაჟით, მგონი, არც გამოსულა; სანამ “პარნასში” ვტრიალებდი, ორი გოგო შემოქაქანდა, არიქა, მოგვეცით, ხომ მიიღეთო. ერთი კვირის შემდეგ, მეგობრისთვის საჩუქრად რომ დავაპირე ყიდვა და მაღაზიას შევეხმიანე, აღარ გვაქვსო, მითხრეს.

კარგი წიგნების კითხვა ხომ სიამოვნებაა – კარგ წიგნებზე დაწერილი წიგნების დაგემოვნებაც ცხონება ყოფილა. სარამაგუს “იესოს სახარება”, კიარან კარსონის “სამყურას ჩაი”, აკას “უდაბნოს გლახები”, “კარლსონი”, “პატარა პრინცი” და კიდევ ორმოცაათამდე მშვენიერი წიგნის რევიუ… ზოგისა წაკითხვა მომინდა, ზოგისა – გადაკითხვა. ჩანთაში მეგდო და ვიზოგავდი იშვიათი ტკბილეულივით.

ჰოდა, არ გაგიკვირდებათ – მალხაზ ხარბედიას ახალი კრებული გამოვეცითო, “დიოგენემ” როგორც კი დააანონსა, წამიც არ დამიხანებია, – მე, რა თქმა უნდა, ცხვირიც ვერ გავყავი სამსახურიდან, – მეგობარი ვაფრინე.

(more…)

Read Full Post »

რომენ გარი. "თეთრი ძაღლი". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013

ასეთ წიგნებს საწამლავებს ვეძახი.

საწამლავია, აბა, რა არის, როცა ყოველი კაპილარით გრძნობ, როგორ მიჰყვება შენს სისხლს და როგორ იჟღინთები ნელ-ნელა მასში დაბუდებული ტრაგიზმით; როგორ ღრუბელივით იწოვ მრისხანებას და სასოწარკვეთილებას და ფურცელ-ფურცელ კვდები.

აჭარბებო, ვიცი, ბევრი იფიქრებს.

არ ვაჭარბებ, იოტის ოდენადაც კი.

რომენ გარი, იგივე ემილ აჟარი, იგივე ფოსკო სინიბალდი, იგივე შათან ბოგა (ერთი კლასიკად ქცეული რუსული ფილმისა არ იყოს) – რუსეთის იმპერიაში დაბადებული, ებრაული წარმოშობის ფრანგი მწერალი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და გონკურების პრემია ორჯერ მიიღო – თეთრი ძაღლის შესახებ გვიამბობს.

არადა, თეთრი სულაც არ ყოფილა – “ნაცრისფერი ძაღლი იყო, ცხვირის მარჯვენა მხარეს დასკუპებული მეჭეჭით, რომელიც თირკმელა სოკოს წააგავდა. დრუნჩი კი მთლიანად ჟღალი ბალნით ჰქონდა დაფარული“.

გერმანული ნაგაზი იყო. შავკანიანებზე დაგეშილი.

(more…)

Read Full Post »

my kindle and booksყველაზე გემრიელად გარეთ რომ ვკითხულობ, ამას წინათაც გითხარით.

შინ, სავარძელში, ნებივრად ფეხის მორთხმა, იცოცხლე, კარგია, მაგრამ ავტობუსში, მეტროში ან სამარშრუტოში კითხვას სულ სხვა ეშხი აქვს – არ შემეკამათოთ :)

ოჯახური ლეგენდა ირწმუნება, პატარაობისას ყველაზე მეტად ბულვარში ძილი, სუსნაობა და ნახატებიანი წიგნების თვალიერება გიყვარდაო. დღევანდელი გადმოსახედიდან, კაცმა რომ თქვას, ერთიც დამაჯერებლად ჟღერს, მეორეც და მესამეც.

ჰო, კიდევ წამოწოლილს მჩვევია კითხვა, რამაც შეიწირა კიდეც ჩემი მხედველობა, მაგრამ ამაზე მერე მოგიყვებით.

ბათუმური შვებულების დროს იმდენი მოვახერხე, ახალდამუხტული ქინდლი ერთ კვირაში დავცალე. ვიჯექი ჩემთვის, კოლონადებთან ან ლიტერატურულ კაფეში, ქინდლს ყავას ვაყოლებდი და, დედას გეფიცებით, A Song of Ice and Fire ზუსტად ასე უნდა იკითხო – ნეტარი უსაქმურობის ჟამს, ზღვისპირა ქალაქში, ლატესთან ერთად. სცადეთ – დამიჯერეთ, არ ინანებთ.

(more…)

Read Full Post »

ჯონ მაქსველ კუტზეე. "სირცხვილი". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2012

ადათები ცხოვრებას გვიმსუბუქებენო, წერია ამ წიგნში.

გვიმსუბუქებენ და თანაც როგორ – მოკალათდი საკუთარ ნაჭუჭში, მოიქეცი ისე, როგორც უხსოვარი დროიდან იქცეოდნენ შენი წინაპრები, ღმერთი არ გაგიწყრეს, გატკეპნილი ბილიკიდან არ გადაუხვიო და ყველაფერი რიგზე იქნება; რეპუტაცია შეუბღალავი დარჩება, კარიერა შეუფერხებლად აუყვება აღმართს, პატივისცემა და მოწიწება არ მოგაკლდება. არც შური და ბოღმა, სხვათა შორის.

ოღონდ, ჯვარი გწერია და, თუ ამ ნიჟარაში სული შეგეხუთა, თუ ჩარჩო მხრებით გამოანგრიე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, ისეთ ქვათაცვენაში მოჰყვები, მტრისას და ავისას.

მერე რა, თუ ამ ჰაერს მელანი ისააქსის ნორჩი სხეულის თავბრუდამხვევი სურნელი აქვს.

მერე რა, თუ “მასში რაღაც აფროდიტეს, ქაფიანი ქალღმერთის, თრთოლის მსგავსი იგრძნობა?!”

არ გაბედო და არ დაივიწყო, რომ შენ პროფესორი დევიდ ლური ხარ, რესპექტაბელური პიროვნება, საზოგადოების გამორჩეული წევრი, და ზნეობრივი ნორმების დაცვაც განსაკუთრებული სიმკაცრით მოგეთხოვება.

შენ რა, შექსპირის სონეტებით და დანტეს ციტატებით იმისთვის ლაპარაკობ, რომ ოცდაათი წლით უმცროს გოგოს დაახვიო თავბრუ?!

დავიჯერო, მაღალზნეობრივი მოქალაქეების აღშფოთებული შეძახილები არ გესმის?!

არ გაბედო-მეთქი!

(more…)

Read Full Post »

ჩემი პირველი ლინდგრენი <3ბიბლიოთეკა რომ ჩემი სიამაყეა, მგონი, უკვე მთელმა საქართველომ გაიგო და დაკვირვებული მეგობრები იმასაც შეამჩნევდით, რომ ფეისბუქ-ალბომები სულ წიგნების სურათებით მაქვს გაძეძგილი.

ყოველგვარი ყალბი მოკრძალების გარეშე გეტყვით, უყურადღებოდ არც ერთი კადრი არ დარჩენილა, დაინტერესებული მნახველი არ დაჰკლებია, მაგრამ ამ შაბათს მაინც განსაკუთრებული და არნახული ჟრიამული მქონდა კედელზე. ნაცნობ-უცნობი შეიყარა, სიცილაკების და კომენტარების ცვენა იყო :) ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, სიამოვნებისგან სულ ხელებს ვიფშვნეტდი.

არადა, რომელიმე აქტუალური და მოდური ბიბლიო-სერიის ფოტო კი არ გამომიქვეყნებია, არც მორიგი საამაყო შენაძენი გამომიმზეურებია – ასტრიდ ლინდგრენის ძველთაძველ ტომს გადავუღე სურათი, კარლსონს და პეპის.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: