2001 წელი იყო თუ 2002, ზუსტად არ მახსოვს. პარლამენტში ვმუშაობდი. საქმე ცოტა მქონდა, თავისუფალი დრო – ბევრი. ჰოდა, მოცალეობის ჟამს იქაურ ბიბლიოთეკაში დავდიოდი. იყო ამაში რაღაცა ეკოს ლაბირინთისეული – ოთხი სართულით ქვემოთ უნდა ჩასულიყავი, ხიდი გადაგევლო და ორი ლიფტი გამოგეცვალა; სამაგიეროდ, იჯექი შენთვის წყნარად და არავინ გიშლიდა ხელს.
უბედურება ის იყო, სტანდარტული, “საპარლამენტო“ წიგნები ჰქონდათ იქ – სქელ-სქელები და მოსაწყენები… კიდევ – რამდენიმე სულელური, ფერადი ჟურნალი და “არილი”. ორად ორი ნომერი.
არადა, ის დროა, ლიტერატურული პერიოდიკა კი არა, ხეირიანი გამოცემაც სანთლით არის საძებარი და საკითხავს საჯარო ბიბლიოთეკის საცავებიდან ვეზიდები. და უცებ – “არილი”. ახალი თარგმანები, ახალი ავტორები, უჩვეულოდ გემოვნებიანი გარეკანი. დავინტერესდებოდი, აბა, რა იქნებოდა.
ერთხელ ჩავედი იმ “არილის” ხათრით, მეორედ ჩავედი და მესამედ ბიბლიოთეკარს ვთხოვე, ამათ ზევით წავიღებ-მეთქი. კი, ბატონოო, – მაინცდამაინც არ გაუპროტესტებია.
კარგა ხანს მედო ოთახში, მერე დავაბრუნე – სხვებმაც მოიკითხესო. იმ სხვებისა რა მოგახსენოთ და მე დღეში ერთხელ მაინც ვფურცლავდი. რაღაცები ლამის ზეპირად ვისწავლე. მაინც დიდი ხანია გასული და ახლა ისღა მახსენდება, რომ ერთს უოლტ უიტმენის პორტრეტი ეხატა გარეკანზე, კიდევ მოთხრობა იყო ცხინვალის ომგამოვლილ ტიპზე და “თევზის ხე”. უფრო სწორად, ორი ნაწყვეტი “თევზის ხიდან” – ფანტასმაგორიული, ალუზიებითა და პაროდიებით დახუნძლული. უცნობი გვარ-სახელი ეწერა იმ ტექსტს – ბესო ხვედელიძე და ბესო ზუსტად მას მერე მიყვარს.
2003-ში პარლამენტიდან წამოვედი. ამასობაში ბევრი რამ აირ-დაირია და ჟურნალიც აღარ გამოსულა.
ახლა რატომ გიყვებით ამას – მაგიდაზე რვაწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი “არილის” ორი ნომერი მიდევს.
ვუყურებ და გარეკანიც უფრო მესიმპათიურება, შინაარსიც უფრო მიმზიდველი მეჩვენება და ფორმატიც გაუზრდიათ, მგონი – თხელი მახსოვდა. ის ძველი პეწი და სიკოხტავე კი არსად გამქრალა.
ერთში ლაშა ბუღაძის ახალი მოთხრობაა და დავით (გონზო) ჩიხლაძის “Express Yoself”, ზვიად რატიანის ლექსები, ქეთი ქანთარიას გადმოქართულებული ჩაკ პალანიკი, მეორეში – მალხაზ ხარბედია და გიორგი კეკელიძე, იან მაკიუენის ცინცხალი თარგმანი ხათუნა ცხადაძის შესრულებით, პაატა შამუგიას, რომ დაგაჟრიალებს, ისეთი ლექსი და თანამედროვე მწერლების, გამომცემლების, კრიტიკოსების ორიგინალური დისკუსია ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პროზაზე.
ჰო, კიდევ ენტონი ბერჯესი “მექანიკურ ფორთოხალზე” და კენ კიზი “გუგულის ბუდეზე”, სალმან რუშდისა და იულია კრისტევას ინტერვიუები, მაშო სამადაშვილის, ჯაბა ზარქუას, დალი კუპრავას რეცენზიები აქტუალურ ლიტერატურულ სიახლეებზე, ზაზა ბიბილაშვილის და სოფო კილასონიას ტექსტები და სხვაც ბევრი გემრიელი რამ.
მოკლედ, ისეთი რამეა, ჩანთაში უნდა ჩაიგდო და გამოიზოგო, თორემ თუ მიჰყევი, ისე შემოგესუსნება, გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებ. არადა, თვეში ერთხელ გამოდის და ახალ ნომერს რამდენიმე კვირა უნდა ელოდო.
სანამ მკითხავთ, ეს სიამოვნება რა ღირსო, ბარემ მე თვითონ გეტყვით – ორი ლარი. ჩემისთანა თავგადაკლული მწეველისთვის ეს ნახევარი კოლოფი სიგარეტია, მავანისთვის ალბათ ნახევარი ჭიქა შეიკი ან ერთი ჩისბურგერი… ასეა თუ ისე, ამ ფასად სხვა ჟურნალი მგონი არც შემხვედრია.
მოკლედ, თუ თანამედროვე ლიტერატურა და პუბლიცისტიკა გაინტერესებთ, აგერ თქვენ და აგერ “არილი”. და მაინცდამაინც ბევრსაც ნუ იფიქრებთ – წიგნის მაღაზიებში დიდხანს არ ჩერდებაო, ამბობენ.
“მექანიკური ფორთოხალი” <3
LikeLike
ძიახ ;)
LikeLike
გიორგი კეკელიძე განსაკუთრებულად მიყვარს :) კი ვეუბნები, საკუთარი თავი მაინც როგორ არ გეცოდება, შენთვის მაინც გამოიზოგე ეს მეტაფორები-მეთქი, მაგრამ სხვას რა ვუთხრა, ვერც ჩემს ნაწერს იგებს ბევრი და გასამარტივებელი მაქვს რაღაცები აშკარად :)
ჰო, “არილს” გავიყოლებ შინ.
LikeLike
ძალიან კარგი ტექსტი აქვს გიორგის, რუსო. მეტაფორები და პოეზია იქით იყოს, ფანტასტიური პუბლიცისტია.
გემრიელად წაიკითხე :)
LikeLike
ჰო, პროზასაც გადასარევად მიეპარა :) გურულებზე ჰქონდა – თითებს ჩაიკვნეტდი :)
LikeLike
ტაბულაში :)
კიდევ, ქინდლზე. იდეალური სვეტი იყო. შედევრი :)
LikeLike
ძველმა არილმა მეც ბევრი რამ შემძინა, რისთვისაც საოცრად მადლიერი ვარ.
ახალი, ჩემდა სამარცხვინოდ, ჯერ ვერ მოვიგდე ხელში. თან მოლი ისე აქებს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიამოვნება მელის წინ )
LikeLike
გადახედე, როცა გეცლება და გავარჩიოთ :)
LikeLike
აბა რას ვიზამ )
LikeLike
ვაა, “ლიტერატურული პალიტრას” გარდა რამე ლიტერატურული ჟურნალი თუ გამოდიოდა თან თარგმანებით, არ ვიცოდი :)
მადლობა, მოლი.
და პერიოდიკა?
LikeLike
თვეში ერთხელ, ამას თუ გულისხმობ :)
LikeLike
არადა დაიხურება ისევ. აგერ მე და აგერ თქვენ.
თუ რათქმაუნდა გრანტებზე არ იქნა მუდმივად.
LikeLike
მე მაგალითად ადრე საერთოდ არ ვყიდულობდი ამ ჟურნალს, არც ვაქცევდი ყურადღებას. მერე ახალი რომ გამოვიდა ცოტა ხნის წინ, ზვიად რატიანმა მომხიბლა ყდაზე.. მერე მექანიკური ფორთოხალიო რომ წავიკითხე პირი დავაღე, გუგულის ბუდეც რომ წავიკითხე უფრო დავაღე. მერე ვიყიდე, მერე კიდევ ვიყიდე.. და აწი სულ ვიყიდი.. შემიყვარდა <3
LikeLike
ნოსტალგიური არილი. ჩემს სტუდენტობასთან ასოცირდება. მაშინაც კარგი იყო და ახლა მთლად ძალიან კარგი გამოსულა. შამუგიას ლექსმა ჩემზე საშინლად იმოქმედა. კრიტიკოსების დისკუსიაც ცოცხალი და მეტყველი იყო. წინ, წინ გასწით! :)
LikeLike
დისკუსია მეც განსაკუთრებული ინტერესით წავიკითხე :) საინტერესო ხალხი შეკრიბეს და კითხვებიც გონივრულად შეარჩიეს.
LikeLike
პირველად რომ დავინახე თვალებს არ ვუჯერებდი, მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის წინ მისი მკითხველი ფიზიკურად არ ვყოფილვარ, ბლოგის ერთგულ მკითხველს ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ფურცლებზე დატანილი არილი, ძალიან იშვიათი და საინტერესო თარგმანებით სავსე:) უნივერსიტეტამდე მისასვლელ გზაში არილის კითხვა – ასე იწყება ჩემი ყოველი დილა:)
LikeLike
ძველი მხოლოდ გადმოცემით მახსოვს და ახალში ისეთი რაღაცები ყოფილა, უყურადღებოდ დატოვება არ ღირს :)
LikeLike