მეოცე საუკუნის ფოტოისტორია მოლი ბლუმის ბლოგზე, ალბათ, ყველაზე დაჩაგრული თემაა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ნაკლებად მიყვარდეს; უბრალოდ, სხვა, უფრო აქტუალური სიახლეები ეცილება და ამის გამო ზოგჯერ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ფაქტი ჯიუტია – საინტერესო ფოტოკადრზე ბოლოს ხუთი თვის წინ მოგიყევით.
ჰოდა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნებოდა ასე, მალინას ერთი ფოტო რომ არ გამოეგზავნა – იქნებ გამოგადგეს და პოსტი დაგაწერინოს, სიამოვნებით წავიკითხავდიო.
ამ სურათზე, ერთი შეხედვით, ბევრს ვერაფერს იტყვი – არც სახელგანთქმული ფოტოგრაფის ნამუშევარია, არც განსაკუთრებული, უნიკალური მომენტია დაჭერილი; კადრზე აღბეჭდილთა უმრავლესობაზეც ვერაფერს მოგახსენებთ (თუ, რა თქმა უნდა, მავანმა გერმანელმა სტუმარმა რომელიმე მათგანში საკუთარი დიდი ბებია ან ბაბუა არ ამოიცნო); ვიღაცები შეკრებილან და მხიარულობენ. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ფოტოა.
სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ფოტო 1944 წელს არის გადაღებული.
ცენტრში მდგარი სანდომიანი მამაკაცი კი კარლ-ფრიდრიჰ ჰოკერია, ოსვენციმის კომენდანტის ადიუტანტი.
მორალის კითხვაზე მეტად ამქვეყნად არაფერი მეჯავრება და ისიც კარგად მესმის, რომ ადამიანი ყველაზე სისხლისმღვრელ ომშიც კი ადამიანად რჩება, სიყვარულს, სიცილს, მხიარულებას სისხლის წვიმების დროსაც არ იშლის და, ალბათ, სწორედ ეს აძლებინებს. იმასაც ვხვდები, რომ ჰიტლერელი ჯარისკაცის უნიფორმა, თავისთავად, დამღა არ უნდა იყოს, ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და განზოგადება დამღუპველია.
ოღონდ ესენი უბრალო ჯარისკაცები არ არიან; ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მომსახურე ესესელების ჯგუფია და, როგორც ირწმუნებიან, კარლ ჰოკერის ფოტოალბომის ექსპონატთა დიდი უმრავლესობა ავადსახსენებელი იოზეფ მენგელეს გადაღებულია.
ეს ხალხი იმ საკონცენტრაციო ბანაკს ემსახურება, რომელიც ჰოლოკოსტის სიმბოლოდ არის აღიარებული; სადაც ოთხ წელიწადში, უკანასკნელი მონაცემებით, 1 600 000 ადამიანი – პოლონელები, ებრაელები, უნგრელები, რუსები, გერმანელები, ჩეხები – გაწყვიტეს; სადაც გაზის კამერებში პირდაპირ ეშელონებიდან მიჰყავდათ კოლონები; სადაც “სიკვდილის ანგელოზი” მენგელე ანატომიურ ექსპერიმენტებს ატარებდა ქალებსა და ბავშვებზე.
იქნებ ამათ ბრალი არ მიუძღვითო, მეტყვის ვინმე. სხვათა შორის, ვერც ჰოკერს დაუმტკიცა ბრალი სასამართლომ და მენგელეც ასცდა სასჯელს, მაგრამ ჩვენ ხომ ნაფიცი მსაჯულები არ გახლავართ და ვერდიქტის გამოტანა აზრადაც არ მოგვსვლია.
უბრალოდ, ამ ადამიანებს არ შეეძლოთ, არ სცოდნოდათ ამის შესახებ; გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ ისინი ვერ ხედავდნენ გაზის კამერებისკენ ჯგუფებად მიმავალ პატარებს; რომ ერთხელაც არ შეუმჩნევიათ საბარგო მანქანები, დახოცილი ტყვეების გვამებს რომ ეზიდებოდნენ… და მაინც ასე მხიარულობენ. აი, ამის გაგება ჩემს ძალ-ღონეს აღემატება და თუ შეძლებთ, ამიხსენით, მადლობელი დაგრჩებით.
რომ მგონია ამ ქვეყანაზე აწი ვეღარაფერი გამაკვირვებსმეთქი, სწორედ მაშინ გამოჩნდება ხოლმე რაღაც ისეთი არაადამიანური, რომ ვხვდები, ჯერ კიდევ ბევრჯერ გამაოცებს ადამიანი :/
LikeLike
ჯერ სად ხარ, იაკო :( ადამიანი რომ ვერ მოიფიქრებს და ვერ გააკეთებს, ისეთი საძაგლობა არ არსებობს ამქვეყნად.
LikeLike
არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მიკვირს. უბრალოდ, როდესაც ადამიანი ამდენ საშინელებას სჩადის(და ისიც უმეტეს შემთხვევაში დარწმუნებული ამ ქმედების გარდაუალი აუცილებლობით), მაშინ ისიც აღარ უნდა გაგვიკვირდეს ამის მერე სინანულით აცახცახულ ბაგეებს რომ ვერ ვხედავთ… რა მოხდა მერე, საკონცეტრაციო ბანაკის უკან გახვიდე, იქამდეც მოღწეული აკივლებული ბავშვების ხმა გარმონით ჩაახშო და ყურებამდე გაღიმებულმა სამახსოვრო ფოტოები გაიღო, შემდეგში შვილიშვილებს რომ მოუყვე შენი უმწიკვლო გარეგნობის შესახებ – ეს ხომ ადამიანიის, ყველაზე გონიერი და ჰუმანური არსების ინსტიქტური რეფლექსია: )
LikeLike
მანდ ვარ მეც, ვამპირ. სამწუხაროდ, ასეა.
LikeLike
ძალიან საინტერესო თემა წამოწიე, მოლ. უამრავი ასეთი კადრი მოიძევება მესამე რაიხის ისტორიაში… არამხოლოდ ასეთი – გაცილებით შემზარავიც. მოღიმარი ჯარისკაცები გვამების მთასთან ან სახრჩობელაზე მოქანავე ადამიანების ფონზე; მოღიმარი მედდები საოპერაციო მაგიდასთან, რომელზეც უანესთეზიოდ გაფატრული ან კიდურებმოკვეთილი ტყვე წევს… საინტერესო ის არის, რომ მათი უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში წესიერი მოქალაქე იყო, კარგი მამა, კარგი დედა, კარგი მეგობარი, ბევრს ალბათ უსახლკარო ცხოველების დანახვაზეც კი გული უჩუყდებოდა… ეს ერთ-ერთი ის ფენომენია, რომელსაც დღემდე უტრიალებენ ფსიქოლოგები. როგორ მოხდა, რომ ამდენი ადამიანის ღირებულებათა სისტემა ასე ერთბაშად ამოყირავდა, როგორ მოხდა, რომ მათმა ცნობიერებამ ასე უკრიტიკოდ მიიღო ავადმყოფი გონების რასისტული ნაბოდვარი… რომ ძალაუფლებამ ასე შეცვალა ასეულობით ათასი ადამიანის ქცევა და ასეთი წარმოუდგენელი სისასტიკე შვა… და მთავარი ის არის, რომ ნაციზმი კი ჩაბარდა წარსულს, მაგრამ ადამიანის მენტალური სტრუქტურა არ შეცვლილა, ამიტომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ასეთივე რამ გამეორდეს. სხვათა შორის, მეორდება კიდეც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოღონდ ლოკალურად. ამიტომ ალბათ უფრო ხშირად უნდა ვილაპარაკოთ ასეთ რამეებზე, რომ უკეთ გავაცნობიეროთ ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა და ვიცოდეთ, როგორ მოვათვინიეროთ ჩვენს არსებაში მთვლემარე მხეცი, რომლის მომდევნო გამოღვიძება შეიძლება კიდევ უფრო შემზარავი აღმოჩნდეს.
LikeLike
კომენტარი კი არა, ცალკე პოსტია!
LikeLike
ახლაც ხდება, ტერა. აქვე, ჩვენთა, საქართველოში. თბილისში. ქალაქის ცენტრალურ უბანში. ქვეყნის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის კედელზე.
ა, ბატონო.
LikeLike
კიდევ უფრო უძლური ვარ თანამედროვე სამყაროში ნებაყოფლობით ნაც-იდეოლოგიის გამზიარებლებს გავუგო… ნახო ეს ფოტოები: http://furtherglory.wordpress.com/2011/08/06/walking-to-the-gas-chambers-at-auschwitz-birkenau/ როგორ მიაბიჯებენ პატარა ბავშვები გაზის კამერებისკენ და მაინც თანაუგრძნო ნაცისტურ იდეოლოგიას, გამართლება მოუძებნო ჰოლოკოსტს…
LikeLike
მეც განსაკუთრებით მიჭირს ნაციზმის რაიმენაირად გამართლება, ტაბუ. თუნდაც იმით, რომ არანაკლებ ბოროტების იმპერიას ებრძოდნენ და კარგი გზები ჰქონდათ.
არადა, ვიღაცები ახერხებენ.
LikeLike
გზად სამსახურისკენ კინგის “გახრწნილ ზაფხულს” ვკითხულობდი სწორედ. უცებ წარმოვიდგინე, რომ მეტროს მთელი ვაგონი აირის გამშვებ შხაპში შეყარეს. მოვედი და ეს პოსტი დამხვდა.
LikeLike
ავტორს, მგონი, ვხვდები. ხელწერაზე <3
LikeLike
შევიძარი, ყველაფერი ყველაფერია, მაგრამ სისასტიკესაც ხომ აქვს ზღვარი…..
LikeLike
ძვირფასო მოლი, ნება მიბოძე, გავკადნიერდე და ფოტოზე ასახულთა ბედნიერების მიზეზი მოგახსენო.
ნაცისტურ გერმანიაში, ჰიტლერის რეფორმების დამსახურებით, მიღებული იყო ევგენიკის პრინციპებით ხელმძღვანელობა. ევგენიკა არის: “მოძღვრება ადამიანის მოდგმის, მისი მემკვიდრული ბუნების გაუმჯობესებისა და სრულყოფის შესახებ”
ევგენიკის მიზანს წარმოადგენდა გარკვეული ინდივიდების შერჩევითი შეჯვარების შედეგად ადამიანის მოდგმის სრულყოფა.
ხო და მოგეხსენება დიდ ფიურერს ზე რასის შექმნა ოცნებად ჰქონდა ქცეული, ამიტომაც1920 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, ჯერ რეპროდუქციისა და შემდგომ უკვე სიციცხლის უფლებას ართმევდნენ ყველას ვინც თვალში არ მოუვიდოდათ.
ერის დამაბინძურებელთა სიაში შედიოდნენ: შიზოფრენიით, ეპილეფსიით, გენეტიკური სინდრომებით დაავადებულნი. (თუმცა ეს სია კიდევ უფრო ფართო იყო და, რა თქმა უნდა, ებრაელებთან თანაარსებობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ევგენიკის პრინციპებს)
ხშირ შემთხვევაში “წუნდებულ”ახალშობილებს სამშობიაროშივე ხოცავდნენ და ასეთი სახით ნაციის “დეზინფექციას” ახდენდნენ.
ასე რომ ნუ გაგაოცებს ფოტოზე ღიმილიანი სახეები, ისინი საკუთარი ქვეყნის, საკეთილდღეოდ მუხჩაუხრელად შრომობდნენ და ჰქონდათ ბედნიერების უფლება.
ვის, ვის და შენ კი კარგად მოგეხსენება, თუ რა ძალა აქვს ქარიზმატულ ლიდერს, ყველაფერს “გადააყლაპებს” მშიერ ბრბოს :)
LikeLike
მენგელე გაიქცა თორე ვინ რას შეარჩენდა.
ისეკი, რამდენიმე ეგეთი ისტორიაა ნაცისტებზე, რომელთაც ვერ დაუმტკიცეს დანაშაული და ისეთებზეც, ვისაც ვერ უმტკიცებდნენ და მათივე მეთოდებით სცადეს მტკიცებულების მოპოვება… თუკი მოვიცალე შეიძლება პოსტიც დავწერო მათზე.
ეს ფოტო კი არ მიკვირს მე. თუმცა ეს უკვე ფსიქოლოგების ასახსნელია.
და კიდევ სხვა ფოტოები მახსენდება – ჰიტლერი რომ უმასპინძლდება ციყვებს თხილით ბერლინის პარკში თუ რა ქალაქიცაა.
და ვერმახტის ჯარისკაცები, რომლებიც მათი სამხედრი ულუფიდან აპურებენ კატებს და ძაღლებს ლენინგრადის ბლოკადისას თუ მოსკოვზე შეტევისას.
LikeLike
მენგელეზე ასეთი რამ მსმენია. მოსადის იმდროინდელი შეფი წერდა, ეიხმანზე და მენგელეზე პრაქტიკულად, ერთდროულად გავედით და ორივეს მოტაცება გაუმართლებელ რისკად გვეჩვენაო.
ნუ, სხვა არგუმენტებიც ექნებოდა მოსადს, მენგელეს რომ არ მოეხათრებოდა, ფაქტია.
ამ და მსგავსი სურათების ამბავი ფსიქოლოგების გასარკვევია, მილორდ, გეთანხმები.
LikeLike
ფოტოზე ასახულ ან თუნდაც სხვა ადამიანებს რომ შესძლებოდათ საკუთარი დანაშაულის (მსუბუქად რომ ვთქვათ) გააზრება, არც ჩაიდენდნენ ამდენ საშინელებას… ჰიტლერის და სტალინის “ძალაც” ალბათ იმაშია, რომ ჩვეულებრივი – მხიარული და ბედნიერი ხალხი – ჯალათებად აქციეს…
LikeLike