აბა, მითხარით, კარტოფილი როგორ არ უნდა უყვარდეს ბავშვს?!
ეგეთი ბავშვი დედამიწის ზურგზე არ დადისო, მეტყვით.
ოლოლო თქვენ – ძალიანაც დადის და თქვენი უმრავლესობა მას მშვენივრად იცნობს.
ვინც არ იცნობს, დარწმუნებული ვარ, იფიქრებს – ერთი ჭირვეული, გაზულუქებული არსება იქნება, თორემ შემწვარ-შეპიწკინებულ, ტყემალმოსხმულ და პურის ცხელ ყუასთან ერთად მორთმეულ კარტოფილზე უარს ვინ იტყვისო?
ჰოდა, გვარიანადაც შეცდება; მერწმუნეთ, როცა ვესტერჰაგის თავშესაფარში ცხოვრობ და მთელ ზაფხულს, მდინარეზე ჭყუმპალაობის ნაცვლად, კარტოფილის ასაღებად მინდვრებზე ხოხვაში ატარებ, რაც კი ამქვეყნად ბოლქვია, ყველა შეგძულდება.
ეჭვი არ მეპარება, ასტრიდ ლინდგრენის ამ წიგნს მრავალი თქვენგანი სიამოვნებით გაიხსენებს ჩემთან ერთად. აბა, მარტო მე ხომ არ მეყვარებოდა ბავშვობაში პერსონაჟის ტყავში თავფეხიანად შეძვრომა და იმდენ ხანს დარჩენა, სანამ ახალი წიგნის ეშხი არ გამომიტყუებდა გარეთ?!
მოკლედ, უიღბლო რომ დაიბადები ადამიანი… კარგი, დედ-მამა არ გყავს, სახლი და კარი შენს სიცოცხლეში არ გქონია და როცა სუნთქვის შეკვრამდე მოგინდება მოფერება, ფრეკენ ჰეკის გარდა, თავზე ხელის გადამსმელიც კი არავინ გყავს (მე შენ გეტყვი, ისეთი ალერსიანია, დღეს არ გააცდენს), გოგო მაინც ყოფილიყავი, ოქროსკულულებიანი, ცისფერთვალება და მუდამ დაბანილ-გაწკრიალებული! (არა, მაინც როგორ ახერხებენ, რომ ერთი ლაქა არ მოეძებნებათ ტანსაცმელზე?!) აი, მაშინ დიდხანს არ მოგიწევდა ვესტერჰაგაში დარჩენა, აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც გულში ჩაგიკრავდა, შინ წაგიყვანდა და ძილის წინ მარტო ზღაპარს კი არ წაგიკითხავდა, გემრიელადაც ჩაგკოცნიდა.
ეჰ, რას იზამ… როცა ხედავ, რომ ბიჭი ხარ, ცხვირპაჭუა, თმააბურძგნილი და აჩაჩულ-დაჩაჩული, უშვილო ხალხის იმედზე ვერ იქნები – შენ მაინც არ აგირჩევენ; და თუ ყველა ამ უიღბლობას ისიც დაერთო, რომ მრისხან ფრეკენ ჰეკს გაწუწვას უპირებ (ვინ დაგიჯერებს, რომ მსგავსი არაფერი გიდევს გულში – უბრალოდ ლაყბობ და ეგაა), ისღა დაგრჩენია, გუდა-ნაბადი აიკრა, ერთადერთი განძი, პრიალა ნიჟარა, გუნარს დაუტოვო და თავშესაფრიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცე.
კარგად მახსოვს, ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, ერთხელ, ღამით, მშობლების საძინებელში შევიპარე – ხომ ნამდვილად იქ არიან-მეთქი და მერე გმირი პარტიზანივით ვდუმდი, როცა შეშინებული დედა მოკვლევას ატარებდა – კინაღამ გული გაუსკდა, შემთხვევით თვალი რომ გაახილა და მოჩვენებასავით თავზე წამომდგარი დამინახა…
დედა არ ვიცი, მე კი ლამის მართლა მოვკვდი ნერვიულობით – სად მიიპარება ეს უტვინო ბიჭი, ვინ იცის, რა ფათერაკს გადაეყაროს-მეთქი. რა, ასე არ იყო? გადაეყარა კიდეც – ოსკარი ალალი გუგული რომ არა, კაცმა არ იცის, რა დაემართებოდა. აი, მერე დაიწყო, რაც დაიწყო… არაფერი დაჰკლებიათ: არც მტერი, არც მოყვარე, არც დამნაშავეეები, არც პოლიციელები… მოკლედ, სულო და გულო! ხან რომელ ხუტორში შერგავდნენ თავს, ხან რომელში; ზოგჯერ მაძღრები იყვნენ, ზოგჯერ – მშივრები… რაც მთავარია, ერთად ყოფნა უხაროდათ – დადიოდნენ და დაეძებდნენ ცოლ-ქმარს, რომელიც ხუჭუჭა გოგოზე კი არა, სწორთმიან ბიჭზე ოცნებობდა…
იპოვეს თუ არა, ამაზე კრინტსაც არ დავძრავ – ვისაც წაკითხული აქვს, ისედაც იცის და ვისაც არა – რას ვერჩი. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ “მაწანწალა რასმუსის“ წყალობით იმ ზაფხულს ისეთი სამაგალითო ბავშვი ვიყავი, ჩემი ძმისთვისაც კი არაფერი დამიშავებია.
ქაშაყით და კარტოფილით ))
LikeLike
ლინგრენი <3 შენი მწერალი, ასე თბილად და ალალად რომ გამოგდის მასზე წერა: ) კონკურსისთვის გადასარევი სტარტია, წარმატებები^_^
LikeLike
განულდა ჩვენი ყველას შანსები პირველ კვირას :)
რა თბილის პოსტია მოლი, შენსავით უკარგესი <3
LikeLike
მე შენს პოსტს ველოდები კრძალვით და ცახცახით :)
LikeLike
მე ბოლო წუთებში ვაპირებ გამოქვეყნებას )
LikeLike
ფრთხილად იყავი, საათმა არ მოგატყუოს :)
LikeLike
ეგრე ძალიანაც არ დავიგვიანებ ))
LikeLike
გელოდები :)
LikeLike
<3
ლიტერატურული კონკურსი შენი გამარჯვების გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია, მოლი :) გგულშემატკივრობ :)
LikeLike
შენი გულშემატკივრობა კარგად მაქვს დაცდილი, რუსო :)
LikeLike
მომეკუმშა გული :ს
LikeLike
თბილად და ტკბილად დაწერილი, ლინდგრენს რომ ეკადრება, სწორედ ისე. ანდერსენის არ იყოს, ხშრად ლინდგრენის წიგნებსაც მიჰყვებოდა დაბუდებული ღრმა სევდა, მკითხველისთვის საბავშვო ზღაპრად შეფუთული. ასეთი ფარული სევდის, მაგრამ დიდი სიყვარულის და სიკეთის მატარებელია ეს წიგნიც. შენი პოსტი კი მისი შესანიშნავი ანოტაციაა. მადლობა ამ ტკბილი მოგონებების გამოღვიძებისთვის, მოლი!
LikeLike
ძალიან ლამაზი პოსტი არის, როგორიც სანტა-ესპერანსას და ლინდგრენს ეკადრება, წარმატებები მოლი :)
LikeLike
მადლობა მოლი რომ არსებობ და ბავშვობაში რომ გადამისვრი ხოლმე ხანდახან.
LikeLike
ქაშაყი და კარტოფილი…
ვიტყოდი ადრეც, ჩემი ბავშვობის იმედგაცრუებებიდან ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ აღმოვაჩინე, ეს მაგიური მაჭკატი ჩვეულებრივი ღვეზელი, ფუნთუშა – “ბულკი”, ხოლო ქაშაყი ჩემთვის ასე საძულველი მლაშე “სელიოდკა” ყოფილა…
და ოსკარი, ყველაზე ლინდგრენული მოზრდილი – დიდი ბავშვი! <3
LikeLike
ჩემდა სამარცხვინოდ მე ეს არ მქონდა წაკითხული :) მაგრამ, ლინდგრენი არასდროსაა გვიანი :)
LikeLike
ლინდგრენი ნამდვილი ბავშვობა და სიხარულია… :) რა კარგია რომ დაბრუნდი მოლი :) წარმატებები :)
LikeLike
უმოლესი პოსტია <3
ისე დავასრულე კითხვა, არც გამხსენების, საკონკურსო თუ იყო… ისე კი,
უკვე მომწონს ეს კონკურსი–რიგგარეშე პოსტების საბაბი გახდება და ასე მაინც ამოვივსებთ იძულებით დეფიციტს ^_^
წარმატებებს და ახალ ქინდლს გისურვებ :აბაშენიცისმაილი:
LikeLike
როგორ მიხარია ჩემთვის საინტერესო რაღაც-რაღაცებს რომ “აღმოვაჩენ” ხოლმე ^_^ რა კარგი ბლოგი გაქვს :3
LikeLike
პირველი საკონკურსო პოსტი “საგულშემატკივრო” ბლოგებში ვისზე უნდა ყოფილიყო თუ არა ასტრიდზე :)) მომნატრებია რასმუსი… უნდა “მივადგე” ვესტერჰაგის თავშესაფარს :))
LikeLike
ეჭვი მაქვს ამ კატეგორიაში გაარჯვებული იქნები, მოლ. მე ოცდაერთში გამოვაქვეყნებ ♥♥
LikeLike
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საბავშვო ლიტერატურა მოლის მთავარი ფიშკაა .
ნუ, მთლად მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მაინც.
იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს ეკუთვნი, მოლ, რომლებსაც არასოდეს ავიწყდებათ, რომ ოდესღაც ბავშვები იყვნენ <3
LikeLike