არსებობს თემები, წერა განსაკუთრებით რომ გსიამოვნებს.
ისეთი სიხარულით აწიკწიკებ, თითქოს საკუთარ წარმატებებზე უამბობდე მკითხველს.
არც იმაზე გეფიქრება, არაფერი გავაზვიადო, ვინმემ ყალბ აჟიტირებაში არ ჩამომართვასო.
პირიქით, ემოციით ისე ხარ დატვირთული, ის უფრო გაწუხებს, რამე არ გამომრჩეს, სათქმელს არ დავაკლოო…
ჰოდა, დღეს ზუსტად ასეთი თემა მაქვს თქვენთვის შერჩეული.
მესამე წელია, თვალს მადევნებთ და კი იცით, სადმე ორი წიგნი მაინც თუ დევს ერთად, აუცილებლად შევყოფ ცხვირს, იქაურობას საფუძვლიანად დავათვალიერებ და არც შთაბეჭდილებების გაზიარება დამეზარება.
ოღონდ ახლა განსაკუთრებული მოლოდინით ვიფშვნეტ ხელებს – იმ მაღაზიაზე უნდა გიამბოთ, სრულიად ჯინეტი რომ აალაპარაკა.
“წიგნები ბათუმში” ლამის ჩვენ თვალწინ დაიბადა. ონლაინ რეჟიმში ვადევნებდით თვალს, როგორ ფუსფუსებდნენ მარი და ირაკლი. ეს რემონტიო, ეს სახელიო, კონტრაქტებიო, საქმიანი დოკუმენტებიო… მაღაზიის გასამართავად ათასი წვრილმან-მსხვილმანი იყო საჭირო და ეს გვედარდებოდა, თორემ ბათუმს ყველაზე კრეატიული, თანამედროვე და მკითხველს მორგებული ბუქსთორი რომ შეემატებოდა, ეჭვიც არავის შეჰპარვია.
მერე თბილისში ჩამოვიდნენ, წიგნის ფესტივალზე, და ერთგული მყიდველ-მკითხველები აქაც შეიძინეს. მაღაზიის გახსნას კარგა ხანს განიხილავდა საფეისბუქეთი – ნამდვილი ევროპული ფართი მოგვიწყვესო. სამსახურს რა ვუთხარი, თორემ მოლი ამისთანა ამბავს გამოაკლდებოდა?! მატარებლის ბილეთებიც შეკვეთილი მქონდა და საჩუქარიც მომზადებული…
სამაგიეროდ, ბათუმური შვებულების მეორე დღესვე ფრიად ტევადი და საგანგებოდ დაცარიელებული ზურგჩანთა მოვიკიდე და მემედ აბაშიძის ქუჩას გავუყევი; ბევრი სიარული არ დამჭირვებია – ზედ პიონერთა პარკთან მაღაზიის კარი შევაღე… და უცებ მივხვდი – სწორედ იმ ადგილას ვიყავი, საიდანაც წასვლა დიდხანს არ მომინდებოდა.
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, შერლოკ ჰოლმსის მოცეკვავე კაცუნებია. ოღონდ დეკორის ნაწილი არ გეგონოთ – განსაკუთრებული შინაარსის ფრაზაა. დედუქცია მოიშველიეთ და გაშიფვრა სცადეთ, არა მგონია, გაგიჭირდეთ )
მაღაზიაში ყველაფერი ისე მოხერხებულად აწყვია, ამდენი წიგნის ერთად დანახვა თავგზას არ გიბნევს და საჭირო გამოცემას წამში პოულობ. მარცხნივ რუსულენოვანი ლიტერატურა დაუხვავებიათ, მარჯვნივ – ქართული; სიახლეების მაგიდა ყოველთვის სავსეა. მერე რა, რომ საკითხავს თბილისიდან და კიევიდან ეზიდებიან – ჯერ ერთხელაც არ დაუგვიანიათ.
საბავშვო კუთხე ისეთი ფერად-ფერადი ალბომებითა და სურათებიანი წიგნებითაა გაძეძგილი, გამოსვლა არ მოგინდება. ლეას უშუალო პატრონაჟით ივსება თურმე და, აბა, სხვანაირად როგორ იქნება… შაბათ-კვირას პატარა მკითხველებს მასპინძლობენ და განსაკუთრებით საყვარელ წიგნებს ერთად კითხულობენ.
ფანტასტიკისა და ფენტეზის მოყვარულთათვის ცალკე თაროა, მაგრამ რა თარო… ვერ მოსწყდები. უახლესი გამოცემებიც მოიძებნება და კარგად ნაცნობი სერიებიც. “Фантастика & фэнтези: The best of” ფერადი ფოქეთბუქები, თბილისში მხოლოდ “პარნასში” რომ მეგულებოდა, კოხტად ჩამომწკრივებული დამხვდა და ლედი ურსულას ორ ტომსაც ვტაცე ხელი. არც ბუთქუნა საკოლექციო კრებულების ნაკლებობაა და, საერთოდ, საკბილოს ყველა გემოვნების მკითხველი შეარჩევს.
მთავარი აღმოჩენა კი მაინც “ლენიზდატის” ახალთახალი კოლექციაა, რუსული “Penguin Classics”, ოქროს კლასიკისა და თანამედროვე შედევრების მიქსი. სულ 260-მდე წიგნიაო, ირაკლიმ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რვა ტომით რომ ავიღე სტარტი და ახლა ნელ-ნელა ვავსებ.
ეს მაღაზიაში. გარეთ… გარეთ ციცქნა კაფეა ნამდვილი ბათუმური ყავით, მარის საფირმო ცივი ჩაით, “მთვრალი ალუბლით”, ქოქოსის ტორტით, ტირამისუთი და ათასი ერთიმეორეზე გემრიელი ნუგბარით.
ვკითხულობ ახლა პოსტს და ვხვდები, რომ არც ძველ, საყვარლად გაყვითლებული წიგნებით სავსე “ბუკინისტურ” ყუთზე მითქვამს, არც Faber-Castell-ის ბლოკნოტებზე, არც ახალ გამოცემათა მოხშირებულ პრეზენტაციებზე, არც ძნელად მოსახელთებელი უცხოენოვანი წიგნების შეკვეთის საათივით აწყობილ სერვისზე, არც მუსიკალურ საღამოებზე… ხომ გეუბნებოდით, რამე აუცილებლად გამომრჩება-მეთქი.
მთავარი სათქმელი მაინც არ დამავიწყდება – “წიგნები ბათუმში“, უამრავ ზემოთ ჩამოთვლილ თუ ჩამოუთვლელ მიზეზთან ერთად, ალბათ, იმიტომაც გვეძვირფასება, რომ ირაკლიმ და მარიმ თითოეული ჩვენგანის სანუკვარ ოცნებას შეასხეს ხორცი – საკუთარი ხელით შექმნილ მყუდრო, საოცრად ლამაზ, თბილ და სტუმართმოყვარე სამყაროში მასპინძლობენ მეგობრებს.
ბათუმი-თბილისი
2013 წლის აგვისტო
კარგ წიგნების მაღაზიაზე ლამაზი,საოცნებო და ჯადოსნური სამყარო სხვა რა შეიძლება იყოს.
LikeLike
მარის და ირაკლის იმედია არ ეწყინებათ, რა გოჭები არიან-მეთქი რომ ვთქვა… ნუ, ლეა რომ გოჭიზმის აპოთეოზი იქნება, ამაში იმედია თავადაც დამეთანხმებიან :)
LikeLike
ერთხელ მოვახერხე მხოლოდ შესვლა, როგორც კი ბათუმში შევძელი ჩასვლა… ყიდვით ვერაფერი ვიყიდე და ამის გამო მარის ცალი თვალით ვუყურებდი, იქნებადაც ვინმე უცებ შემოხეტიალებული უსაქმური ხომ არ ვგონივარ-მეთქი. არადა მე მასაც ვიცნობდი, კარგა ხანიაც ვოცნებობდი იქ მისვლაზე და წიგნებსაც სასოებით ვუყურებდი… მაგრამ მარი რის მარია, იმ ფიქრს ახლაც ვწყევლი. მთავარია იქედან გამოსულმა გულში საკუთარ თავს მტკიცე პირობა მივეცი: რომ უკან აუცილებლად დავბრუნდები: )
LikeLike
ძალიან კარგი, საყვარელი და კომპაქტური წიგნის მაღაზიაა, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს, რომ შესვლა და წიგნის ყიდვა, მერე იმის წაკითხვა და ახალი წიგნის საყიდლად დაბრუნება მოგინდეს :)
LikeLike
ლამის ხელები დამიგრძელდეს და ფეხებიც და თვალებიც და არ გავწყდე და აესე გავიწელო ბათუმამდე.
რა გითხრა მეტი.
LikeLike
ო. მასე ვარ მეც, შაპოკლიაკ.
LikeLike
ბათუმში მუდმივი საცხოვრებელი რომ მქონდეს, უკეთესს სამსახურს ვერ ვინატრებდი :) “ორმაგი” სამოთხეა – ბათუმი და წიგნები :)
LikeLike
შორიდან მიყვარს :)
ერთადერთი მიზეზია რის გამოც ჩემი რევმტიზმების გადამკიდე, ნესტიან ბათუმში ჩასვლა მინდა:)))
LikeLike
არ ვიცი , როგორ გამოვხატო ემოცია, სიტყვები არ მყოფნის. ერთი ის ვიცი, რომ ამის შემდეგ, დაღლილობისგან რომ დავმუნჯდები ხოლმე, ან რამე ცუდი რომ მოხდება და ვიფიქრებ, ჯანდაბას ყველაფერი მეთქი, ამ პოსტს გადავიკითხავ და ეჭვი არასდროს შემეპარება, რომ ეს მაღაზია ყველაფრად ღირს, ნამდვილად ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს შეაყვარა თავი :))
დიდი მადლობა!!!
LikeLike
კომენტარებიც გადაიკითხე, მარი )
მადლობა თქვენ )
LikeLike
ზაფხულში ვერაფრით მოვიხელთე დრო, რომ ჩავსულიყავი, თუმცა იემდი მაქვს შემოდგომის ერთ ვიკენდზე გავძვრე და ვისიამოვნო :) ეს ის შემთხვევაა შენს ოცნებას სხვა რომ შეასხამს ფრთებს, მაგრამ უზომოდ რომ გიხარია :)
LikeLike
ra magaria :) 2 dgit mivdivar da aucileblad movinaxuleb ^_^
LikeLike
სამსახურიდან სახლში დაღლილი რომ მიდიხარ, მაღაზიას რომ ჩაუვლი და ფიქრობ, დღეს არა ხვალ, თითქმის გასცდები, მაგრამ მერე მაინც მობრუნდები, სულ ათი წუთით შეირბენ და ეს ათი წუთი იქნება ჯადოსნური. დაღლილობა სად ქრება ვერ ხვდები, ხედავ ორ ბედნიერ ადამიანს, რომლებიც თავადაც დაღლილები არიან, მაგრამ შენთვის გადანახული ღიმილი და სითბო მაინც აქვთ.
საერთოდაც მე მგონია, ამ მაღაზიაში ვინც შედის, ყველას ხვდება თავისი წილი სითბო, სიმშვიდე და ღიმილი, აი მარტო მათი რომაა და სხვისი არავისი ♥
LikeLike
მე უკვე არ ვიცი რა ვთქვა. <3
ეს წიგნის მაღაზია ხელოვნების ნიმუშია , მორჩა და გათავდა !
LikeLike
უდაოდ ძალიან კარგი ადგილია, ძაალიან კარგი ♥
LikeLike
18 ივლისს ბათუმში 4 დღით ჩასული მეც მეორე დღესვე ვესტუმრე “წიგნები ბათუმშის”. ხელს “ვინ მოკლა ჩაიკა” და აკუნინის “სასაფლაოს ამბები გამოვაყოლე” (განგებ არ შევიძინე თბილისში). ამ უკანასკნელზე ირაკლიმ მითხრა, ჩემი და მეუღლის ფავორიტი აკუნინიაო. ახლა, როგორც მისი ბლოგიდან ვიგებ, “ჩაიკაც” მოსწონს მარის. ჰოდა მეც ფრიად ვისიამოვნე მომდევნო ორი დღე ბათუმის პლაჟზე ლიტერატურული ნუგბარით :)
LikeLike
ძალიან მომეწონა ეს პოსტი ^_^ წიგნის ჭია ან მოსიარულე ბიბლიოთეკა ვართქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მიყვარს წიგნები და სადაც კი წიგნის მაღაზიას დავინახავ რომ არ შევიჭყიტო მაინც, ისე ვერ ვისვენებ.
შენს ყველა პოსტზე სიამოვნებით მიმაქვს ხელი დასალაიქებლად ^_^
LikeLike
მადლობა, მარიბელ )
LikeLike
ძალიან თბილი და “გემრიელი” პოსტია, ძალიან მომეწონა. ისეთი ემოციით საუბრობთ, რომ შეუძლებელია ეს ემოცია მკითხველს არ გადაედოს. ახლა,ამწუთას ისე ძალიან მომინდა ამ მაღაზიაში შევლა და ერთი “გემრიელი” წიგნის ხელს გამოყოლება რომ,რომარა ღამის 12 საათი აუცილებლად ავიღებდი ქოლგას, გავივლიდი წვიმიანი ბათუმის ქუჩებს და ვესტუმრებოდი ამ ძალიან თბილ და ტკბილ წიგნების სამყაროს, სადაც ვიცი რომ ყოველთვის დამხვდება “მომღიმარი–მარი” და არაჩვეულებრივი გარემო….. მადლობა რომ არსებობთ
LikeLike
ბათუმელი მკითხველი <3
ველქამ :)
და მადლობა თქვენ, რომ შემოიარეთ <3
LikeLike