სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ამ წიგნში ახალი დამხვდებოდა რამე – თემამ, ღრმად პატივცემული ქალბატონი ჰარიეტიდან მოყოლებული, იმდენ ხელში გამოიარა, უკვე საკმაოდ მოძველებული და გაცვეთილი მეჩვენებოდა.
არა, რასაკვირველია, ვიცოდი, რომ სხვა ეპოქას ეხებოდა და საკითხიც სხვა ჭრილში იქნებოდა დანახული, მაგრამ მაინც… სკეპტიკურად განწყობილმა გადავფურცლე.
გადავფურცლე და სანამ ბოლომდე არ ჩავედი, ხელი აღარც გამიშვია.
ძალიან, ძალიან მომეწონა.
მწვავე სოციალურ პრობლემას კი ეხება, მაგრამ კარგი რომანივით საკითხავია და, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, წიგნის წყალობით ჩემს გაჩერებას გავცდი.
ახლა რომ მკითხოთ, ვერც კი გიპასუხებთ, რაშია მისი გასაკუთრებული ხიბლი. თეთრი ქალბატონებისა და ფერადკანიანი მოსამსახურეების ურთიერთობა, ერთი შეხედვით, არც ახალი თემაა და აღარც ძველებურად აქტუალური.
არადა, თუ დაიწყებ, თავის აღებაც ძნელია. ჯექსონის, ამერიკის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქის ცხოვრება მთლიანად იპყრობს მკითხველის არსებას და ამ სიტყვებს ნურც სანტიმენტალურობად ჩამითვლით, ნურც ეგზალტირებულ გამოსვლად.
პერსონაჟებიც რეალური ადამიანებივით შემოდიან შენს სივრცეში და თანდათან იჟღინთები გასული საუკუნის 60-იანი წლების ატმოსფეროთი; გეჩვენება, რომ ეიბილინსაც იცნობ, მინისაც, გამბედავ და შეუპოვარ სქითერსაც… ჰო, როცა სქითერზე ვფიქრობ, ერთი გულუბრყვილო ფანტაზია მეძალება – ხელთათმანით ხელში ვხედავ ხოლმე, შავი ხელთათმანით, ცხვირაბზეკილ თეთრკანიან საზოგადოებას სახეში რომ გაულაწუნა. თუ გალაწუნება მარტო ხელით შეიძლება? ასეა თუ ისე, არც კარგი ალიყურები დაუკლია. მომეწონა ეს გოგო – მტერთან წინააღმდეგობა ადვილია და შენიანებს რომ ეჭიდავები, ათასგზის რთული მგონია. დამბლდორიც ასე ამბობდა, სხვათა შორის.
მოკლედ, ეს წიგნი ემოციებით ისეა გაძეძგილი, ზოგჯერ წესიერად არც კი იხურება. ხან ბრაზით მუშტებშეკრული ვკითხულობდი, ხან სიცილით ვკვდებოდი, ერთი-ორჯერ ცხვირიც საეჭვოდ დავაქსუტუნე და ბოლოს, იმ რეგვენი სტიუარტისთვის პანღურის ამოკვრას რომ ვაპირებდი, გადავიფიქრე – შემეცოდა, თავისი გაჭირვებაც ეყოფა.
ყველაზე მაგარი, იცით, რა იყო? ეს ამბები რომ ჩავამთავრე, ეიბილინსაც რომ მოვუსმინე, როცა თავის გამოზრდილ ჩვიდმეტ თეთრ ბავშვსა და დაღუპულ ერთადერთ შვილზე ჰყვებოდა, მინის ამბებიც რომ გავიგე, საბრალო ლოვენია ვნახე და იულ მეი ციხეში გავისტუმრე, მე, საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანმა, ყველა უჯრედით შევიგრძენი, “რას ნიშნავს, იყო ფერადკანიანი ქალი მისისიპიში, განსაკუთრებით – 60-იან წლებში“.
ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ აფორიზმის მარკტვენისეული გაგრძელებაც გეცოდინებათ. მართალია, სულით ხორცამდე დემოკრატი ვარ და არ მინდა, ვინმეს საკუთარი აზრი მოვახვიო თავს, მაგრამ მაინც ვიტყვი – თუ ეს წიგნი ადამიანს ორიოდე ძარღვს მაინც არ შეუტოკებს, მინი ჯექსონის შოკოლადის ტორტი მისთვის ალალი და უსაყვედურო ყოფილა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან მართალი წიგნები გიყვართ? მართალი და თანაც ღირსეულად, ისტერიული და პირზე დუჟმომდგარი ლოზუნგების გარეშე დაწერილი? თუ გიყვართ, ქეთრინ სთოქეთი თქვენი ავტორი ყოფილა. ეჭვი არ შეგეპაროთ.
საინტერესო ინფოა, არ ვიცოდი თუ ითარგმნა :)
მე ფილმი მიყვარს ძალიან და ის მომენტი, ეიბილინი როგორ უხნის სკიტერს თუ რატომ არიან შავები :) და დარიგება You is kind. You is smart. You is important.
LikeLike
სულ ცინცხალი თარგმანია, ბიბი )
ფილმსაც ვნახავ. რაკი შენ აქებ, კარგი იქნება.
LikeLike
მართლა ძალიან კარგი ფილმია.
ოსკარზე ბევრი ნომინაცია ქონდა და მინის როლის შემსრულებელმა მეორე ხარისხოვანი ქალის როლის შესრულების აიღო კიდეც ჯილდო.
LikeLike
უახლოეს უიქენდზე ვნახავ )
LikeLike
თვითმფრინავში ერთი გოგო კითხულობდა შარშან, მოლი. ფერად-ფერადი ლაქი ესვა, ყველა ფრჩხილზე სხვადასხვა ფერი, გახეული ჯინსი ეცვა და უცებ – ყდაზე ვარდისფერი და ჭრელი, ყვავილებიანი კაბები. ორი მოსამსახურის უღიმღამო კაბაც. იმ გოგოს ჩაცმულობას ვერაფრით დავუკავშირე ეს ვარდისფერკაბებიანი გოგოები ყდაზე, მაღალი წრის სულელი გოგოები უფრო სულელური სიყვარულის ისტორიებით და იმიტომ დამამახსოვრდა. თურმე, არ იყო ის წიგნი ამაზე :)
მე ხომ ყველაფერზე ვტირი და არც იმ ფილმს დავწყვიტე გული, შოშანა :))
LikeLike
ახლა მე ავცრემლდები ამ კომენტარზე.
შენ ხომ ყველაფერზე რაღაც განსაკუთრებული ამბავი უნდა მოყვე. განსაკუთრებული story. ამ წიგნს აწი შენი ამბითაც დავიმახსოვრებ )
LikeLike
ერთ-ერთი საუკეთესო რევიუ, რაც კი ბოლო ხანს წამიკითხავს.
და სტილი, რომლის პატრონსაც ათას ბლოგერში ამოიცნობ )
LikeLike
წიგნის დამსახურებაა, ტერა )
მადლობა )
LikeLike
ტერას არა, მოლის მადლობა )
LikeLike
ორივეს )
LikeLike
ეჭვიც არ მეპარება, რომ კარგი წიგნია! თემა ძალიან საინტერესოა.
ფილმი მაქვს ნანახი და მას შემდეგ მინდა წაკითხვა, ჯერ ვერ მოვახერხე.. მხოლოდ ფილმმა ისეთი შთაბეჭდილებები დამიტოვა, წიგნი კიდევ ყოველთვის სჯობს ფილმს (!).
ისე გამიხარდა, რომ თარგმნეს ^^
LikeLike
ფილმი ყველას გაქვთ ნანახი ) ნუ, მე ხომ ცნობილი კინო-უვიცი ვარ ) სამაგიეროდ, წიგნებზე შემიძლია მოყოლა და გიყვებით კიდეც ) თარგმანი ცალკე თემაა, ანა. მშვენივრად არის გადმოქართულებული.
LikeLike
რაა მაგარია კითხვა სამსახურად რომ მექცა,მალე ამ წიგნსაც მივადგები.
მით უმეტეს ასეთი დიდებული პოსტის,შემდეგ.
LikeLike
ანალოგიურად, მეც!
მგონი, წიგნის შეძენაც მომიწევს და ფილმის ყურებაც :)
LikeLike
ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რაც ბოლო წლებში ვნახე. ნანახი ეკრანიზაციების შემდეგ წიგნს იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ ეს და კიდევ რამდენიმე მაინც მაქვს “გადანახული”. “მებრძოლთა კლუბმა” იმდენად “გაამართლა” და ზოგადად წიგნი იმდენად აღემატება ხოლმე ფილმს (თითქმის ყოველთვის), რომ მგონი ღირს :)
LikeLike
არ ინანებ, დამიჯერე )
LikeLike
მეც რატომღაც მეგონა, რომ რა უნდა იყოს “ბიძია თომას ქოხზე” განსხვავებული და ახალი ამ თემით-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. აქამდეც მიმიწევდა გული ამ წიგნისკენ, მაგრამ ახლა ათასგზის უფრო. სთოქერიც ჩემი ავტორი ყოფილა და აუცილებლად წავიკითხავ ))
LikeLike
შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეს, ვამპირ )
LikeLike
ჯერ წიგნს წავიკითხავ , მერე ფილმს ვნახავ <3
რაც შეეხება რევიუს, თვითონ წიგნი როგორ იმოქმედებს არ ვიცი მაგრამ პოსტმა კი გადამიყვანა მისისიპიში
LikeLike
როგორც კი ითარგმნა მაშინვე დავინტერესდი, მაგრამ გამომცემლობამ შემაშინა, ძალიან დამაინტერესა ახლა უკვე :)
LikeLike
სწორად დაგაინტერესა )
LikeLike
ქეთრინი არ ვიცი და შენ წერის დიდოსტატი ხარ, მოლი! დადებითი რეცენზია დაწერო და მკითხველს წიგნის შეძენისკენ არ უბიძგო, არ შეიძლება. ისეთი გრძნობით წერ, ისე ალალად და მართლად, შენთან ერთად განვიცდი წაუკითხავ წიგნს, ასე მგონია…
“მოსამსახურე” მალე ჩემს თაროზე რომ აღმოჩნდება, ამას ხომ თქმა არ უნდა.
LikeLike
კარგ წიგნებზე სხვანაირად როგორ დავწერო, ტაბუ )
მიხარია, რომ დაგაინტერესე. სამეცადინოს მორჩები, წიგნებისთვის მოიცლი, წაიკითხავ და მორიგი გემრიელი დისკუსიაც გვექნება )
LikeLike
ეს ფილმი ძალიან სასიამოვნოა და არ ვიცოდი წიგნიც ასეთი თუ იყო
LikeLike
წიგნი უკეთესია, თაკო )
:მერე რა, რომ ფილმი არ მინახავს ):
LikeLike
დარწმუნებული ვარ წიგნი უკეთესია, მაგრამ თუ არ გინახავს ფილმის ნახვასაც გირჩევ :)
LikeLike
აუცილებლად ვნახავ. უახლოეს უიქენდზე.
LikeLike
მეც წავიკითხე დ აპირველად გავათენე ღამეწიგნისთვის რომ ბოლომდე დამემთავრებინა… ვკითხულობდი და ვერ ჩერდებოდი, ვიღლებოდი მაგრამ უკვე დაღლასაც აღარ ვაქცევდი ყურადღებას ისე მაინტერესებდა მერე რა იქნებოდა, როგორ გაგარძელდებოდა, დამთავრდებოდა…
ყველაფერი ისე ამაზადაა აღწერილი, სასაცილოდ, საინტერესოდ, ალაგ–ალაგ იმდენად გამაღიზიანებლად რომ ხანდახან მოგინდება კიდეც შიგ შეძვრე და იმ დეგენერატ ჰილი ჰოლბრუკს ეგ წიგნი თავზე დაახიო და გაწიხლო.
ძალიან შემიყვარდნენ მინი და ეიბილინი. “სწერვა” მიდი ყვეაზე კეთილი გულით და ეიბილინი, ადამიანი რომელიც თავისი ლოცვებით სასწაულებს ახდენდა. და სქითერი. ძალიან მიყვარს სქითერი ალბათ სწუარტივით ასე ადვილად ვერ მივატოვებდი, მარა ეგ სწუარტიც ნაგავი იყო, მარტო კარიერაზე ფიქრობდა. სქითერის დედაც ძალიან მაღიზიანებდა მაგრამ მეცოდებოდასავით, სჯეროდა თავისი შვილის სიმართლის მაგრამ თეთრების თვითონაც ეშინოდა.
ერთი სიტყვით ძალიან შემიყვარდა ეს წიგნი. ახლაც თაროზე ყდით ჩემკენ მიდევს და ღამე რომ ვწვები მისი ყვითელი ფერით დაფარული მწვანე ყდით ვტკბები და ვფიქრობ. ხშირად ვიღებ და პატარ–პატარა მონაკვეთებს ვკითხულობ ხოლმე.
იმ ღამეს რომ დავამთავრე 9 ხდებოდა. წიგნი მივიხუტე და დავიძინე. მთელი ძილის განმავლობაში გეგმას ვაწყობდი ზანგებთან ერთად როგორ გამემწარებინა ჰილი ჰოლბრუქი :))
P.S. თუ მოგეწონათ არ ვიცი რამდენად მაგრამ შეიძლება “ამერიკის შვილიც” მოგეწონოთ, რიჩარდ რაიტის რომანია სამ წიგნად (ჯამში ერთი სქელყდიანი წიგნია ^^). წიგნი შავკანიან ბიგერ ტომასზეა რომელიც მუშაობას თეთრებთან იწყებს და შემთხვევით, თეთრების შვილის დაცვისას ეს გოგო შემოაკვდება და მერე მთელი რომანი ამაზეა :)) საინტერესოა კარგი ბოლო აქვს. წაიკითხეთ ^_^
LikeLike
ფაქტიურად, პოსტი დაგვიწერე, ოთო )
თან, ძალიან საინტერესო )
LikeLike
აჰაჰ მადლობა ^_^ :)
LikeLike
თუ სწორად მახსოვს, მანდ სხვანაირადაა საქმე – მძღოლად მუშაობს ეს ბიჭი და ერთ ღამეს ბარიდან გალეწილ მთვრალს მოიყვანს ამ გოგოს, ოთახშიც თვითონ აიყვანს, რადგან საკუთარი ფეხით ვერ ადის და უცებ კარზე ვიღაც მოაკაკუნებს, ჰოდა, ეს, გოგომ ხმა რომ არ ამოიღოს და არ გაიგონ, რომ მის ოთახშია, ცხვირ-პირზე ხელს ააფარებს და ასე შემოეხრჩობა.
ცოტა არ იყოს, ზაზნაიკასავით გამომივიდა, ხო? ))
სხვა კარგი მოთხრობებიც აქვს რაიტს შავკანიანებზე.
LikeLike
ჰო ჰო ეგრეა ნუ ახლოს ვიყავი შარშან წინ წავიკითხე მგონი და ძალიან მომეწონა, არ ველოდებოდი ასეთ რეაქციას. ერთი სიტყვით კარგი წასაკითხია :))
LikeLike
მაქედან მეტად ის დამამახსოვრდა, რომ დიალოგის ფორმითაა გამართული მთელი რომანი. მაშინ ასეთი ფორმა უცხო იყო ჩემთვის და მახსოვს, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა )
LikeLike
dzalian miyvars wignic da filmic, aucileblad waikitxet da shemdgom naxet filmic girchevt <3 <3
LikeLike
ანუ, ჩემთვის ფილმის ნახვა შეიძლება )
LikeLike
ფილმი მიყვარს და ტორტის სცენა განსაკუთრებით :)
LikeLike
ტორტის ეპიზოდიც )
LikeLike
ტორტის სცენა ყველაზე სახალისო და კარგია. წიგნში ისე კარგად ვერაა აღწერილი როგორც ფილმშია )))
LikeLike
წიგნი არ წამიკითხავს, მარგამ ფილმზე ვიხალისე :)
LikeLike
au, arada cxrajer avige da davde.
LikeLike
მეათედაც სცადე, მანდ არ გიდევს?
LikeLike
ფილმად მაქვს ნანახი. კარგი ფილმია, თუმცა ისეთი ძლიერიც ვერ არის. რარაც დამაკლდა. წიგნის შეფასებაში, არასდროს ცდები (ჩემი გამოცდილებით), ჰოდა მგნია რომ ჯერ უნდა წამეკითხა მერე მენახა ფილმი. მაგრამ პირიქითაც არაუშავს :)
LikeLike
ზოგადად, წიგნი ყოველთვის მირჩევნია ფილმს. გამონაკლისიც არსებობს, ცხადია, მაგრამ ეს ის გამონაკლისია, წესს რომ ადასტურებს.
LikeLike
ჰო, ეგ უკვე აქსიომად იქცა :)
LikeLike
დიდი მადლობა ასეთ კარგ წიგნებს,რომ გვაცნობ..მოკლეთ აქ ისეთი ანოტაცია დაადე ამ წიგნს,თავქუდმოგლეჯილი გავვარდი და ვიყიდე,ვიყიდე და ღამეებიც გავატენე :) ..მოკლეთ, მადლობა!
P.S.. ჩემი დილის საუზმეა ეს ბლოგი,ყოველ დილით სამსახურში წასვლისას,(გზა დიდი მაქვს გასავლელი)ხოდა მოვკალათდები ხოლმე და შევქანდები თქვენს ბლოგზე და ასე ვკიტხულობ ძველ და ახალ პოსტებს…
მოლიბლუმია მჭირს..:):)<3
LikeLike
მადლობა შენ, ნატალია :) არ იცი, როგორ გამახარე ახლა :) ეს რომ მესმის, მერე ასმაგი მონდომებით ვწერ :) მადლობა <3
LikeLike
და, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, წიგნის წყალობით ჩემს გაჩერებას გავცდი..ამისთვის მადლობა…
LikeLike
:)) მშვენიერია :) მადლობა თქვენ, გაზიარება რომ არ დაიზარეთ :)
LikeLike