მოლი ბლუმი კომიქსების თავგადაკლული მოყვარული რომაა, გეცოდინებათ.
ბავშვობის გატაცებაა – “დილას”, “Мурзилка”-სა და “Весёлые картинки”-ს დამსახურება.
დრო იყო ისეთი, ამერიკულ ორიგინალებზე ხელი არ მიგვიწვდებოდა, მაგრამ საბავშვო ჟურნალები ბეჭდავდნენ თვალსასეირო ნახატ ისტორიებს და ჩვენც მშვენივრად ვერთობოდით. ერთი ეგ არის, კომიქსი თუ ერქვა ამგვარ ილუსტრაციებს, არც ვიცოდით.
ჰოდა, გული როგორ მომითმენდა, ბლოგზე არ მეხსენებინა… ზუსტად ორი წლის წინ ველაქლაქე სტუმრებს, ერთად გავიხსენეთ ძველი ამბები, სამამულო კომიქსოლოგიის აწმყო და მომავალიც განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ეს მსოფლიოში ფრიად პოპულარული ჟანრი ჩვენთანაც აუცილებლად იპოვიდა დამფასებელს.
მას მერე, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი შეცვლილა… სიახლეები კი არის, მაგრამ ჩვენ რომ გვინდა, იმდენი არა.
ბელგიელი კლასიკოსის ერჟეს ტენტენის და ფოქსტერიერ მილოუს გადმოქართულებული თავგადასავალი პირველ ნაწილს ვერ გასცდა; “ფარაონის სიგარები” ისეთი ხარისხიანი გამოცემაა, ბარე ორ კლასიკურ რომანს არ ღირსებია, მაგრამ რად გინდა – ძვირია და მკითხველი ნაკლებად ეტანებაო, არადა, 24 ტომისთვის საგანგებო თარო მქონდა შეგულებული; ბოცოს და გვანცას ეპიკური ფათერაკებიც მხოლოდ პირველ ნაწილად მიდევს ბიბლიოთეკაში – ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ძველი სიყვარულია-მეთქი, კი გითხარით და “დილას” ნამდვილად შეეძლო, მადლი მოესხა და ოთხმოციანების ბავშვები გავეხარებინეთ; სრულ ვერსიას ვინ ჩივის – “ბოლოკა და ყვანჩალა” საერთოდ არავის გახსენებია და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში მომეძევება.
თუმცა მთლად შავბნელადაც არ არის საქმე და ვიდრე წუწუნით დამიღლიხართ, სასიამოვნო სიახლეებზე გადავალ.
“სიესტას” საჩუქრით დავიწყოთ. ეროვნული გრაფიკული პროზის აღორძინება ყველას ვალიაო, გადაწყვიტეს და, არც მეტი, არც ნაკლები, “გველის მჭამელი” გააკომიქსეს. ჩვენი მინდია ბეტმენსაც აჯობებს და სუპერმენსაცო, იქადნებიან და, სულო ცოდვილო, სადღაც მართალიც კი არიან. ურაპატრიოტიზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არაფერი დაშავდება, ჩვენებური მკითხველი ოკეანისგაღმელებთან ერთად შინაურ გმირებსაც თუ შეიყვარებს.
ორიოდე კვირის წინ, ქალაქში ბოდიალისას, პრესის ჯიხურში შევიხედე და თვალებს არ დავუჯერე – ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ქართული “ადამიანი-ობობას” ფერად-ფერადი ნომერი გამოეფინათ. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ მაშინვე ვეცი და ლამის გულში ჩახუტებული წამოვაცუხცუხე შინ…
თურმე, ნუ იტყვით და “Din Studio“-ს “მარველის” ლეგენდარული სერიის გადმოქართულება გადაუწყვეტია. სულ თორმეტი ნომერია დაგეგმილი. პირველი, როგორც გითხარით, უკვე შინ მიდევს და მეორე შაბათს გამოჩნდება მაღაზიებში.
“წარმოუდგენელ ადამიან-ობობაზე” გულმოდგინედ რომ უმუშავიათ, კომიქსს პირველივე შეხედვით ეტყობა. ხარისხიც კარგია და თარგმანიც. ფასიც ისეთია, ძვირის სათქმელად ენა არ მოგიბრუნდება – სამი ლარი. ისე, კაცმა რომ თქვას, ჟანრის პოპულარიზაცია სწორედ ასეთი გამოცემებით უნდა ხდებოდეს და მერე საკოლექციო ეგზემპლარებსაც გამოუჩნდება მუშტარი.
რჩევის მიცემა ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად მიყვარს. საგამომცემლო საქმე, პირველ რიგში, ბიზნესია, მკაცრ კანონებს ემორჩილება და მოგებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ძალიან მინდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლონ. ყველაზე გრძელი გზაც კი, მოგეხსენებათ, პირველი ნაბიჯით იწყება და, იმედია, იმასაც მოვესწრებით, რომ კვირა დილით უახლოეს ჯიხურში ჩუსტებისამარა ჩასვლა და ნასაუზმევს ყელის ჩასაკოკლოზინებლად ცინცხალი კომიქსის წამოღება სასიამოვნო ტრადიციად იქცევა.
Davinaxe,im shav-tetr sabchota kavshirshi rogor elodi komiqsebs :)
LikeLike
აბა, აირენ :( ჟურნალები, ყველაზე მეტად, კომიქსების გამო მიხაროდა :)
LikeLike
მე უმთავრესად თავსატეხებს ვეძებდი ყველგან )) კომიქსები გამორჩევით მყვარებოდეს, არ მახსენდება. გულახდილად რომ გითხრა, არც იმ დიდებისა მესმის, გრაფიკულ რომანებს რომ ეტანებიან (ოღონდ “არ მესმის” ისე არ გაიგოთ, თითქოს ზემოდან ვუყურებდე ვინმეს :) ) აი, ბავშვებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ კომიქსები, გაუზვიადებლად, შეიძლება ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსად იქცეს.
LikeLike
მე რომ ვეტანები, ბავშვობის დამსახურებაა :))) გამომყვა და რა ვქნა :))
LikeLike
მახსოვს მესამე თუ მეორე კლასიდან ვუყურებდი კომიქსებს. ვუყურებდი და არა ვკითხულობდი. ინგლისურად იყო და მხოლოდ ნახატებს ვუყურებდი და ტექსტს ჩემი ფანტაზიით ვადგენდი.
ოღონდ ეგ იყო და ადამიანი ობობა არ მიყვარდა. ტონი სტარკი მერჩია ყველას და ყველაფერს და დღემდე გამომყვა ეს სიყვარული . (2008–ში კინის კაცი ფილმად რომ აქციეს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო).
LikeLike
კომიქსებს ახლაც ვკითხულობ მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ჩემი ისედაც მწირი დანაზოგი მხოლოდ წიგნებში იხარჯება და იმის გამო, რომ გამომცემლები ამოსუნთქვას არ გვაცლიან ისე გვთავაზობენ ახალ ნუგბარს(შენი გავლენა მეტყობა^^), იმის შიშით რომ რომელიმე სიახლეს არ ჩამოვრჩე, სხვა დანარჩენისთვის უბრალოდ თანხა აღარ მრჩება: ( მათ შორისაა კომიქსები, რომლებიც ბაბუაჩემს ჩამოჰქონდა ხოლმე მოსკოვიდან და ბავშვობის უფერულ წუთებს მიფერადებდა ხოლმე<3 კოლექციაც მქონდა, მაგრამ შემდეგ ჩემი უმცროსი ძმის დამსახურებით დღეს არც ერთი აღარ მომეპოვება: ( იმედი მაქვს ჩვენს ქვეყანაში ბევრია შენნაირი ერთგული მკითხველი კომიქსებისა მოლი, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ეს ჩამკვდარი ჟანრი ნელ-ნელა გამოცოცხლდეს…
LikeLike
ადამიანი-ობობა უკვე “აპრობირებული” გმირია, მაგრამ მინდია… საინტერესოა, საინტერესო… :)
LikeLike
რატომაც არა?
ხოგაის მინდი – ზეადამიანური შესაძლებლობების პატრონი არის? არის.
კოპალა და იახსარი – მით უმეტეს.
ამირანიც არ უნდა იყოს ურიგო ბიჭი.
თუ მდედრი პერსონაჟი დაგვჭირდა – აგერ, მაია წყნეთელი, ჩემო ბატონო
ხელსამძივარიც არა მგონია გაგვიჯიუტდეს, თუ გავაჰიტებთ – ძალიან საინტერესო სახეა და უდავოდ იმსახურებს ჯეროვან ყურადღებას.
მე მგონი, კი შედგება გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა.
LikeLike
ჰო, ამას დავამატებდი ვახტანგ გორგასალსაც თავისი მგლისთავა მუზარადით – მაინც სანახევროდ მითოლოგიზებულია და გაკომიქსებას რაღა უდგას წინ?
LikeLike
ვერ ვარ კომიქსების თაყვანისმცემელი, თუმცა კარგი სიახლეა :)
LikeLike
[…] Facebook-ზე ბოდიალისას, შემთხვევით მოლის პოსტს გადავწყდი, რომელიც იუწყებოდა, რომ […]
LikeLike
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო ყვანჩალა და ბოლოკა კომიქსის სახით?
LikeLike
ნაბეჭდი სახით ვერ იყიდით. არ გამოუციათ.
LikeLike