საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა იმაზე წუწუნებს, ჩემი შვილი წიგნებს სათოფეზე არ ეკარებაო; დაღუპა ახალგაზრდობა კომპიუტერმა და ინტერნეტმა, არიქა, მოგვეშველეთ, ვინ ხართ ქრისტიანიო…
ჰოდა, ამ სვეგამწარებულ მშობლებს რომ შევჩივლო, ბავშვობაში ჩემი დედ-მამა კითხვას მიკრძალავდა-მეთქი, არ გადასცემენ ანათემას? ახიც იქნება, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ – აბა, სად გაგონილა, ცოდნას მოწყურებულ პირმშოს წიგნი გამოსტაცო ხელიდან? დიდი ამბავი, თუ ყდას “ერთგული და მოღალატე ცოლები“ აწერია, შიგნით რაღაცა ლეღვის ნაყოფზე და ფინიკის ხურმაზეა ლაპარაკი, თავად პირმშო კი სულ რაღაც რვა წლისაა! დაანებე, რა, ბავშვს თავი, იკითხოს – ბევრს მაინც ვერაფერს გაიგებს, მაქსიმუმ, სკოლაში წააცუნცულოს და თავისნაირ ჭკუისკოლოფა მეგობარს შეჰღაღადოს – დამეხმარე, თუ კაცი ხარ, რა ხდება აქ, რა ამბავიაო. სხვათა შორის, არც ის უნდა მოგეჩვენოს ქვეყნის დაქცევად, კლასის დამრიგებელი რომ მოგადგება შინ ნაძიძგილავები წიგნით და თოიძის ცნობილი ნახატივით გამოშვერილი თითით – ბოლოს და ბოლოს, ცნობისმოყვარეობა ჯერ კიდევ აინშტაინს მიაჩნდა ღირებულად და მისაბაძად.
არა, “ათას ერთი ღამე“ რაღა ჩამოსართმევი იყო? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჯინების, იფრითებისა და ყაჩაღების თავგადასავალს ბევრად მეტი ინტერესით ვკითხულობდი, ვიდრე ფეხმსუბუქი ლამაზმანებისა და რაღაცა გაუგებარი ნეტარების ამბებს.
ან, სათვალემომარჯვებულმა ბებიაჩემმა “მანონ ლესკო“ რომ გამომგლიჯა, ამას რა დამავიწყებს! კიდევ კარგი, იმავე გამოცემაში მოქცეული “ტრისტანი და იზოლდაც“ უკვე ჩაბულბულებული მქონდა, “პოლი და ვირჟინიც“ და შევალიე დე გრიესთან ერთად უკვე საბრალო მანონს ვაყრიდი მიწას, თორემ ნამდვილად ვერ მოვითმენდი, პიკანტური ეპიზოდების ორომტრიალიდან გამოვეთრიე ვინმეს – უკვე მესამე კლასში გახლდით!
“მთვარის მოტაცებაზე“ მაინცდამაინც დიდი ალიაქოთი არ ატეხილა, ალბათ, იმიტომ, რომ იქამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე, დედისგან გაქეზებულმა მამამ “ჯაყოს ხიზნების“ კონფისკაცია მოახდინა მრისხანე და შეუვალი სახით. რა თქმა უნდა, ის აღარ დაუნახავთ, მეორე საღამოს ბათუმის ბულვარში რომ ვიჯექი არანაკლებ შეუვალი გამომეტყველებით და მეგობრის სახლიდან ჩუმად წამოღებულ იმავე წიგნს ვკითხულობდი. თერთმეტი წლის მოზარდის ფაქიზი ფსიქიკისთვის ამგვარი ეგზეკუციები გაცილებით ძლიერი სტრესი იყო, ვიდრე მარგოსა და ჯაყოს ველური სექსის ამსახველი ეპიზოდების კითხვა, თუნდაც ზედიზედ ოთხჯერ.
და “ლაშარელა“? საკუთარი ქვეყნის ისტორიის შეცნობაში რომ ხელს შეუშლი შვილს, დედა გქვია ამის შემდეგ? სხვათა შორის, “წითელი და შავიც“ ჩემს განათლებას და საფრანგეთის რევოლუციური წარსულის შესწავლას ემსახურებოდა, უბრალოდ, აქა-იქ იყო შეკაზმული ჟულიენ სორელის პიკანტური ცელქობებით.
იმას აღარ მოვყვები, რა ამბავი ატყდა, “დეკამერონით“ ხელში რომ აღმომაჩინეს ეზოში, ვარდის ბუჩქის ძირას. ისე, კი უნდა ვაღიარო – უკვე მეშვიდეკლასელი თინეიჯერი ვიყავი და სენიორ ბოკაჩოს ფანტაზიები სასიამოვნოდ მიღუტუნებდა თავშიც და გულშიც.
ასე იყო თუ ისე, დავდიოდი შინაურებში უზნეო და ღვთის პირიდან გადავარდნილი ბავშვის იმიჯით, თანაც, სრულიად უსამართლოდ – მშვენიერი ლიტერატურული გემოვნება მქონდა და ეგნატე ნინოშვილის “სიმონას“ კითხვას, არავინ რომ არ მიშლიდა, ნება მოეცათ, მე თვითონ ავკრძალავდი.
საბედნიეროდ, “ლოლიტა“, “ლედი ჩატერლეის საყვარელი” და “კირჩხიბის ტროპიკი“ ხელში რომ ჩამივარდა, თავად ვწყვეტდი, რა წამეკითხა – ტაბუთი დამახინჯებული და უბედური ბავშვობა შორს მქონდა მოტოვებული, საწოლ ოთახში კი ახლაც, პრინციპულად და დემონსტრაციულად სულ “ფლეიბოის“ ნომრები მიყრია – გამწარებული სიყრმის გამო შურის საძიებლად!
P.S. დარწმუნებული კი ვარ, რომ დედა ჩემს ბლოგს არ კითხულობს, მაგრამ ეშმაკს არ სძინავსო და დიდხანს თუ არ გამოვჩნდი, მაინც შემეხმიანეთ – გამორიცხული არ არის, დასახიჩრებული ვეგდო მომაკვდავის სარეცელზე.
მე არაფერს მიკრძალავდნენ. უბრალოდ დედამ “ლამაზი მეგობრით” რომ მნახა მეშვიდე-მერვე კლასში ვიქნებოდი, სხვათა შორის გადამიკრა, არაა საშენო წიგნიო და “ჩოჩარა” გაქრა ჩემი ხედვის არეალიდან :)))
LikeLike
მორავია დაჩაგრულა :) და დე სიკაც (ფილმსაც აგარიდებდა, სავარუადოდ).
LikeLike
ბავშვობაში ფილმებს გვიყვებოდნენ :))
როცა დამოუკიდებლად ყურება დავიწყე უკვე აღარ ვიყავიუ ეგეთ ასაკში, ვინმეს რამე აეკრძალა :)
LikeLike
ილუზიონს ვერ მოესწრებოდი შენ. პატარა ხარ <3
LikeLike
ჰაჰა, “ათას ერთი ღამე” და “ჯაყოს ხიზნები” მეც გამომდღლიზეს ხელიდან, არადა, ეგნატე ნინოშვილი რატომღაც, არავის წაურთმევია, ნათქვამი მექნება…
ჰოდა, რა ლოგიკას ემსახურებოდა, ამ ჰორორების კითხვას რომ არ მიშლიდნენ, ოღონდაც ერთი პიკანტური სცენა არ შემხვედროდა წიგნში, ჩემთვის დღემდე გაუგებარია :)
LikeLike
“სიმონა” :(( და სკოლაში ასწავლიდნენ ამას.
LikeLike
აუ, მოლი.იმდენი რამე გამახსენდა ეხლა ჩემი ბავშვობიდან.
უბრალოდ დავძენ, რომ მართლა ვერ ვხვდებოდი ადრეულ ასაკი წაკითხულ წიგნებს, მეტადრე სექსუალურ სცენებს.
მაშინ კი მეგონა, რომ ყველაფერი კარგად მესმოდა, მაგრამ ძალიან ბევრი წლის შემდეგ მივხვდვი “ნანა”-ს და ა.შ. რომელი წიგნების კითხვასაც მიშლიდნენ-მართლა სისულელე იყო იმ წიგნების ესე ადრეულ ასაკში წაკითხვა. თუმცაღა მაინც კმაყოფილი ვიყავი თაროებს უკან მიჩურთულ(გადამალულ )წიგნებს, რომ გამოვჩიჩქნიდი და ვკითხულობდი.
აუუ, ძალიან კარგი პოსტია.
LikeLike
ზოლად “ნანა” :)) და ბუვიეს “იზა” :)
არკძალული ხილი, ხომ იცი, გემრიელია…
LikeLike
ჰეჰ, მე ბედნიერი ბავშვი ვიყავი. არაფერსაც არ მიშლიდნენ, ოღონდ რამე წამეკითხა :mrgreen:
LikeLike
მაგრობა :)
LikeLike
დედაჩემი რომ ამბობს მსოფლიოში ყველაზე დემოკრატი დედა ვარო, არ მჯერა :) არადა რას ვერჩი, მართალი ყოფილა :) არ მახსოვს ოდესმე წიგნის კონფისკაცია მოეხდინოს ( “ვერ გაგებულ” წიგნებს ნებით ვდებდი სამომავლოდ) :)
LikeLike
ყოჩაღ, თქვენ :)
LikeLike
აი, აკრძალული ხილის ამბავი იყო ეტყობა შენს თავს, მოლი ;დ
არაა, მე ჩემს 11წლის შვილს “ჯაყოს ხიზნებს” არ წავაკითხებ! ;დ სხვა აქ ჩამოთვლილზე საუბარი ზედმეტია. ადგეს და ყველა სხვა ნორმალური ბავშვივით ვერნი და ლინდგრენი იკითხოს, ლამაზი და საინტერესო ბავშვობა რომ ჰქონდეს ^_^
LikeLike
ლინდგრენით და როდარით კითხვა შეუყვარდება და ჯაყოს თავად მიაგნებს :) ცხოვრების კანონია, ანა :)
LikeLike
ჩემი ნება რომ იყოს პილუტცერის პრემიას მარტო ამ პოსტისთვის მოგცემდი <3
ჩემთან ყველაფერი სხვანაირად იყო, კითხვას არასდროს არ მიშლიდნენ. რა თქმა უნდა ეს კარგი იყო მაგრამ დღემდე ვერ ვპატიობ ჩემებს მანველიძეს წიგნები რომ არ გამომბრდღვნეს ხელიდან –_–
ნუ გარდა ამისა პატარა ტირანი ვიყავი. გაუგებარ ადგილებს სათითაოდ "ვათარგმნინებდი" დედაჩემს. უცხო სიტყვებს ყოვლად მოურიდებლად ვკითხულობდი. მახსოვს ერთხელ მაია ბურჭულაძის წიგნს ვკითხულობდი და ხალხით სავსე ოთახში ხმამაღლა ვიკითხე ფალოიმიტატორი რა არის მეთქი… :)
LikeLike
ჰო, მანველიძეზე და მაია ბურჭულაძეზე ვერ მოსვლიათ კაი ამბავი შენებს.
ფალოიმიტატორზე მოვკვდი.
LikeLike
is-is iyo sheherazadas ambebi unda gamego,mamachemma mshvidad gamomartva wigni da ase mitxra: pirobas gadzlev,roca sachiro iqneba,dagibruneb. :)))
p.s. daaviwyda :D
LikeLike
შენ არ დაგავიწყდებოდა, აირენ, ამსოშუერ :)
LikeLike
არ წამიკითხავს :))
LikeLike
როგორ გამოგრჩა? :))
LikeLike
მაშინ ვერ წავიკითხე და მერე აკრძალული რომ აღარ იყო, დავიიწყე :)
LikeLike
დედაჩემი არაფრის კითხვას მიშლიდა, მაგრამ აი 13–14 წლის ასაკში დეკამერონი ბებიამ გამომგლიჯა და აღშფოთებულმა ჩამიყვანა ბიბლიოთეკაში დასაბრუნებლად, თან ბიბლიოთეკარიც მიალანძღა ბავშვს ასეთი წიგნი როგორ გამოატანეთო :) ჰოდა ამით კიდევ უფრო დაინტრიგებულმა მეგობრის სახლში აღმოჩენილი წამოვიღე და ჩუმათ ვკითხულობდი, სიმართლე გითხრათ სერიოზული იმედგაცრუება განვიცადე. :) რას მიკრძლავდნენ ვერ მივხვდი
LikeLike
ახლა ვერც მე ვხვდები, თეო :) უწყინარზე უწყინარი წიგნია.
LikeLike
ჰეჰ :) “ერთგული და მოღალატე ცოლები” მეც წამართვეს და იაკინთე ლისაშვილის “ერთგულებას” რომ ვკითხულობდი, რატომღაც, ზედ არავის შემოუხედავს :)
LikeLike
პარმენ ლორიას, რაჟდენ გვეტაძეს, იორამ ჩადუნელს… :(
LikeLike
:) “ერთგული და მოღალატე ცოლებიდან ” ახლა ვხვდები რაღაც ადგილებს, თურმე ვერაფერი გამიგია ))
ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშლიათ. ასაკისთვის შეუსაბამო წიგნებსაც ვკითხულობდი, მაგრამ არ უთქვამთ, არ წაიკითხოო, მე თვითონ ვირჩევდი საკითხავს და განურჩევლად ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა. მეც არ დავუშლი ლეას, თვითონ იკითხოს, რაც უნდა. მარტო იმ შემთხვევაში შევურჩევ საკიტხავს, თუ კითხვისკენ დიდად მიდრეკილი არ იქნება :დ წავახალისებ.
LikeLike
ლეას კითხვისკენ მიდრეკილება არ ექნებაო? :) როგორ წარმოგიდგენია :))
LikeLike
:))))))))) გამაღიმე. თან რაზე მეცინება იცი? ზუსტად ერთ და იმავე წიგნებს რომ ვკითხულობდით ბავშვობაში – ერთი თაობის რომ ვართ და ჩვენს მშობლებს რაც რამე გამოიცემოდა, ყველაფერი რომ სახლში მოჰქონდათ :)))
LikeLike
აი, ზუსტად :) ერთი თაობის და მშობლების წყალობით, იდენტურ წიგნებზე ვართ გაზრდილი :)
LikeLike
ჩემთვის არ დაუშლიათ რამე კონკრეტული. მიშილდნენ კითხვას დაწოლილს რომ თვალები გამიფუჭდებოდა და ჭამის დროს არ შეიძლებოდა. თუმცა ორივე წესს მაინც ვარღვევდი : )))
არც დაუმალავთ, დეკამერონი იდო თაროებზე აბსოლუტურად მისაწვდომ ადგილზე, და კითხვა რომ დავიწყე მე თვითონ არ მომეწონა. დავანებე თავი.
ბიძაჩემის ჩაცინებები მახსოვს თეთრ ბაირაღებზე (რა ჩასაცინებელი ეგ იყო) და დეკამერონზე :)) ეს იყო და ეს. :ს
LikeLike
ჭამის დროს რომ ვკითხულობდი, იმან შეიწირა ჩემი მშობლების ბიბლიოთეკა (ახლა მაგას როგორ ვაკადრებ ჩემს საკუთარ წიგნებს) და დაწოლილი კითხვის გამო(ც) ვატარებ სათვალეს :))
კარგად არ მიშლიდნენ ამას.
LikeLike
ახლაც მიშლიან დაწოლილ მდდგომარეობაში კითხვას, და სათვალემდეც მივედი :) მაგრამ მაინც არ ვეშვები
LikeLike
უკვე აღარ მიშლიან :( ან რა აზრი აქვს :(
LikeLike
მართალია, შეიძლება ჩემზე ჯერ კიდევ ითქვას ბავშვიაო, მაგრამ ჯერ არ მახსოვს ჩემთვის რომელიმე წიგნი აეკრძალოთ. ალბათ ეპოქის ბრალია და ამაზე მეტად იმის, რომ დიდად არც არავინაა ჩახედული ჩემი წიგნების ამბავში… 13 წლისა რომ ვკუთხულობდი “ნათლიას”, მახსოვს დედაჩემმა წარბი აპრიხა და მითხრა ცოტათი ადრე კიაო, მაგრამ ვიცი რომც აგიკრძალო მაინც წაიკითხავო, ხოდა კომპრომატს კომპრომის ამჯობინა: ) სულ ცოტა ხნის წინ კი უცებ “99 ფრანკს” გადაავლო თვალი და მითხრა ასეთ გარყვნილობებში მახარჯვინებ ფულსო, მაგრამ იმის იქით აღარც განუვრცია ეს თემა: ) ანუ შეიძლება ითქვას რომ ამ მხრივ სრულიად ბედნიერი ვარ^_^
LikeLike
d
LikeLike
მე პატიოსანი ბავშვი ვიყავი და უხერხულ სცენებს თვალდახუჭული ვკითხულობდი-ხოლმე :)
არ მახსოვს, ბავშვობაში რამე კატეგორიულად აეკრძალოთ… ალბათ იმიტომ, რომ ასაკთან თანმიმდევრული ეჩვენებოდათ ჩემი გემოვნების განვითარება…
უფრო დიდობაში მომიწია ერთი-ორი წიგნის გამო გაწითლება, ჯერ მე რომ ვკითხულობდი ყურადღებით და მერე დედამ გამომართვა… “მე კი მომეწონა მაგრამ არაა აუცილებელი ამის წაკითხვა მაინცდამაინც” ასეთი სახე მქონდა-ხოლმე დაახლოებით :)
LikeLike
თვალდახუჭული წაკითხვა <3
LikeLike
რა დასამალია და მე საერთოდ მეგონა მარტო მე მყავდა ის გამონაკლისი დედა, რომელიც შვილს წიგნების კითხვას უკრძალავს… :D
ზოგიერთი წიგნი კი ასაკრძალი არაა, მაგრამ კოელიოს თერთმეტი წუთი? მითხრა მამაჩემმა გასაგებად არ წაიკითხოო, მაგრამ მინდოდა გამეგო რა იყო ასეთი და რატომ მიკრძალავდნენ… (აკრძალული ხილი უფრო გემრიელიაო :D ) ხოდა ელ-ვერსიის კითხვა დავიწყე… (რა მინდოდა საერთოდ :D ) მაშინ მივხვდი რომ მართალია ბევრი არაფერი მესმოდა და ნახევრის მეტი არც წამიკითხავს, მაგრამ მაინც არსებობენ წიგნები, რომლებიც არ არის საჭირო ყველა ასაკის ადამიანმა იკითხოს…
LikeLike
თერთმეტი წუთი მართლა საშიშია :))
LikeLike
მე ახლა მიკრძალავენ, რაც მეტი გეცოდინება, ვერ გათხოვდებიო :)
LikeLike
:)))))))))) ბევრი ცოდნა აბერებსო, ესეც.
LikeLike
არა და სისხლი გვიჩქეფს :)
LikeLike
ჩემთვის არასდროს არავის არ აუკრძალავს წიგნის კითხვა.. თანაც რა უფლება აქვსთ რომ ამიკრძალონ?! ეს ერთადერთი სამყაროა სადაც სრულიად თავისუფალი ვარ და ვინც კი გაბედავს აქ შემოჭრას მყისვე ისე გავისტუმრებ რომ 100 მეტრის რადიუსზე აღარ მომეკაროს..! წითელი და შავი 13 წლის ასაკში წავიკითხე, მამაჩემიც ინფორმირებული იყო ამის შესახებ, თუმცაღა სიტყვა არ დასცდენია ამის გამო.. ჩემი მშობლები თითქმის ვერ ხედავენ რას ვკითხულობ და რას არა, ყოველთვის ჩემს სავანეში ვარ შეყუჟული და სულიერს არ ვაჭაჭანებ იქ.. გამახსენდა.. 12 წლისა ვიყავი.. ათას ერთი ღამით ხელში დამინახა მამაჩემმა და მითხრა ეგ შენთვის ადრეაო, ისეთი თვალებით შევხედე მგონი ცოტა დაიბნა კიდეც..:დ თუმცაღა ჩემს სავანეში მყოფმა მაინც წავიკითხე.. :დდ
LikeLike
დედაჩემს ძალიან უყვარს კითხვა, ჰოდა პატარაობიდან ის მირჩევდა წიგნებს. ჩემით წიგნების ამორჩევა მეშინოდა, არ მინდოდა უინტერესო და გაუგებარი წიგნი დამეწყო და ტყუილად დამეკაგა დრო. თვითონ დედაჩემიც ამბობდა შენ რა იცი წიგნის ამორჩევაო :)
LikeLike
ჰმ, არასოდეს არც ერთი წიგნის წაკითხვა არ დაუშლიათ, მშვიდად ვკითხულობდი დივანზე, ყველას ცხვირწინ o.O და ისე მე ჩემს მეხუთეკლასელ თავს ყაზბეგთნ ახლოს არ მივუშვებდი :/
LikeLike
ჩემი ისტორია… მაგრამ მე რატომღაც პირიქით დამემართა და იმდენად ამიცრუვდა გული “ხელიდან გამოგლეჯილ” წიგნებზე რომ ბევრი მათგანი დღემდე არ გადამიშლია…
LikeLike
ერთი კვირის წინ, რომელიღაცა მიწისქვეშა გადასასვლელში შემომეყიდა ერთგული და მოღალატე ცოლები, ეს ერთადერთი წიგნი იყო, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელიც სახლში არ მქონია და ერთ დღეს, სტუმრად ყოფნის დროს აღმოვაჩინე წიგნებს შორის შეჩურთული. სანამ ნადიმი :დ დასრულდა, მგონი წიგნის ნახევარი გადავსანსლე. მეტი ვერ მოვასწარი. მას შემდეგ ხან რომ დაგავიწყდება და ხან რომ უბრალოდ მაგ წიგნის ხასიათზე არ ხარ, ანდა სხვა მიზეზებიც, რაც გენებოთ, მოკლედ, არ მქონდა. ახლა ვაპირებ დავასრულო ამ 496978506 წლის შემდეგ. ხოდა, ამ პოსტსაც ასე დავემთხვიე.
LikeLike
რამდენი ვეძებე :(
მიყვარს ასეთი დამთხვევები, შაპოკლიაკ. ანუ, ტყუილად არ ვწერ ამ ბლოგს <3
LikeLike
:დ მოლი უმაგრესი დასასრული გაქვს <3
LikeLike
:) :) :) გახსოოოვთ? ბებიის ვერცხლის დანა-ჩანგალს გარყვნილ და გათახსირებულ წიგნში (დეკამერონი) რომ გადაცვლი, საქმეა ეს? :) ერთი რამ მინდა ვთქვა არც ჩემ ბავშვობაში, არც თქვენ ბავშვობაში და არც ახლა ყველა არ კითხულობდა და არც კითხულობს, მაგრამ მკითხველები ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან :) საბედნიეროდ… მეც მიმალავდა დედა წიგნებს… ალბათ მართალიც იყო, რადგან მხოლოდ 40 წლისამ აღმოვაჩინე, რომ მოხუცი და ზღვა წაკითხული მქონია და თან ისეთ ღრმა ბავშვობაში, რომ არც სათაური მახსოვდა და ავტორი მით უმეტეს :( მახსოვდა, და თან ძალიან მძაფრად, ემოცია, რომლითაც ამ პატარა წიგნს ვკითხულობდი და მას შემდეგ კარგა ხანს ზღვას რაღაც გარკვეველი მოლოდინით შევყურებდი ყოველ საღამოს :(
LikeLike
რაღაცები უნდა დამალო კიდეც :) ალბათ :)
LikeLike
<3
LikeLike