რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქზე” კედელ-კედელ ხეტიალისას მეგობრის ფრიად საინტერესო პოსტს გადავაწყდი – ლანისტერების დასახმარებლად ლომ-პერსონაჟთა არმია შეეკრიბა, წიგნებიდან, მულტფილმებიდან, მითოლოგიიდან და ვინ მოთვლის, კიდევ საიდან … ასლანიო, სიმბაო, სპარტელი ლეონიდასიო… არც ნემეის ლომი გამორჩენია, არც სფინქსი და გრიფონი. ერთი სიტყვით, ისეთი მრისხანე ლეგიონი იყო, თვალის გადავლებაც კი შეგაშინებდა…
ჩემი გულწრფელი და მეგობრული რჩევა – მგლებთან საბრძოლველად სხვა მოკავშირეებიც მოეძებნა და ლომების ლაშქრისთვის სამი გოჭიც მიემატებინა, აღშფოთებით უარყვეს. სამაგიეროდ, მე ვითვალე, ვითვალე და აღმოვაჩინე, რომ ამ საწყალ სტარკებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ ექნებათ – ზღაპრებსა და მულტფილმებში მათ მადლიერს, სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი.
თავად განსაჯეთ – იმ კაცით დაწყებული, სამმა ტუჩმოკლე და კუდაგრძელმა ყაჩაღმა ჭალაში უდარდელად მობალახე ლურჯა ცხენი რომ აწაპნა თვალსა და ხელს შუა, ყველაზე მოკლე მულტფილმის ყველაზე შეუმჩნეველი პერსონაჟით დამთავრებული, დიდი თუ პატარა მგელს ემტერება და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არც შურისძიებაზე იტყვიან უარს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კვლევა-ძიებაში მგლებზე განაწყენებულთა ისეთ კოჰორტას მოვუყარე თავი, უამისოდაც შეჭირვებულ სტარკებს რომ ენახათ, თავზარი დაეცემოდათ.
ავანგარდი წმინდა ქართულია – კომბლე საგანგებოდ გათლილი კომბლით, ნახევარქათამა (როგორ გამიბედა და გადამსანსლაო, ვერა და ვერ აპატია თურმე) დედა ღორი, მშიანა, მცივანა, თბილანა, გვიანა და მაგარა, ბატი ტასიკო, ვენახი რომ შეჭამა, ის თხა და მეცხვარე, მგელი მგელიო, რომ გაიძახოდა…
ქართველ მეწინავეებს მხარს ევროპელი ლეგიონერები უმაგრებენ. ნიფნიფი, ნაფნაფი და ნუფნუფი (დღესაც ახსოვთ, რა შიში ჭამეს და არც ის ნაწვავ-ნადაგი, მერე კი სულის ერთი შებერვით დანგრეული სახლები დავიწყებიათ), ფრანგი წითელქუდა (ჟანა დ’არკის სისხლი ტყუილად კი არ უდუღს ძარღვებში), მგლისგან დაბრიყვებული ბასკი ვირი, ესპანელი მღვდელი და იტალიელი ვაჭარი.
არც ჩვენი ჩრდილო მეზობლები არიან ვინმეზე ნაკლები. ერთ მუჭა სტარკებს მარტო მგლის მიერ (ვერ)მოტყუებული შვიდი თიკანი ეყოფა. ამას ბებიას რუხი ბეკეკო, პროკოფიევის ოპერიდან გამოპარული პეტია და ლეგენდარული მულტსერიალის კურდღელი დაამატეთ… ისე, საცა სამართალია, “Ну, Погоди!”-ს მგელი აქეთ უნდა იყოს ნაწყენი – მტერს რომ არ უსურვებ, ისეთ დღეში ჩააგდეს, არაფერი დაუკლიათ…
ქვეით რაზმში ბანდერლოგებს გავამწესებდი. დიდი ვერაფერი მებრძოლები არიან, მაგრამ თავისას სიმრავლით მაინც გაიტანენ.
და, მაინც, მთავარი დამრტყმელი ძალა შერხანია, ჯუნგლების რისხვა და ბატონ-პატრონი. იმას როგორ აიტანდა, მაუგლიმ ულვაშები რომ შეუტრუსა “წითელი ყვავილით”, თან – აქედან დაიკარგე, შე გაქუცულო კატაო, მიაძახა… მოკლედ, შერხანიც აქვეა და ტურა ტაბაკაც. რა იცი, რაში გამოადგება ანტი-მგლურ კოალიციას…
ბოლოსთვის განსაკუთრებული პერსონაჟი მოვიტოვე. სირცხვილით როგორ ვთქვა და… მგელია. ოღონდ, ისეთი გამწარებულია თანამოძმეებზე, მარტოც შეებრძოლებოდა. აბა, როგორია, შენიანები რომ შეგჭამენ… თან, რისთვის? მთვარე რატომ ამოვიდაო :( ჰოდა, თხემით ტერფამდე სტარკი კი ვარ, მაგრამ ტოტიასი მაინც მესმის…
p.s. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ძალიან მინდოდა, ლანისტერების დასახმარებლად მსოფლიოს ყველა კაზინოდან და სლოტ-კლუბიდან “ცალხელა ბანდიტები” დაძრულიყვნენ, მაგრამ ზღაპრის გმირები არ არიან, და, რაც მთავარია, ერთი ძველი და საყვარელი ფილმის არ იყოს, Грешно смеяться над больным человеком.
სტარკებს ყველას დასამარცხებლად გველისფერის მწევრებისა და მამბერების არმიაც ეყოფა. ხვალვე დავახმარებ!
LikeLike
როკაპის თეთრმა მგლებმაც თანხმობა განაცხადეს ეს-ესაა :)
LikeLike
სტარკების არმიაზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო, ნატო და შენი გმირების გარეშე არაფერი გამოვა :)
LikeLike
ენა წინ მისწრებს რა :))) მერამდენედ.
LikeLike
ახალი რაღაცები გავიგეთ :))
LikeLike
სტარკები ვერ გავიცანი ჯერ, მაგრამ ასეთი არმია ვის ვერ დაამარცხებს :)))
LikeLike
ჩემი საამაყო არმიაა :))
LikeLike
მეც სტარკი ვარ მთელი ჩემი შინაგანი სამყაროთი :)))
პირველად ვაფიქსირებ საჯაროდ :)))
LikeLike
ეჭვიც არ მეპარებოდა <3
მიხარია, პირველად ამას აქ რომ ამბობ. დიდი პატივია ჩემთვის და ბლოგისთვის <3
LikeLike
ჯერ მხოლოდ ერთ სერიას ვუყურე, წიგნის წაკითხვა ვცადე მაგრამ მივხვდი რომ ინგლისურად აზროვნება მეზარება ამ ეტაპზე :)
ასე რომ სტარკების ახლოს გაცნობის ბედნიერება წინ მაქვს. ლანისტერების უმსგავსოებაში დასარწმუნებლად პირველი სერიის ბოლო 5 წუთიც მეყო… მე ლანისტერებს, დემენტორებსაც მივუსევდი. მეტის ღირსები არიან ეგენი :)
LikeLike
არ არის ცუდი იდეა, ხო იცი… :)
LikeLike
აი, სტარკები ხომ მგლები არიან თავისი შინაარსით, მაგრამ სულ არ უშლით ეგ ხელს, რომ გოჭებიც იყვნენ ^_^
LikeLike
სუერ კომენტარი <3
LikeLike
გოჭიზმი კომენტარია, მარიამ :) სტარკებთანაც კი არ გადაუხვიე ჩვეულებას :)
LikeLike
რა ჩემი ბრალოა, გოჭები არიან ^_^
ბრანი და არია სადაც არიან, იქ გოჭიზმის გარეშე არ გამოვა ^_^
LikeLike
ტოტია რომ ახსენე, როგორ მესიამოვნა, მოლი <3 ისე თითებისჩასაკვნეტად წერ, თემის მიუხედავად, ერთ ამოსუნთქვაში იკითხება შენი პოსტები
LikeLike
ტოტიას როგორ გამოვტოვებდი :)
მადლობა, ტაბუ :)
LikeLike