დღევანდელი ღირსშესანიშნავი თარიღის შესახებ, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ – ბლუმსდეი გახლავთ, ფეხით ბოდიალის და ათასგვარი სასუსნავის დაგემოვნების დღესასწაული.
საცა სამართალია, დუბლინში უნდა ვყოფილიყავი და ლეოპოლდ ბლუმის ცნობილი მარშრუტი ნაბიჯ-ნაბიჯ გამემეორებინა, მაგრამ რადგან თბილისის იქით ცხვირი არ გამიყვია, ისღა დამრჩენოდა, სახეტიალო აქვე შემერჩია.
მარშრუტის შედგენა არ გამჭირვებია – მედიათეკაში ლოგოს პრესი “მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნების“ პრეზენტაციას მართავდა, “Book City“-შიც მინდოდა შევლა და, რაც მთავარია, მეგობარმა ისე აქო “პომიდორისიმოს“ შეშაზე გამომცხვარი, კვამლიანი პიცა, გვერდს ვერაფრით ავუვლიდი.
ერთი სიტყვით, წამოვხტი კვირას, დილაუთენია, მოვიკიდე ზურგჩანთა, ჩავაგდე შიგნით “ულისეს“ ძველი. გაცრეცილი გამოცემა და თორმეტ საათზე, ყველა წესიერ ადამიანს გემრიელად რომ სძინავს, უკვე შუა ქალაქში მივაბიჯებდი შეუპოვრად, თაკარა მზის ქვეშ.
ჯერ მელიქიშვილზე, “ბუქ სითიში“ შევყავი თავი, მაგრამ სამწუხაროდ, რაც კი მომეწონა, ყველაფერი უკვე შინ მქონდა. დიდხანსაც არ დავრჩენილვარ – ვაკის პარკში, პრეზენტაციაზე მაგვიანდებოდა.
მედიათეკა ბავშვებით იყო სავსე. არც არის გასაკვირი – უილიამ ჯოისის ფერადი და ფრიალა წიგნი ხომ სწორედ ყველაზე პატარებისთვის დაიბეჭდა. ისხდნენ მოცუცქნულ სკამებზე, შაშვის ბარტყებივით პირდაღებულები, და გატრუნულები უსმენდნენ გოგონას, მთელი გრძნობით რომ უკითხავდა ხმამაღლა.
იქვე, სახელდახელო დახლებზე, ლოგოს პრესის ლამის ყველა გამოცემა იყო გამოფენილი. “მფრინავ წიგნებს“ და რამდენიმე სხვა ალბომს ჩანთაში ჩავუძახე, სურათები გადავიღე და კარი ვალმოხდილმა გამოვიხურე. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და მხიარულ კონკურსში მომაწილეობა კი მინდოდა, მაგრამ კონკურენტებს რომ გადავხედე, შემრცხვა.
ამასობაში, მზემ ისე დააჭირა და ვაკის პარკში, სიგრილესა და სიმწვანეში გაბმული ჰამაკები ისე მაცდუნებელი მომეჩვენა, ლამის ფეხზე გავიძრე და ერთერთში ჩაკოტრიალება დავაპირე, მაგრამ “პომიდორისიმოში“ მეჩქარებოდა და აღარ შევყოვნებულვარ.
ასე იყო თუ ისე, როგორღაც მივჩანჩალდი პიცერიამდე და პირველი, რაც გავაკეთე, უზარმაზარი ჭიქით ყინულიანი საფირმო ლიმონათი მოვითხოვე. “ცეზარი“ და ცხარე “დიავოლა“ შევუკვეთე და, სასუსნავის მოლოდინში, მისტერ მორისის ამბებში ჩავრგე ცხვირი.
ორიოდე ფურცლის გადაშლა და ჯო ბლამის უსაყვარლესი ილუსტრაციების გადათვალიერება ძლივს მოვასწარი, რომ წითელბენდენიანმა მზარეულმა, ჩვენ თვალწინ ვირტუოზულად რომ ჟონგლიორობდა ცომით, ციმციმ გადმოიღო ღუმლიდან ოხშივარადენილი პიცა…
ჰოდა, ვზივარ ახლა, სიგარეტს ვეწევი, ლიმონათის მორიგ ულუფას ველოდები, დაიანა კრალის “Autumn Leaves”-ს ვუსმენ და ვფიქრობ, ამ პაპანაქებაში გარეთ როგორ გავიდე. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი და პოსტს აქედანვე გამოვაქვეყნებდი, შინ სტუმრები რომ არ მელოდებოდნენ.
“Pomidorissimo”. 2013 წლის 16 ივნისი
ეგ ადგილი თვალის შევლებისთანავე მომეწონა და ე.ი. უნდა შევიარო…
პიცა ხომ თავისთავად :)
გილოცავ ბლუმსდეის! არანაკლებ ღირსშესანიშნავი მარშრუტი გამოგსვლია…
LikeLike
მზეს რა ვუთხარი, თორემ კიდევ გავარძელდები :(
LikeLike
ბლუმსდეიო… გილოცავ, მოლ ^_^
და ისა… ბეეევრი-ბევრი ასეთი ლამაზი და ლაღი დღე გქონოდეს ^_^
LikeLike
მადლობა, მარიამ :)
LikeLike
მშვენიერი ბლუმსდეი გამოსულა :) ერთი ასეთი პიცის დაგემოვნება არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ საათს რომ ვუყურებ, როგორც მინმუმ უნდა შემრცხვეს :))
LikeLike
პიცა ზუსტად ახლა არის გემრიელი, ნათია :)
LikeLike
მე არ მრცხვენია… ლამისაა, მუჰამედობა ვინატრო რომ პიცა მოფრინდეს ჩემთან :)
LikeLike
პიცა აღარ მიყვარს და სხვა რაღაცები გავსინჯე მანდ. ვერ ვიტყვი, რომ აღვფრთოვანდი :) მე ხომ ძირითადად სალათებს ვკიკნი და ისეთი სალათი იყო, აი ცალ-ცალკე რომ არის ყველა ინგრედიენტი :) მაგრამ ლორდმა ისე აქო და ახლა აგერ შენც ეთანხმები, ეტყობა, პიცა კარგი აქვთ.
ვის რად უნდოდა ახლა ჩემი და პომიდვრის ამბები, კაცმა რომ თქვას. მაპატიე, მოლი.
მრავალ ბლუმობას დაესწარი :))))))))
LikeLike
სალათი მეც არ მომეწონა :) და პიცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თვალწინ გაამზადეს და ქვაზე გამოაცხვეს და მართლა კვამლის სასიამოვნო გემო ჰქონდა, მაინც პანატერიის მირჩევნია.
მადლობა, რუსა.
LikeLike
დიდი ბავშვი ხარ მოლი,არაჩვეულებრივია,წარმოგიდგინე ამაყად როგორ მიაბიჯებდი კვირას თორმეტ საათზე თაკარა მზეში :) :*
LikeLike
დასიცხული და გულშეწუხებული, მაგრამ კმაყოფილი :))
LikeLike
“დიდი ბავშვი” – ეს როგორი კარგი კომპლიმენტი იყო <3
LikeLike
და როგორ გამახარა <3
LikeLike
“თორმეტ საათზე, ყველა წესიერ ადამიანს გემრიელად რომ სძინავს”
“მხიარულ კონკურსში მომაწილეობა კი მინდოდა, მაგრამ კონკურენტებს რომ გადავხედე, შემრცხვა”
მოლიი :) რა გემრიელი პოსტია, ისე საყვარლად დაწერილი <3
ახლა რაც შეეხება თემას – მედიათეკის არსებობის შესახებ არც გამეგო აქამდე. უკვე დავგეგმე, როგორ წავიყვან შვილს და დიშვილს :) ისეთი ლამაზი გარემოა, წიგნის სიყვარულისათვის დამატებითი სტიმულატორი იქნება. მოლი, შესვლილსას საწევრო 15 ლარი უნდა გადავიხადო, რათა ბავშვთა ოთახით და კაფით ვისარგებლოთ?
LikeLike
მადლობა, ტაბუ :)
მედიათეკა მართლა ძალიან კარგია. შუაგულ ვაკის პარკში, სიმწვანეში და სიგრილეში, წიგნების გარემოცვაში აღმოჩნდები უცებ :) სასიამოვნოდ კონტრასტულია.
რაც შეეხება დეტალებს. ასე დაწვრილებით არ ვიცი, ერთხელ კიდევ უნდა ვესტუმრო და პოსტიც დავწერო, მაგრამ საწევრო წლიური რომ არის, გამიგია. აბონემებტი ერთი წლის მანძილზე მოქმედებს.
LikeLike
ხო, ასე წავიკითხე მეც. იმედია, ბავშვებზეც ცალ-ცალკე არ უნდა გადავიხადო საწევრო (სრული თანხა მაინც :) ).
რა მინდა გკითხო – მედიათეკასთან არსებული კაფეც უნდა გაიხსნასო და ისევ პროექტის სტადიაშია თუ ამოქმედდა, თუ გახსოვს?
LikeLike
კაფე არ შემიმჩნევია :( თუმცა, მე მხოლოდ პირველი სართული დავათვალიერე. რამდენიმე ოთახი. დიდი შანსია, კაფეს ავცდი…
LikeLike
მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.
LikeLike
რისი მადლობა :) all pleasure is mine :)
LikeLike
es blumsday mec xom ar agvnishno
LikeLike
გეკუთვნის ისე, ხო იცი… :)
LikeLike
მოლი საოცრად დადებით ენერგიას ასხივებ ჩემი პატარა კომპიტერის ეკრანიდანაც კი <3 ძალიან მიყვარს შენი ბლოგი და ბლუმპოსტები :)))
LikeLike
მადლობა და ველქამ :)
LikeLike