არადა, როგორც ყოველთვის, დღევანდელი პოსტი ჯერ კიდევ გუშინ მქონდა მზად; სახალისო ტექსტი იყო, ძილის წინ კარგ გუნებაზე რომ დააყენებს ადამიანს.
საუბედუროდ, დღე ისე შავად დაღამდა, ხასიათს პოსტი კი არა, ვეღარაფერი გამომიკეთებს; ვერც მე და ვერც იმ ხალხს, ვისაც ავღანეთის მიწაზე დაღვრილი ქართული სისხლის თითოეული წვეთი სტკივა და ემძიმება; ვისაც ესმის, რომ ახლა პოლიტიკური თამაშების განხილვის და მიზეზების ძიების კი არა, იმ ბიჭების გლოვის დროა, საქართველოში რომ ვეღარასოდეს დაბრუნდებიან; შინაურებს რომ ვეღარ მოესიყვარულებიან; დედებს ვეღარ გაახარებენ და ვერც შინმოუსვლელი მეგობრების შესანდობარს დალევენ პირთამდე გალიცლიცებული სასმისებით…
ისინი ვიღაცისთვის შვილები იყვნენ, ვიღაცისთვის – ქმრები, ვიღაცისთვის მამები, ვიღაცისთვის – მტრები და თითოეული ქართველისთვის – სულისა და ხორცის ნაწილი, ახლა უკვე სამუდამოდ მოგლეჯილი და დაკარგული.
ვეღარ დაბრუნდებიან-მეთქი, წეღან ვთქვი და შემეშალა… როგორ არ დაბრუნდებიან, მაგრამ ვაი, ამისთანა დაბრუნებას…
და ვაი ჩვენ, თუ ოდესმე დავივიწყებთ მათ, ვისთვისაც დღეს უკანასკნელად გათენდა…