Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for June, 2013

museum of innocence 1

ახლა რომ გკითხოთ, სიყვარული რა არის-მეთქი, რას მიპასუხებთ?

დარწმუნებული ვარ, გაგეცინებათ – ზუსტი პასუხის პოვნა აქამდე ვერავის მოუხერხებია და მოლი ბლოგზე აპირებს ამ თავსატეხის ამოხსნასო.

ისიც ვიცი, რომ ყველა საკუთარ ფორმულირებას შემომთავაზებს და არა მგონია, რომელიმე მათგანი ისეთი მიუღებელი იყოს ჩემთვის, როგორიც ამ თემაზე ორჰან ფამუქის მოსაზრება გამოდგა.

არადა, “წითელის“ შემდეგ ისე მოუთმენლად ველოდი თურქი ნობელიანტის ახალ რომანს, რომ “უმანკოების მუზეუმის“ პირველი ეგზემპლარი ქართულად, მგონი, მე შევიძინე.

ანოტაციაც ისეთი იყო, წინასწარ ხელებს ვიფშვნეტდი სიამოვნებისგან, მაგრამ…

(more…)

Read Full Post »

Waterhouse decameron

საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა იმაზე წუწუნებს, ჩემი შვილი წიგნებს სათოფეზე არ ეკარებაო; დაღუპა ახალგაზრდობა კომპიუტერმა და ინტერნეტმა, არიქა, მოგვეშველეთ, ვინ ხართ ქრისტიანიო…

ჰოდა, ამ სვეგამწარებულ მშობლებს რომ შევჩივლო, ბავშვობაში ჩემი დედ-მამა კითხვას მიკრძალავდა-მეთქი, არ გადასცემენ ანათემას? ახიც იქნება, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ – აბა, სად გაგონილა, ცოდნას მოწყურებულ პირმშოს წიგნი გამოსტაცო ხელიდან? დიდი ამბავი, თუ ყდას “ერთგული და მოღალატე ცოლები“ აწერია, შიგნით რაღაცა ლეღვის ნაყოფზე და ფინიკის ხურმაზეა ლაპარაკი, თავად პირმშო კი სულ რაღაც რვა წლისაა! დაანებე, რა, ბავშვს თავი, იკითხოს – ბევრს მაინც ვერაფერს გაიგებს, მაქსიმუმ, სკოლაში წააცუნცულოს და თავისნაირ ჭკუისკოლოფა მეგობარს შეჰღაღადოს – დამეხმარე, თუ კაცი ხარ, რა ხდება აქ, რა ამბავიაო. სხვათა შორის, არც ის უნდა მოგეჩვენოს ქვეყნის დაქცევად, კლასის დამრიგებელი რომ მოგადგება შინ ნაძიძგილავები წიგნით და თოიძის ცნობილი ნახატივით გამოშვერილი თითით – ბოლოს და ბოლოს, ცნობისმოყვარეობა ჯერ კიდევ აინშტაინს მიაჩნდა ღირებულად და მისაბაძად.

არა, “ათას ერთი ღამე“ რაღა ჩამოსართმევი იყო? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჯინების, იფრითებისა და ყაჩაღების თავგადასავალს ბევრად მეტი ინტერესით ვკითხულობდი, ვიდრე ფეხმსუბუქი ლამაზმანებისა და რაღაცა გაუგებარი ნეტარების ამბებს.

(more…)

Read Full Post »

Techno der Jaguare promo

Photo I see studio/ ako kharistvalashvi

არა, რა, მიყვარს მოწონებულ წიგნებზე წერა.

ერთი-ორჯერ კი ვცადე, კრიტიკული და პილპილმოყრილი პოსტი გამომეცხო, ყოველგვარი მადლის გარეშე, მაგრამ მაინცდამაინც არ გამომივიდა და თავი დავანებე, ეტყობა, უარყოფითი რეცენზიებისთვის აუცილებელი ღვარძლის დეფიციტი მაქვს; და ამის შემდეგ კიდევ ვინმე მეტყვის, მწარე ენის პატრონი ხარო… ეჰ…

ასეა თუ ისე, კვლავ ჩვეულ, ტკბილ და მურაბა სტილს დავუბრუნდი, მით უმეტეს, გასულ კვირას “პარნასში” გემრიელზე გემრიელი სასუსნავი ვიგდე ხელთ – არც მეტი, არც ნაკლები, ქართველ პროზაიკოს ქალთა ანთოლოგია “შავი ავაზა”.

(more…)

Read Full Post »

Stephen King. Misery

“საშინელებათა მეფეს“ რომ შეგარქმევენ, მგონი, მთლად სასიამოვნო ვერ უნდა იყოს… მაგრამ თუ ამ ტიტულის უკან “ბნელი კოშკი, “მწვანე გზა“, “დრაკონის თვალები“ და “უძილობა“ დგას, შენ კი სახელად სტივენ ედვინ კინგი გქვია, უკვე სულ სხვა საქმეა – გესიამოვნება კი არა, იამაყებ კიდეც ასეთი მეტსახელით.

მე შენ გეტყვი, ვინმე გააპროტესტებს, დაუმსახურებელი წოდებააო… და თუ მაინც მოიძებნებიან ასეთები, მოკრძალებით ვურჩევ, კინგის პირველი გადმოქართულებული რომანი მოიძიოს, სულ ახლახან რომ გვისაჩუქრა “დიოგენემ“ და ფსიქოპათი თაყვანისმცემლის ხელში ჩავარდნილ მწერალზე რომ გვიამბობს.

დარწმუნებული ვარ, მრავალი თქვენგანი უკვე მიხვდა, რასაც ვგულისხმობ – დიახ, „მიზერის“.

(more…)

Read Full Post »

სამი გოჭი

რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქზე” კედელ-კედელ ხეტიალისას მეგობრის ფრიად საინტერესო პოსტს გადავაწყდი – ლანისტერების დასახმარებლად ლომ-პერსონაჟთა არმია შეეკრიბა, წიგნებიდან, მულტფილმებიდან, მითოლოგიიდან და ვინ მოთვლის, კიდევ საიდან … ასლანიო, სიმბაო, სპარტელი ლეონიდასიო… არც ნემეის ლომი გამორჩენია, არც სფინქსი და გრიფონი. ერთი სიტყვით, ისეთი მრისხანე ლეგიონი იყო, თვალის გადავლებაც კი შეგაშინებდა…

ჩემი გულწრფელი და მეგობრული რჩევა – მგლებთან საბრძოლველად სხვა მოკავშირეებიც მოეძებნა და ლომების ლაშქრისთვის სამი გოჭიც მიემატებინა, აღშფოთებით უარყვეს. სამაგიეროდ, მე ვითვალე, ვითვალე და აღმოვაჩინე, რომ ამ საწყალ სტარკებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ ექნებათ – ზღაპრებსა და მულტფილმებში მათ მადლიერს, სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი.

თავად განსაჯეთ – იმ კაცით დაწყებული, სამმა ტუჩმოკლე და კუდაგრძელმა ყაჩაღმა ჭალაში უდარდელად მობალახე ლურჯა ცხენი რომ აწაპნა თვალსა და ხელს შუა, ყველაზე მოკლე მულტფილმის ყველაზე შეუმჩნეველი პერსონაჟით დამთავრებული, დიდი თუ პატარა მგელს ემტერება და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არც შურისძიებაზე იტყვიან უარს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კვლევა-ძიებაში მგლებზე განაწყენებულთა ისეთ კოჰორტას მოვუყარე თავი, უამისოდაც შეჭირვებულ სტარკებს რომ ენახათ, თავზარი დაეცემოდათ.

(more…)

Read Full Post »

The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore cover

დღევანდელი ღირსშესანიშნავი თარიღის შესახებ, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ – ბლუმსდეი გახლავთ, ფეხით ბოდიალის და ათასგვარი სასუსნავის დაგემოვნების დღესასწაული.

საცა სამართალია, დუბლინში უნდა ვყოფილიყავი და ლეოპოლდ ბლუმის ცნობილი მარშრუტი ნაბიჯ-ნაბიჯ გამემეორებინა, მაგრამ რადგან თბილისის იქით ცხვირი არ გამიყვია, ისღა დამრჩენოდა, სახეტიალო აქვე შემერჩია.

მარშრუტის შედგენა არ გამჭირვებია – მედიათეკაში ლოგოს პრესი “მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნების“ პრეზენტაციას მართავდა, “Book City“-შიც  მინდოდა შევლა და, რაც მთავარია, მეგობარმა ისე აქო “პომიდორისიმოს“ შეშაზე გამომცხვარი, კვამლიანი პიცა, გვერდს ვერაფრით ავუვლიდი.

ერთი სიტყვით, წამოვხტი კვირას, დილაუთენია, მოვიკიდე ზურგჩანთა, ჩავაგდე შიგნით “ულისეს“ ძველი. გაცრეცილი გამოცემა და თორმეტ საათზე, ყველა წესიერ ადამიანს გემრიელად რომ სძინავს, უკვე შუა ქალაქში მივაბიჯებდი შეუპოვრად, თაკარა მზის ქვეშ.

(more…)

Read Full Post »

My Kindle Mini

რამდენიმე დღის წინ, ფრიად საინტერესო კომპანიაში მოვხვდი. ვისხედით ჩვენთვის მყუდრო კაფეში, წრუპებით ცივ ყავას ვაგემოვნებდით და ათას რაღაცაზე ვლაქლაქებდით. “ქინდლზეც” ჩამოვარდა სიტყვა. ცხადია, უმალ ავენთე, აღტაცებული ეპითეტების კორიანტელი დავაყენე და ის იყო, ჩანთიდან ბლექი უნდა ამომეძვრინა, რომ ერთმა იქ მყოფთაგანმა, არც აცია, არც აცხელა და – ეგ მოწყობილობა ეშმაკის გამოგონებაა, ხელს როგორ მოვკიდებო…

თავიდან, მეგონა, ხუმრობდა. მტკიცება რომ დაიწყო, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. კამათი არ ამიტეხია, მშრალი და ცივი პასუხით შემოვიფარგლე, მაგრამ ისეთი ათუხთუხებული წამოვედი იქიდან, თქვენთან მაინც უნდა მოვიოხო გული.

რიდერებზე პირველად აი, ამ საყვარელი ბლოგის წყალობით შევიტყვე. უცხო ხილი ერქვა მაშინ – სულ რამდენიმე ნაცნობს ჰქონდა… სამაგიეროდ, ახლა, ყველა მეგობარი ქინდლოსანის ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვინმე აუცილებლად გამომრჩება.

“ქინდლი” ჩემთვის იდეალურია. თუმცა, უამრავი ჭეშმარიტი ბიბლიოფილი ვიცი, ტრადიციული ბიბლიოთეკის ერთგული რომ რჩება… ზოგი ჩვევას ვერ ღალატობს, ზოგს ტრანსპორტში კითხვა არ უყვარს, ზოგსაც, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის…  კაცია და გუნება. აუგის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება, ოღონდ, მომკალით და “რიდერი რომ კარგი ყოფილიყო, “ქართლის ცხოვრებაში” ერთხელ მაინც მოიხსენიებდნენ და სალაშქროდ მიმავალი დავით აღმაშენებელი ჯორ-აქლემებს ფოლიანტების თრევით წელს არ მოაწყვეტინებდა”-ს ტიპის შეგონებები საშინლად მაღიზიანებს.

აბუქებ ახლაო, მეტყვით. სულაც არა… კარგად მიიხედ-მოიხედეთ და აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ მოთქვამენ ვაი-ტრადიციონალისტები და წიგნიერების დაკარგვას, კომპიუტერსა და ფეისბუქთან ერთად, უკვე “ქინდლსაც” აბრალებენ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: