შენ ორი ხელფასი უნდა გქონდეს – ერთი წიგნებისთვის :)
ღმერთმა წიგნის ფესტივალი ოთხდღიანი შექმნა – არსად იჩქაროო, სტენდებს შორის გულარხეინად ისეირნეო, ყველაფერი მშვიდად დაათვალიერეო, თუ რამე გამოგრჩა, სახვალიოდ მოინიშნეო.
ერთი ეგ არის, ჩემს სამსახურს ამაზე სულ სხვა აზრი აქვს და, ორ სადაგ დღეს ვინ ჩივის, შაბათსაც კი მხოლოდ ოთხი საათისთვის მოვახერხე “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ცხვირის შერგვა.
მეთხუთმეტე საიუბილეო ბიბლიოფორუმი სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო – აკას “შენს თავგადასავალზე” დაწერილი საკონკურსო პოსტი გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა, ოფიციალურ კატალოგშიც მოხვდა და ასი ლარითაც დამიმძიმა საფულე. დამეთანხმეთ, ორგანიზატორებმა საფესტივალოდ დარაზმული ადამიანისთვის ზედგამოჭრილი პრიზი შეარჩიეს.
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ნეტარი ბოდიალისთვის დრო ცოტა მქონდა-მეთქი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
ჯერ პროგრამა-მინიმუმით დავიწყე – “დიოგენედან” სტივენ კინგის “მიზერი” და “მწვანე გზა” წამოვიღე (მართალია, იქაურობა მოზღვავებული მკითხველის გამო ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა, მაგრამ არც გაღიმება დავიწყებიათ, არც ხურდაზე დაუწუწუნიათ, წიგნებსაც ლამაზად ფუთავდნენ და ფერად-ფერად სანიშნეებსაც აყოლებდნენ); “სულაკაურთან” ახალ აკას ვტაცე ხელი; “ინტელექტის” სტენდზე – აკუნინის “სასაფლაოს ამბებს”, “საუნჯეს” კი იმ წიგნისთვის მივადექი, განსაკუთრებით რომ მაინტერესებდა – ლია ლიქოკელის “დევის ცოლის სიცილი” უკვე თაროს მიმშვენებს და თვალს და გულს ერთნაირად მიხარებს.
შეიძლება, ითქვას, ამ ფესტივალით ყველაზე მეტად ჩემმა საბავშვო კოლექციამ იხეირა – ჩუკოვსკის ზღაპრები, “სამი ბღენძი”, ელის კაუტის “ოსტატი ედერი და მისი პუმუკელი”, “ჰერაკლეს გმირობები”, “ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი”, აგნია ბარტოს ლექსები, “ასტონის ქვები” უსაყვარლესი ილუსტრაციებით, სულხა-საბას იგავები… “უცნობ ქართულ ზღაპრებსაც” მივაკვლიე, ნატო დავითაშვილის დინოზავრ დინდინელასაც, მარკ ტვენის ლეგენდარული დილოგიის ახალი გამოცემაც მომეწონა, მიუნჰაუზენიც, აიბოლიტიც და ბურატინოც… უი, საბავშვო “ვეფხისტყაოსანი” დამავიწყდა კინაღამ!
ცხადია, ხელი არც საუფროსო წიგნებისთვის დამიკლია – კვირა ხეირიანად არ იყო გათენებული, რომ ნობელიანტი ლიტერატორების ლექციების ოთხტომეული უკვე იღლიაში მქონდა ამოჩრილი. მარი ბექაურის “მეორე მხარე”, აკადემიური ბერძნული მითოლოგია, უინსტონ ჩერჩილის “მოახლოვებული ქარიშხალი”, გადმოქართულებული ფრედ ვარგასი, სელმა ლაგერლოფის “პორტუგალიის იმპერატორი”, ჯაბა იოსელიანის “სამი განზომილება”, ირაკლი ჩარკვიანის საავტორო სვეტები და ინტერვიუები… წლევანდელ “თხუთმეტ საუკეთესოს” რომ ვტენიდი ჩანთაში, ისეთი საეჭვო ფხრაწუნი გავიგონე, მივხვდი, დროზე უნდა გავჩერებულიყავი.
ყველაზე სასიამოვნო ამბავი და ჩემი საფესტივალო აღმოჩენა ბოლოსთვის შემოვინახე – მარის და ირაკლის “წიგნები ბათუმში“. სტარტიც ასეთი უნდა – რუსული წიგნების ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ და ისეთი გემრიელი ფასდაკლება, ლამის იქ დავრჩი. თუმცა, წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა – ჰარი ჰარისონის საკულტო ფოლადის ვირთხის სრული, თერთმეტნაწილიანი ეპოპეა, საჩუქრად მერგო… მაღაზია ჯერ არ გახსნილა, და, ვეჭვობ, მთავარი სიურპრიზებიც წინ გველოდება. აი, ათუხთუხდებიან მთელი ძალით და მერე ნახეთ – ბათუმელებს უმაგრესი ბუქსთორი შეემატებათ, მე – ჩემი ქალაქის სიყვარულის კიდევ ერთი მიზეზი.
ასე იყო თუ ისე, ფორსმაჟორული ფესტივალიც მშვენივრად ჩავამთავრე. ოღონდ, ვზივარ ახლა გაავებული და იმ კატალოგებს ვათვალიერებ, გუშინ, შესასვლელშივე რომ მომაჩეჩეს და ჩახედვა ვერ მოვასწარი – რამდენიმე გემრიელი ლუკმა მაინც გამომრჩენია!
მარის და ირაკლის მაღაზია და სასწაული რამე იქნება, წარმომიდგენია…
ყველას რომ გვიოცნებია, ზუსტად ისეთი :)
LikeLike
აი, ზუსტად :) რაზეც ვოცნებობთ, ირაკლი და მარი აკეთებენ :)
LikeLike
რუსას რა კარგად უთქვამს :)) და მეც ერთი სული მაქვს, ბათუმში მოვხვდე :))
LikeLike
რუსა სხვაგვარად როგორ იტყოდა :)
LikeLike
საეჭვო ფხრაწუნი <3
გილოცავ, მოლ, შენაძენს… და შენს წიგნებსაც ვულოცავ–ასეთი ყურადღებიანი და მოსიყვარულე პატრონი სანთლითაა საძებარი…
LikeLike
მადლობა, მარიამ :) აქ პირველმა მომილოცე <3
LikeLike
დინდინელა რომელი გამომცემლობისაა? ქარჩხაძის მეგონა და არ აღმოჩნდა… საბავშვო წიგნებზე ჯერ ისე აქტიურად არ “ვნადირობ”, მაგრამ ეს დინოზავრი ისე მიყვარდა, რომ დღემდე განვიცდი წიგნის დაკარგვას :))
LikeLike
საუნჯესია, ნათია :) უკვე მეც მიყვარს. მოვასწარი წაკითხვა :)
LikeLike
უჰ, რამდენი გიყიდია… მე 12 წიგნს გავწვდი მხოლოდ, მაგრამ ბედნიერების ღიმილს ვერ ვიშორებ, როცა ვუყურებ (ჯერ მარტო ვუყურებ : )))
LikeLike
თორმეტი ცოტა არ არის :) თორმეტი ნარჩევი წიგნი ბევრია და უმაგრესობა :)
LikeLike
არა, სულაც არ მეცოტავება… შენთან შედარებით აღვნიშნე უბრალოდ ^_^
LikeLike
:) კარგი იყო ფესტივალი :)
LikeLike
გილოცავ, მოლი :)
P.S. ეპიგრაფი :))))))))
LikeLike
ეპიგრაფი!!!
მადლობა, რუს :) მე შენი წინასაკონკურსო სპიჩიც მახსოვს :)
LikeLike
კარგად გინადირია. მეც გაავებული დავრჩი, გუშინდელი ავდარის გამო მეორე დღე და ბევრი გეგმები ჩამეშალა
LikeLike
ავდარი არ გამახსენო :) გემრიელად გავილუმპე. ოღონდ, ხუთშაბათ-პარასკევს სხვა საქმე არ მქონოდა და ორ ასეთ თქეშს ავიტანდი.
LikeLike
ველოდებით ახალ რევიუებს :)
მეც შაბათამდე ვერ მოვიცალე, მაგრამ პავილიონში ისე ცხელოდა, კინაღამ გავიგუდე. დახლებთან მისვლაც გამიჭირდა. სივიწროვე იყო.
ქარჩხაძის გამომცემლობას კიდევ ერთხელ რესპექტი ჩემგან :)
და “დიოგენეს” მადლობა არსებობისთვის :)
სულაკაურს ჩემი ნათლულებისა და ბიძაშვილებისგან მადლობა :)
LikeLike
სიცხე არ მკითხო :( თავი აფრიკაში მეგონა :)) კონდიცირების პრობლემა გადასაწყვეტია მანდ, თორემ ყველა ცოდო ვართ – სტუმრებიც და მასპინძლებიც.
LikeLike
გილოცავ საკონკურსოს
LikeLike
მადლობა, ანნა :)
LikeLike
პირველ რიგში, კონკურსში გამარჯვებას და “საფულის ასი ლარით დამძიმებას” გილოცავ, მოლი :) მართლა მისწრებაა საფესტივალოდ.
შენაძენებიც კარგი გაგიკეთებია. შენი სიიდან ჩემს თაროზე მხოლოდ კინგის წიგნები მოხვდა. ზოგი უკვე მქონდა. აი, ნატოს დინოზავრი დინდინელა რომ გამომეპარა, ამაზე გული დამწყდა…
სხვათა შორის, შარშანდელზე უკეთესი ფასდაკლებები ჰქონდათ სულაკაურსაც და დიოგენესაც – “მსოფლიო კლასიკა 25%-იანი ფასდაკლებით შევავსე და “დიოგენეს ბიბლიოთეკა” – კიდევ უფრო დიდი დანაზოგით :) ისე მოუხდა ორივე სევსებული სერია ჩემი წიგნის თაროს <3 "თუნუქის დოლი" და "გრძელფეხება მამილოც" (ამისთვის მოლის მადლობა) შეემატა ჩემს ბიბლიოთეკას. ბედნიერი ვარ ეს ორი დღეა :)
პ.ს. სპეციალურად წიგნის ფესტივალისთვის მაინც გვირიგებდნენ მეცამეტე ხელფასს.
LikeLike
მადლობა, ტაბუ :) ზუსტად საფესტივალო პრიზი მერგო :)
შენი სიახლეები მომეწონა ძალიან :) გრასიც ძალიან კარგია, ფილმიც და, ცხადია, წიგნიც და ჯინ ვებსტერზე რა გითხრა – ასეთი ნათელი, ლამაზი, კეთილი და ოპტიმიზმით სავსე ტექსტი დიდზე დიდი იშვიათობაა. განსაკუთრებით, ახლა.
მეცამეტე ხელფასი მისწრება იქნებოდა :)
LikeLike
მოლი <3
დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ასეთი კეთილი სიტყვებისთვის :*
LikeLike
მადლობა თქვენ, მარი <3 შენ, ირაკლის და ლეას <3
თქვენი მუდმივი სტუმარი ვიქნები ყველგან, სადაც გამოჩნდებით <3 სტუმარიც და გულშემატკივარიც <3
LikeLike
დინოზავრი დინდინელა ის “პატარა დინოზავრი დინდინელაა” მე რომ მგონია? ნიას მეგობარი:) პატარას მაჩუქეს ეგ წიგნი და ნახვისთანავე შემიყვარდა:)
LikeLike
კი, ის არის ნამდვილად :)
LikeLike
ნეტა წელისადში ორჯელ იყოს ) მე მხოლოდ სამი წიგნი ვიყიდე :
1)ნუ მოკლავ ჯაფარას – ჰარპერ ლი
2)თოვლი – ორჰან ფამუქი
3) მწვანე გზა – სტივენ კინგი
სახლში მისული საკუთარ თავს ვებრძოლე და პირველი ჯაფარა დავიწყე ♥ ♥ ♥
LikeLike
ჯაფარათი უნდა დაგეწყო ზუსტად :)
დანარჩენი ტკბილ ლუკმად შეინახე :)
LikeLike
საბოლოოდ არ დათვალე რამდენი წიგნი შეიძინე ^_^ მაგარია
LikeLike
სულ 35 გამოვიდა, თაკო :) აქედან, ერთი მაჩუქეს :)
LikeLike
წიგნები ბათუმში მართლა ძალიან კარგი ბუქსთორი ჩანს, მაგრამ მე რაც მინდოდა იმას ძალიან დიიდი ფასი ედო და ფიზიკუირად არ მქონდა მაგდენი :(
ისე კი სულ ექვსი წიგნი შევიძინე, მათ შორის, მოლის მიერ კარგა ხნის წინად რეკომენდირებული – ედრიან მოულის საიდუმლო დღიური და გრძელფეხება მამილო ^__^
LikeLike
დღიურებს დაერიე? უმაგრესობაა ორივე. არ ინანებ :)
LikeLike
ჯერ არ დამიწყია მოლი, მაგრამ სულ მალე შევუდგები :) ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს შოკოლადები მქონდეს გადანახული, მოლოდინიც კი სასიამოვნოა :)))
LikeLike
ჩერჩილის “მოახლოებული ქარიშხალი” მეც შევიძინე, ძალიან საინტერესოა
LikeLike
სულ მაინტერესებდა ჩერჩილის პროზა :) კაცს ნობელი მისცეს ბოლოსდაბოლოს. თან, მშვიდობის დაცვის უნივერსალურ კატეგორიაში კი არა, ლიტერატურაში… ჰოდა, ვნახავ ახლა.
LikeLike
შეგნებულად ვარიდებდი ამ პოსტს თავს :(
შური იზ ინ ექშენ :(
პ.ს შენაძენი მშვიდობაში , მოლი <3
LikeLike
:) მწერალი-ტრიუმფატორი სხვის წარმატებებზე ლაპარაკობს? :)
მადლობა, თაია :)
LikeLike
[…] თბილისში ჩამოვიდნენ, წიგნის ფესტივალზე, და ერთგული მყიდველ-მკითხველები აქაც […]
LikeLike